ეს იყო ხილვა ხორციელი, თუ დამესიზმრა
შენთან ყოფნა და გალაღება, შენთან ლამუნი,
მაგრამ მიწის ხმამ ჩააჩუმა ცის სალამური
და ხატის ნაცვლად ჩანახატი დამრჩა ესკიზად.
დავკარგე შენი უცხო სახე, სახე ფრესკისა,
დარდებით ტყვექმნილს მომეახლა ბნელში ამური,
განქარდა ხილვა - ცრემლიანი და საღამური,
გამიუცხოვდა შთაგონება და გამესხვისა...
ვერ გვიხსნის ძრწოლვა, სიბნელეში ხელის ცეცება, -
ამურის ცეცხლი საიდანმე წამოგვეწევა,
რომ ჩაკლას ვეფხვის შემართება, სწრაფვა ირმისა.
ასე წამერთვა ნუგეშინი და ნეტარება
და დღე, - რომელიც შუაღამეს დაედარება, -
ჩამავალი მზის კაეშანმა მოაყირმიზა...