ქალბატონ ჟანნ მასკულის
სხვაგან იყურებოდა, რომ მის გამხდარ, უფერულ თვალთა მზერას არ წაწყდომოდა. როგორც კი დედა თვთმფრინავიდან ჩამოვარდა და დიდი სიფრთხილით გამოიარა ბილიკი, შვილი მიხვდა, რომ მისი საქმე წასული იყო: დედაბერი იჯდა მის გვერდით. დედამ დაინახა, რომ ცრემლიანი თვალები ჰქონდა მის შვილს და ხელი დაუჭირა:
- ეს უცებ დამემართა, მშვიდად აუხსნა, ზამთარში, მას აქეთ ორი წელია. ერთ დილას სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი ვეღარ ვიცანი.
- ო, არა.
- კი, კი, ვიცი, ეს უცებ ხდება. ფოტოსურათები უნდა გამომეგზავნა შენთვის, მაგრამ ამაზე არც კი ვფიქრობ... თუმცა ეს არც ისეთი დიდი უბედურებაა, რომ ამის გამო დაღონდე. მართალია, მოვხუცდი, მაგრამ თავს ძალიან კარგადა ვგრძნობ.
- დედა.
- კი, ჩემო პატარა, კი. აღარ შემეძლო, შენი ნახვა მინდოდა. ხუთი წელი გავიდა უკვე, ხუთი წელი, ერთი-მეორე აღარ გვინახავს. ასე ნუღარ მოვიქცევით.
- მართალია.
დედამ პატარა ხელები აამოძრავა. ქურთუკის სახელოები გადაეწია: შვილმა დაინახა მისი სამაჯურებით დაფარული მაჯები და ბრილიანტებით მოოჭვილი გამხდარი თითები.
- ლამაზი სამკაულები გქონია, - უთხრა დედას.
- აჰ! ეს იმიტომ, რომ ძალიან გავმდიდრდი... - იგი იმ ადამიანივით იღიმებოდა, რომელიც ხუმრობას მალავს.
მდიდარი და ამიერიდან მანიაკივით ოქროში ჩამჯდარი. მორჩა, გაიფიქრა შვილმა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ერთ მშვენიერ დღეს ასე ცუდი წარმოდგენა შეექმნებოდა საკუთარ დედაზე. ეს აოცებდა.
- რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მდიდარი ხარ.
- ო, არა, შენ არ იცი, როგორი მდიდარი ვარ.
- ადრინდელზე უფრო მდიდარი?
- უფრო მდიდარი, ჩემო პატარა.
მან დედას მხრებზე წაავლო ხელები.
- კი, მაგრამ რა საჭიროა ამდენი სამაჯური?
- ესენი ხომ ოქროსია, - გაოცდა დედა.
და დედა, რომელიც პარიზს არ იცნობდა, იწვდიდა ხელებს, სამკაულებს უჩვენებდა შვილს, რომ ისიც მოხიბლულიყო მათით. ისინი კი ძლაიან ჩხარუნობდნენ მის ხელებზე.
- არც ისეთი სულელი ვარ ეხლა, მათ რომ ვატარებ.
- სუყველას?
- სუყველას. მეყო, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა ისინი.
გარეთ გაზაფხულის ლურჯი მზე კაშკაშებდა და გრილი და მსუბუქი ქარის კორიანტელი ქუჩებს გვიდა. შორსმყოფ და გარდაცვლილდედებიანი, თავისუფალი ადამიანები ტროტუარებზე მიმოდიოდნენ.
- შენ მართალი ხარ, - უთხრა შვილმა.
- რატომ? ყველას რომ ვატარებ?
- ჰო.
- როგორ მცივა.
- არაფერია, დედა, დაღლილობაა, არაფერია.
მოსვლისთანავე დედა სავარძელში ჩაესვენა.
- ესეც ასე, განაცხადა დედამ, აი, მეც აქა ვარ.
ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა.
- მარსელი, თქვა შვილმა, როგორც მოგწერე, ჩემთან ცხოვრობს.
- გამარჯობათ, ქალიშვილო. ხელჩანთა მოძებნა, სათვალე მოირგო და ახალგაზრდა ქალს შეხედა.
- გამარჯობათ, ქალბატონო, მარსელს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- სიკვდილის წინ კიდევ მინდოდა მენახა შვილი.
- მაპატიეთ, დედაჩემს არ შევსწრებულვარ. ამიტომ ვტირივარ.
- უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი, თქვა შვილმა.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თქვა დედამ. მაგრამ ნუ ტირიხართ. მეც ისეთი დედა ვარ, როგორც სხვები. შემომხედეთ, ახლავე გაივლის, ნუ ტირიხართ.
შვილი ბუხარს მიყრდნობოდა ზურგით, თვალები ჯერ ისევ ცრემლით ჰქონდა დაწითლებული, ცოტა მოეწყინა.
- მოდი, ბინას გიჩვენებ.
დედა მძიმედ წამოდგა სავარძლიდან, ხელკავი გაუკეთა.
- შენ მარსელის ოთახში იცხოვრებ, მყუდროა და საწოლიც უკეთესია.
- მე დიდ სივრცესა ვარ მიჩვეული და ყველაფერი მეპატარავება, მოიბოდიშა დედამ. სამი ოთახი, ჩანს ცოტა არ არის, მაგრამ იქ ოცი ოთახი მაქვს. როცა იქაურობაზე ვფიქრობ, ოცი ოთახი ჩემთვის, მარტოხელასათვის! რა უბედურებაა, როცა იქაურობაზე ვფიქრობ! პატარა სახლებში ყოველთვის სული მეხუთებოდა. მე ყოველთვის დიდი მინდოდა, ძალიან დიდი, თან ბაღი უნდა ჰქონოდა გარშემო... ყოველთვის ნამეტანი დიდი სახლები მქონდა... ისეთები, რომ მეშინოდა ხოლმე ღამით, როცა ძაღლების ყეფა მესმოდა... ყოველთვის, ყოველთვის ძალიან დიდი, ისე როგორც ჩემი გეგმები, როგორც ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, ეჰ!
- მაგაზე ნუღარ ფიქრობ.
დედა შეჩერდა, შვილის თავზე რაღაც შენიშნა.
- საფეთქლებთან თეთრი გამოგრევია, თქვა დედამ, სხვა დორს არ შემიმჩნევია.
- ოთხი ღერია - გაიღიმა შვილმა - ეს არაფერია, სრულიად არაფერი.
- შენ ყველაზე ქერა იყავი ხოლმე, ოქროსავით.
სასადილო ოთახში მარსელი დაუხვდათ.
- თქვენ ალბათ გშიათ, თქვა მან, ამჯერად შეგვიძლია უფრო ადრე ვჭამოთ. აბა, რას ფიქრობ, ჯაკ? დედაშენს ალბათ შია.
- ყოველთვის, უპასუხა დედამ, მე სულ მშია, ღამე, დღე, სულ მუდამ. და დღესაც ისე, როგორც ყოველთვის.
- მაშ თანახმა ხარ, ახლავე ვჭამოთ?
- ახლავე, თქვა ჟაკმა - გაიცინა - მეც, წარმოიდგინე, ყოველთვის მშია.
დედამ შვილს გაუღიმა. სიყვარულმა თვალები დაუნისლა.
- ყოველთვის, როგორც ოცი წლის ასაკში?
- ყოველთვის. როცა ვჭამ, ეს ბედის წყალობაა.
- გასულ კვირას...
თქვა მარსელმა და ხმამაღლა გაიცინა. ოთხი დღე გავძელით, ხომ ჟაკ?
- და თანაც ბედნიერები, თქვა ჟაკმა.
დედა შეწუხდა, რადგან დაინახა, რომ საუბარმა გზიდან გადაუხვია.
- მაშ, ვჭამთ, ხომ?
- ახლავე, ამბობს ჯაკი. ვიჩინა, სალათა... ვიფიქრე, თვითმფრინავში რყევის მერე...
მარსელი თავის კუთხეში განმარტოებული იცინოდა. დედა სახტად დარჩა.
- თუ ვჭამ, აწუწუნდა დედა, უნდა ვჭამო კიდეც. ვიჩინა დიდი ვერაფერი შვილია, რომ დამაკმაყოფილოს. რადგანაც ძლიერ მოხუცი ვარ, ცოტას ვითვისებ, მე კი დიდი რაოდენობით საკვების ჩანთქმა მჭირდება, რომ თავისი მოვალეობა შეასრულოს.
- ეს ნიშნავს...
- გასაგებია, გასაგებია, ჰოდა თუ ნებას მომცემთ, ახლავე ჩავალ მაღაზიაში და თქვენს მენიუს სრულვყოფ.
- თანახმა ვარ, თქვა მარსელმა და სიხარულით შეხტა. ახლავე ჩავიცვამ ქურთუკს.
- არა, თქვა ჟაკმა, მე თვითონ ჩავალ.
- არასასიამოვნოა, აწუწუნდა დედა, როცა კიდევ უნდა ელოდო, მე კი უკვე ასე მშია...
- მზა რაღაც-რაღაცეებით მოვაჭრე მაღაზიები, თქვა ჟაკმა, აქ ყელამდეა. რაც ჩვენ გვსურს, ყოველ ჯიხურში აუარებაა. ნუ ღელავ.
- მაშ, ჩავიდეთ, ჩავიდეთ, ჩემო პატარა, ამგვარ შიმშილს შენ ვერც კი წარმოიდგენ.
დედა-შვილი სანოვაგის საყიდლად ჩავიდა. ჟაკს ერთი ხელით სამი დიდი ცარიელი ჩანთა ეჭირა, მეორეთი - დედის ხელი. მან ქუჩაში მოიფიქრა დედისთვის აეხსნა თავისი მდგომარეობა.
- ასე სრულიად მარტოს აღარ შემეძლო ცხოვრება, შენ გესმის, და არავის ჩემს ასაკში...
- მცივა.
- ეს დაღლილობაა. სხვა არაფერი. ჩემს ასაკში მარტოდ ცხოვრება ნორმალური არ იქნებოდა.
- აქ არსად არ არის კარგი საძეხვე, სადაც შეიძლებოდა ისეთი კარგი შუკრუტის ყიდვა, მე რომ მიყვარს, თეთრ ღვინოში ჩახრაკული და კარგად ჩამბალი?
- ყველაფერია, რაც შენ გინდა, თქვა შვილმა საოცარი გამოცოცხლებით. ეს უბანი სახელგანთქმულია თავისი სურსათ-სანოვაგით.
- ის ისეთი სწრაფად მზადდება, გააცხელებ, დაუმატებ ცოტაოდენ თეთრ ღვინოს და მზად არის.
- არაფერია უკეთესი.
- არაფერი. ვხედავ, რა ბედზე მოვედი, მხიარულად განაცხადა დედამ.
სულ ცოტა ნახევარი საათის შემდეგ, ისინი ბინაში შემობარგდნენ ტიკებივით გამოტენილი სამი სავსე ჩანთით.
- შუკრუტი, საქონლის შემწვარი ხორცი, მუხუდო, ყველეული, ბოჟოლე, მხიარულად განუცხადა ჯაკმა მარსელს, რომელსაც ხელები შეეტყუბებინა ამდენი სიმდიდრის წინაშე.
- რას ვიქეიფებთ! კვლავ ბავშვურად გაიცინა მარსელმა.
დედა პირდაპირ შემოსასვლელში გაჩერებულიყო და შიმშილისაგან არეული თვალებით უყურებდა შეფუთული სანოვაგის გახსნას.
- ყველაფერი უნდა მოიხარშოს, თქვა მან, განსაკუთრებით საქონლის ხორცი, რომ არაფერი გაფუჭდეს. დღევანდელ ქართან ერთად, და მე ეს კარგად ვიცი, ყველაფერი მჟავდება, განსაკუთრებით ხორცი. ყველგან გაზაფხულია.
მარსელმა დაუყოვნებლივ დადგა შუკრუტი გასაცხელებლად და თან, დედის მითითებისამებრ, ცოტაოდენი თეთრი ღვინო დაუმატა.
- როგორი კეთილი ხართ, თქვა მარსელმა. ჟაკმა მითხრა, როგორი კეთილი იყავით თქვენ და რაოდენ კეთილი ყოფილხართ ყოველთვის.
- არაფრის გადაჭარბება არ არის საჭირო, თქვა დედამ - ოდნავი გაღიზიანება იგრძნობოდა მის ხმაში.
იგი სასადილო ოთახისკენ წავიდა, შუკრუტისგან შორს, და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. ჟაკი და მარსელი სამზარეულოში დარჩნენ.
- როგორა მშია, თქვა თავისთვის მარტოდ დარჩენილმა, როგორა მშია. ახლანდელ თვითმფრინავებში საჭმელად მსუბუქ ჩაის, დაბრაწულ პურის ნაჭერსა და რაღაც სისულელეებს იძლევიან, იმ საბაბით, რომ თვითმფრინავი ღლის მგზავრ ქალბატონთაგან ზოგიერთის სტომაქს. მე კი ვიტყვი, რომ თვითმფრინავი ვერაფერს მიშვრება. ისედაც საკმაოდ მაჭანჭყარებს წუთისოფელი, რაც არ უნდა დავემალო უამრავ წვრილმან უსიამოვნებებს. ისე მშია, ძვალს გამოვხრავდი.
მარსელი შეწუხდა.
- ის ლაპარაკობს. ხომ არ დახედავდი.
მაგრამ დედამ ლაპარაკი შეწყვიტა. გაზეთი იპოვნა და კითხვას შეუდგა. კითხულობდა უგულისყუროდ, სანამ თვლემა მოერეოდა. როდესაც შვილმა მაგიდა გააწყო, ნახა, დედას გაზეთი მუხლებზე დაედო და თვალები ჰქონდა დახუჭული. შვილი მიუახლოვდა, იგი შეკრთა და გაზეთი უჩვენა.
- საქმე ცუდად მიდის, თქვა დედამ. შეხედე, ომია. ომებია და მე კი სულ იქა ვარ... ეს მე სიკვდილს მომანდომებს ხოლმე...
შვილი თმაზე მოეფერა ჩუმად და გაუღიმა.
- მარტო ომია?
- მე ძალიან ცუდად მახსოვს ჩემი ცხოვრება, - კვლავ წამოიწყო ცოტა დაბნეულმა, - ნახე, ის რას უშვრება შუკრუტს, ის ჯერ კიდევ ისეთი ყმაწვილია...
- ეხლავე მზად იქნება, დაიძახა მარსელმა, მოვდივარ.
ბოლოს სხვადასხვა კერძები და შუკრუტი მაგიდაზე აღმოჩნდა. დედა წამოდგა, მაგიდასთან დაჯდა და თავის გაშლილ ხელსახოცს დახედა.
- ჰოდა, ამბობს დაუდევრად და თან თვალები შუკრუტზე აქვს მიპყრობილი, მე აქა ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ გონზე ვერ მოვსულვარ.
- ეს უკვე მოხდა, თქვა მარსელმა, თქვენ ნახეთ თქვენი შვილი.
- ეს კი მართალია, სწრაფად მოხდა, ამოიოხრა დედამ.
- დაუჯერებელია, თქვა მარსელმა.
შუკრუტს ჩუმად შეექცეოდნენ. გემრიელი იყო და კარგადაც ისიამოვნეს.
- ჩემს გარდა, შეეკითხა შვილი, რაკიღა ოდნავ დაიცხრო მადა, ჩემს გარდა, რისთვის ჩამოხვედი?
- დიდი არაფრისთვის. შეიძლება საწოლი ვიყიდო ჩემთვის, ეს საჩქარო არ არის, კი, საწოლი, რომელზეც უნდა მოვკვდე, ჩემი საწოლი აღარ ვარგა. ხომ მაქვს ამის უფლება? კატლეტის პატარა ნაჭერი, გეთაყვათ, მადმუაზელ.
- როგორ თუ ამის უფლება გაქვთ, - თქვა მარსელმა.
- გადაუღე კატლეტის ნაჭერი, აი, მარცხნივ როა, კარგია, პირში დენბა.
- და ძვალიც, ამოოხვრით თქვა დედამ, ესეც მიყვარს, ძვლების გამოხვრა.
- ასევე ძვალიც, თქვა შვილმა.
ძვალიც გადაუღეს და განაგრძეს ჭამა. მათ, სამივეს ის საერთო ჰქონდათ, რომ კარგი მადით იყვნენ დაჯილდოებულნი. ჟაკსა და მარსელს იმიტომ, რომ მათ ნახევრადშიმშილობაში უხდებოდათ ცხოვრება. დედას იმიტომ, რომ ახალგაზრდასვე ჰქონდა მარად დაუკმაყოფილებელი მადა და შემორჩა ეს ზომიერების უქონლობა - ყოველგვარი საკვების მიმართ. ეს ძლიერ შურისმაძიებლური მადა. უეცრად, როცა შუკრუტი კარგად მიანახევრეს, დედამ განაცხადა:
- ოთხმოცი მუშა.
- ოთხმოცი? მარსელმა ჭამა შეწყვიტა და შეეკითხა.
- ოთხმოცი - ამოიოხრა დედამ - მე იმათ არა ვთვლი, ვინც ჩემს სიახლოვეს არიან. და აი, უკვე ჩემს თავს ვეკითხები, რას შვრებიან, როცა მე იქ არა ვარ. შეხედეთ რას ნიშანვს, იყო მდიდარი. რა უბედურებაა!
მან ბრილიანტებით მოოჭვილი ხელებით კატლეტის ძვალი აიღო და ღრღნა დაუწყო. შვილი ფარულად უცქერდა. ის, რაც მის მადას შეეხებოდა, მასში, არსებითად, არ შეცვლილიყო. ის დედას იცნობდა გაჭირვების ჟამს, როგორც დაუცხრომელ მჭამელს, ასეთად დარჩენილიყო იგი კეთილდღეობის დროსაც. შვილმა სევდიანი სიამაყე იგრძნო.
- სიამოვნებას მანიჭებს, როცა გიყურებ, როგორა ჭამ, თქვა მან.
- ეს, ასე ვთქვათ, ჩემი ასაკის ერთადერთი უპირატესობაა, შენც ხედავ. თითქმის არაფერი, რასაც კი ვჭამ, ორგანიზმში არ ჩამდის. ერთი სიტყვით, ჭამა სიამოვნების გარდა, არაფერს მანიჭებს.
- აჰ! ნეტავ მეც შემეძლოს ამის თქმა, თქვა მარსელმა, მცირეოდენ საჭმელსაც კი ვირგებ, ეს დაუჯერებელია. ვჭამ ბივშტექსს და ერთი საათის მერე მისი წონა მაქვს მომატებული, ეს დაუჯერებელია.
ერთ ხანს ჩუმად უცქერდა მარსელი ბრილიანტებით მოოჭვილ თითებს. შეუძლებელი იყო ისინი გენახა და რაიმე არ გეთქვა. ეს სამკაულები ყოველთვის სკანდალურ შენიშვნებს იწვევდნენ ხოლმე.
- რა მშვენიერი სამკაულები გაქვთ, თქვა მარსელმა.
დედას გაახსენდა, კატლეტის ძვალი თეფშზე დადო, სამკაულები მოიხსნა და მაგიდაზე დაახვავა თეფშის გვერდით.
