არარაისგან ღმერთმა შექმნა დრო-ჟამის ხატი,
მან შესაქმემდე კი არ შექმნა იგი - არამედ
წარმავალობის ხელშეუვალ სიაშკარავედ
შექმნა დღე-ღამე, მზე და მთვარე, ბნელი და ცხადი.
არსმა ყოველმა დაიუფლა ორივე მნათი
და მხოლოდ მე ერთს - თვალში ცრემლით, გულში ვარამით -
ღამის სიბნელედ დამებედა და სიწკვარამედ
დილა და მწუხრი, მზე და მთვარე, ქმნილი და ქმნადი; -
რომ ხორცმა ჩემმა, როგორც სასძლოს, როგორც საბედოს,
სულსაც ბნელი და უკუნეთი შემოაფეთოს,
ვიდრე ამქვეყნად შემოვწერდე სავალს და სარბენს; -
ვიდრე აღსავლით აღმოხდება სხივთა კრებული,
და სული ჩემი - საქორწინოდ გაცისკრებული -
წავა და უცხო წიაღებში სინათლეს წარფენს...