ქმნილება შემქმნელს იმეორებს ხშირად და მალმალ,
მხატვარს მისივე ნახელავი გასცემს ანაზდად:
ნაწერი ამხელს გადამწერის ანაბანას და
ოსტატის სულის მოძრაობა - ქვასა და მარმარს.
მე კი რა ვკადრო - მწუხარების მარადმა ქმარმა -
სახეს, რომელიც ქმნილებაში ასე განაზდა:
ხარ ანგელოსთან წილნაყარი, თუ სატანასთან
და შთაგონებას გინაწილებ ფუჭად და არმად?
იწუხებს სული უპოვარი, სული ჯვარცმული -
უძღები ვნებით ძალმიხდილი და განძარცული -
და მწუხარების საზღაურად ცრემლებს მოისთვლის.
და სიყვარულიც - ცვალებადი მარტის ტაროსი -
ნაადრევ სხივებს გადმოაფენს მიდამოისთვის
და ისევ ტკივილს აბატონებს ამ სამყაროში...