- მართალია... მე იმასაც ვამბობდი, რომ დავიღალე-მეთქი. მთელი ეს სიმძიმე, ეჰ! მე მათ აქ დავაწყობ დროებით და საუზმის მერე საიმედო ადგილზე დამილაგეთ, გეთაყვა.
- მართალია, ამდენი სამკაული დაამძიმებს ადამიანს, თქვა მარსელმა.
- ეხ, ამოიოხრა დედამ, სამკაულებს იმიტომ კი არ ვატარებ, რომ ვკეკლუცობ, არა, ამიტომ არა, არამედ იმიტომ, რომ ვერ გავბედე უჩემოდ მათი სახლში დატოვება, იმ ოთხმოც ადამიანთან, რომლებიც იმ სახლის გარშემო არიან, მე ის სახლში ამრტო ვარ, თქვენ გესმით, მარტო, როგორც ძაღლი, ვერა, ვერ გავბედე. ოქროს დანახვა, ზოგჯერ... საკმარისია. იციან, რომ მდიდარი ვარ. ეს ნივთები, იცით... ასეთი რამეები არ იმალება, უკიდურეს შემთხვევაში, სიღარიბე დაიმალება, მაგრამ სიმდიდრე, ვაი, რომ არასოდეს. და თანაც, იცით რა არის, ქალიშვილო, მე ცოტა მოგვიანებით გავმდიდრდი, რომ მას შევგუებოდი... ამ საქონლის ხორცის მორთმევას დღეს აპირებთ თუ ხვალ?
- ის ცივ კერძად მოვამზადე, მაგრამ თუ ინებებთ, უკვე მზად გახლავთ.
- შეიძლება გავსინჯოთ?
მარსელი სამზარეულოში გაიქცა კერძის მოსატანად.
- შუკრუტი საუცხოო იყო, თქვა შვილმა სიჩუმეში, რომელიც მარსელის გასვლას მოჰყვა.
- ჰო, თქვა დედამ, კარგი ვქენი, რომ გესტუმრეთ, თუნდაც მხოლოდ ამისთვის, ამ შუკრუტისთვის.
გაახსენდა, ანზად აიღო სამკაულები.
- შენ შეგეძლო მათი ბუხარზე დალაგება, თქვა ხმადაბლა.
შვილი ადგა და სამკაულები აიღო.
- თუ გინდა, დავთვალოთ.
- რატომ?
- პრინციპისთვის. ვინ იცის, იმ შემთხვევისთვის, მათი რაოდენობა თუ დაგავიწყდა.
- ჩვიდმეტი ცალია, ცივად თქვა დედამ და ზედ არ შეუხედავს. შვილმა სამკაულები ბუხრის თავზე დადგმულ ვაზაში ჩააწყო ერთი წუთით ადრე, სანამ მარსელი საქონლის ხორცის კერძით ოთახში შემოვიდოდა. შემდეგ დაჯდა და ხორცი დაჭრა. თითოეული ღვთისმოშიშივით უყურებდა.
- პატარა ნაჭერი, რომ გავსინჯო. თქვა დედამ. ის ისე კარგად და გემრიელად არის ნივრით შეზავებული. გილოცავთ, მადმუაზელ.
კვლავ სიჩუმეში შეჭამეს შემწვარი ხორცი. გემრიელი იყო და კარგადაც ისიამოვნეს. ბოლოს დედის მადაც აღივსო.
- ახლა უკვე აღარ მშია, მოჰყვა წუწუნს, მცივა. არა, მადმუაზელ არა, არა ღრის ჩემთვის სათბურას მომზადება. სისხლს აღარ სურს გათბობა, ამიერიდან უარს ამბობს სითბოზე. რას იზამ? ყოველ შემთხვევაში, აღარა ღირს.
შვილმა შეხედა დედაბერს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა თვითმფრინავიდან და ამიერიდან დედამისი იყო.
- ცოტას ხომ არ დაიძინებ?
- კი, დაღლილობამ უცებ მომწყვიტა.
შვილი წამოდგა და დედას მხრებში წაავლო ხელები. იგი ბარბაცებდა და უფრო პატარა და დაღლილი ჩანდა, იმ გასაოცარი საკვების რაოდენობის შთაბეჭდილების ფონზე, რომელიც მან შთანთქა.
- მაგრამ რომ არ დამილევია, ამოიკვნესა, ერთი ჭიქა ღვინო მაინც დამისხით.
შვილმა დაუსხა და მიაწოდა. პატარა ყლუპებით სვამდა, მაგრამ ბოლომდის გამოცალა მოვალეობის ყალბი ნიღბით. შვილმა ჭიქა აიღო, იქვე გადადგა, დედა თავის ოთახში წაიყვანა. მაგიდასთან მარტოდ დარჩენილი, ასევე კარგად დანაყრებული მარსელი ოცნებას მიეცა. შვილმა ფარდები გადასწია და დედა საწოლზე წამოაწვინა. დაწოლილი ისეთი თხელი იყო, რომ მისი სხეული დივანის სირბილეში უჩინარდებოდა. ექვსი ბავშვი იქ, შიგნით, გაიფიქრა ჟაკმა. მხოლოდღა დედაბრის თავი ამოტივტივდა, როგორც ნანგრევი მიტოვებულ ქალაქთა კედლების ფერი.
- ჩემი თმა გავიწყდება, კვლავ აწუწუნდა დედა.
შვილმა ფრთხილად ჩამოუშალა ნაწნავი, თხელი, გაყვითლებული თმის პაწია დალალი დაეფინა ბალიშზე. შემდეგ დედის სიახლოვეს ჩამოჯდა საწოლზე. დედამ, უეცრად შეწუხებულმა, ფანჯარაში გაიხედა საპატარძლოს თვალებით.
- შენ ისევ იქა ხარ?
- შვილო, უთხრა ხმადაბლა, შენთვის მინდოდა მეთქვა... მინდოდა მეთქვა, რომ იქ შეიძლება ოქრო მოიგო, გესმის? ოქრო.
- დაიძინე, თვალები დახუჭე. ცოტა დაიძინე.
- ჰო, ეხლა შენ იცი. თუ გინდა, რომ კიდევ გითხრა რამე, გეტყვი. მთავარია, რომ შენ ეს იცოდე.
- დრო გვაქვს, დაიძინე.
დედამ თვალები დახუჭა. შვილი ცოტა ხანს ელოდა, მაგრამ აღარ გაუხელია. გაშლილი ხელები სხეულთან ელაგა, გალეული, მაგრამ მაინც საცნობი, უსამკაულო და ისეთივე შიშველი, როგორც თავისი ბავშვობის სიღარიბის ჟამს ახსოვდა. იგი დაიხარა და აკოცა. დედა შეკრთა.
- რას აკეთებ? მე მეძინა.
- ბოდიშს გიხდი, დედა.
- გაგიჟდი?
- ბევრი ტანჯვა მოგაყენე ცხოვრებაში, ამაზე ვფიქრობდი, ესაა და ეს.
- არა, შენ შენი ცხოვრება გაქვს... დედის მიტოვება მუდამ ერთნაირად ხდება. ისინიც კი, სხვა დედები, ისინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ამაყობენ თავიანთი შვილებით, მათი კარიერითა და ყველა სხვა მისთანანით, ისინიც ისეთები არიან, როგორიც მე... მცივა...
- დაღლილობის ბრალია, ცოტა დაიძინე.
- ჰო. მინდოდა შენთვის მეკითხა... რას საქმიანობ?
- ისევ იმას. დაიძინე.
- ჰო. ისევ იმას, მართლა?
შვილმა იყოყმანა, შემდეგ თქვა.
- ჰო, ისევ იმას.
შვილი ოთახიდან გავიდა, კარი გაიხურა. სასადილო ოთახში შევიდა. მარსელი კვლავ ოცნებას იყო მიცემული. ჟაკი დივანზე ჩამოჯდა.
- ნეტა მომკლა.
მარსელი ადგა და ჩუმად შეუდგა მაგიდის ალაგებას.
- თითქოს მოვკვდი მისი ნახვით.
- შეეჩვევი, მოდი, ყავა დავლიოთ, მე მოვადუღე, ძალიან გემრიელია.
მარსელმა ყავა მოიტანა. ჟაკმა დალია, მარსელმაც. ყავა მართლაც მოუხდა. იგი დივანზე წამოწვა. მარსელი მიუახლოვდა და აკოცა. ჟაკმა ნებაზე მიუშვა, დაქანცული იყო.
- თუ შენ გინდა, რომ აქედან წავიდე, თქვა მარსელმა, მითხარი და წავალ.
- მირჩევნია, ჯერ დარჩე, იმიტომ კი არა, რომ მიყვარხარ, არა.
- ვიცი.
- მარტო ვიყო მასთან, არა გავგიჟდები. ის მთელ შენს დროს მოითხოვს. გავგიჟდები.
- ოჰ, მე არა.
ჟაკი გაოცდა. მარსელი კვლავ ოცნებობდა, თვალები ფანჯრისაკენ მიეპყრო.
- მე ესენი ყველა მომწონს, გესმის, აუხსნა მან. ცუდებიც ისევე, როგორც კარგები. ეს ჩემი ნაკლია, აბა! თვითონ ესეც, მაგალითად, არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ერთ დღეს მისგან დავიღლები.
- შესაძლოა იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება სხვის ლაქუცში გაატარე და ეხლა იმიტომ გეუფლება მსგავსი გრძნობები, ვინ იცის?
- მე ჭკვიანი არა ვარ და არ ვიცი, რაც მემართება. ამიტომ მომდის თუ სხვა რამისგან, მაგალითად, ჩემი სისულელისგან.
ასე იბაასეს მთელი ათი წუთი. დედას თავისი ნაწნავი შეეკრა და მოულოდნელად შემოიჭრა ოთახში.
- არ შემიძლია დაძინება, კვნესით მოიბოდიშა, არა და ძალიან დაღლილი ვარ - სავარძელში ჩავარდა - ეს სიხარული უნდა იყოს, სიხარული ჩემი შვილის ნახვით გამოწვეული... და მერე კიდევ ის ქარხანა, ის პატარა ქარხანა, რომელიც ასე მივატოვე... ის ოთხმოცი კაციც იქ არის ასე უმეთვალყურეოდ. ამან წამომაგდო საწოლიდან.
- გხედავ შორიდან მოამვალს, გხედავ ორ დღეში გამგზავრებულს.
- გამიგე, შვილო. მე დრო არა მქონია, ამდენ სიმდიდრეს შევჩვეოდი. ჩემს ცხოვრებაში ის მოვიდა, ასე რომ ვთქვათ, როგორც დიდი უბედურება. ვისურვებდი მადმუაზელ, მომცეთ, მაგალითად, დასაკერებელი რამ ჩვარი. არ შემიძლია უქმად გავჩერდე, ჩვარი ან სხვა რამე, რამე დიდი და ადვილი, რადგან ჩემი თვალები ძლიერ... არ მინდა შეგაწუხოთ. მცივა, მაგრამ ჩემი გულისთვის ნუ შეწუხდებით, არაფერი არ არის საჭირო, არაფერი. მე ძალიან მოხუცი ვარ უკვე, სისხლი აღარ მიმოძრავებს სხეულში. ერთი თვით მოვედი, ეს არ დაივიწყოთ, მე სულაც არ მინდა თქვენ შეგაწუხოთ, მე არასოდეს არავინ შემიწუხებია ჩემს ცხოვრებაში. და ახლა მე ამას ვერ დავიწყებ. იცით, ცხოვრება ძალიან უცნაურია. ხუთი წელია, შვილი არ მინახავს და მე კი ძველმანების დაკერების დიდი სურვილი გამიჩნდა. მე უფრო მეტად იქა ვარ, იმ კაცებთან, იმ მგლებთან, მზად რომ არიან ყელი გამომღადრონ, ვიდრე აქ, თქვენთან. მე პირადად თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ მათ შესახებ შემიძლია დაუსრულებლად გელაპარაკოთ. მხოლოდ მათ შესახებ. რაიმე ძველმანი, ქალიშვილო, გეთაყვათ.
- თუ არ გეძინება, შეგვეძლო გარეთ გავსულიყავით.
- გავსულიყავით, რისთვის?
- არაფრისთვის. ხდება ხოლმე რომ არაფრისთვისაც გადიან გარეთ.
- მე ამას არ ვიზამ, არ შემიძლია გარეთ გავიდე არაფრის გულისთვის.
მარსელი ადგა, კომოდი გამოხსნა, ჩვარი გამოიღო და დედას გაუწოდა. მან სათვალე მოირგო და უყურადღებოდ შეხედა მას. მარსელი და მისი შვილი, რომლებიც აქეთ-იქიდან შემოსხდომოდნენ, მისჩერებოდნენ, თუ როგორ ათვალიერებდა ის ჩვარს. მას ისე ემორჩიელბოდნენ, როგორც ჯადოქარს. მარსელმა ნემსი და ძაფიც აიღო და გაუწოდა.
- მართლაც, მართალც ბევრი სამუშაოა ჟაკის სახლში, თქვა მან დარწმუნებული ტონით.
დედამ თავი ასწია, მარსელს გაუღიმა, დამშვიდდა.
- გამიგეთ, ქალიშვილო, თქვა მან, მე არ უნდა ვიფიქრო, თუ მე ფიქრს ვეძლევი, ვკვდები.
- მე მესმის, ყავას მოგიდუღებთ, გაგათბობთ და თუ გსურთ, თვალი გადაავლეთ თქვენი ვაჟის თეთრეულს.
მარსელი სამზარეულოში გავიდა.
- მაგალითად, შეგვეძლო ის საწოლი გვეყიდა, თქვა შვილმა.
- ის საწლი ხვალაც შემიძლია ვიყიდო.
- მაშ, როგორცა ჩანს, პირველსავე დღეს უნდა კემსო?
- რატომაც არა, ჩემო პატარა, დამაცადე გავაკეთო, გემუდარები.
- შენ ისევ ისეთი ჭირვეული ხარ, არასოდეს შეიცვლები.
- მხოლოდ სიკვდილი შემცვლის, სხვა არაფერი. ეს მართალია.
მარსელი ყავითურთ დაბრუნდა, დედამ ხარბად დალია, მარსელი ჩვრებისთვის წავიდა.
- მუშაობს შენი ქარხანა? დაუდევრად შეეკითხა შვილი.
- ზედმეტად კარგად. მუშაობით მოვკვდები.
- გაანებე თავი, თუ ის ჩემთვის გინდა.
- ძალიან გვიანია, მე არ შემიძლია და თანაც მომწონს ეს აზრი, ამიერიდან ერთადერთი ასატანი აზრი ჩემი ცხვორებისა. მე მხოლოდ შენ მყავხარ, შენზე ვფიქრობ, მე არ ამომირჩევია შენ მყოლოდი. თუ დამიჯერებთ, ამ ნაჭერს დაკემსვა არ უნდა. აი, თუ კი გექნებოდათ რამე ქსოვილის ნაგლეჯი. თან ცოტა რამ თქვენი ორივეს ცხოვრების შესახებ... ცოტა თავს ძალა დაატანეთ.
- ისევ იმას ვაკეთებთ, თქვა შვილმა.
- მართლა?
- აბსოლუტურად ისევ იმას, გაიმეორა შვილმა.
დედა აღარ გაჯიუტებულა და მარსელს აუხსნა:
- ეს მე მგავს, ქალიშვილო, რომ იცოდეთ როგორი ზარმაცი ვიაყვი. ნამდვილი გველხოკერა. თხუთმეტი წლისას მინდვრებში მპოულობდნენ ხოლმე, თხრილებში მძინარეს. ეჰ! მიყვარდა ხეტიალი, ძილი, გარეთ ყოფნა ყველაფერზე მეტად. და თავიდან, რასაც გელაპარაკებით, ოცი წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით, როცა დავინახე, რომ ჟაკიც არასოდეს არაფერს აკეთებდა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ინსტინქტი, რომელიც მე მქონდა, მას ერგო წილად. მაშინ მე ამას დავუწყე ცემა, ცემა და ცემა ყოველ დღე. თვრამეტი წლისას კიდევ ვცემდი. გახსოვს?
იგი უკან გადაწვა და გაიცინა. მარსელი მოჯადოებული შეჰყურებდა.
- მახსოვს, სიცილით თქვა შვილმა.
- მეც ავიხირე, ყოველ დღე ხუთი წლის მანძილზე.
- რა მივიღე...
- შემდეგ მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი და ამასაც მივეჩვიე, როგორც სხვა დანარჩენს. სჯობს ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის, ის ყოველთვის ისეთი იქნება. ვერავითარი რეჟიმი... ვერავითარი მორალი ვერასოდეს აღმოფხვრის ადამიანთა გულის ზრახვას. ეს მოგონილია, არ არსებობს. მე ბევრი დრო მოვანდომე ამის გაგებას, და ეხლა უკვე ვიცი. ვიცი, რომ ჩემი ხვედრი, ის რაც წილად მერგო არის ის, რომ ზარმაცი ვაჟი მყავს და ის როგორც ვაჟიშვილი, სამყაროს გიჟმაჟი ნაწილი, ასეთი ყოფილა საჭირო. თუ ჩემს თავს ნებას მივცემ, ქალიშვილო, ეს თეთრეული კარგ მდგომარეობაში არ არის. წესიერ, კარგად მოვლილ სახლში, პირველ ყოვლისა, თეთრეული კარგად უნდა იყოს შეკერილი, მერწმუნეთ.
- მე თქვენი მჯერა, ქალბატონო, თქვენ იმდენად განმაცვიფრეთ, რომ მზადა ვარ ყველაფერი დაგიჯეროთ, თეთრეულზე ნათქვამიც გასაგებია.
- ეჰ! მალე ბავშვებიც გაჩნდნენ და სრულიად მარტო დავრჩი, ცხოვრება კი ყოველთვის ძნელია და შეუძლებელია, ერთდროულად ბავშვებიც აღზარდო და ისიც აკეთო, რაც მოგწონს. მე ადრე დავიწყე იმის კეთება, მეტ-ნაკლებად რაც მომწონდა, და მერე რომ ვეღარ ვაკეთებდი, და მერე კიდე, უფრო გვიან, ისიც არ ვიცოდი, რისი გაკეთება მომეწონებოდა იმის მაგიერ, რასაც ვაკეთებდი... ხედავთ, სულ რამოდენიმე წელია, რაც იმას მივუბრუნდი, რაც მინდოდა ასე ვთქვათ. მაგრამ, ეს უკვე წასული საქმეა.
- შეუძლებელია არაფრით დაკმაყოფიელბა, თქვა ჟაკმა. უყურო მატარებლის სიარულს, გაზაფხულს, დღეებს. სხვა რამ არის საჭირო, როგორც იცი, მე ვთამაშობ.
- ვიცი, ჩემო პატარა. იცით, მადმუაზელ, როცა მუშაობას შევუდექეი, მხოლოდ გადაჭარბებით ვაკეთებდი ჩემს საქმეს, თუმცა კი ზარმაცი ვიყავი... სიგიჟემდე. ჩემი ცხოვრების ოცდახუთი წელი შრომაში გაილია. ასეთები ვართ მე და ჟაკი, როცა რამეს მოვკიდებთ ხელს. ეჰ! ამას რომ ემუშავა, მთებს დაძრავდა.
