ე. ბლავაცკაიამ, ზედმიწევნითი ოკულტური უნარიანობის მქონე უნიჭიერესმა ქალმა, თავის შესაზარ წიგნში "Doctrine Secrete", უძველესი ინდური სწავლებები თანამედროვე ნატურალიზმისა და ევოლუციონიზმის სულისკვეთების შესაფერისად გაავულგარულა. ე. ბლავაცკაიას სძულდა ქრისტიანობა. იგი უფრო ბრამანიზმსა და ბუდიზმს აყენებდა მაღლა და, შესაძლოა, დიდის მონდომებითაც კი მიეღო "არიული პარაგრაფი", რომელიც თანამედროვე გერმანიაში იყო გაბატონებული. ეს, ქრისტიანული ცნობიერების კუთხიდან თუ შევხედავთ, ძალზე ამსუბუქებს მსჯელობას ბლავაცკაიას შესახებ. რ. შტაინერის ანთროპოსოფიის შეფასება კი, უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. თეოსოფიის დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, არსებითად, ანა ბეზანტმა შეამსუბუქა. მასში ბლავაცკაიასაგან განსხვავებით, არანაირი მტრული განწყობა არ დებულა.
ბლავაცკაიასთვის ყველაფერი კანონის რეზულტატია, რომლის აღქმაც ძალზე ნატურალისტურად ხდება. აქ არ არსებობს სასწაული. ადამიანი შედგება ფიზიკური სხეულისგან, ასტრალური სხეულისგან, ანუ სულისგან, და უმაღლესი, უცვლელი არაადამიანისეული სულისგან. ეს ანთროპოსოფიული დოქტრინა ყველა თეოსოფიური მიმდინარეობისთვის საერთოა და უარყოფს ადამიანის პიროვნების მთლიანობას როგორც მის გენეზისში, ასევე მის საბოლოო ბედშიც. ადამიანს, ბლავაცკაიას აზრით, არ გააჩნია რაიმე სპეციალური ნიჭი, ყოველივე ძალისხმევით მოიპოვება, რაც თავისთავად უარყოფს ღვთიურ მადლს. ბლავაცკაიას უსახო კოსმიური პანთეიზმი სრულიად ნათელია. კოსმოსი - ღმერთია. რეალური "მე" - ღვთიურობის ემანაცია. შექმნილი არაფერია, ყოველივე მხოლოდ ტრანსფორმაციას წარმოადგენს. ადამიანს მზიურ ანგელოზთა ეგო აჯილდოვებს. მას შეუძლია იყოს ქვა, მცენარე და შეუძლია თვით ღმერთადაც კი იქცეს. ეს - უნივერსალური ტრანსფორმიზმია, რომელშიც ვერ დაინახავ მყარ სახესა და იერს. ყველაფერი ერთიმეორეში გადადის. გარდასახვა ამ უნივერსალური ტრანსფორმიზმის გამომჟღავნებაა და შეჯახება პიროვნების ქრისტიანულ იდეასთან, როგორც ღვთიურ სახესა და ხატთან. აქ ყველაფერი სავსებით ნათელია. ბლავაცკაია ასევე დაბეჯითებით უარყოფს შეცოდებას და მისთვის არ არსებობს პასუხისმგებლობა. ბოროტება მისთვის გარდუვალი პირობაა. მას, ისევე როგორც თეოსოფიას მთლიანობაში, არ ესმის თავისუფლების პრობლემა. ამ მხრივ თანამედროვე თეოსოფია მკაფიოდ განსხვავდება ი. ბიომეს ქრისტიანული თეოსოფიისგან. არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, საიდანაც შესაძლოა გაკრიტიკებულ იქნეს აღმოსავლური სწავლება გარდასახვის შესახებ, ეს არის _ თვალსაზრისი სოციალური. ინდოთში კასტური წყობილება გარდასახვასა და კარმული სამართლიანობის რწმენაზე იყო დაფუძნებული. სწავლება გარდასახვის შესახებ შესაძლოა სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის გამართლება იყოს და ამ მხრივ იგი წარმოგვიდგება