Litclub.ge

რასა ორი სახის არის (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
თეთრკანიან კაცს უღვთოდ დაკლავენ,
ოღონდ ფორდებმა მოგება ნახონ.
ყვითლებს კი ელით ძმათა საფლავი
ძვირფასი მადნის საბადოს ახლოს.
თეთრი მაასთან მოკვდა ბრძოლებში-
რაიხის ჰიმნი ჟღერს რიხიანი,
ყვითელი მღერის გაზის ბოლქვებში
„დავიცვათ ჩვენი იანძიძიანი!"
ეს ხომ იგივე სიმღერა არი -
რასის სხვაობა, სად ჩანს, მითხარი!

თეთრს უწილადეს უწინდებურად
თავშესაქცევად მაგარი თოკი,
შავებს ხოცავენ მთლად ახლებურად
მაღალი ძაბვის ელექტროშოკით.
თეთრ უმუშევარს, ვითარც წესია
ხალხის ამხანაგს არქმევენ რბილად,
შავს - მხოლოდ „შავ ღორს", უფრო მარტივად,
მაგრამ ორივეს შუბლში ესვრიან,
თუ წინ აღუდგნენ იმას, რაც არი.
რასის სხვაობა, სად ჩანს, მითხარი!

ყავისფერ მუშას უნდა სადილი
და სამუშაო, თეთრს - ზუსტად ასე.
თეთრ გენერალს კი მათი სიკვდილი,
ყვითელიც ხოცვის ბრძანებებს გასცემს.
ენები სხვაა - ლოცვა კი ერთი:
„მოგზავნე ომი, მაღალო ღმერთო!"
ასეა, ვიდრე ჩაგრულებს ერთად
რისხვა შემატებს გამბედაობას
და აღსდგებიან, დასჭექენ ერთხმად:
„ბოლო მოეღოს კლასთა სხვაობას!"