- მაგრამ მიუხედავად ყველაფერისა, თქვა შვილმა, როცა დილა ადრიან პირველი მეტროთი ბრუნდები, რომელსაც მთელი ორი საათი ელოდი კაფეს წინ, ჯიბეგამოფხეკილი და მისიკვდილებული, ზოგჯერ ეტყვი შენს თავს, რომ არ შეიძლება სულ ასე გაგრძელდეს.
დედამ ხელი ასწია მის შესაჩერებლად.
- მე არ მინდა იმედი ვიქონიო, რომ ერთ დღეს შეიცვლები. ძალიან კი მეიმედებოდა და კიდევ ერთხელ ნუღარ გამიჩენ ამ ჭიას, ამ იმედს გულში. ნურაფერს მეტყვი. სხვა არაფერი არ მინდა, გარდა შენი ნახვისა. და როცა გთხოვთ, მელაპარაკოთ თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ცხოვრებაზე გეუბნებით და არა სხვაზე, ეშმაკმა დალახვროს.
- მე აბაჟურებს ვაკეთებ, თქვა მარსელმა, მერე კი საღამოს პატარა თავშესაფარი მაქვს მონმარტრში.
- შენ ამას ვერ გაიგებ... თქვა შვილმა.
- მაპატიეთ... მარსელი გაწითლდა.
- ვჯდები თვითმფრინავში, ვიხდი ოციათას ფრანკს და ეხლა მეუბნები, რომ ვერ გავიგებ? ნეტავ რა გგონია ერთი?
- საღამოს მე და მარსელი ვმუშაობთ ერთ პატარა კარგ კაფეში. იქ ვიკვებებით, ვსადილობთ, სიგარეტები, სამი უფასო სასმელი.
- ხორცი?
- ხორციც.
- ეს არის მთავარი! და შუადღისას?
- გამოვტოვებთ ხოლმე, თქვა მარსელმა. გააჩნია დღეებს.
- კიდეც იმიტომ არის, რომ ორივე თალგამივითა ხართ გაფითრებული.
- ღამის სამუშაო ასეა ძალაუნებურად. დილით ადრე ვბრუნდებით დასაძინებლად, როცა ვიღვიძებთ, უკვე ღამეა. მზე რომ ვიხილოთ, აღარ უნდა დავიძინოთ. ეს განგებ უნდა გააკეთო.
- რადგან თქვენც სრულებით არავითარი განათლება არა გაქვთ, მადმუაზელ თუ კარგად მესმის?
- მე კითხვა ვიცი, სულ ეს არის. მაგრამ ამ მხრივ არაფერს ვნანობ, მე საამისო ნიჭით არ ვიყავი დაჯილდოებული. მე მეცოდება ის ხალხი, ვინც ეცდებოდა ჩემთვის რაიმე ესწავლებია.
- თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ, რადგან არ გიცდიათ.
- არა, თქვა შვილმა, ამას არა, ეს რეკორდმსმენია. მე ამასთან შედარებით ვბრწყინავ.
- არა, შენ ძალიან სულელი არ იყავი, მაგრამ ჭკუა არც შენ მოგეკითხებოდა. მიუხედავად ამისა, ორივე ძალიან მომწონხართ. ალბათ გეტყოდათ, რომ ჰყავს და-ძმები, რომელთაც ისწავლეს.
- მე მათ დავურეკე, თქვა მარსელმა, რომ თქვენი ჩამოსვლა მეცნობებინა.
- არ ვიცოდი თუ მათ ჩემი ჩამოსვლის ამბავი იცოდნენ უკვე. მაშ მოვლენ?
- მე ვუთხარი ხვალისთვის, უფრო ადრე არა.
- მათ აღარც კი ვიცნობ, მე მათ ამიერიდან აღარაფრად აღარ ვჭირდები. სხვები, ვიდრე მე, ანუ თავად ისინი კარგად ზრუნავენ თავიანთ თავზე. როცა შვილები მთლიანად დედის გარეშე მიდიან იოლას, ის მათ ნაკლებად იცნობს. მე მათ, გამიგეთ, არ ვუსურვებ... თავაშვებულ არსებობს, მაგრამ როგორ აგიხსნათ? ისინი თავს მაბეზრებენ. მაგრამ აი, მე კვლავ ვიწყებ ლაპარაკს და თქვენ ჯერ კიდევ არაფერი გითქვამთ.
- ისინი ბოროტები არ არიან, თქვა შვილმა.
- რა თქმა უნდა, თქვა დედამ, რა თქმა უნდა, მე აღარაფერი ვიცი... მაგრამ მათ ხომ ისწავლეს, შეიქმნეს მდგომარეობა, დაქორწინდნენ ყველანი, თითქოს ეს ყველაფერი მურაბის ყლაპვააო. დამყოლი ბუნებისანი არიან, მათ არასოდეს უბრძოლიათ საწინააღმდეგო მიდრეკილებათა ასალაგმავად... უცნაურია... აბა, რას იტყვით... მე ეს არ მაინტერესებს.
- ისინი სულ ჭკუას გარიგებენ, თქვა შვილმა, სწორედ ეს არის მათი ნაკლი. წავიდოდი, ხანდახან ვნახავდი, მაგრამ მათ რომ ჭკუაზე დამარიგონ არ შემიძლია, არა.
- რას ამბობენ, როგორ მოვეჩვენები.
- არ ვიცი.
- მე მესმის თქვენი, არ გინდათ გამოამზეუროთ... მაშინ, ცოტა რამ მითხარით, რას აკეთებთ იმ პატარა კარგ კაფეში.
- ხალხს ვღებულობთ, ვეპატიჟებით, შემოვიდნენ, იყიდონ ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ამას ჰქვია გარემოს შექმნა.
- გასაგებია, მაშ ასე, ამ საღამოს სულ მარტოდ მომიწევს ყოფნა თქვენს ლოდინში.
- ყველაზე იოლი გამოსავალია, კაფე მივატოვოთ, თქვა მარსელმა.
- უკვე მოვიფიქრე, თქვა შვილმა, შენ შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე.
- ჩემი ცხვირ-პირის პატრონი, მაპატიეთ, მადმუაზელ, ხალხს დავაფრთხობ... ისე, ერთის მხრივ, მე ეს არ უნდა მაწუხებდეს. ეს ისეთი რამ არის, რაც ჩემი წარსული არსებობის გამო მაკლია, არასოდეს მქონია თავისუფალი დრო ამგვარ დაწესებულებაში შევსულიყავი... აი, კიდევ შემაცია.
- სათბურას მოგიმზადებ, ყოველი შემთხვევისათვის, თქვა შვილმა.
- მსგავსი სამუშაოს საშოვნელად რა არის საჭირო? შეეკითხა დედა.
- იყო ყოჩაღი მოსამსახურე და იცოდე კარგი ლაპარაკი. თქვა მარსლმა, სულ ეს არის.
- ეს კი შეძლებდა ამ ყველაფრის გაკეთებას, ფიქრში წასულივით თქვა დედამ. ამას რკინიგზა უყვარდა სიგიჟემდე. მთელი ბავშვობა მატარებლების, ტენდერებისა და ლოკომოტივების ხატვაში გაატარა. გახსოვს?
- კი, თქვა შვილმა, რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა, კი, ეს ავადმყოფობა იყო.
- ჰოდა, ბუნებრივია, ამისთვის პოლიტექნიკური მოვიფიქრე.
- მესმის, თქვა მარსელმა.
- შემდეგ ტყაპ! თხუთმეტი წლისამ არავისი მოსმენა აღარ ინება არც მატარებლებზე, არც სხვა რამეზე. იქნებ ცოტა რამ გვეჭამა? დღეისთვის ეს ჩვარი კამარა, ქალიშვილო.
ამისაგან, გაიფიქრა შვილმა, სწორედ ჭამისგან მოკვდება.
- არა, ჩუმად თქვა შვილმა, არა.
- ერთი ლუკმა, მაგრამ თუ თქვენ არა გშიათ, ჩემს თავზე გავბრაზდები. ეს მამაკაცები... ქარხანა საათნახევარში დაიკეტება. პატარა სირენა დავაყენებინე... ტუუუუუუუ... როცა მასზე ვფიქრობ...
- შენ ერთი თვე ვერასოდეს გაძლებ აქ. წყალი დუღს, წავალ სათბურას მოგიძებნი. იმ ხალხზე ნუღარ ფიქრობ.
- მე, თქვა მარსელმა, სკამზე მიპოვნეს, რესპუბლიკის მოედანზე, ექვსი თვისა, ზამთარი ყოფილა და სანახევროდ გაყინული ვყოფილვარ. საზოგადოებრივ უპატრონოთა თავშესაფარში მიმიყვანეს, როგორც ჟაკმა გითხრათ. იქ ცამეტ წლამდე დავრჩი, შემდეგ სახელოსნოში ამიყვანეს, რომ მაქმანების ქსოვა შემესწავლა. აქ კი ერთი წელი დავრჩი, პატრონთან, ერთი წლის შემდეგ კი, რადგან ვერაფერი ვისწავლე...
- ვინ რას გეკითხება? ჰკითხა ჟაკმა, რომელიც სათბურათი ბრუნდებოდა.
- არავინ, თქვა დედამ, მაგრამ ეხლა რაკიღა დაიწყო, უნდა დაამთავროს კიდეც.
- ჩემი გონება დახშული აღმოჩნდა მაქმანისთვის, რის გამოც ოვერნში წამიყვანეს გლეხებთან. იქ ძროხებს ვუვლიდი, არასოდეს არაფერს ვსწავლობდი, მაგრამ ცუდად არ ვიყავი. კარგად ვჭამდი, გავიზარდე სუფთა ჰაერზე, თავისთავად ცხადია. ის გლეხის ქალი ჭკვიანი იყო, მაგრამ აი, ერთ დღეს, არ ვიცი, რამ შემიპყრო, იმ ქალს ხუთი ფრანკი მოვპარე, შობის ღამე იყო და მე თვითონაც არ ვიცოდი ძალიან კარგად, რა მინდოდა. ქალმა ეს შეამჩნია, ცოტა წაიტირა, ორ წელიწადში ცოტა მომეჩვია, და შემდეგ ქმარს უთხრა, რაც ჩავიდინე. მან კი უპატრონოთა თავშესაფარში მისწერა გრძელი წერილი, რომელიც მე წამიკითხა. წერდა, რომ როდესაც იპარავენ კვერცხს, მოიპარავენ ხარსაც, რომ ჩემი მანკიერი ჩვევები ამოტივტივდებოდნენ ზედაპირზე და ასე შემდეგ. ის ფიქრობდა, რომ კარგს იზამდა თუ იქ შეატყობინებდა ყველაფერს. მაგრამ მე ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია უპატრონოთა თავშესაფარში დაბრუნება. არასოდეს, მერჩია, მოვმკვდარიყავ. შეგახსენებთ, რომ იქ სულაც არ იყო უფრო ცუდი, ვიდრე სხვაგან, მაგრამ, ერთი ეგ იყო, ჩაკეტილები ვიყავით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ეს. ჰოდა ღამით, ჩემს ფუთასთან ერთად თავს ვუშველე და კლერმონის გზატკეცილზე რაღაც გამოქვაბულს შევაფარე თავი. აი, ასე იყო ეს ამბავი.
- ფეხებთან დაიდე სათბურა.
- მერე, ჩემო საბრალო პატარა.
- მერე საინტერესო აღარ არის, თქვა ჟაკმა. ტარტინი გინდა?
- კი, ძალიან, მაგრამ გაგრძელებაც მინდა.
- მოჰყე, თქვა ჟაკმა, მაგრამ ჩქარა.
- სამი დღე-ღამე ვიცადე იმ გამოქვაბულში, მეშინოდა პოლიციელებისა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ისინი მთელ რეგიონში მომძებნიდნენ... სამი დღე უჭმელად, დალევა შემეძლო, საბედნიეროდ, გამოქვაბულის სიღრმეში პატარა წყარო იყო ჩემს იღბლად. მაგრამ სამი დღის მერე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისე მშიოდა, რომ გამოვედი და გამოქვაბულის შესასვლელთან დავჯექი. სულ ეს არის.
- ვიყიდოთ ის საწოლი? შეეკითხა შვილი.
- და ერთხელ გამოქვაბულის შესასვლელთან?
ვიღაცამ გაიარა. ჩემი სიცოცხლეც დაიწყო.
- იმათხოვრეთ?
- თქვენი მოწონებული, თქვა მარსელმა ყოყმანის შემდეგ.
- ის საწოლი?
- ახლავე წავალთ, კარგი აზრია, თქვა დედამ. რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, ქალიშვილო, მეც იმას ვიზამდი, შემიძლია ყველაფერი გაგიგოთ, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გაჭირვებამ, შიმშილმა გაგაკეთებინათ. ასეთია ჩემი აზრი. წამოდით ჩვენთან ერთად საწოლის ასარჩევად. სამი ადამიანი ბევრი არ არის რჩევისათვის. მარსელი დასავარცხნად გავიდა. დედა სავარძელში გადაწვა და გაიცინა.
- სწორია, რომ საწოლის ყიდვა განვიზრახე!
- აჰ! აჰ! წარმოიდგინე, ჩემი მილიონების პატრონის ლეიბს მთელი ღამე ტკაცატკუცი გაუდის ზურგს ქვეშ.
მარსელი მათ უსმენდა და დაინახა, რომ სიცილში ერთიმეორეს ჰგავდნენ და თქვა:
- სიცილი ყოველთვის ერთნაირად ხმიანობს ოჯახებში.
- მაშ ზურგში გიტკაცუნებს.
- მთელი ღამეები, ერთი ზამბარა ყველაზე მეტად, ბათქ,... აჰ! აჰ!... ჩემს თავს ვეუბნებოდი, იმ საწოლს, რომელზეც უნდა მოკვდე, იყიდი, როცა ბიჭის სანახავად წახვალ პარიზში... ერთი აზრი, როგორც მეორე...
- შენ, შენ იცოცხლებ ასი წელი და კიდევ მეტი. აჰ! აჰ!
დედა დასერიოზულდა და დაიხარა.
- შენ იცი ახლა, ოქროა საშოვნელი, ოქრო, თქვა ხმადაბლა.
მე მკვდარი ვარ დედაჩემისათვის, გაიფიქრა შვილმა.
- მე პარიზს ვერ შეველეოდი.
- პარიზს? როცა გრძნობ, რომ ფული შემოდის, შემოდის, რომ ის ავსებს კარადებს, რომ შემოსავალი მატულობს ყოველ დღე, ყოველ დღე, გესმის? როგორც წისქვილზე წყალი... შენ აღარაფერი განაღვლებს.
- როგორიც შენ გახდი.
- მე ასეთი ვიყავი, მაგრამ ეს არ ვიცოდი, არც მე, არც არავინ, რადგან ღარიბი ვიყავი. ყველა ერთიმეორესა ჰგავს, ყველა ფულიანი ადამიანი, საკმარისია დაიწყო ფულის შოვნა...
შვილი შეყოყმანდა და გულწრფელად თქვა:
- არ მიყვარს ფული.
დედამ მხრები აიჩეჩა ასეთი ბავშვური აზრის გამო და განაგრძო:
- ინიციატივა არ არის საჭირო, საქმე თავისით მიდის, შენ, შენ მხოლოდ თვალყურს ადევნებ. ეს არაფერიც არ არის, თვალყურის დევნება, მაშ! ორი თვის მერე უიმისოდ ვეღარ გაძლებ. თვალყურს ადევნებ, თვალყურს ადევნებ სულ მუდამ ყველაფერს.
- მე არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენბინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფული არ მიყვარს.
შეურაცხყოფისაგან დედას სახე მოექუფრა.
- მე კი ვფიქრობდი, რომ გიყვარდა.
- მეც, მაგრამ არა - ის დედისკენ დაიხარა, - იცი, საუკეთესო ღამეები, რომელთაც მე ვატარებ, ისინია, როცა სახლში ვბრუნდები ყველაფრის წაგების შემდეგ, გასუფთავებული და ჭიასავით ცარიელი.
დედას აღარ სურდა მისი მოსმენა.
- შენ თვალყურს ადევნებ, ხედავ, ამჩნევ, რომ უშენოდ არაფერი კეთდება. ოთხმოცი კაცი შენს ხელთაა. მე მათ შენ გაძლევ.
- შემრცხვება, მე ხომ არასოდეს არაფერი გამიკეთებია.
- მაგრამ მე სულაც არა მრცხვენია - სცადა გაეცინა - ერთი სიტყვით, სწორედ ამიტომ მოვედი, რომ გითხრა ასევე, მე სრულებითაც არ მრცხვენია...
მოთმინებიდან გამოსულმა დედამ ხელები ცისკენ აღაპყრო.
- და სამუშაო, სამუშაო, ხალხი, რომელიც მუშაობს... ეს ზიზღს იწვევს ჩემში...
შვილმა თავი დამარცხებულად სცნო.
- რა მიიღე ცხოვრებისაგან, ამაზე რომ ვიფიქროთ?
- არა იმაზე მეტი, რაც სხვამ ბოლოს და ბოლოს, თქვა დედამ სხვა ხმით.
- ყველა ეს საწარმო.
- არაფერი. მე გიჟი ვიყავი. და ის საწოლი?
- მე მზადა ვარ, დაიძახა მარსელმა.
იგი შემოვიდა. შვილი ადგა, მაგრამ დედა კვლავ იჯდა, თვალები შორს მიეპყრო.
- შენი პალტო ავიღოთ?
- თუ გინდა.
- აზრი ხომ არ შეიცვალე?
- არ ვიცი.
მაინც წამოდგა. პალტო ჩაიცვა, რომელიც შვილმა მიაწოდა, სარკეში ჩაიხედა, თავისი შვილი და მარსელი თავის უკან დაინახა და ნაღვლიანი სიცილით შემობრუნდა.
- რა გამომეტყველება გვაქვს სამივეს?
მარსელმა და ჟაკმაც ჩაიხედეს სარკეში.
- ეს მართალია, ცუდი წყვილი ვართ, თქვა მარსელმა.
დედა კვლავ დაჯდა, თავი მოიბავშვა.
- არა, მე ის საწოლი აღარ მინდა. არა, გადაწყვეტილად ვამბობ, ისევ ძველი მირჩევნია.
შვილი დაჯდა, მარსლიც.
- ბარბესის გალერეაში ახლა ჩამოფასებული საქონელი იყიდება სწორედ.
ისინი სამივენი თანახმანი იყვნენ ჩამოფასებულ საქონელზე, ისე როგორც საკვებზე, ,აგრამ კიევ ერთხელ განსხვავებული მიზეზებით: მარსელი და ჟაკი იმიტომ, რომ სიამოვნების მიზეზის გარეშე არავითარი დანახარჯი გამართლებულად არ მიაჩნდათ, დედას კი უჯიათი ხასიათისა და ხელმომჭირნეობის ხანგრძლივი ჩვეულების გამო. მიუხედავად ამისა, ამ დღეს მან უარი თქვა ჩამოფასებულ საქონელზე.
- თვით ჩამოფასებულიც კი, თქვა მან, არავითარი სურვილი არა მაქვს, საწოლი შევიძინო, რა უბედურებაა.
- ამას რატომ ამბობ?
