უფალო, გვედრებ, ხელს ნუ წაატან
თიხას, მერე რომ დაარქმევ ადამს.
შექმნიდან ბევრი დრო არ გავა და
ვეღარც კი იცნობ შენს ხატს და სადარს.
(სცენაზე გაივლის სპეკულანტი.)
შეხედე ამ კაცს, უფლებით მოსილს,
ქებას რომ გასხამს ყოველ ცისმარე,
ვინც შენ შეჰქმენი იმ დღეს დალოცვილს,
იმ მეექვსე დღეს, მართლა ის არი?
(სცენაზე გაივლის უმუშევარი.)
შეხედე ამ კაცს, რომელსაც შია,
ამ მივიწყებულ ღატაკს უბედურს!
მისთვის ის მცნება კვლავ ძალაშია –
შრომით ჰპოვებდეს თვის არსობის პურს?
(სცენაზე გაივლის დედა.)
შეხე, დედაა! თვალს ნუ არიდებ!
გულს ვეღარ ატკენ იმაზე მწარედ –
შენ არ იყავი, რომ დაარიგე:
შვილი უშობე, აღმერთე ქმარი?!
(სცენაზე გაივლის მეძავი.)
მასაც შეხედე და გაგვიმხილე,
ვიდრე ჩანთქმულა ბედის ტრიალში –
როცა სიყვარულს ქმნიდი ღიმილით,
თუ გიფიქრია ამაზე მაშინ?
(სცენაზე გაივლის აირწინაღიანი კაცი.)
შეხედე ამ კაცს, ვიდრე მოკვდება,
სასტიკი მკვლელი არის თვითონაც.
ნუთუ ის არის, იმ შენმა მცნებამ
შენს ხატებად რომ შექმნა ვითომდაც.
უფალო, თიხას ხელს ნუ შეახებ!
თავს ნუ მოიკლავ საკუთარ ხელით!
მაგრამ თუ უკვე ჰქმენი შესაქმე,
გახადე იგი ჯერ შეუქმნელი!