როგორც სოციალურად რეაქციული. ადამიანის ბედის საიდუმლოების რაციონალიზაცია კარმულ სამართლიანობაში არა მხოლოდ ურიგდება საკუთარ გაცდებს, რომლებიც უსამართლობად გვეჩვენებოდა, არამედ თითქოს სანქციას აძლევს ყველაზე უსამართლო განცდებსაც კი, რომლებიც კასტურ სოციალურ წყობასთანაა დაკავშირებული. იგი სანქციას აძლევს პარიების დათრგუნვას. ქრისტიანობა თითოეულ ადამიანს უხმობს თავისი ჯვრის ნათლით სატარებლად, მაგრამ, იგი ამ ჯვრის სიმძიმის შემსუბუქებასაც მოითხოვს სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის, ზნეობრივად უარყოფს ყოველგვარ კასტურ წყობილებას და ამასთან, ყოველგვარ კლასობრივ წყობასაც. გარდასახვა - გარდუვალი ბედია. მასში თანხვედრილია კოსმიურ-ნატურალური და მორალურ-სულიერი გარდუვალობაც. არ არსებობს საიდუმლოება, არ არსებობს ირაციონალური სამყაროებრივ საცხოვრისში. დედამიწაზე მომხდარი ნებისმიერი რამ - სამართლიანია. თუკი ჩვენ რაიმე უსამართლობად გვეჩვენება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე უცოდინრობის გამო. ცოდნა შეგვარიგებს სამყაროში არსებულ სამართლიანობასა და მოწყალებით ევოლუციას. მხოლოდ ცოდნას, ოკულტურ ცოდნას ძალუძს ადამიანთა ბედის შემსუბუქება. თეოსოფიას ბოროტების ევოლუციური გაგება ახასიათებს. თეოსოფიურ სწავლებას, ევოლუციურსა და ოპტიმისტურს, არ სურს სცნოს ის ბრძოლა ბედის წინააღმდეგ, რომელსაც იობი სცნობდა. მას არ სურს არც ბერძნული ტრაგედიის მიღება. მსგავსი აზროვნება უძველეს გნოსტიკოსებსაც ახასიათებდათ. ვასილიდასთან ადამიანი ყოველთვის თავის ხვედრს იმსახურებს. მაგრამ გნოსტიკოსები კიდევ უფრო მეტად პესიმისტები იყვნენ. ბედის გარდუვალობა ყოველთვის ნიშნავს კოსმიური ძალების მიერ ადამიანის განსაზღვრებას. მხოლოდ ქრისტიანობას ესმის ადამიანის ბედის ძალაუფლებისგან განთავისუფლება. სწავლება გარდასახვის შესახებ, გამოსყიდვის ქრისტიანულ სწავლებას ეჯახება. ეს ნათლად ჩანს განსაცვიფრებელი სახარებისეული კეთილგონიერი ყაჩაღის მაგალითზე, რომელიც ქრისტესთან ურთიერთობისას ერთ გაელვებაში აღასრულებს თავის კარმას და ცათა სასუფევლის მემკვიდრე ხდება. საკითხი გამოსყიდვის შესახებ _ მადლის საკითხია, რომელსაც ადამიანი კარმული სამართლიანობის ძლევამოსილებისგან იღებს. მადლი არ წარმოადგენს სამართლიანობას, მადლი სიყვარულია. მართალია, თეოსოფები კარმის შემცირების შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს შემცირებაც ძირითადად ცოდნით შეიძინება, და გარდუვალობა მაინც ბატონობს თავისუფლებაზე, სამართლიანობა - სიყვარულზე. გამოსყიდვის საიდუმლოება, მადლის საიდუმლოება - არ არსებობს. თეოსოფიის ზღვრული საიდუმლოება ზიარების საიდუმლოებაა. მაგრამ ჩვენი თემის ცენტრალურ პრობლემას მაინც პიროვნების პრობლემა წარმოადგენს. აქ უფრო მეტი სიმძაფრით ეჯახება გარდასახვის შესახებ სწავლება ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის შესახებ.