- იმიტომ, რომ ჯერ ის არ მომიშორებია თავიდან და აი კიდევ ერთი საწოლი მოვინდომე... ერთი შემომხედეთ, რას ვგავარ, კიდევ ერთი საწოლი მინდა?.. რა უბედურებაა!
- შენ თუ კიდევ შეიცვლი აზრს, უკვე გვიანია, თქვა შვილმა, უნდა გვეჩქარა. მაჟანტაში მხოლოდ ჩამოფასებული საწოლებია.
- არა, გადაწყვეტილად ვამბობ, არა. ის საწოლი მოიცდის.
შვილი წამოდგა, პიჯაკი გაიხადა და სკამზე გადაკიდა.
- ჩემზე ნუ წუხხართ, მე დავიძინებ, აკვნესდა დედა, ამჯერად უნდა დავიძინო.
შვილმა წაიყვანა და საწოლზე დააწვინა, როგორ ერთი საათის წინ. ისიც დაჰყვა, აღარაფერი მოუთხოვია და დაიძინა. ჟაკი სასადილო ოთახში დაბრუნდა, მარსელი გვერდით ეჯდა და ელოდებოდა როდის გამოჩნდებოდ დედა ოთახიდან თავისი ახალი შემაწუხებელი ამბებით გატანჯული. მაგრამ დედა აღარ გამოსულა. და მათაც, ორივემ დაიძინა მის ლოდინში. თუმცა გაზაფხულის მშვენიერი დღე იყო, მაგრამ სამივეს ეძინა, რადგან მათ ესეც საერთო წესად ჰქონდათ, ძილისთვის კი არ დაეთმოთ ჩვეულებრივ მიღებული დრო, არამედ ნებისმიერ დროს და ყველანაირ სინათლეზე დაეძინათ. მარსელსა და ჟაკს იმიტომ, რომ როგორმე მოეკლათ თავიანთი გამასავათებელი თავისუფალი დრო, დედას კი იმიტომ, რომ ცოტა მაინც მოეკლა თავისი აღგზნებული შიმშილის გრძნობა.
დაღამებამდის ეძინათ. შემდეგ ჭამას შეუდგნენ, თუმცა ვერ გაათავეს დედის მიერ დილით ნაყიდი ორი კილოგრამი შუკრუტი. მხიარულად ისადილეს, ბოჟოლე დალიეს და ათი საათისთვის მონმარტზე მივიდნენ. კაფე საუცხოო რამ იყო. ბოთლი შამპანური ორიათას ხუთასი ფრანკი ღირდა, რაც კაფეს ღირსებას მატებდა, რადგან იმ წელს ეს კარგი ფასი იყო. ჟაკი დაუყოვნებლივ მივიდა პატრონთან: ცალთვალა კაცთან, რომელიც ბევრი რამის მნახველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვაჭრული გატაცება პირს ნარწყევივით უმწარებდა. უკვე სმოკინგში გამოწყობილი, კოქტეილის ჭურჭლებს ანჭყრევდა.
- ადრე მოსულხარ, ჟაკო, რა მოხდა?
- დედაჩემია აქ - წარუდგინა - თუ ნებას მომცემთ, ის ჩვენ დაგველოდება დარბაზში ჩვენი მუშაობის დროს.
- კარგად მოფარებულ კუთხეში, დაიმორცხვა დედამ და ბავშვურად თქვა - შამპანურის ბოთლთან ერთად.
პატრონი დაფიქრდა, შამპანურის ბოთლის გაგონებამ გაახარა. დედა მიუხვდა, წამოიმართა, მედიდური გამომეტყველება მიიღო. პატრონმა თავი დაუკრა.
- მოხარული ვარ, თქვა მან, ბევრი რამ მსმენია ჟაკის დედაზე.
- დასაწყისისთვის კარგად ჩაციებული მოე.
- გასაგებია, ქალბატონო, ჟაკი ხშირად ლაპარაკობს ხოლმე თქვენზე.
- ჩემით ამაყობს, იმიტომ. მე ძალიან გავმდიდრდი იმ ასაკში, როცა წესით უკვე კვდებიან.
- ამ საღამოს აღარა ვჭამთ, თქვა შვილმა, წამოსვლის წინ კარგა გვარიანად გეახელით... მეტი რაღა გვინდა.
პატრონს მისი ჯიუტობა არ გამორჩენია. მან დედა თავაზიანად მიაცილა მაგიდასთან, კუთხეში.
- ასე, ქალბატონო, ისიამოვნეთ სანახაობით, ისე, რომ თავი უხერხულად არ იგრძნოთ.
- მიუხედავად ყველაფრისა, შამპანურთან ერთად დესერტიც იქნება, ხომ? შეეკითხა დედა.
- თუ შენ გინდა, თქვა შვილმა სერიოზული სიამაყით, რომელიც უნდოდა ბუნებრივი ყოფილიყო, რადგან ასეთი შემთხვევაც, თავისი სამსახურის გამო, იშვიათად ეძლეოდა ხოლმე.
- მელბაზე, ვფიქრობ, კარგს მეტყვით.
პატრონი იღიმებოდა, ჯაკმა და მარსელმა გამოაცხადეს, რომ ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალოთო. დედამ გაიოცა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- მათ საღამოს ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან, აუხსნა პატრონმა.
- ვიცი...
მაგრამ მან არაფერიც არ იცოდა. ამაზე მეტყველებდნენ მისი თვალები. უხერხულობამ გამსჭვალა პატრონის გამოხედვა, რომელსაც ერჩია ბარში შებრუნებულიყო და ყინული დაემსხვრია ვედროში, რომ შიგ მოე ჩაედგა. ამის გაკეთებაც, როგორც მელბას შესახებ, მან ხმამაღლა უბრძანა ბარის მეორე კარებიდან. ორი კლიენტი ტაბურეტებზე იჯდა და კამათლებს აგორებდა. თან მარტინის შეექცეოდა. ისიც მათთან მივიდა, დედა მარტო დარჩა. გულმოდგინედ აკვირდებოდა დარბაზს, ამდენი უცნობის წინაშე შიშით დაზაფრულს გაოცებისაგან ყბა ჩამოვარდნოდა. პატრონმა გაიფიქრა: ღმერთო ჩემო, როგორი მოხუცია ჟაკოს დედა. დიდი ხნის წინათ მასაც ჰყავდა დედა, ესპანელი ქალი, ცხოვრების დროის სრბოლაში ჩაკარგული მისი სახე გაახსენდა და მიხვდა, რომ ეს იმას ჰგავდა. პატრონი ჟაკის დედისკენ წავიდა, თან მოე მიჰქონდა.
_ მე ძალიან წყნარად ვიქნები, უთხრა დედამ, ნურავითარი შიში ნუ გექნებათ. დედას ხმა უთრთოდა. ღმერთო ჩემო, რა მოხუცია, ჟაკოს დედა, კვლავ გაიფიქრა პატრონმა. დედამ პატარა, შავი ქურთუკი გაიხადა და მზრუნველი და თავშეკავებული მოძრაობით სავარძლის საზურგეზე დადო, მობრუნებისას მისი მაჯების ოქრო მთელი თავისი ცეცხლით აბრდღვიალდა, ისევე როგორც მისი თითების ბრილიანტები მოძრაობისას. პატრონს საკუთარი დედა დაავიწყდა.
_ ხუთი წელია, არ მენახა ჩემი შვილი და მინდოდა კი მისი ნახვა. თუ ჩემი აქ ყოფნა გაოცებას იწვევს, შეგიძლიათ თქვათ...
_ არა, ქალბატონო, თქვენი აქ ყოფნა მე უფრო პატივს მდებს... მე სიმართლეს ვიყტვი, რომ თქვენ ჩვენი ამხანაგის, ჟაკის დედა ბრძანდებით.
_ ეს ასეა, შეყოყმანდა, ეს ასეა... ჩემს ასაკში, თქვენ იცით, საქმისა ნახევარი თუ გაეგებათ მხოლოდ, იმასაც ვიტყვი, რომ მხოლოდ ნახევარსღა ხედავენ. თქვენ შეგიძლიათ ისიცა თქვათ, მაგალითად, რომ არ იცით მე ვინა ვარ, რომ შემოვედი ისე... რომ თქვენ პასუხსმგებელი არა ხართ თქვენს კლიენტებზე... თუმცა თქვით სიმართლე, თუ ფიქრობთ, რომ ეს უკეთესია. დაჯექით ერთ წამს, აქ, ჩემს ახლოს, ბატონო.
პატრონი, ერთდრულად შეშინებული, შეწუხებული და ასევე, ცოტა დაინტერესებული, სამაჯურებსა და ბეჭდებზე თვალებმიპყრობილი დაჯდა.
_ მე თქვენ არ დაგაკავებთ, ბატონო. მხოლოდ წუთით მინდოდა ერთი უმნიშვნელო რამ მეკითხა თქვენთვის... დიდი ხანია, რაც ჩემი შვილი არ მინახავს და დანამდვილებით არ ვიცი. თუ რის გაკეთება შეუძლია მას თქვენთან. რამოდენიმე წელია ძალიან მსურს გავიგო, მაქვს თუ არა უფლება, ჩავერიო მათ ასაკში ჩემი შვილების საქმეებში, ამდენნი რომ არიან. მათ კი თავი დააღწიეს ყოველგვარ ზედამხედველობას. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ გსურთ, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ.
პატრონმა ორი სასმისი შეავსო შამპანურით, დალია, დედასაც დაალევინა და სიგარეტს მოუკიდა.
_ მხოლოდ თხუთმეტი დღეა, რაც ის ჩემთან მუშაობს, თქვა მან.
მას დამნაშავის თვალები ჰქონდა, დედას ეს არ დაუნახავს.
_ დედასა და შვილს შორის ცოტა რამ ითქმევა. მომიტევეთ, ჩემი მხრიდან ეს უბრალო ცნობსმოყვარეობაა და მეტი არაფერი.
დედა ხმადაბლა ლაპარაკობდა და აღარ იღიმებოდა. მისი თვალები სანახევროდ მკვდარი იყო უკვე. პატრონის გაქვავებული გული სიბრალულმა შეძრა.
_ იცით, მე შემიძლია ყველაფერი მოვისმინო ჩემს ვაჟზე.
პატრონს სამაჯურები დაავიწყდა.
_ მე მესმის, თქვა მან, ჟაკი თავაზიანია, მაგრამ... ძალიან სერიოზული არ არის.
დედამ დასაცავად ხელები აღმართა. ამას არ გეკითხებით, წამოიკვნესა მან.
პატრონმა ხელი გაიწოდა და მის ოქროს შეახო.
_ რასაც ჟაკი აკეთებს, სახელი არა აქვს.
დედამ პატრონის ხელი აიცილა, შამპანური მოსვა და თვალები დახარა.
_ დიდ მადლობას მოგახსენებთ, ბატონო, რომ მითხარით.
_ ერთდროულად ყველაფერი და არაფერი...
დედა ნაძალადევი ყურადღებით უსმენდა, თუმცა არ შეეძო ამ კაცისთვის შეეხედა.
_ ის იღებს კლიენტებს, ცეკვავს, ერთი სიტყვით, სამუშაო მომქანცველი არ არის.
აზრის უქონლობის გამო, მოუბოდიშა, რომ იმაზე მეტის თქმა არ შეეძლო.
_ როგორ არა, თქვა დედამ, ახლა ვიცი ის, რაც მინდოდა გამეგო.
დედამ თავმომწონედ გაიღიმა და შეეკითხა:
_ და ჩემი შვილისნაირი ხალხი ყველგან არის ასეთ ადგილებში?
_ დიახ.
_ ეს ხელობაც ისეთივეა, როგორც სხვები, თუმცა სახელი არა აქვს, ეს უცნაურია.
_ ეს უბრალოდ, უფრო პრაქტიკული იქნებოდა, მხოლოდ იმ მნიშვნელობით, როგორც მე ვამბობდი, მხოლოდ იმ მნიშვნელობით.
პატრონმა, დედა რომ დაემშვიდებინა, საუბრის თემა შეცვალა.
_ თქვენ ლამაზი სამკაულები გაქვთ.
დედამ ხელები ასწია, გაახსენდა სამკაულები, ზედ დაიხედა.
_ ეჰ! ძალიან მძიმეებია, ამოიოხრა, მე ძალიან მდიდარი ვარ, ჰო, და თან წამოვიღე მთელი ჩემი სამკაულები. ქარხანა მაქვს, ოთხმოცი მუშა მყავს. ჩემს თავს ვეკითხები, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ უჩემოდ. ვისურვებდი მათზე აღარ მეფიქრა. ცოტაოდენი შამპანური, გეთაყვათ.
_ აჰ! პატრონის თვალი, ჩემი პრინციპიც ეს გახლავთ, ვერაფერი შეცვლის პატრონის თვალს. მან შამპანური დაასხა, საკმაოდ გაოცებულმა.
დედამ დალია, ჭიქა დადგა და გასავათებული ხმით თქვა:
_ ამას ვამბობთ, მაგრამ მთავარია ეს გვწამდეს.
ისინი ერთსა და იმავეზე ფიქრობდნენ. შეწუხებული პატრონი დადუმდა და კვლავ თავისი ცხოვრების საზრუნავს მიუბრუნდა. კლიენტები შემოდიოდნენ, მან ბოდიში მოიხადა და ბარში დაბრუნდა. დედა მარტო იყო, სანამ მისი ვაჟი და მარსელი არ გამოჩნდნენ სმოკინგსა და საღამოს კაბაში გამოწყობილები. შვილმა პირველად დედას გახედა. მან კი სათვალე მოირგო და შვილს შეხედა. პატრონმაც იხელთა დრო, რომ მათთვის ერთი წუთით მაინც შეევლო თვალი, შემდეგ ისინი დაივიწყა და კოქტეილის ჭურჭლის ნჭყრევას მოჰყვა ისევ. შვილი და მარსელი ჩუმად დასხდნენ დედის მაგიდასთან. ის დარწმუნდა, რომ შვილი კიდევ უფრო ლამაზი იყო, მაგრამ როცა ისინი მასთან მივიდნენ და მის სიახლოვეს დასხდნენ, მან სათვალე მოიხსნა და ჩანთაში ჩადო. როგორც კი დაინახა, რომ შვილს რცხვენოდა, თვალი მოარიდა. შეწუხდა, რომ მის შვილს რცხვენოდა. შეწუხდა და თან მოიხიბლა ერთდროულად იმის გამო, რომ შვილს რცხვენოდა მის წინაშე ჯერ ისევ ჭაბუკური საამური სირცხვილით და იმის გამო, რომ მან იხილა ბოლოს და ბოლოს თავისი შვილი, როგორც ოდესღაც, ისეთივე სრულქმნილი და ნატიფი ამ ღამის კოსტიუმში გამოწყობილი. იგი დიდხანს ეძიებდა თავისი დაბინდული გონების ნისლოვან თვალსაწიერში ამ ადამიანებს შორის იმას, ვინც ამგვარი მფარველობა გაუწია მის შვილს და იგი დარწმუნდა, რომ ბედი სწყალობდა.
_ სმოკინგი ძალიან გიხდება, თქვა დედამ.
_ რატომაც არა, უპასუხა შვილმა.
_ ცოტაოდენი შამპანური, ჩემო შვილო?
_ ახლავე. მე არ ვწუწუნებ, ატყობ, ყველაფერი ჩემი ბრალია.
_ რა ყველაფერი? ჰკითხა დედამ. მისი გამოხედვა ნათელი იყო. შვილმა თავისი თავი ჩათვალა უზარმაზარი დედაშვილური ტვირთის წინაშე ვალმოხდილად. მაგრამ მას, როგორც დილით, პაწია სურვილი ჰქონდა, ეტირა.
_ რა საჭიროა შეგაწუხოთ, თქვა დედამ, მალე მუშაობას შეუდგებით, მაგრამ აჯობებდა თქვენთან ერთად ჭიქა შამპანური დამელია, ჩემო შვილებო.
_ ჩვენც ეს გვსურს, თქვა შვილმა.
_ ო, რა თქმა უნდა, შამპანური თქვენთან ერთად, თქვა მარსელმა, თქვენ რომ გცოდნოდათ?..
_ რა, მადმუაზელ?
_ ის, რომ ძალიან მახარებს, თქვენ რომ აქა ხართ, ამ დარბაზში.
დედამ სათვალე გაიკეთა და მარსელს შეხედა, თითქოს პირველად ხედავდა. გულმკერდგაშიშვლებულ მარსელს ისე წაესვა ფერუმარილი, რომ ძნელი საცნობი იყო. ეხლა ის ლამაზი და ნორჩი, უფრო ნორჩი იყო. დედამ სათვალე მოიხსნა, მიხვდა, რომ აქამდე ვერ შეაფასა იგი, ამიტომ უცებ გაწითლდა ამ აღმოჩენის გამო:; რომ ასეთი ყოფილა მარსელი სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც თექვსმეტი წლისა, შიმშილს გაქცეული გამოქვაბულიდან გამოვიდა. დიდმა სიბრალულმა გული დაუკოდა.
_ ეს მელბაც როგორ აგვიანებს, თქვა დედამ.
მარსელი ადგა, ბარში შევიდა და პატრონს დაელაპარაკა, რომელმაც უთხრა, რომ მელბას მალე მოიტანდნენ.
_ ეს გოგონა თავაზიანია, თქვა დედამ.
_ დიდი არაფერი, შვილმა ხელი აიქნია.
_ ვერ გავიგე.
_ ეს არაფერს არ ნიშნავს, თქვა შვილმა და თვალები დახარა, მე ამაზე კი არა ვლაპარაკობ, არამედ ჩემს მიმართ მაგის დამოკიდებულებაზე. დანარჩენზე ლაპრაკი ბევრად უფრო იოლია.
_ ჩემო შვილო, შამპანურთან ერთად, ხედავ, დაღლილობა მომერია.
_ მთელი ეს მგზავრობა იმიტომ გადაიტანე, რომ მე გენახე.
დედამ, ალბათ, მისი ნათქვამი ვერ გაიგო. სამი შავკანიანი მუსიკოსი, ერთნაირ სმოკინგებში გამოწყობილი, ესტრადაზე ავიდა და თავიანთი ინსტრუმენტები შეამოწმა: საქსაფონი, დასარტყმელები, საყვირი. დედამ სათვალე გაიკეთა და ერთგვარი ცნობისმოყვარეობით დააკვირდა მათ. ორი წყვილი გამოვიდა. ორკერსტრმა ტანგო დაუკრა. მარსელმა მელბა მოიტანა და მაშინვე პირუჩუმრად შეუდგნენ ყელის ჩაკოკლოზინებას. დედამ სათვალე შეინახა და სიამოვნებისაგან გაიღიმა, თვალებს ხან თავის სასმისს მიაპყრობდა, ხან შავ მუსიკოსებს. ერთი წყვილი ადგა და ცეკვა დაიწყო. მათ შემდეგ ერთმა კლიენტმა მარსელი გაიწვია. ეს უკანასკნელიც, როგორც კი ის გამოჩნდა, მორჩილად გაჰყვა, მელბას გათავებაც კი ვერ მოასწრო.
_ მან მელბაც კი ვერ გაათავა, დაიჩივლა დედამ.
_ დააცადე საქმე აკეთოს, დღეს საკმარისი ჭამა.
_ უცნაურია, _ დედამ შვილს შეხედა _ თითქოს ნანობ, ის რომ ჭამს.
_ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, როცა ადამიანები ჭამენ, ვერ ვიტან. ვერ ვიტან, რომ ჭამენ. არ ვიცი რატომ.
_ ალბათ, თუნდაც იმიტომ, რომ კეთილი არა ხარ.
_ არ ვიცი, მე კეთილი არა ვარ იმიტომ, რომ როცა მინდა ვიყო კეთილი, ამაზეც ვწუხვარ ხოლემ. ზოგჯერ მისთვი ბივშტექსი მომაქვს ხოლმე კეთილი გულით, მაგრამ როცა ჭამს, როცა ვუყურებ როგორა ჭამს, მაღიზიანებს, ვნანობ, როგორ გითხრა, მწარედ ვნანობ ხოლმე.
_ ეს კი მართლაც უცნაურია, რომ ასეთი ხარ... დედა ჩაციებით აკვირდებოდა შვილს, ცდილობდა ამით თავის სისხლში ეპოვა პასუხი, როცა ადამიანები ჭამენ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინც უნდა იყვნენ, კმაყოფილი ვარ.
_ როცა ის ბივშტექსს შეექცევა, მეჩვენება, თითქოს ქვეყანა დაიქცაო. არ ვიცი, რატომ.
_ შესაძლოა, ეს სრულებით არაფერზე არ მეტყველებს, რომ გიყვარს ადამიანების ჭამისთვის ყურება, ან ის, რომ კეთილი თუ სხვა რამ ხარ, არაფერზე. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ შვილები გყავდა, მეტი არაფერი.
დედა თავს იმშვიდებდა, მაგრამ შვილი სულ იმას ცდილობდა, სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება, თითქოს დრო აღარ იცდიდა.
_ არასოდეს არავისთვის სიკეთე არ მინდა, არასოდეს. მე ბოროტი ვარ.
დედას მზერა დაუნაღვლიანდა და ტკივილიანი სინაზით აღევსო.
_ ეს მართალია, რომ შენ არავისთვის არ გინდა სიკეთე... მახსენდება... ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, საიდან გამიჩნდი ასეთი...
_ ხანდახან მემართება ასე, არ შემიძლია, თავი დავაღწიო ამას, შეატყობდი, მაგრამ მერე ვნანობ ხოლმე.
_ თუმცა, ჩვეულებრივ, მეც, მე არ ვამბობ ახლა... და მამაშენსაც, ასე მგონია, უფრო კეთილი გრძნობები გაგვაჩნდა, ჩაეძია თავის მოგონებებს.
_ ნუ ეცდები ამის გაგებას _ შვილმა გაიღიმა, შეწუხება დაეტყო იმის გამო, რომ საუბარი სხვა მიმართულებას ღებულობდა.
_ მაგრამ შვილები ისე შორიდან მოდიან, ამოიკვნესა დედამ, ისე შორიდან, ყველა თაობასთან ერთად, რომლებიც მათ უკან არის. აჰ! აბა! აბა! რა უბედურებაა!.. მინდა ცოტა შამპანური კიდევ დამისხა. აი, როცა იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ჩემს ქარხანაში რომ არიან, თითქოს გულს მაზიდებს.
შვილმა ფრთხილად დაუსხა ცოტაოდენი შამპანური.
_ თითქოს გულს მაზიდებს. და როცა ამზე ვფიქრობ, მე ბოროტი ვარ. მე თვითონ არ ვიცი, რატომ.
დედამ დალია. შვილი გაჩუმდა. დარბაზს მოავლო თვალი, რომ დაენახა, იყო თუ არა ვინმე ისეთი ქალი, ვისთანაც მას შეეძლო თავის შექცევა.
_ მაგრამ შენ ისეთი ბოროტი არა ხარ, არა, გაიმეორა დედამ, აქ უმთავრესი ის არის, რომ შენ გინდოდა ბოროტი ყოფილიყავი, სულ, როგორც შენ გინდა, უბრალოდ ყოფილიყავი, მაშ...
_ შესაძლებელია _ გაიცინა შვილმა, _ გაუშვი, ეგრე იყოს.
_ მაგრამ არსებითად, შენში არაფერია ცუდი, არაფერი, მე ვიცი. ჩემთვის ეს სხვა რამეა, შენ გესმის, მე, რაც არის, სრულიად არაფრის ცოდნა არ მინდა, არც არაფრის გაგება, მან უარყოფის გამომხატველი მოძრაობა გააკეთა _ არც ზღაპრების მოყოლა არ მინდა. როცა მათი ცოლები მათ სანახავად მოდიან მორთულები ლამაზი ოქროს სამკაულებით, ისეთი ოქროს სამკაულებით, როგორებიც ჩემია, მთელი სამოცი წელი რომ ვამონდომე, რომ ისინი დამემსახურებინა, ჰოდა, მათი დახოცვის სურვლი მიჩნდება... ჩემს თავს ვეუბნები ამას...
_ ჩათლახები.
დედა უეცრად დადუმდა, შვილის ნათქვამით გაოგნებული.
_ ამას რატომ ამბობ?
შვილი შეკრთა, თითქოს გამოაღვიძესო.
_ არ ვიცი, იმიტომ, რომ ბოროტი ვარ.
_ მიუხედავად ამისა, ეს იმათი ბრალი არ არის.
_ ეს კი მართალია, იმათი ბრალი არ არის. შენც ხედავ, როგორი ვარ. მან გაიცინა.
_ იმიტომ, რომ მე მასიამოვნო, ვიცი ეს.
მან არაფერი უპასუხა.
_ არა, არა, აწუწუნდა დედა... შენ არ გესმის, ეს მათი ბრალი არ არის, ეს მე... ეს ჩემთვის... ისინი რომ მუშაობენ...
დედამ თავი ხელებში ჩარგო, რომ იქ დაემალა თავისი უბედურება _ რომ ისინი მხეცებივით მუშაობენ...
ხმა გაებზარა, ტირილი მოერია.
_ და შენ კი, ჩემო პატარა, შენ არაფერს აკეთებ...
მან დედის ხელი აიღო და თავაზიანად დამოძღვრა:
_ ეს სისულელეა, რატომ ფიქრობ ჩემზე? ჩემნაირი ხალხი ანგარიშში ჩასაგდები არ არის... ბოლოს მინდა გითხრა, რომ შენს ანგარიშში კი არა, რა საკვირველია... არამედ საზოგადოებისა.
დედამ გაკვირვებულმა შეხედა, ის კი იღიმებოდა.
_ მე არ შემიძლია ამას თავი დავაღწიო, დაიკვნესა მან, მე სავსე ვარ ავი ზრახვებით, ალბათ იმიტომ, რომ ასე ძალიან დავბერდი, ძალიან დავბერდი. ვინ იცის საიდან მოდის ეს? არ შემიძლია ამგვარი გრძნობების წინააღმდეგ ვიბრძოლო... მე სრულიად აღარფერი გამაჩნია, _ მან ხელები გაშალა, შვილს გაუწოდა _ აღარც გული, აღარც მორალი _ სრულიად აღარაფერი. ცოტა შამპანური კიდევ დამისხი.
_ ბევრს ნუ დალევ, დედა.
_ ეს სიამოვნებას მანიჭებს, ჩემო პატარა.
_ ეს კი მართალია _ მან თვალები დახარა.
რამოდენიმე კლიენტი უკვე წასულიყო. ორი წყვილიღა ცეკვავდა, ურთიერთჩახუტებული, გულისთქმას მიცემული, ყველასაგან მივიწყებული. პატრონი კვლავ კოქტეილის ჭურჭელს ანჭყრევდა. ერთი შენიშვნა აეკვიატა შვილს, ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა:
_ ყოველ შემთხვევაში, შენ ბევრი სამაჯური გაქვს, უთხრა ღიმილით.
დედამაც გაიღიმა, თავისი ხელები კმაყოფილებით შეათვალიერა.
_ ასე ფიქრობ?
_ სწორე გითხრა, ნამდვილი გამოფენაა.
_ მაშ რა ვუყო?
_ დააწყე კარადაში, დაკეტე გასაღებით და სულაც აღარ იფიქრო მათზე.
_ მე ვერ ვიცოცხლებ, ამოიოხრა დედამ, ნივთები ფულთან ერთად მოდიან.
_ უნდა ეცადო, დედა.
მიუხედავად ყველაფრისა, შვილის ჯიუტობამ დედა გააოცა.
_ შენ მართლა ასე გგონია?
_ მართლა. ჩვიდმეტი სამკაული ორივე ხელზე, რას ჰგავს?
_ აჰ, აჰ! _ იცინის დედა _ რა უბედურებაა!
_ სხვა რამ მინდოდა მეკითხა შენთვის, თუ შეგიძლია მიპასუხო, მინდოდა მეკითხა შენთვის, ასე რატომ ხარ იმ ქარხანას მიჯაჭვული?
დედა მოიკრუნჩხა, თვალები დახუჭა.
_ იმის გარდა, თქვა მან, მე არაფერი გამაჩნია.
იგი თავის ხელებს შეეხო, მოსინჯა, როგორც საზიზღარი საქონელი.
_ სრლიად არაფერი, გაიმეორა მან. აღარც შვილები, აღარც დაბრკოლებები. ერთი შეხედე ჩემს ხელებს... სრულიად არაფერი, გარდა იმ ქარხნისა.
_ მაინც დაღუპულია ეს ცხოვრება _ შვილი მას აღარ უსმენდა.
_ როცა ვფიქრობ, ისევ გხედავთ თქვენ, როცა ვფიქრობ, რომ თქვენ იქ ანგელოზებივით გეძინათ სახლის ყველა კუთხეში... ფარდების, მწვანე ფარდების ჩრდილში, გახსოვს... მე კი ვტიროდი, იმიტომ რომ ვალები მქონდა. თქვენ რომ იქ იყავით და მე რომ ვტიროდი.
_ მახსოვს, ღამე ვდგებოდი ხოლმე მოსაფსმელად და ვხედავდი, რომ შენ იჯექი სიბნელეში და ტიროდი. ერთხელ რვა წლისა ვიყავი, მკითხე, როგორ დავაღწიო თავი ამ უბედურებასო.
_ ვაგლახ! რძით სავსე ვიყავი და ხარივით ძლიერი და ვტიროდი. ახლა სრულებით აღარ ვტირი. ისიც უნდა გითხრა, რომ დავიფიცე არასოდეს არაფერზე აღარ მეტირა, სრულიად არაფერზე. კარგად გესმის? არაფერზე. ეს ჩემი დასჯა იქნება, ისევ ისე სულელურად რომ მოვიქცე ცხოვრებაში.
_ შენ მართალი ხარ, მაგრამ ხედავ, ის ქალი უნდა გავიწვიო, იქ რომ დგას, ორკესტრის მარჯვნივ.
_ შეგაწუხე, აწუწუნდა დედა.
_ არა, არა, დედა, ჩემი სამსახურია, ვიცეკვო.
დედამ ქალს შეხედა. იგი ლამაზი იყო, მის ვაჟს უცქერდა. მათ იცეკვეს. პატრონმა დაინახა, რომ დედა სულ მარტო იყო, მის მაგიდასთან მივიდა და ჰკითხა მელბა როგორი იყოო.
_ კარგი, თქვა დედამ. მან შეამჩნია, რომ მარსელი კვლავ ცეკვავდა ისევ იმ კლიენტთან.
_ ეს გოგონა კარგად ცეკვავს, თქვა დედამ.
_ ეჰ, თქვა პატრონმა.
მარსელი ცეკვავდა, თავისი პარტნიორის მიმართ გულგრილი, დედას უღიმოდა. პატრონმაც გაუღიმა მას თავის მხრივ, ძალიან პროფესიულად. ჟაკი კი სრულებით აღარ ცეკვავდა ისე, როგორც წეღან, თვალები ძირს დაეხარა და პირში კაეშანი და ზიზღი ჰქონდა დაგუბებული. მას კლიენტი ქალი მოსწონდა, მხოლოდ იმას ცდილობდა, ძალიან არ ეგრძნობინებინა მისთვის. დედა მიუხვდა და მარსელით დაინტერესდა.
_ მას მაინც ლამაზი ღიმილი აქვს, თქვა მან.
_ ეჰ, თქვა კვლავ პატრონმა, იგი თანამზრახველს ამაოდ ეძებდა.
დედა ამხნევებდა მარსელს პატარ-პატარა ნიშნებით, თავაზიანი ღიმილით თავს უკანტურებდა. რა მოხუცია ჟაკოს დედა, კვლავ გაიფიქრა პატრონმა, ეს ამ ქვეყნისა აღარ არის. მან უეჭველად დაივიწყა ვინ იყო მარსელი და ეგონა, რომ ის მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის ცეკვავდა. მართლაც შეიძლებოდა ასე მოგჩვენებოდათ. მარსელი, ერთობ ყურადღებიანი დედის მიმართ, იღიმებოდა იმ სიამოვნების გამო, რომელსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა მისი ცეკვის ყურებისას. ის თავისუფლად იყო თავისი პარტნიორის მკლავებში, რომ სიამოვნება მიენიჭებინა დედისათვის. მხოლოდ პატრონი, ცოტა არ იყოს, გაჯავრებული გაბრუნდა ბარისაკენ. სხვა კლიენტები შემოდიოდნენ. შაბათსაღამო იყო და იქაურობას ხალხი არ აკლდა. შემოსულები მაშინვე ხედავდნენ ამ ოქროულასხმულ დედაბერს, რომელიც, მიუხედავად პატრონის მიერ მითითებული ადგილისა, ძალიან ხვდებოდა თვალში. ისინი ღიმილით კითხულობდნენ როგორ, რატომ იმყოფებოდა ეს დედაბერი აქ. მათ უხსნიდნენ, თუმცა დედა ვერ ხედავდა მათ გაოცებას, მთელი ყურადღება მარსელის ცეკვაზე ჰქონდა მიპყრობილი. იგი ძალიან ფერმიმკრთალი ჩანდა დარბაზის მიმქრალ შუქში. მისი გამხდარი ოქროთი შებორკილი, დამძიმებული ხელები მკვეთრად მოსჩანდა შავი კაბის ფონზე.
_ მარსელი ბარის კარში გაუჩინარდა. მუსიკა არ შეწყვეტილა და წყვილებსაც არ შეუწყვეტიათ ცეკვა. კვლავაც ურთიერთს ჩახუტებულები ცეკვავდნენ. რადგან მარსელი არ მოდიოდა, დედა აწრიალდა, ჰაიჰარად ეკითხებოდა თავის თავს. რა უნდა ეკეთებინა მარსელს, ეკითხებოდა თავის თავს ცუდი განწყობით, მის მიმართ დაეჭვებული, რადგან უკვე ცოტა შემთვრალიყო და მოხუცს ამორალური აზრი გაუჩნდა. კლიენტი ქალი მარტო წავიდა, ჟაკმა დედას დახედა.
_ თუ გინდა, უთხრა შვილს, შეგვიძლია ერთი ბოთლი მოე ავიღოთ.
შვილმა უმალ შეკვეთა მისცა მაგიდიდან, ოსტატურად ანიშნა პატორნს. მანაც მოირბინა, გახსნა ახალი ბოთლი და დედაბერს დაუსხა. მაშინვე, როგორც კი დალია, თქვა:
_ მშია.
_ არა, უთხრა შვილმა, იმ ყველაფრის მერე, რაც შენ დღეს შეჭამე, ეს შეუძლებელია. მხოლოდ შეგრძნება გაქვს ასეთი.
_ იმიტომ, რომ მე ასეთი ბებერი ვარ, შენ ამას ვერ გაიგებ, დაიწუწუნა დედამ ხმადაბლა.
მან შვილს გაუღიმა, თითქოს ბოდიშს უხდისო გარდასულ დროთა სიღრმიდან, უკვე სუვენირივით დაპატარავებული... შვილი მისკენ დაიხარა და ხელზე შეეხო.
_ მე არ ამომირჩევია, ასეთი ვყოფილიყავი, წაიჩურჩულა მან, ჯერ კიდევ ისე ვარ, თითქოს ოცი წლისა ვიყო. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა დამემართა.
_ მე ვიცი, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაღონდე.
ის კიდევ უფრო დაიხარა მისკენ და ცოტათი კიდევ მიუახლოვდა:
_ მე მუშაობა არ შემიძლია.
ამგვარი აღსარების წინაშე დედობამ იგი კიდევ უფრო შეაწუხა, ვიდრე თავისი სიცოცლის პირველ ხანებში. არაფერი უპასუხა.
_ მე მუშაობას ვერასოდეს შევძლებ.
_ მიუხედავად ამისა, ჩემო შვილო, _ თუმცა იცოდა, რომ ამაოდ ეუბნებოდა, მიუხედავად ამისა, ოქროს, ოქროს შოვნა აუცილებელია.
_ ორი დღის მერე აქედან წავალ. გარიყულივითა ვარ, მასხარების ჯიშიდან. ჩემს თავს რაღაცას ვაკლებ.
_ ამაზე ნუ ფიქრობ, ჩემო პატარა, ნუ მოიწყენ.
_ მე კარგად არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც რომ მაკლია, ამაში დარწმუნებული ვარ.
_ შენ არაფერიც არ გაკლდა. უბრალოდ...
_ რა?
_ შენ გეძინა, გეძინა ხოლმე. არ გინდოდა სკოლაში წასვლა. გეძინა ხოლმე.
_ არა, ეს სრულებითაც ვერა ხსნის, ვერა, ეს სხვა რაღაცით მომივიდა.
_ ჩემგან. ჩემს გარდა სხვა არაფრისგან, ჩემგან, ვინც შენ ძილს გაცდიდა ხოლმე. შენ სკოლაში არ გინდოდა წასვლა. მეც კიდევ გაცდიდი ხოლმე, გაცდიდი, რომ დაგეძინა.
_ აჰ! მახსოვს, შენ კი იმას მიყვები, მე რაც მახსოვს
შვილს ახლაც ეღიმებოდა, ამ ასაკში, ამგვარი ძილის გამო.
_ და ამ ქვეყანაზე ყველა ბავშვი დაიძინებდა სკოლაში წასვლის ნაცვლად, თუკი არ გააღვიძებდნენ, მე, მე კი, შენ არ გაღვიძებდი ხოლმე.
_ როგორ არა, მაღვიძებდი, როგორ არა. მე ისიც კი მახსოვს, როგორ მაღვიძებდი, მეუბნებოდი ხოლმე...
_ არა, მართალი არ არის. დანარჩენ ხუთს კი, შენ _ არა. შენი, ყოველ დღე არ შემეძლო შენი გაღვიძება.
დედამ ღირსეულად დახარა ქუთუთოები და მჭმუნვარე შთამაგონებელი ხმით თქვა:
_ შენი ძილის მიმართ ნამდვილად პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული.
მან სათვალე მოიხსნა დაღლილობას მინებდა, ისეთსავე ხილულს, როგორიც სიკვდილია.
_ ერთბაშად დავიღალე, ეს თვითმფრინავი...
_ ვინაიდან გეუბნები, რომ მახსოვს, მახსოვს როგორ მაღვიძებდი, მეუბნებოდი ხოლმე...
_ არა, იმ ხუთს კი, მაგრამ ერთს, ერთს არ ვაღვიძებდი. ეს დიდი უბედურებაა.
