ერთ კაცს ვიცნობდი, რომელმაც მატარებლების განრიგი თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა, რადგან ერთადერთი რამ, რაც სიხარულს ანიჭებდა, რკინიგზა იყო; ათენებდა და აღამებდა სადგურზე, უყურებდა, როგორ მოგრიალებდნენ და მიგრიალებდნენ მატარებლები. აოცებდა ვაგონები, ორთქლმავლების ძალა, ბორბლების სიდიდე, აოცებდა კონდუქტორების ახტომ-ჩამოხტომა და აოცებდა სადგურის უფროსი.
იცნობდა თითოეულ მატარებელს, იცოდა, საიდან მოდიოდა, საით მიდიოდა, როდის და სად უწევდა ბოლო გაჩერება და იქიდან რომელი მატარებლები გაუდგებოდნენ გზას და როდის ჩამოდგებოდნენ სადგურზე.
იცოდა მატარებელთა ნომრები, იცოდა, რომელ დღეებში დადიოდნენ, ჰქონდათ თუ არა ვაგონ-რესტორანი, მოუწევდათ თუ არა გადაჯდომა მის მგზავრებს. იცოდა, რომელ მატარებლებს ებათ საფოსტო ვაგონი და რა ღირდა ბილეთი ფრაუენფელდამდე, ოლტენამდე, ნიდერბიპამდე ან სხვა დასახლებულ პუნქტებამდე.
არც რესტორანში დადიოდა, არც კინოში, არც სეირნობდა, არც ველოსიპედი ჰქონდა, არც რადიო, არც ტელევიზორი, არც გაზეთებს კითხულობდა, არც წიგნებს, და წერილები კიდევაც რომ მიეღო, არც იმათ წაიკითხავდა. საამისოდ არ ეცალა, რადგან სადგურზე ათენებდა და აღამებდა, და მხოლოდ მაშინ, როცა განრიგი იცვლებოდა, მაისში და ოქტომბერში, რამდენიმე კვირით გადაიკარგებოდა ხოლმე.
ამ დროს შინ იჯდა, თავის მაგიდასთან და იზეპირებდა, თავიდან ბოლომდე კითხულობდა ახალ განრიგს, რაიმე ცვლილებას რომ ნახავდა, ხარობდა და იმახსოვრებდა.
ხანდახან ვინმე მატარებლის გასვლის დროს ჰკითხავდა. მაშინ კი გაიბადრებოდა და ჩაეძიებოდა, საით მიემგზავრებიო და შემკითხველი უთუოდ დააგვიანებდა მატარებელზე, რადგან ეს კაცი არა და არ მოეშვებოდა, მხოლოდ გასვლის დროს როდი მოახსენებდა, მაშინათვე ჩამოურაკრაკებდა მატარებლის ნომერს, ვაგონთა რაოდენობას, შესაძლო გადაჯდომებს, მგზავრობის ხანგრძლივობას; უხსნიდა, რომ ამ მატარებლით პარიზს გამგზავრება შეიძლებოდა, მერე მოაყოლებდა, სად უნდა გადამჯდარიყავი და როდის ჩახვიდოდი, და ვერ ხვდებოდა, რომ ხალხს ეს არ აინტერესებდა. თუ ვინმე ზურგს შეაქცევდა და თავისი გზით წავიდოდა, ვიდრე იგი მთელ ცოდნას გამოამზეურებდა, კაცი ბრაზობდა, ილანძღებოდა და გაიძახოდა: "რა გაგეგებათ თქვენ რკინიგზებისა!"
თვითონ თავის დღეში მატარებელში არ მჯდარა.
რა აზრი აქვსო, ამბობდა, მე ხომ წინასწარ ვიცი, მატარებელი სად რა დროს მივაო.
"მხოლოდ გულმავიწყები მგზავრობენ მატარებლით", ამბობდა იგი, "ვინაიდან მათ რომ კარგი მეხსიერება ჰქონდეთ, ჩემსავით შეძლებდნენ მატარებლების გასვლისა და ჩასვლის დრო დაეხსომებინათ და იმისათვის, რომ დრო განეცადათ, მგზავრობა აღარ დასჭირდებოდათ".
ვცდილობდი, განმემარტა ეს მისთვის, ვეუბნებოდი: "ხომ არის ხალხი, მგზავრობა რომ ეხალისება. ისინი სიამოვნებით მგზავრობენ რკინიგზით, ფანჯრიდან იცქირებიან, აბა, რა ადგილებს გავივლითო".
კაცს გული მოსდიოდა, რადგან ეგონა, მე მისი დაცინვა მედო გუნებაში და მეუბნებოდა: "ესეც აღნიშნულია განრიგში, ისინი გაივლიან ლუთერბახსა და დაიტიგენს, ობერბუხზიტენს, ეგერკინგენსა და ჰეგენდორფს".
"იქნებ ხალხი იმიტომ მგზავრობს მატარებლით, რომ სადმე მიეშურება", ვუთხარი მე.