თეოსოფიური სწავლება ადამიანის შესახებ ანტიპერსონალისტურია. პიროვნება მხოლოდ წარმავალი წარმონაქმნია კოსმიურ ევოლუციაში. იგი არ წარმოადგენს ადამიანისეულ მყარ ბირთვს. გარდასახვისას ადამიანი, როგორც პიროვნება, არ ინახება. პიროვნება აღიქმება როგორც ორგანულობა და ჩაკეტილობა. გარდასახვისას, თეოსოფიაში, მყარ, შენახვისუნარიან ელემენტად გვესახება არა პიროვნება, არამედ ინდივიდუალობა და ეს ძალზე დამახასიათებელია თეოსოფიური ანთროპოლოგიისთვის. ქრისტიანული ანთროპოლოგია კი, არსებითად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ზუსტად პიროვნებაა მყარი და მარადიულობის მემკვიდრე. პიროვნება ღვთის მიერ არის შექმნილი და მისი სახისა და ხატის მატარებელია. პიროვნება არ არის კოსმიური ევოლუციის პროდუქტი, იგი არ იქმნება კოსმიურ წყობაში და არ ექვემდებარება კოსმიურ შლადობას. პიროვნება სულიერ-რელიგიური კატეგორიაა, ინდივიდუალობა კი ნატურალურ-ბიოლოგიური. იგი ნატურალურ-წარმოშობითი პროცესის პროდუქტია. გარდა ამისა, პიროვნება აქსიოლოგიური კატეგორიაცაა. იგი ბუნებრივ ბიოლოგიურ ინდივიდუალობაში უნდა იქნეს რეალიზებული. ეს სულაც არ არის ტერმინოლოგიური საკითხი, ეს ბევრად უფრო ღრმა საკითხია. თეოსოფიური მსოფლმხედველობა უსახოა, მტრულად განწყობილი პიროვნების მიმართ და ამიტომაც მტრულად განწყობილი ადამიანის მიმართაც. თეოსოფიისთვის ღმერთიც უსახოა და ადამიანიც. მას მხოლოდ უსახო ღვთიურობა ესმის. და ამ უსახო ღვთიურ რაღაცაში ღმერთიც განიცდის ვარდნას და ადამიანიც. ღვთიური კოსმოსიც ზუსტად ეს არის. თეოსოფია კოსმოსოფიაა. იგი კოსმოცენტრულია. ადამიანი მთლიანად არის დაქვემდებარებული კოსმიურ პროცესზე. ადამიანის ინდივიდუალობა, რომელიც გარდასახვაში ინახება, მხოლოდ კოსმიურ ელემენტს წარმოადგენს. ადამიანი თავის ბედში კოსმიური ძალებით არის დეტერმინირებული. ადამიანში ეგოა უნივერსალური და არა პირადი სული. სწავლება გარდასახვის შესახებ, არსებითად არაფერს არ ხსნის. არ ხსნის არც უკვდავების პრობლემას, რადგანაც ხსოვნა წინამორბედი გარდასახვების შესახებ, რაც აუცილებელია პიროვნების მთლიანობისთვის - არ ინახება. წინამორბედი გარდასახვების გახსენება ძალზე იშვიათად ხდება, ამ ნიჭს გარდასახვის ადეპტთა უმრავლესობა მოკლებულია. და ეს გახსენებაც უმეტეს შემთხვევაში იმდენად უნებურია, რომ გამოგონილის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარდასახული _ სხვა ადამიანია, ან შეიძლება იგი ადამიანიც აღარ იყოს. გენონი, ინდური რელიგიური ფილოსოფიის მცოდნე, ამბობს, რომ თეოსოფებმა სულ ერთიანად გადააბრუნეს ტერმინოლოგია და ინდივიდუალობას უფრო მაღალ პრინციპად მიიჩნევენ, ვიდრე პიროვნებას, იმ დროს, როდესაც ადრე პიროვნება უფრო მაღალ პრინციპად იყო მიჩნეული, ვიდრე ინდივიდუალობა. ფრანგულად იგი, ძველი ცნობიერების თანახმად, ნიშნავს სამყაროს არსს, ანუ - Soi, ხოლო ინდივიდუალობა - Moi. თეოსოფებისათვის კი