შვილს უნდოდა ეპასუხა, მაგრამ დედას არაფრის გაგონება არ სურდა. თუმცა, მაინც სცადა.
- და როცა მაღვიძებდი, იმის მაგივრად, რომ სკოლაში წავსულიყავი, ბუდეების ჩამოსაშლელად მივდიოდი. შედეგსაც ხედავ.
_ არა და არა, მე შენი ყველაფერი მესმოდა... მხოლოდ შენი, არ გაღვიძებდი ხოლმე.
_ დალიე ცოტა შამპანური.
_ მაშ შენ გეგონა, რომ ასე იყო სინამდვილეში.
_ დალიე.
შვილმა დაუსხა და ჭიქა მიაწოდა. დედამ დალია. შვილს იმედი მიეცა.
_ იცი, როცა სხვებს ვუყურებ, თქვა შვილმა მასთან ყბედობას მიჩვეული ტონით, მაგალითად, ჩემს ძმებს, ეჰ, კარგი რა! არ მესმის, მგონია, რომ ისინი დროს კარგავენ.
დედა შვილისკენ დაიხარა სიყვარულით გათანგული და თვალებანთებული.
_ მაგრამ ეს ხომ ერთი და იგივეა, ჩემო პატარა, ზუსტად ერთი და იგივე. რაც უნდა იფიქრო, მე მაგალითად თუ ვმუშაობ, იმიტომ, რომ მომწონს... ეს საბოლოოდ ერთი და იგივეა... იმუშავებ... არ იმუშავებ... საკმარისია ხელი მოჰკიდო, რომ მიეჩვევი. შენც ხელს მოჰკიდებდი... ერთ კვირაში ყველაფერი მორჩებოდა. ერთ რამეშია საქმე...
_ შეეშვი, დედა.
_ ჰო, ის მინდოდა მეთქვა, საქმე იმაშია, რომ ნამეტანი არ უნდა იფიქრო, მორჩა და გათავდა.
დედა უკან გადაესვენა, წუთიერად დაღლილობამ შეახსენა თავი.
_ მაგრამ აღარ უნდა დაგენანოს, თქვა მან.
შვილმა მხრებში ჩაავლო ხელი, გაიცინა.
_ შემომხედე, განა უბედურის გამომეტყველება მაქვს?
_ დანარჩენი... ამას არა აქვს მნიშვნელობა.
_ მე არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
დედამ არაფერი უპასუხა, ფიქრში წავიდა.
_ უნდა გაიყიდოს, რაც შეიძლება უკეთ. გაიყოფთ და სალაპარაკოც აღარაფერი იქნება.
_ მე რომ მქონოდა, ერთ ღამეში დავამღერებდი. უმჯობესია გაიყიდოს.
_ კი, შენ მართალი ხარ.
ჟაკს დაუძახეს. ის შეყოყმანდა, მაგრამ დედამ ანიშნა წასულიყო. როგორც კი მარსელმა დაინახა, რომ დედა მარტო იყო, თავი გაითავისუფლა პარტნიორისაგან და მასთან მივიდა.
_ ჰაერზე გავიარე, თქვა მან და მოვბრუნდი, მე მხოლოდ ვიცეკვე.
დედა თავისი შვილის ცეკვას უყურებდა. მარსელი დაჯდა.
_ თქვენ ძალიან დაღლილი იერი გაქვთ, თქვა მან.
დედამ კვლავ არაფერი უპასუხა. მარსელმაც, თავის მხრივ, შეხედა ჟაკს.
_ არ ვიცი, ასე რატომ ვარ მასზე მიჯაჭვული, თქვა ხმადაბლა.
დედა კვლავ შვილის ყურებაში იყო გართული და მარსელმა გაიფიქრა, რომ საცაა ჩაეძინებოდა. მან ამით ისარგებლა, რომ გული გადაეშალა და ხმადაბლა თქვა:
_ იმასაც კი ვფიქრობ, რომ მიყვარს.
ამ სტივყებზე დედა შეკრთა.
_ ეჰ, ჩაიჩურჩულა მან.
_ იმას კი არ ვუყვარვარ, ის არასოდეს შემიყვარებს.
მაგრამ დედა კიდევ ერთხელ მიბრუნდა, რომ თავისი მოცეკვავე პირმშოსთვის ეყურებინა.
_ თუმცა ის ამას მეუბნება, არასოდეს შემიყვრებს, არასოდეს.
დედა გამოერკვა, უაზრო თვალებით შეათვალიერა მარსელი.
_ სკოლაში წასვლა არ უნდოდა ხოლმე, თქვა, არასოდეს.
_ არასოდეს, სულ არასოდეს?
_ არასოდეს. ყველაფერიც აქედან მოდის. სწორედ აქედან დაიწყო.
_ რატომ?
დედამ ხელები გაშალა და უმწეოდ გაასავსავა.
_ მე ჯერ კიდევ არ ვიცი, ვერც ვერასოდეს გავიგებ.
მცირე ხნით დადუმდნენ. შემდეგ მარსელი თავის საზრუნავს მიუბრუნდა.
_ თავისთან მაინც თუ დამტოვებს... მე ამის მეტს არც არაფერს ვითხოვ, მხოლოდ დამტოვოს.
_ სხვა შვილებზე, რომელბმაც თავისით გაიკვლიეს გზა, ზრუნვა არ დამჭირვებია. მათ არაფერი არ უჭირთ. ისინი ერთნაირები დაიზარდნენ, ერთი და იგივე სისხლისანი არიან, მაგრამ სულ სხვადასხვანაირები.
მარსელი გაჩუმდა. დედას იგი გაახსენდა.
_ და რა, არ უნდა, რომ მასთან დარჩე?
_ არ უნდა. ყოველ ორ დღეში ერთელ გარეთ მაგდებს.
_ შეიძლება იმიტომ, რომ მაინც თქვენი ხელობა ახსოვს, ან იმიტომ, რომ კაცს არ შეუძლია მისი დავიწყება, არ ვიცი, მე... მე მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთი მამაკაცის ცოლი ვიყავი, მაშინ...
_ თვითონ არაფერს არ აკეთებს, რომ დაივიწყოს, შეიძლება პირიქით მომხდარიყო.
_ დრო არა აქვს, დასძინა სიბერისაგან თავგზააბნეულმა დედამ.
_ ეს იმდენად ჩემი ხელობის გამო კი არა, ეს უმთავრესად მაშინ ხდება, როგორც კი ქალს იშოვნის, უკვე სხვას უჭყეტავს თვალბს. ამას კი ბოლო არ უჩანს.
_ ასეთია ცხოვრება.
_ ეს კი მართალია, თქვა მარსელმა ყოყმანის შემდეგ.
_ და როცა გაგდებთ?
_ მე თავშესაფარი არა მაქვს.
მარსელმა ტირილი დაიწყო, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ქვითინებდა. დედა მისკენ შებრუნდა და დაღლილობსაგან და შამპანურისაგან თვალმიბნედილმა თავიდან ფეხებამდის შეათვალიერა.
_ მადმუაზელ, გეტყოდით, ჩემთან წამოდით-მეთქი, მაგრამ...
მარსელი შექანდა, ხელები წინ გაიწოდა. დედა მას აღარ უყურებდა, მან მაგიდაზე დააბრახუნა და თვალები დახარა.
_ ძალიან დაღლილი ვარ, განაცხადა მან.
მარსელს ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.
_ მაგრამ ქალბატონო...
_ იცით, ხუთი, სამი წლის წინ გეტყოდით ჩემთან წამოდით, რადგან ბინა არა გაქვთ-მეთქი, მაგრამ ახლა არამც და არამც, ამას აღარ გეტყვით.
მან ერთხელ კიდევ დაკვირვებით შეათვალიერა მარსელი თავიდან ფეხებამდე.
_ არამც და არამც, დაიყვირა დედამ.
ბარში პატრონმა გაიფიქრა: ერიჰა! ჟაკოს დედა მთვრალია. მან კოქტეილის ჭურჭელი აიღო და ოდნავ შეწუხებულმა ჩუმად გახედა დედას. მარსელი სიტყვის თქმას ვერ ბედავდა. ცრემლები მოგორავდნენ მის ფერუმარილიან ლოყებზე.
_ ეს ისეა, გაიმეორა დედამ და კიდევ ერთხელ დააბრახუნა მაგიდაზე, როგორც ასო-ასო ამქნათ... არამც და არამც. მორჩა
მარსელი კიდევ რაღაც იმედით დედას მიუახლოვდა.
_ ქალბატონო.
დედამ ხელი აუქნია მარსელს, მომშორდიო და განრისხდა იმის გამო, რომ მისი ასე მოშორება აღარ დასჭირვებოდა.
_ ეს შესაძლებელია, მაგრამ მორჩა.
მან შამპანურის ბოთლი აიღო, აცახცახებული ხელით დაისხა და თან სუფრაზეც გადაასხა. მარსელმა ყურადღება არ მიაქცია.
_ როცა ვფიქრობ სრულიად მარტო იმ ჭუჭყიან ქარხანაზე, სადაც სულ მარტო ვარ. იმ ოთხმოც ადამიანზე, რომლებიც ახლა იქ თავისუფლად არიან, თავისუფლად...
_ ყოველ ორ დღეში ერთხელ და ყოველთვის ძაღლივით უკან ვბრუნდები, წამოიწყო მარსელმა.
_ და ის სახლი, ისიც მარტო, გამოკეტილი, რომელიც არაფერში მარგია... სულ მარტო.
მარსელი ცოტა დამშვიდდა, საკუთრი მდგომარეობა დაავიწყდა.
_ თქვენც ასევე, ასე საოცრად მარტო ხართ ცხოვრებაში, თქვა მან.
მაგრამ დედა უკვე თავის საფიქრალს იყო მიცემული. ატირებულმა მარსელმა ჟაკის ჭიქა აიღო და შამპანური დაისხა. დედამაც უნებლიედ გაუწოდა თავისი ჭიქა და მარსელმა მასაც დაუსხა.
_ ისევე მარტო, როგორც მე, არსებითად, ეს მიზეზი არ არის, რადგან ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ისევე მარტო, როგორც მე.
_ მთელი დღეები ხეებზე, თითქოს ამ ქვეყნად ამის მეტი, ჩიტების მეტი არაფერი იყო...
დედამ შვილს გახედა, რომელიც კვლავ ცეკვავდა და დაინახა, რომ ის მის გამო წუხდა. ამან კიდევ უფრო მეტად დაანაღვლიანა.
_ ამასთან ერთად რომ კეთილიც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კეთილი ყველას შეუძლია იყოს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება... თვით ყველაზე ზარმაცსაც კი. ის კი გარეთ აგდებს ამ პატარას ყოველ ორ დღეში ერთხელ, ისე, უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი არ არის.
მარსელმა უარის ნიშნად ხელები გააქნია და ფრთხილად შეეკამათა:
_ მე არა ვფიქრობ, რომ ეს ასეა, რომ ის კეთილი არ არის, შეიძლება უფრო იმიტომ, რომ ჯაკი ისეთი არ არის, როგორიც სხვები, ალბათ...
დედამ ხელები გააქნია, მან კარგად იცოდა რაში იყო საქმე.
_ შესაძლოა ბავშვობაში ისეთი არ იყო, როგორიც სხვები, მაგრამ აბა, ახლა შეხედეთ მას.
მან მარსელი გაახედა თავისი შვილისკენ. უეცრად მარსელმა ხმამაღლა, მადიანად გაიცინა, დედამაც გაიცინა, თან მარსელს მიუთითებდა თავის შვილზე.
_ განუმეორებელი არავინ არ არის, ეს არ არსებობს... მაგრამ შეხედეთ მას, შეხედეთ...
მორჩა, კიდევ ერთხელ გაიფიქრა შვილმა.
_ ეს კი მართალია, დარწმუნებულად თქვა მარსელმა, თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი იყო მის სანუგეშებლად.
ორივემ კიდევ დალია ცოტაოდენი შამპანური. მარსელის მდგომარეობასთან დაკავშირებით დედას აზრი დაებადა.
_ იცით, თქვა მან, მე შემეძლო ათგზის მარტო ვყოფილიყავ იმ სახლში ან, უფრო სწორად, იმ ქარხანაში, მაგრამ შენ არასოდეს გეტყოდი, ჩემთან წამოდი-მეთქი.
მარსელმა საფრთხე განჭვრიტა.
_ რა საჭიროა ამაზე ფიქრი, ტკბილი სიტყვით დაამშვიდა დედა.
მაგრამ დედას აღარ შეეძლო თავის შეკავება.
_ ეს ისე, არასოდეს, აი, როგორი ვარ.
_ გემუდარებით, მაგაზე ნუღარ ფიქრობთ.
დედა კვლავ განრისხდა.
_ სიკვდილის წუთებშიც კი, ძაღლივით მარტო, ამას არავის ვეტყვი.
მარსელმა ტირილი დაიწყო.
_ კი, მაგრამ, რატომ, რატომ მეუბნებით ამას ყოველ წუთს?
დედამ კვლავ ხელი დაჰკრა მაგიდას.
_ მაშ მე უფლება არა მაქვს ასეთი რამე გავიმეორო?
ცეკვა შეწყდა. შვილმა კლიენტ ქალს თავი მიანება და დედისკენ წამოვიდა. მხრებში ჩაავლო ხელი.
_ ბევრი არ უნდა დაგელია, დედა.
მან მკლავით შეაჭანჭყარა მარსელი.
_ მაშ გიჟი არა ხარ, რომ ამდენის დალევა დააცადე?
დედამ მოიწყინა. შვილი დაიმოწმა.
_ სრულიად არაფრის ცოდნა არ მინდა, არაფრისა. იმ ქარხნით ჩემს თავს სიამოვნებას ვანიჭებ და ამაზე მეკამათებიან?
_ ვინ? შვილი ცოტა გაღიზიანდა.
_ მარსელი, თქვა დედამ და თითით უჩვენა იგი.
_ ამაში დარწმუნებული ვიყავი. ახლავე მოშორდი აქედან.
_ ახლავე, აზლუქუნდა მარსელი.
ის წავიდა, დედამ ეს ვერ შეამჩნია. ჟაკი მის პირდაპირ დაჯდა.
_ მე ბედნიერი ქალი ვარ! დაიყვირა დედამ. რამოდენიმე კლიენტი შემობრუნდა. მე იმ ქარხნით ჩემს თავს სიამოვნებას ვანიჭებ. მე თუ აქა ვარ, ეს ფორმის გულისთვის, რადგან ჩემს თავს ვუთხარი, რომ ჩემი მოვალეობა იყო შვილი მენახა, კიდევ მეცადა შეუძლებელი... მეტი არაფერი, მოვალეობა, თორემ ჩემი გული იქ არის.
მან სცადა შამპანური დაესხა, მაგრამ შვილმა ბოთლი გამოსტაცა ხელიდან.
_ მეტს ნუღარ დალევ, დედა.
დედა აღშფოთდა, დარბაზი დაიმოწმა, მაგრამ ჯაზის ძლიერმა საყვირებმა მისი ხმა დაფარეს.
_ ცხრაასი კილომეტრი, რომ მოვსულიყავ... სამი თაობისთვის ვიმუშავე... დალევის უფლება არა მაქვს?
_ დედა.
შვილი შეეცადა მისი ხელი დაეჭირა, მაგრამ მან არ დაანება.
_ არამც და არამც! დაიყვირა დედამ, კმარა.
ძირში ჩარჩენილი შამპანური დაუსხა. მან დალია და რამოდენიმე წვეთი კორსაჟზე ჩამოიწუწა. ოჰ, არა, გაიფიქრა აღელვებულმა შვილმა. სწრაფად ჩამოსწმინდა ცხვირსახოცით. მის საქციელზე დედის სიბრაზე უეცრად დაცხრა.
_ ხეებზე გპოულობდი ხოლმე, აწუწუნდა დედა, ბუდეებს რომ შლიდი...
_ დედა.
ნეტა აქედან აითესებოდეს, გაიფიქრა მან, მაგრამ ეს მთლად შეუძლებელია, შეუძლებელი, შეუძლებელი.
_ მთელი დღეები, დაღამებამდე...
შვილმა შამპანურის ბოთლი აიღო. ჭიქა გაულიცლიცა, მაგრამ ახლა უკვე დედამ აღარ ისურვა დალევა.
_ ახლავე წავალთ, ათ წუთში წავალთ, მაგაზე ნუღარ ფიქრობ.
_ მთელი დღეები ყველაზე მაღალ ტოტებში, გეძახდი, გეძახდი, შენ კი არ მპასუხობდი. მთელი დღეები...
_ ჰო, ხეებზე, მეც მახსოვს, მაგრამ ამაზე ნუღარ იფიქრებ.
იმ მომენტში, სანამ ის იხსენებდა, დედამ სხვა რაღაცა გაიხსენა და მოწყენილობამაც გაუარა.
_ იცი, ერთის მხრივ მე ეს სულაც არა მწყინდა... სხვები ბევრს მუშაობდნენ, შენ კი, შენ რომ ხეებზე იყავი, სულაც არა მწყინდა, ეს მე მცვლიდა, აბა...
_ და მერე, მიუგო შვილმა თავაზიანად, სხვებმა ყველაფერს მიაღწიეს, მხოლოდ მე ვარ, მოკლედ, ექვსიდან ერთი...
დედას აუტანელი ზიზღი გამოეხატა სახეზე.
_ მათზე ნუ მელაპარაკები, აჰ! უწინარეს ყოვლისა, მათზე ნუ მელაპარაკები.
_ მაინც...
_ შენ არ შეგიძლია გაიგო.
ბარის კარს მიყრდნობილი მარსელი მათთან, დედასთან მისასვლელ შემთხვევას ეძებდა და თან თვალებს იმშრალებდა. საცეკვაოდ გაიწვიეს. ის მორჩილად გაჰყვა. დედამ შეამჩნია და გაუღიმა.
_ მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: "ამისგან კომერსანტს გამოვიყვან". მიყვარდა ის, კომერცია, შენ, შენ გიყვარდა კომერცია?
_ ვფიქრობ, რომ კი.
ის მზად იყო ყოველგვარ დათმობაზე.
_ ხედავ, მე ეს ვიცოდი, მაგრამ ჩაიფუშა. მე ვერა და ვერ შევძელი მისი ყიდვა... რესტორნისა, დიახ, უბრალოდ... ხედავ, რისი თქმაც მინდა? მტკიცე ფასი, სამი კერძი, არავითარი მენიუ. ორშაბათს ერთადერთი კერძი, გემრიელი შუკრუტი, კარგად გაცხელებული, კარგად შეკაზმული, მიმიხვდი?
შვილი დაიხარა და გაღიმებული მოეხვია.
_ გეუბნები სახლში დავბრუნდებით და ჩვენს შუკრუტსა ვჭამთ-მეთქი, ნუ ნერვიულობ!
ორი ამერიკელი ქალი შემოვიდა. ჟაკი წამდაუწუმ მათ უყურებდა. ქალებს თან არავინ ახლდა. დედას არაფერი შეუმჩნევია, თავისას განაგრძნობდა:
_ მენიუ, ეს შეცდომაა, ამდენი რამ რა საჭიროა? განა ამდენი სხვაობაა ადამიანთა გემოვნებაში? არა, არა, ეს ძველი შეცდომაა, ცრუ შეხედულება. მთელი ქვეყანა თანახმაა მთავარზე, საკმარისია...
