Litclub.ge

ციკლიდან «საგნები» (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
კასრი დაბერდა და
ღვინის ნაცვლად, წყლით ამოავსეს,
ის კი იცინის,
ჩაჟანგებული კბილების კრეჭვით:
როგორც ჩანს, ჯერაც თავში უდუღს
უკვე ჩავლილ დღეთა ბახუსი...
ჩუსტები
მოყვარული ცოლ-ქმარივით
ყველგან მუდამ ერთად დადიან,
ჭორაობენ და ერთმანეთს დაჰკანკალებენ,
ღმერთმა ნუ ქნას, და თუ ერთ-ერთს პირი მოერღვა,
მეორესაც მყის თავიდან მოიცილებენ,
სწორედ ამიტომ ჩუსტები ერთურთს სულში იძვრენენ
და ერთმანეთი არასოდეს არა ბეზრდებათ...
წიგნი
თავში აზრადაც არავის მოსვლია,
გამოეცვალა
ამდენხანს კარადის ქვეშ წონასწორობისთვის შეჩურთული -
მწერლის პირველი წიგნის სერიით
გამოცემული ლექსთა კრებული.


გუბურები
ერთი შეხედე:
ეს ჭუჭყიანი გუბურებიც კი
მზეს ირეკლავენ.

ბილიკი
სოფლის ფართო გზათა ბოლოს
ქალაქებია,
ბილიკების დასასრულს კი
უსასრულობა.
ნათურა
დაბინდებისთანავე
შუქს ვანთებთ.
სიბნელეს კი ასე სასტიკად რატომ ვექცევით,
ეგებ იგი
ჩვენთან თავისი ამბის მოსაყოლად
იყო მოსული.
ღილი
ნატიფი ღილი ტროტუარზე
ოთხი თვალით უმზერს გამვლელებს;
წლებიც გავიდეს,
მაინც იცნობს საკუთარ პატრონს...

ყუთი
ხელი არ დაგემორჩილება,
აიღო და ნაგვად აქციო
ეს შოკოლადის მშვენიერი მუყაოს ყუთი.
ერთი-ორი დღე კიდევ მაინც უნდა გავიდეს,
რომ შეეგუო მის უაზრო სიცარიელეს.

სახლი
სულს ღაფავენ
კრამიტისსახურავიანი
სოფლური სახლები.
ერთ მშვენიერ დღეს სამყაროში
ეს რკინა-ბეტონის ცათამბჯენები
გამეფდებიან,
რომელთაც არ ესმით, რა არის პოეზია.

ხალიჩა
ხალიჩა - თვითმფრინავი
დიასახლისს ეზოს შუა გაბმულ თოკზე დაუკიდია
და უმოწყალოდ ფერთხავს, ფერთხავს და
უბაგუნებს,
რათა მეტად ოცნებებით აღარ გაბრუვდეს.