პიროვნება არის - Moi, ხოლო ინდივიდუალობა - Soi, მართებულია კი პირიქით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ინდურ რელიგიურ და ფილოსოფიურ ცნობიერებაში პიროვნების პრობლემა არ ყოფილა მართებულად დაყენებული და გადაჭრილი, იგი ქრისტიანობას ეკუთვნის. და ზუსტად ეს წარმოადგენს გარდასახვის შესახებ სწავლების ქრისტიანობასთან შეჯახების წერტილს. ქრისტიანულ ესქატოლოგიაში, ადამიანი ეზიარება მარადიულობას და იღებს კიდეც მას მემკვიდრეობით. გარდასახვის შესახებ სწავლება მას დროში, კოსმიური დროის სივრცეში სტოვებს. თუკი ღმერთი ღვთიური კოსმოსია, მაშინ შეუძლებელია არსებობდეს გამოსავალი დროის სივრციდან მარადიულობაში, ვინაიდან კოსმიურ პროცესში არსებობა ღვთიურობაში არსებობას ნიშნავს. დროის სივრცეზე გამარჯვება, მარადიულობაში გადასვლა, ვარაუდობს იმას, რომ ღმერთი კოსმოსზე მაღლა დგას და არ არის კოსმიურ ცხოვრებასთან გათანაბრებული. ხანდახან ამბობენ, რომ ლაიბნიცი ახლოს იყო გარდასახვის სწავლებასთან. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ლაიბნიცი ამტკიცებდა არა მეტემფსიქოზის, არამედ მეტამორფოზის არსებობას, რაც არანაირად არ ნიშნავს იგივეს. თეოსოფებს უყვართ ორიგენის დამოწმება. მაგრამ ორიგენი ასწავლიდა არა გარდასახვის, არამედ წინარეარსებობის შესახებ, რაც სულაც არ ნიშნავს ერთსა და იმავეს. მე ვფიქრობ, რომ ერთობ გარდუვალია სულთა წინარეარსებობის დაშვება სულიერ სამყაროში. შეუძლებელია, რომ სული ჩასახვის მომენტში იქმნებოდეს, და შეუძლებელია, რომ იგი იყოს წარმოშობითი პროცესის პროდუქტი. მაგრამ სწავლება წინარეარსებობის შესახებ, ისევე როგორც სულის ბედის შესახებ, სხვა სულიერ სამყაროებში შესაძლოა სულ სხვაგვარად იყოს წარმოსახული, ვიდრე ორიგენთანაა ფილოსოფიურ კატეგორიებში. ყოველ შემთხვევაში ეს არ წარმოადგენს ჩვენი მიწიერებისმხრივი სულთგარდასახვის მსგავს სულთა გარდასახვას, რომელიც უხეშად ეჯახება ერთიანი პიროვნების შენარჩუნებას, ერთიან ადამიანურ სახეს.
* * *
თეოსოფიური სწავლება უკვდავების, როგორც გარდასახვის შესახებ არსებითად, ანტიკურობასთან, ბერძნულ თვალსაზრისთან უფრო დგას ახლოს, ვიდრე ქრისტიანობასთან. ბერძნებისთვის მხოლოდ ღმერთი იყო უკვდავი, ადამიანი კი მოკვდავი. უკვდავება ბერძნულ ცნობიერებაში უპირველეს ყოვლისა გმირისთვის, ზესახოვანი ადამიანისთვის, ნახევარღმერთისთვის არსებობდა. გმირები ის ადამიანები იყვნენ, რომელნიც იხვეჭდნენ სულის უკვდავებას. უკვდავება თავიდან არ იყო ყველასთვის პრივილეგიად აღიარებული. ეგვიპტეში იგი ჯერ მეფის პრივილეგიად ითვლებოდა. იმისთვის, რათა უკვდავი გახდე, საჭიროა ადამიანად ყოფნა შეწყვიტო. უკვდავება ყველა ადამიანზე არა მხოლოდ დიდი სირთულით იყო გავრცელებული, არამედ იგი, საერთოდ, ადამიანში არაადამიანურ ელემენტზე ვრცელდებოდა. ზესახოვან-ადამიანური, სულიერი, ღვთიური ელემენტი ადამიანში, რა თქმა უნდა, უკვდავია, მაგრამ ამ უკვდავ ელემენტს არ ძალუძს მისცეს უკვდავება ადამიანისეულ ელემენტს ადამიანში, არ შველის მარადიულ სიცოცხლეში ადამიანს, როგორც ერთიან არსებას, როგორც არსებას სულიერ-სულისმიერ-სხეულებრივს. გარდასახვას არ ძალუძს გაიღოს უკვდავება ერთიანი ადამიანისეული არსებისთვის, პიროვნებისთვის, რომელიც დაურღვეველი ერთიანობის მფლობელია. მისი მეშვეობით ინახება მხოლოდ ელემენტი, რომელიც არ წარმოადგენს სპეციფიკურად ადამიანურს, და უერთდება ჩვენიდან აღებულ ახალ ელემენტებს. ბერძნულ დიონისიზმში ხდებოდა ზესახოვან-ადამიანურისა და ადამიანამდელის ერთმანეთში არევა, და სპეციფიკურად ადამიანურმა უსახო სტიქიაში განიცადა ვარდნა. უკვდავება მიღწევადი იყო ინდივიდუალობის უარყოფის მეშვეობით, პირადი ყოფითობის უარყოფით. ორფიზმი, რომელიც დიონისეულ ნიადაგზე წარმოიშვა, სულთა გადასახლებას ამტკიცებდა, მაგრამ პესიმისტური შეფერილობით. ორფიზმში უკვდავებისთვის ბრძოლა სხეულის საპყრობილედან, მატერიალური ტყვეობიდან სულის განთავისუფლებისათვის ბრძოლაა. პლატონი ამბობს, სხეულში სული როგორც უცხო არსება, ისეა ჩადებულიო. მაგრამ არსებითად რა იყო მიღწევადი დიონისეულ ექსტაზებსა და მისტერიებში? ადამიანში ღმერთის, ღვთიურსაწყისის განთავისუფლება. ღმერთი სამყაროშია მოქცეული და იგი ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს. ეს არის მონისტური სწავლება, რომელიც არ სცნობს ადამიანური ბუნების დამოუკიდებლობას და რომლისთვისაც წარმოუდგენელია ადამიანის, მის მთლიანობაში აღებული ადამიანურის, უშუალოდ ადამიანურის უკვდავება. არსებითად, გარდასახვაც ისახავს თავის საბოლოო მიზნად მოჯადოებული ღმერთის განთავისუფლებას, მაგრამ მას არ შეყავს ადამიანი მარადიულ საცხოვრისში. გარდასახვა წინააღმდეგობაშია ღვთიურადამიანობის ქრისტიანულ იდეასთან. მხოლოდ ქრისტიანობა აყენებს და წყვეტს ადამიანის, როგორც პიროვნების უკვდავების პრობლემას, ადამიანის პრობლემას, აღებულს მის მთლიანობაში. მაგრამ ქრისტიანობისთვის ეს არ წარმოადგენს ნატურალურ უკვდავებას. ნატურალური უკვდავების აღიარება არის სიკვდილის ტრაგიზმის უარყოფა. ამიტომ ქრისტიანობისთვის უკვდავების პრობლემა - აღდგომის პრობლემაა. ადამიანის, როგორც ერთიანი არსების უკვდავება მხოლოდ აღდგომაშია წარმოსადგენი. ადამიანის სხეულებრივი სახის აღდგენა (რა თქმა უნდა, არა მის მატერიალურ სიმძიმეში) მხოლოდ აღდგომის გავლით ხდება. ქრისტიანობა ნატურალური უკვდავების შესახებ გვასწავლის არა სულის, არამედ ერთიანი ადამიანური არსების აღდგომას მონანიების გავლით, ჯვარისა და ქრისტეს აღდგომის გავლით. ეს ადამიანში ღმერთის განთავისუფლება, ღვთიური ელემენტის განთავისუფლება კი არა, ერთიანი ადამიანისეული არსების ღმერთად გარდაქცევაა. აქ ჩვენ გაგვაჩნია სულ სხვა პრინციპი, სულ სხვა ესქატოლოგია... ეს არის ზესახოვანი ადამიანის პრინციპი, რომელიც აღიარებს ადამიანური ბუნების დამოუკიდებლობასა და