შვილმა ანიშნა, რომ უნდა ეცეკვა.
_ ერთხელ კიდევ, უკანასკნელად, მერე კი წავალთ, და საცეკვაოდ წავიდა.
_ საკმარისია ყველაფერი კარგად, პატიოსნად გაკეთდეს, მთელი ქვეყანა თანახმა იქნება.
კიდევ ერთხელ წარმოთქვა და ძილში ჩაიძირა. თავი წინ გადაუვარდა და დარჩა ასე უძრავად, მკერდზე თავჩამოვარდნილი. თითოეული კლიენტი გულაჩუყებული თუ მხიარული ღიმილით უყურებდა დედას. პატრონი ცეკვის დამთავრებას დაელოდა და ჟაკს დაუძახა.
_ ასე არ უნდა ეძინოს... რას ჰგავს აქაურობა?
შვილი გაფითრდა, მუშტები მომუჭა.
_ ეს მოეს იმ ორი ბოთლის გამოა, მან რომ ასე წყნარად გადაკრა.
_ გამიგე, რა, _ პატრონი შეეცადა გაეღიმა _ გამიგე ჟაკო..
_ მე არ მსურს გაგება.
იგი დედისკენ გაემართა და ხმადაბლა დაუძახა. დედა შეკრთა, გაოცებულმა გარშემო მიმოიხედა.
_ სახლში უნდა დავბრუნდეთ, დედა, გესმის?
_ მაპატიეთ, საცოდავად ჩაიჩურჩულა, მე ძალიან შორიდან მოვდივარ.
შვილი ქურთუკის ჩაცმაში მიეხმარა. ძილში შეამცივნა.
_ ყოველ წუთს მცივა და მშია.
_ რომ დავბრუნდებით, დარჩენილი შუკურტი ვჭამოთ, მეც მომშივდა.
_ ჰო.
მარსელმაც მიატოვა თავისი წყვილი, მას ჟაკის გაბრაზება აშინებდა, იგი მათ უკან გაჩერდა და ელოდა.
_ წამოდი შენც, უთხრა ჟაკმა.
ორივენი ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავიდნენ. მათი ხანმოკლე არყოფნის დროს, დედამ მთელი თავისი შემორჩენილი ძალებით ძილის წინააღმდეგ გაიბრძოლა. მან შედეგს მიაღწია და თავი წესიერად დაიჭირა. როცა ჟაკი და მარსელი დაბრუნდნენ, პატრონმა მოირბინა, ხელში ანგარიში ეჭირა. დედა თავაზიანად შეხვვდა.
_ ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ დამეძინა, მაგრამ ექვსი საათი ვიმგზავრე, რომ ჩემი შვილის სანახავად ჩამოვსულიყავი.
_ ეჰ! თქვა კიდევ პატრონმა.
მან ანგარიში გაუწოდა. დედამ სათვალე გაიკეთა და დახედა. გაოცებულმა შეხედა პატრონს, შემდეგ ისევ ანგარიშს ჩახედა. ნამდვილად არ იცოდა, რა ეფიქრა, ანგარიში თავის შვილს გაუწოდა, რომ წაეკითხა.
_ ხუთიათასი ფრანკი, თქვა ძლიერ შეწუხებულმა.
დედამ ანგარიში გამოართვა და მაგიდაზე დადო ისე დარწმუნებულად, მტკიცე გადაწყვეტილებით, თითქოს სულაც არ უნდოდა მასზე ლაპარაკის მოსმენა. პატრონი იღიმებოდა, კარგად ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. დედამ სათვალე მოიხსნა.
_ არასოდეს. არ გადავიხდი.
პატრონს მაშინვე გაუქრა ღიმილი. შვილმა ანიშნა, გადაიხდის, ყველაფერი მოგვარდებაო. იგი დედისკენ დაიხარა.
_ დედა, უთხრა ხმადაბლა, ახლავე აგიხსნი...
დედამ სიტყვა გააწყვეტინა.
_ არაფერიც. არ გადავიხდი.
მას ძილი და სიბრაზე ერთნაირად ერეოდა. მაგრამ გაბრაზებამ სძლია და გაჯიქდა.
_ უმალ მოვკვდები.
_ ხუთი წუთი, უთხრა შვილმა პატორნს.
მოკრძალებით მიანიშნა, ბარში დაბრუნებულიყო. ოდნავ განერვიულებული პატრონიც დარბაისლურად დაბრუნდა. ასეთი მოხუცი რომ არ იყოს, გაიფიქრა მან, პოლიციელებს გამოვუძახებდი და მათ მალე დათანხმდებოდა. მას ისე დავიწყებოდა საკუთარი დედა, თითქოს ობოლი ყოფილიყოს. ახლა დარბაზში ყველა ხვდებოდა, რაც ხდებოდა. შვილი სიკვდილს ნატრობდა. მაგრამ მარსელი ამგვარი უსიამოვნების მიმართ გულგრილი იყო.
_ ეს საფასურია, აგრძელებდა შვილი ხმადაბლა, შენ უნდა გაიგო. მე ეს ვიცი. მარსელსაც შეუძლია გითხრას... უთხარი, მარსელ.
_ ეს ფასებია ყველგან, უთხრა მარსელმა, რომელმაც ისარგებლა ამ შემთხვევით იმისათვის, რომ ჟაკის წყალობა დაემსახურებინა.
_ შესაძლებელია, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს.
შვილს სასო წარეკვეთა. მსგავსი რამის გამო რომ მომკლან ისა სჯობს, აქ, ამ წუთში, გაიფიქრა მან.
_ როცა შენ მოისურვებ, უთხრა დედას, მაშინ გადაიხადე.
შვილი დაჯდა, მარსელს ანიშნა ისიც ასე მოქცეულიყო.
_ არასოდეს, თქვა დედამ, უკვე მოტეხილმა.
_ როგორც გინდა, ნამდვილად, როგორც გინდა.
პატრონი უთვალთვალებდა, სახეზე ბოროტი ღიმილი ეფინა და თავის საქმით იყო დაკავებული ბარში. შვილს ახლა იდუმალი იმედი გაუჩნდა. აყალმაყალის შეჩერების გამო. ამ ყველაფერმა თავის მოკვლის სურვილი გაუჩინა. ამ აღმოჩენამ მას უცნობი ძალა მიანიჭა. მაგრამ აი, დედის თვალებში ცრემლები გამოჩნდა.
_ ხუთიათასი ფრანკი, ხუთიათასი ფრანკი, წაიკვნესა მან.
გადაიხდის, გაიფიქრა შვილმა. ეს ახალი იმედი გულს ურევდა.
_ იხდიან, თქვა მან მოქანცულმა, და ამაზე არ ფიქრობენ. ხსნიან თავის პორტფელს, იღებენ ბანკნოტს, სდებენ და მერე ფეხებზე იკიდებენ.
_ ახ!
აცრემლებულმა დედამ სათვალე გაიკეთა. მე ვფიქრობდი, რომ ის არაფრის გამო აღარ იტირებდა, გაიფიქრა შვილმა ღვარძლიანად. დედამ ხელჩანთიდან დიდი საფულე ამოაძვრინა, იქიდან ხუთიათას ფრანკიანი ბანკნოტი ამოიღო და დახედა.
_ თუ გინდა, შეგიძლია არ გადაიხადო.
საგონებელში ჩვარდნილმა შვილს შეხედა, თავი მოიბავშვა.
_ და მაშინ რა მოხდება?
_ არაფერი.
შვილი თვალს არ აცილებდა დარბაზს, მოწიწებით ათვალიერებდა იქაურობას, მისი გულიდან მთლიანად წაშლილიყო სირცხვილი. სიბრაზის გარდა არაფერს აღარ გრძნობდა. ქვეყნიერების დაქცევის გარდა, არაფერს ნატრობდა. ბარის პატრონი თვალყურს ადევნებდა ამ ოპერაციას. ბებერი ძუკნა. რა ეგონა, გაიფიქრა მან.
_ ვეღარ მოეღო ბოლო, ვეღარ, თქვა დედამ.
ბანკნოტი მაგიდაზე დადო. შვილი მოწყვეტით წამოდგა, მარსელი უფრო დინჯად. დედამ დრო იხელთა, რომ თავისი პორტფელი ჩანთაში ჩაედო, ისეთი მზრუნველობით, როგორიც მას კიდევ შეეძლო. პატრონი მათთან მივიდა, ხუთიათასფრანკიანი ბანკნოტი აიღო და ღირსებაშელახული სიდარბაისლით თავი დაუკრა დედას. დედამ, რომელსაც უკვე დავიწყებოდა, რაც ეს-ესაა მოხდა, პატრონს ხელი გაუწოდა. გარეთ რომ გამოვიდნენ, კვლავ გაახსენდა ყველაფერი.
_ ეს თითქმის ისეთივე ძვირია, როგორც საწოლი, უცნაურია პირდაპირ.
_ ჯიბგირები, თქვა შვილმა.
სახლში ტაქსით დაბრუნდნენ. დედა ცოტა გამოფხიზლდა, დაღლამაც გადაუარა. ღამის გრილმა ჰაერმა კარგ ხასიათზე დააყენა. პარიზს გადახედა, გაუკვირდა, რომ ასეთი უკაცრიელი იყო, თუმცა არაფერი უთქვამს, და საერთოდ, არაფერი უთქვამს სახლში მისვლამდე. მისი შვილი კი ტაქსში სულ მომხდარზე ფიქრობდა ესღა მრჩებოდა ჩემი სამარცხვინო ცხვორების მოწმედ და ესეც უნდა მოკვდეს, ეს საჭიროა. კარგად იცოდა, რა იმალებოდა დედის დუმილში და რა ნაყოფი მოჰყვებოდა მის მშვიდ გამოღვიძებას. მას ეს დუმილი არ დაურღვევია, სახლში მისვლამდე დედას აკვირდებოდა. მას კი არ შეუმჩნევია, რომ მივიდნენ სახლში.
_ მოვედით.
დედამ მორჩილად გადაიხადა ტაქსის ფული.
მარსელმა, მისვლისთანავე, დაუყოვნებლივ გააცხელა ნარჩენი შუკრუტი. დედას ქურთუკიც არ გაუხდია, ისე ჩაჯდა სავარძელში. მისი თვალები, რომ იფიქრებდით, დახუჭულიაო, იმ ურყევ და დამცინავ ნებისყოფას გამოხატავდნენ, რომელიც ზოგჯერ, უბრალოდ იმედის მსხვრევას ააშკარავებს. არსებითად, ის ჯერ კიდევ ცოცხალია, გაიფიქრა შვილმა. მათი დუმილიც ისეთივე სრულყოფილი იყო, როგორც მიცვალებულისთვის ღამისთევის დროს. ჟაკი სუფრის გაშლაში მიეხმარა მარსელს. სამი თეფში დადგეს მაგიდაზე. როცა ყველაფერი მზად იყო და დედა მაინც არ იძვროდა სკამიდან, თითქოს უკანასკნელ იმედს იყო მიჯაჭვული, შვილი მისკენ გაემართა. გაიფიქრა: მე სხვა არაფერი დამრჩენია გავაკეთო დედაჩემისთვის, გარდა იმისა, რომ სიკვდილის წინ საჭმელად მოვიწვიო.
_ მოდი, ჭამე.
დედამ შიშით სავსე თვალებით შეხედა.
_ რაღაც მინდოდა შენთვის მეთქვა.
_ არა ღირს, მოდი.
ჟაკმა იგი წამოაყენა და მაგიდასთან დასვა. ტირილისა და ნუგეშისცემის სურვილები კვლავ ერთიმეორეს ებრძოდნენ მის არსებაში.
დაეჭვებული დედა მას თვალს არ აცილებდა.
_ მე სხვანაირად არ შემიძლია მოვიქცე.
_ ვიცი და მესმის შენი.
მარსელმა, რა დაინახა რომ ისინი ისევ ერთნი იყვნენ, ტირილი დაიწყო და უეცრად სამზარეულოში გავიდა.
_ ეს რაღა იცის, ყოველ წუთს ტირილი?
_ არაფერია, თავის დედას არ იცნობდა, სულ ეს არის.
დედას გაბრაზება დაეტყო.
_ მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, აჭარბებს.
შვილმა ნაღვლიანად გაიღიმა
_ უსაშველოა, შენ ვერ წარმოიდგენ.
დედამაც გაიღიმა. იგი მოხასიათდა და კარგი განწყობა და მადა ერთბაშად დაუბრუნდა.
_ ქალიშვილო, დაუძახა მარსელს, მასიამოვნეთ, ჩვენთან ერთად მიირთვით ცოტაოდენი შუკრუტი.
მარსელი გაღიმებული შემოვიდა, თან ცხვირს იწმენდდა.
_ რა საჭიროა ტირილი, ყველანი აქა ვართ, ცოცხლები, უთხრა დედამ, გემრიელ შუკრუტს შევექცევით, და ეს არის მთავარი.
_ მართალია, დაეთანხმა მარსელი.
_ დანარჩენი ნაკლებანგარიშგასაწევია, ვიდრე გვგონია, თქვა შვილმა.
პირუჩუმრად შეჭამეს შუკრუტი, ღამის თევის შემდეგ ის კიდევ უფრო გემრიელი მოეჩვენათ, ვიდრე დილით.
_ შუკრუტისთანა არაფერია, თქვა დედამ. ერთი ჭიქა თეთრი ღვინო და რაც მეტს ხარშავთ, მით უფრო უკეთესი ხდება...
_ მე ეს მთელი სიცოცხლე მემახსოვრება, თქვა მარსელმა აღფრთოვანებით.
დედამ იერიში მიიტანა ფრანკფურტულ სოსისსა და ცხარე მდოგვზე. ჟაკს ჭამა დავიწყებოდა და უყურებდა როგორ ჭამდა დედამისი. მორჩა, კიდევ ერთხელ გაივლო გულში. ის დარწმუნდა, რომ სიყვარული, რომელიც მას თავისი შვილების მიმართ ჰქონდა, შესაძლოა მოდიოდა მისი ცხოვრებიდან განდგომის გამო, მაგრამ ადამიანებს მადა ბოლომდე შერჩებათ ხოლმე.
_ თანაც ასე ტირილი რა საჭიროა? თქვა დედამ.
_ უსაშველოა, თქვა შვილმა გონივრულად, ზოგჯერ ძაღლი გაივლის, ეს კი ცრემვლას იწყებს.
_ აღარ განმეორდება, თქვა ოდნავ დაბნეულმა მარსელმა.
მარსელმაც დაიწყო ჭამა და ამასობაში, ცრემელბი შეაშრა.
იგი ისე მადიანად ჭამდა, რომ ჟაკმაც კი შეამჩნია.
_ მაინც რამდენჯერ გასკდი მთელი დღის განმავლობაში? ჰკითხა ჟაკმა.
_ მხოლოდ ერთხელ _ მარსელი გაწითლდა.
_ დააცადე ჭამოს ბოლოს და ბოლოს, თქვა დედამ. ქალიშვილო, ჭამეთ და თანაც ისე, როგორც თქვენ გსურთ. თქვენს ადგილზე, მე განგებ ბევრს შევჭამდი.
და სამივემ გაიცინა, შვილმაც, თითქმის გულკეთილად.
_ აჰ! შუკრუტის სიამოვნებანი, წამოიძახა დედამ, ამაზე ისე თავისუფლად ლაპარაკობენ, რომ ამათ არც კი იციან რა არის. კაი გემრიელი შუკრუტი... განვლილ სამოცდათხუთმეტ წელიწადში... ორი ომი... როცა მასზე ვფიქრობ... მასზე მეტად, ვიდრე ყველა დანარჩენზე. ექვსი მშობიარობა... ჩემს თავს ვეკითხები, კიდევ როგორ შევძელი მათი აღზრდა... რომ სუყველა არ მოვკალი... ეჰ! აბა! აბა! რა უბედურებაა!! ბოჟოლეს ერთი წვეთი, გეთაყვათ.
იგი მხიარულად ღეჭავდა სოსისს და თან ლაპარაკობდა. შვილმა ყურადღება მის მიმართ უფრო გამოიჩინა, ვიდრე მარსელის მიმართ.
_ დედა, უთხრა მან, რადგან მოსალოდნელი საფრთხე განჭვრიტა.
_ ეგ არა, გრძნობები არა.
დედამ ხელი აიქნია, მისი სამაჯურები აჩხრიალდნენ.
_ ამაზე არ ვამბობ, დედა.
_ მაშ არა ვსვამთ?
მარსელი შუადღისით დარჩენილი ბოჟოლესათვის გავიდა სამზარეულოში.
_ მანდ შუკრუტი აღარ არის, სამზარეულოში?
შუკრუტი აღარ იყო. შვილი ცოტა დამშვიდდა. მარსელი დაბრუნდა და სამივე ჭიქაში თანაბრად დაასხა ბოჟოლე. ერთი კითხვა არ ასვენებდა შვილს. იგი თავს იკავებდა, სანამ დედა სოსისს ჭამდა, შემდეგ ჰკითხა, ვითომ სხვათაშორის:
_ და სხვები?
დედა ჩაფიქრდა.
_ მართალია, გაიხსენა მან.
ისინი ერთად ეძებდნენ გამოსავალს, როგორ აეცილებინათ სხვები თავიდან.
_ შენ მათ აუხსნი, რომ მე ასე... გადავწყვიტე, თქვა ბოლოს დედამ.
_ ამის ზუსტად ასე თქმა ძნელია, თქვა შვილმა, ვეტყვი, რომ ტელეგრამით გამოგიძახეს.
_ იმ ხალხთან, რომელთაც წარმატებებს მიაღწიეს, თქვა დედამ მოქანცული ხმით, მე მათთან არაფერი მაქვს საერთო, და ბოლოს, ეს მათ ასწავლის, როგორ უნდა ჩემი განსჯა.
_ დედა დედაა, თქვა მარსელმა.
_ აზრები, გთხოვთ, მათ დედაზე...
_ კარგად ვიცი, თქვა მარსელმა, მე რომ მყოლოდა...
როგორც კი მარსელმა ტირილი დააპირა, ჟაკმა სიტყვა გააწყვეტინა.
_ შენ როგორც გინდა, დედა, მე მოვაგვარებ ამ საქმეს.
მცივაო, თქვა დედამ და აწუწუნებულმა იმის გამო, რომ ჟაკს უსიამოვნო დავალების შესრულება დაევალა, დასძინა:
_ საჭირო იქნება დარეკვა თვითმფრინავთან დაკავშირებითაც.
_ როდისათვის?
_ ხვალისათვის.
_ კარგი, მე მივდივარ, თქვა შვილმა ყოყმანის შემდეგ.
მარსელი ცრემლად დაიღვარა.
_ აჰ! ვერ გავიგე.
ჟაკმა მხრები აიჩეჩა, მაგიდიდან ადგა და ძირს ჩავიდა ტელეფონზე დასარეკად.
_ ვერაფერი გავიგე, წამოიწყო მარსელმა, ვიმედოვნებიდ, რომ სამი დღე მაინც დარჩებოდით...
_ შეუძლებელია.
_ კი, მაგრამ რატომ? რატომ ხვალ? თქვენ ხომ ამბობდით, ერთი თვეო...
_ მორჩა, მე არ შემიძლია სხვაგვარად მოვიქცე. რომ დავრჩე, მოვკვდები.