"ვერც მაგას დავიჯერებ", მიპასუხა, "იმიტომ, რომ თითქმის ყველა ოდესმე მაინც ბრუნდება უკან, ისეთი ადამიანებიც კი არსებობენ, აქ ყოველ დილით რომ სხდებიან მატარებელში და ყოველ საღამოს უკანვე ბრუნდებიან - აი, რა გულმავიწყები არიან".
და მან სადგურზე ხალხს ლანძღვა დაუწყო. იგი მისძახოდა მათ: "თქვე უტვინოებო, სულ არა გაქვთ მახსოვრობა". იგი მისძახოდა მათ: "ჰეგენდორფს გაივლით". და ეგონა ამით ხალისს წაუხდენდა ვინმეს.
იგი ყვიროდა: "თქვე გამოშტერებულებო, გუშინ არ იმგზავრეთ?!" და რაკი ხალხს ეს სიცილად არ ჰყოფნიდა, ვაგონის კიბიდან მგზავრების ჩამოთრევას მიჰყო ხელი და ემუდარებოდა მათ, ნუ ჩაჯდებით მატარებელშიო.
"ყველაფერს აგიხსნით", გაჰყვიროდა იგი, "14 საათსა და 27 წუთზე ჰაგენდორფს გაივლით, დანამდვილებით ვიცი, აი, ნახავთ, თუ არა, ტყუილუბრალოდ ფლანგავთ ფულს, განრიგში ყველაფერი წერია".
უკვე ხალხის საცემადაც კი იწევდა.
"ვისაც სიტყვით ვერ შეასმენ, ჯოხით უნდა შეაგნებინო", გაჰყვიროდა იგი.
სადგურის უფროსს სხვა გზა არ ჰქონდა და გააფრთხილა, თუ წესიერად არ მოიქცევი, აქ აღარ მოგიშვებო. კაცს შეეშინდა, რადგან უსადგუროდ სიცოცხლე არ შეეძლო, და მთელი დღე გასუსული იჯდა ძელსკამზე, უცქერდა მატარებლების მოსვლას და მატარებლების გასვლას, მხოლოდ ხანდახან თუ ჩაიბურტყუნებდა თავისთვის რაღაც რიცხვებს, თვალს აყოლებდა ხალხს და ვერაფერი გაეგო მათი.
ეს ამბავი, წესით, აქ უნდა დამთავრებულიყო.
მაგრამ მრავალი წლის შემდეგ სადგურზე ცნობათა ბიურო გახსნეს. იქ, სარკმელს მიღმა უნიფორმიანი მოხელე იჯდა და რკინიგზის შესახებ რაც არ უნდა გეკითხათ, პასუხს გაგცემდათ. ეს ვერ დაეჯერებინა კაცს, რომელიც მეხსიერებას არ უჩიოდა, ყოველდღე მიადგებოდა ახლადგახსნილ ცნობათა ბიუროს და მოხელეს გამოსაცდელად უსაშველოდ ძნელ შეკითხვებს უსვამდა.
ერთხელ ჰკითხა: "რა ნომერია ის მატარებელი, რომელიც ზაფხულში კვირადღეობით 16 საათსა და 24 წუთზე ლიუბეკში ჩამოდგება ხოლმე?"
მოხელემ წიგნი გადაფურცლა და ნომერი უთხრა.
მერე ჰკითხა: "როდის ვიქნები მოსკოვში, თუ აქედან 6 საათსა და 59 წუთზე გავყვები მატარებელს?" მოხელემ ესეც უთხრა.
მაშინ კაცი, რომელიც მეხსიერებას არ უჩიოდა, შინ დაბრუნდა, ცეცხლს მისცა თავისი განრიგები და ყველაფერი დაივიწყა, რაც იცოდა.
მეორე დღეს მოხელეს ჰკითხა: "სადგურის წინ რომ კიბეა, რამდენსაფეხურიანია?" მოხელემ მიუგო: "არ ვიცი".
მაშინ გახარებულმა კაცმა ხტუნვა-ხტუნვით შემოირბინა მთელი სადგური და ყვიროდა: "არ იცის, არ იცის!".
მერე მივიდა და დაითვალა სადგურის კიბის საფეხურები და ჩაიბეჭდა რიცხვი მეხსიერებაში, საიდანაც განრიგის მონაცემები უკვე გამოეფერთხა.
მას მერე იგი სადგურზე აღარ გამოჩენილა.
ახლა ის ქალაქში კარდაკარ დაიარებოდა, ითვლიდა კიბის საფეხურებს და იმახსოვრებდა. მან ახლა ისეთი რაღაცეები იცოდა, რაც არც ერთ წიგნში არ ეწერა.
ხოლო როცა მთელ ქალაქში ყველა კიბის საფეხურები დათვალა, სადგურისკენ გასწია, სალაროს მიაშურა, ბილეთი შეიძინა და ცხოვრებაში პირველად ჩაჯდა მატარებელში, რათა სხვა ქალაქში წასულიყო და იქაც დაეთვალა კიბის საფეხურები, და მერე კიდევ სხვაგან გამგზავრებულიყო, რომ მთელ მსოფლიოში ეთვალა და ეთვალა კიბის საფეხურები, რათა ისეთი რამ სცოდნოდა, რაც არავინ იცის და რასაც ვერც ერთი მოხელე წიგნში ვერ ამოიკითხავს.