მარადიულობას, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ნებისმიერი მონოფიზიტობისგან, აღიარებს ორმაგერთობის პრინციპს. თავისი სინკრეტიზმის გამო, სხვადასხვა ელფერის მქონე თეოსოფებს, როგორც ყოველთვის, ცუდად ესმით განსხვავებულობანი და არ უყვართ იგი. ამიტომ, ისინი ხანდახან გულწრფელად ვერ იგებენ, როცა მათ ადამიანის ბედის ქრისტიანულ სწავლებასა და გარდასახვის შესახებ სწავლებას შორის არსებულ სხვაობას უხსნიან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული ესქატოლოგია არ ექვემდებარება რაციონალიზაციას, რის გამოც იგი ხანდახან საღვთისმეტყველო სწავლებებშიც განისჯებოდა. გარდასახვის შესახებ სწავლება უფრო მეტად რაციონალური და მორალურად უფრო მისაღები აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგრამ, გარდასახვის შესახებ სწავლების წინაშე ქრისტიანობას გააჩნია უპირატესობა არა რაციონალური დოქტრინის, არამედ ირაციონალური საიდუმლოების მხრივ. ნებისმიერ შემთხვევაში, გარდასახვის თეოსოფიური სწავლებისთვის ქრისტე ან სრულებით არ არის საჭირო, ან გადაიქცევა კოსმიურ ფაქტორად. ეს სწავლება სრულიად უქვემდებარებს ადამიანს კოსმოსს, კოსმიურ ძალებსა და პროცესებს, იგი კოსმოცენტრულია და მონისტური. უმთავრესი აქ ეს არის. გარდასახვის შესახებ სწავლება წარმოადგენს სიკვდილის ტრაგიზმის უარყოფას და შერიგებას მასთან, როგორც კოსმიური ევოლუციის მადლიერ მომენტთან. ქრისტიანობა კი წარმოადგენს სიკვდილის ტრაგიზმის აღიარებას და სიკვდილთან ბრძოლას.
თეოსოფიური სწავლება გარდასახვის შესახებ დემონოლოგიასთან არის დაკავშირებული. სიტყვა დემონს მე ანტიკური გაგებით ვამბობ. ადამიანი მთლიანად რჩება დაქვემდებარებული კოსმიურ ძალებსა და იერარქიებზე, სულებსა და ბუნების დემონებზე. ადამიანის ბედს მართავს არა ქრისტე, არა ღმერთი, არამედ კოსმიური იერარქია. მაგრამ ეს ქრისტიანობამდელ აზროვნებასთან დაბრუნებას ნიშნავს. ქრისტიანობამ ადამიანი კოსმიური ძალებისგან გაათავისუფლა, იხსნა იგი დემონოლატრიისგან და მისი ბედი უშუალოდ ღმერთს დაუქვემდებარა. ეს იყო ქრისტიანობის მიერ შესრულებული უდიდესი ქმედება, რომელიც ურწმუნოებმაც კი უნდა აღიარონ. გარდასახვის შესახებ სწავლება, როგორც სულების კოსმიურ დერეფნებში მოგზაურობა - კოსმოსს ადამიანსა და ღმერთს შორის უჩნეს ადგილს. ადამიანსა და ღმერთს შორის ძევს კოსმიური ევოლუცია. ქრისტიანობა, ერთის მხრივ, თეოენტრულია, მეორეს მხრივ, ანთროპოცენტრული კოსმოსთან მიმართებაში, იგი ადამიანს კოსმოსზე მაღლა აყენებს. ადამიანსა და ღმერთს შორის დამოკიდებულება პირადულია და დრამატული, ვინაიდან ადამიანიც პიროვნებაა და ღმერთიც პიროვნებაა. ეს დამოკიდებულებები ევოლუციურად არ უნდა გვესმოდეს. ნებისმიერი ევოლუციური გაგება კოსმოსის მოძალეობასა და გაბატონებას ნიშნავს. ქრისტიანული სწავლებისთვის სულაც არ არის მისაღები ის აზრი, რომ ადამიანის ბედს ანგელოზებრივი იერარქიები