_ მოკვდებით?
_ კი.
მისი ტონი შეკამათებას გამორიცხავდა. მარსელი ამას მიხვდა, აღარ ჩასციებია, ტირილით შეუდგა მაგიდის ალაგებას. დედა მას აკვირდებოდა, როგორც იმ ღამის ბარში, ცოტა ხნის წინ.
_ არ არის საჭირო სულ მუდამ ასე ტირილი, უთხრა მას. საჭიროა ცოტა თავშეკავება. მე ბევრი ვიტირე ჩემს სიცოცხლეში... მოკლედ მინდა გითხრათ, ალბათ როგორც ყველამ... ეს არაფერს არგია. ამას სიკეთეც არ მოაქვს, როგორც ამბობენ.
_ დიახ, ქალბატონო, მარსელი აქვითინდა.
_ უნდა დაივიწყოთ ის ამბავი, რომ შეიძლებოდა დედა გყოლოდათ. მოკლედ, მინდა გითხრათ, ეცადეთ დაივიწყოთ. არ შეიძლება ასე ცხვორება, რას ჰგავს ეს? იწუწუნო იმის გამო, რომ დედა არა გყავდა, ეს ნორმალური არაა.
_ ეს იმიტომ, თქვენ რომ გნახეთ, ქალბატონო _ მარსელი კიდევ უფრო აქვითინდა.
დედამ კვლავ გაკვირვებულმა შეხედა, ის კი, დიდი და ჯან-ღონით სავსე, ტიროდა.
_ და თანაც თქვენ ახლა უკვე ნამეტანი დიდი ხართ, რომ ასე წუხხართ, უთხრა მან როგორც პატარა ბავშვს.
_ ვიცი, თქვა მარსელმა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.
დედის ხმა შორეული გახდა.
_ მე იმას არ გეუბნებით, რომ ეს სამწუხარო არ არის, დედა რომ არა გყავდათ, არა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს... იმდენი რამ არის უფრო სევდის მომგვრელი, იმდენი რამ, რომ იცოდეთ, ერთხელაც იქნება და გაიგებთ.
_ დიახ, ქალბატონო.
_ მინდა გითხრათ, რომ ბედნიერებას ეზიარებით, დიახ და... მისით სასოწარკვეთილებასაც.
_ დიახ, ქალბატონო.
_ რასაც თქვენთვის ვიმედოვნებ, ჩემო პატარა.
და ჩვეულებრივი და მოწყვეტილი ტონით დასძინა:
_ მე თუ მივემგზავრები, ხედავთ, იმიტომ, რომ ჩემი აქ ყოფნა სრულიად უაზროა... სრულიად უაზრო.
_ ნუ ამბობთ ამას, შეევედრა მარსელი.
_ რა თქმა უნდა, ეს არაფერს არა ჰგავს. გყავდეს შვილები, ეს არაფერს არა ჰგავს, არაფერს არ ნიშნავს. არაფერს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს როგორი თავბრუდამხვევია. მე არ გეუბნებით, როცა გყავთ, არამედ როცა გყავდათ...
მარსელი სამზარეულოში გაიქცა ამ სიტყვების სიმძიმის გამო.
_ არაფერს, განაგრძო მარტოდ დარჩენილმა დედამ. მე რომ დავრჩე, ის მხოლოდ ჩემს მოკვლას შეძლებდა, საბრალო პატარა. მე კი მხოლოდ _ იმას, რომ მას _ გავუგებდი.
მას დაავიწყდა სათქმელი, მოსწყურებოდა, მარსელს დაუძახა.
_ კიდევ მომწყურდა, აწუწუნდა დედა, წყალი მინდა...
მარსელმა წყალი მოუტანა და მან სულმოუთქმელად დალია. შემდეგ გამოშტერებულმა დაუწყო ლოდინი შვილის დაბრუნებას. მარსელი კი კვლავ სატირლად წავიდა სამზარეულოში, მისგან შორს. მარტოდ დარჩენილმა დედამ დაივიწყა თავისი არსებობა, დიდხანს ათვალიერებდა ოთახს, რომელშიც იმყოფებოდა, სადაც მისი ვაჟი ცხოვრობდა. დღისით მან ვერ მოასწრო ამ ოთახის კარგად დათვალიერება, ახლა კი ფრიად გაოცებულმა მოათვალიერა მისი ყოველი კუთხე-კუნჭული. ნანახის შესახებაც მან ერთი რამ იცოდა, რომ მის სანახავად აღარასოდეს აღარ მოვიდოდა. დედობა აოცებდა ისევ და გააოცებდა ყოველთვის. მაგრამ ამ ესოდენ ამაო გაოცებასაც კი მიჩვეული იყო. მოწყენილობამ შეიპყრო და ძილიც მოერია. ადგა, სამზარეულოს წინ გაიარა, სადაც მარსელი მარტო იჯდა ლამპის შუქზე და ტიროდა. დედა ერთ წამს შეჩერდა. მათ ერთმანეთს შეხედეს.
_ იქნებ ხელობა შეგეცვალათ? უთხრა დედამ.
_ ძალიან დაგვიანებულია, ქალბატონო. _ მარსელმა ტირილი შეწყვიტა.
დედამ თვალები ძირს დახარა, ფიქრში წავიდა.
_ თქვენ დარწმუნებული ხართ?
_ ამის მაგალითი არ არსებობს.
_ მე არაფერი შემიძლია თქვენთვის, არც თქვენთვის, არც არავისთვის, ძალიან ვწუხვარ. მე ძალიან დავიღალე.
იგი თავის ოთახში წავიდა.
როცა ჟაკი დაბრუნდა, მარსელი კვლავ სამზარეულოში იყო. თვალები დაწითლებული ჰქონდა, მაგრამ აღარ ტიროდა. ჟაკი მარსელს მოსცილდა, სასადილო ოთახში შევიდა და დივანზე წამოწვა. დედას უნდა სძინებოდა. ოთხი საათი არ იქნებოდა, ღამე კი გრძელია იმათთვის, ვინც მიჩვეული არ არის თავიანთი ძილი მას შესწირონ. მათ, დედის გამო, ჩვეულებრივზე ადრე მიატოვეს ბარი.
შვილი, მაშასადამე, უსაქმოდ იყო ამ ღამეს. მარსელი შემოვიდა.
_ წადი აქედან, უთხრა ჟაკმა, წადი.
_ მე აღარ ვტირივარ, თქვა მარსელმა, მეძინება.
_ ხვალ წახვალ აქედან. ამჯერად ეს უკვე გადაწყვეტილია.
მარსელმა გაიხადა და დივანი გადმოშალა, ჟაკი წინააღმდეგობის გაუწევლად ადგა.
_ რაღაც დროის მერე, თქვა მან, ისე მთლიანად გამიკრთება ხოლმე ძილი, რომ თითქოს ამიერიდან იოლად შემიძლია არ დავიძინო.
_ ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გიყვარს სიცოცხლე. თავაზიანად უთხრა მარსელმა.
ერთიმეორისთვის აღარაფერი უთქვამთ, შვილი მოუსვენრად მიმოდიოდა, დედის ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
_ სძინავს, თქვა შვილმა ხმადაბლა, ეს ნაღდია, სძინავს.
_ ძალიან დაიღალა... მის ასაკში, წაიჩურჩულა ნახევრად ჩაძინებულმა მარსელმა.
მალე მარსელსაც ჩაეძინა. ასეთ უდროო დროს, ღამით, სხვა სანახაობის უქონლობის გამო ჟაკმა მას შეხედა, მარსელი გადაბრუნდა და ძილში ჩაეფლო. ცოტა ხანში ხვრივნვა ამოუშვა და მისმა ხვრინვამ ჟაკის სიფხიზლის ველური მარტოობა შეაშფოთა. იგი ფანჯარასთან მივიდა, გამოხსნა და ქუჩის შავი სიგრილე ჩაისუნთქა. ოთხი საათი იქნებოდა. დედამისის გაღვიძებამდე მის განკარგულებაში თავისუფლების სამი საათი რჩებოდა. ფანჯარა დახურა, ჩამოჯდა, დედის პორტფელი აიღო, გახსნა, დათვალა, დახურა. მას საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა. ეცადა დაევიწყებინა, მოეწია, ორ ნაფაზზე ვერავითარი გემო ვერ იგრძნო, ჩააქრო და უეცრად ატირდა. ყოველი ძალით ცდილობდა, შეტევა აეცილებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ტირილისაგან თავს ვერ იკავებდა და მთლიანად აცახცახებდა. მარსელი არ განძრეულა, დედის ოთახიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მისი მწუხარების შემოტევამ ვერ დაარღვია სიჩუმე. ის ტიროდა, პირზე ხელებს იფარებდა, რომ არავის გაეგონა და არც არავის ესმოდა. მას განუახლდა ბავშვობის განუხორციელებელი სურვილების მწუხარება და ამიტომაც იყო იგი უკიდურესი და მისი გონების წამლეკავი. ატირებულმა სამზარეულოს მიაშურა, შიგ ჩაიკეტა და დიდხანს იბანდა პირს ცივი წყლით. ამან დაამშვიდა. ბავშვობიდანვე მას ჰქონდა თავმდაბლობა, რომელიც აქამდე ვერაფერმა წარმოაჩინა. შეიძლება იყო უბედური არაფრის გამო, გაიფიქრა მან, არაფრის გამო. დედის ოთახი კვლავ ჩაბნელებული იყო, მშვიდი. მკვდარი იყო თუ მძინარი დედამისი, მთელი დღეების განმავლობაში რტოებში მისი ჩიტების მოუღლელი მოთვალთვალე. ჟაკი სასადილო ოთახში შებრუნდა. იმ ჩიტების გახსენებას იგი შორს მიჰყავდა, ცხოვრების იმ უფერული ღამეებისკენ, რომლებიც მან ამოირჩია. ის აღარ ტიროდა, მაგრამ გულის მაგივრად უხეში და შავი ქვა უცემდა მკერდში. მარსელის ძილი კვლავ ხორციელ სურნელს აფრქვევდა მის ქვასავით მძიმე უბედურებაში. ხვალიდან გავაგდებ, გაიფიქრა მან. მე ვიქნები მარტო. ბუხარს მიუახლოვდა, სარკეში ჩაიხედა, არ იცოდა თავისი სხეულისთვის რა ექნა. მოუთმენლობა ჩაუცხრა, მაგრამ უიმედობის ატანა მხოლოდ ფეხზე მდგომს შეეძლო. მტრის ადგილსამყოფელი კი არ იცოდა: დედამისს კი ეძინა უდანაშაულოსა და ღვინის ძილში ჩაძირულს. თვითონაც არ იცოდა, რა ექნა თავისთვის ამ შუაღამით. უეცრად ბუხარზე შეამჩნია ჩვიდმეტი ოქროს სამაჯური, დედამისს რომ დაავიწყდა სადილის შემდეგ. დაავიწყდა იმიტომ, რომ ბევრი დალია და ძალიან მოხუცი იყო, და ძალიან უყვარდა შვილი. ჩამოჯდა. ისევ ადგა, ისევ შეხედა იმ უსარგებლო სამაჯურებს. შემდეგ ისევ დაჯდა. მერე მაჯის საათზე დაიხედა. შემდეგ გადაწყვიტა... იმ ჩვიდმეტი სამაჯურიდან ორი ცალი აიღო, ჯიბეში ჩაიდო და ერთხანს დაელოდა, რომ გაეცნობიერებინა, რა გააკეთა ან სახელი მაინც დაერქმია თავისი საქციელისათვის. ვერაფერს გახდა. შესაძლოა ეს იყო ყველაზე უარესი, რაც თავისი დაბადებიდან ჩაიდინა. მაგრამ ჯერ კიდევ ამაში დარწმუნებული არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი უდანაშაულობის მტკიცებათა შორეული კონტურები უკვე მჟღავნდებოდა მის სულში. ეს დედაჩემია, გაიფიქრა მან, დედაჩემი, მე კი ძალიან უბედური ვარ, დედაჩემი კი შექმნილია იმისათვის, რომ ჩემი უბედურება გაიგოს. ის მართალია, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, თვით ჩემთან შედარებით საუკეთესოებიც კი. იგი ჩუმად გამოვიდა ბინიდან, ჯიბეში ოქრო ჰქონდა, და მონპარნასისაკენ გაუყვა გზას.
_ მოპარულებია, მაგრამ დედაჩემს მოვპარე, სამოცდათვრამეტი წლისაა და დიახ, არავითარი უსიამოვნება არ იქნება, უთხრა მან იმ წრის ერთ-ერთ ბიჭს, რომლებიც ამგვარ ვაჭრობას ეწევიან.
_ მე არაფერს გეკითხები.
_ ისე ვამბობ, რაც მთავარია, მატყუარა არა ვარ.
ბიჭმა მისცა ის, რასაც ითხოვდა ორივე სამაჯურში და იგი შეიჭრა თავისი კერპების სამყაროში მწვანე ხალიჩების მწვანე მდელოზე, მოცინარი, თავისი დანაშაულის დამვიწყებელი.
მისი წასვლიდან ცოტა ხნის მერე დედამ გაიღვიძა და კიდევ ერთხელ მოულოდნელად შეიჭრა სასადილო ოთახში, მარსელი გააღვიძა.
_ ეჰ! აი, კიდევ ერთხელ გავიღვიძე და არაფერი გამეგება, სად ვიმყოფები.
მარსელმა სინათლე აანთო, დედამ დაინახა, რომ მისი შვილი იქ არ იყო, გაოცებულმა შეხედა საწოლს.
_ თქვენ გახსოვთ, უთხრა მარსელმა, ის თვითმფრინავთან დაკავშირებით ტელეფონზე დასარეკად წავიდა.
_ და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა, დაიჩვილა დედამ, ქალიშვილო, კიდევ მომწყურდა.
მარსელი მაშინვე წამოდგა და მისთვის წყლის მოსატანად წავიდა. დედამ დალია, გაჭირვებით წამოდგა სავარძლიდან, რომელშიც იჯდა და ბუხრისკენ წავიდა.
_ კი, მაგრამ, რომელი საათია? შეწუხდა ის, ღამეები ისეთი გრძელი გახდა ჩემთვის.
მან ერთიმეორის მიყოლებით აიღო სამაჯურები და დათვალა. მარსელმა თვალი მიადევნა და მასთან ერთად დათვალა. დედას ყრუ, გაბზარული ყვირილი აღმოხდა და სავარძელში ჩაჯდა. სამკაულები გროვად ეყარა ღამის პერანგზე.
_ ვაი! წაიჩურჩულა მან.
მარსელმა ცოტა ხანს მოიცადა, უძრავად, ჩუმად იყო. შემდეგ არც კი განძრეულა, დივანიდან უთხრა:
_ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ეცადოთ, დაიძინოთ.
დედამ სამკაულებს დახედა თავის ღამის პერანგის კალთაზე და მას შეაჟრჟოლა.
_ კი, მართლაც, თქვა მან, უნდა ვეცადო. მაგრამ ხედავთ, ღამის სულ ერთმა საათმა გაიარა და უცნაურია, ძილი მთლიანად მიკრთება.
_ როგორც თქვენს ვაჟს, მარსელმა გაიღიმა.
დედამ თვალები დახუჭა.
_ ჩემი ვაჟი, თქვა მან, ჩემი ვაჟი.
_ კი.
დედა წამოდგა, კვლავ ბუხრის თავზე დაალაგა სამკაულები, მაგრამ ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, თითქოს უბრალო ნივთებთან ჰქონდა საქმე. შემდეგ უკანაკსნელად შეათვალიერა ეს აწეწილი საწოლი ოთახი, ეს ქალი, ეს საცოდავი მორთულობა, სადაც მიედინებოდა მისი შვილის არსებობა. და, უეჭველად კიდევ ერთხელ გაოცებამ დათრგუნა მისი ტკივილი.
_ ის მოვა, თქვა მარსელმა, ნუ სწუხხართ. იმას ასე სჩვევია, იფიქრებ, არასოდეს არ მოვა, მაგრამ მოდის.
_ ვიცი, თქვა დედამ მშვიდად, _ ვიცი. თვრამეტი წლისა უკვე ასეთი იყო, ვიცი, რომ მოვა. დამშვიდდით, მადმუაზელ, მე ეს ვიცი. მისი ვერაფერი გამაკვირვებს... ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, ეს ასეა მაინც, ჩემი შვილი ვიპოვნე...
ის შებრუნდა თავის ოთახში, დაწვა, სინათლე ჩააქრო. მარსელიც ასე მოიქცა თავის მხრივ. ორივეს გამოფხიზლებოდა მისი დაბრუნების მოლოდინში.
ჟაკი გამთენიისას დაბრუნდა მსუბუქი, თავისუფალი, ცარიელი როგორც ჭია, დამოუკიდებელი, და ბოლოს _ ამ ღამით _ მამაკაცთა ჯაფით დამაშვრალი.
_ ის შემოვიდა, უთხრა მარსელმა, და თავისი სამაჯურები დათვალა.
მან არაფერი უპასუხა მარსელს, არც არაფერი ჰქონდა მისთვის საპასუხო. მის გვერდით ჩამოჯდა დივანზე.
_ შენ წააგე, ხმადაბლა უთხრა მარსელმა.
მან ანიშნა, რომ სულ წააგო. მარსელმა დიდხანს უყურა და მისი შეჭაღარავებული საფეთქლების, მისი დასრულებული და ძლიერი მამაკაცური აღნაგობის, მისი დამნაშავის ხელების წინაშე იგი სევდიანი გულკეთილობით აღივსო.
_ ის ისევ დაწვა, თქვა მარსელმა, დაიძინე.
ჟაკმა მარსელს მიაპყრო თვალები, გაოცებული იყო მისი ასეთი გულკეთილობით და უფრო მეტად იმით, რომ მან მისი წაგება იგრძნო.
_ ის დედაჩემია, თქვა მან ბოლოს.
წამოდგა. იმ ღამეების შემდეგ, თითოეული იმ ღამის შემდეგ, ის ფიქრობდა, რომ ბოლოს და ბოლოს მიაღწევდა თავისნაირი პიროვნებისათვის განკუთვნილ სასიკვდილო დაღლილობას. მან ეს კიდევ ირწმუნა. მიუხედავად ამისა, მას დედის ნახვა ესაჭიროებოდა. უკანასკნელად, გაიფიქრა მან. დედა მას კვლავ ელოდა და ელოდა, როგორც მთელი თავისი ცხოვრება. მისი ძალიან ფართე ბამბის ღამის პერანგი ისეთივე იყო, როგორიც ოდესღაც, სიღატაკისა და გაჭირვების წლებში, მისი ნახევრადჩამოშლილი ჭაღარა პატარა ნაწნავი ბალიშზე იყო. ცისკარმა გაანათა ქალაქი, დედა ამ ნათელში იღიმებოდა.
_ საქმე მოგვარებულია, თქვა შვილმა _ იგი საწოლზე ჩამოჯდა _ შეგიძლია მშვიდად დაიძინო.
_ გმადლობთ, ჩემო პატარა, რომელ საათზე?
_ შუადღისას, პირველის ათ წუთზე.
სიგარეტი ამოიღო და გააბოლა, საწოლის მხარეს გახედვას ვერ ბედავდა. დიდი სიჩ