ხელმძღვანელობენ, როგორც ეს თეოსოფიურ და ოკულტურ სწავლებებს ჰგონიათ. ანგელოზთა იერარქიის როლი მედიუმური და შუამავლურია, მაგრამ ისინი არ არიან ჩამდგარნი ადამიანსა და ღმერთს შორის. კარდინალი ლეპისიე ამბობს, რომ ანგელოზებს არ ძალუძთ განხორციელება. ანგელოზებს და დემონებს არ შეუძლიათ ტრანსსუბსტანცირება. ამ აზრს ლეპისიე ძირითადად სპირიტიზმის წინააღმდეგ მიმართავს. მაგრამ ამით ანგელოზის ადამიანში და ადამიანის ანგელოზში გარდასახვის შეუძლებლობა მტკიცდება. ამით მტკიცდება ადამიანის - როგორც ადამიანის მარადიულობა, მისი სულ სხვა, ანგელოზურ-დემონურ წარმომავლობაში გადანაცვლების შეუძლებლობა, ისევე როგორც ანგელოზისა და დემონის ადამიანისეული წარმომავლობის ცხოვრებაში გადმონაცვლების შეუძლებლობა. შესაძლებელია გაღმერთკაცება, მაგრამ, შეუძლებელია გაკაცანგელოზება. ამასთან ერთად, როგორც თეოსოფიური და ოკულტური სწავლებებისთვის არის მიღებული, განათლებულნი, არსებითად მასწავლებელნი, არ მიეკუთვნებიან ადამიანის მოდგმას, ისინი სულ სხვა, ზეადამიანურ იერარქიებს ეკუთვნიან და ადამიანის მოდგმასთან დასახმარებლად და მის სამართავად გადმოვლინდებიან ხოლმე. ევოლუციური გადანაცვლება ადამიანურიდან ზეადამიანურისკენ, ანგელოზური წარმომავლობისკენ წარმოადგენს გარდასახვის რეზულტატს, ისევე, როგორც ადამიანის მოდგმასთან გარდმოვლენა. თეოსოფები და ოკულტისტები კოსმოსისკენ რჩებიან მიქცეულნი და ევოლუციურად ესმით სხვადასხვა კოსმიურ იერარქიათა ურთიერთობა. ეს ყოველთვის მონიზმს წარმოადგნეს, ადამიანისა და ღმერთის კოსმიურ სივრცეში ჩაძირვას. ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა ადამიანისკენ არის მიმართული. მაგრამ სისუსტე და გაუხსნელობა ქრისტიანობაში, კოსმოსის, კოსმოლოგიის შესახებ სწავლებისას ძალიან უწყობს ხელს თეოსოფიური და ოკულტური კოსმოლოგიური სწავლების განვითარებასა და პოპულარობას. ქრისტიანობა ამ სწავლებებისგან განაცალკევებს პიროვნების, ქმედების, თავისუფლების, ცოდვის, მადლის კატეგორიებს. არსებითად, გარდასახვის შესახებ თეოსოფიური სწავლებისთვის ადამიანი არ წარმოადგენს პიროვნებას, იგი არ შექმნილა, მისთვის არ არის დამახასიათებელი პირველადი თავისუფლება, იგი არ დაცემულა და მასზე არ მოქმედებს მადლი, ვინაიდან ადამიანი კოსმიური ევოლუციის პროდუქტია, რომელშიც იგი ითხზება და იხრწნება. ეთიკა, გამომდინარე გარდასახვის შესახებ თეოსოფიური სწავლებიდან _ ევოლუციური ეთიკაა. ადამიანი შეგნებულად უნდა ევოლუციონირებდეს, თუმცა არსებითად იგი კოსმიური ევოლუციის მიერ არის დეტერმინირებული. პრაქტიკაში ამას სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების მექანიზაციისა და რაციონალიზაციისკენ მივყავართ, ადამიანური ბუნების ნებისმიერი ირაციონალურ-სტიქიური საფუძვლის შევიწროვებისკენ. ამ მექანიზაციას და რაციონალიზაციას, ადამიანის ორგანიზმის ამ ყველა უგონო პროცესის გონიერი პროცესებით შეცვლას ჩვენ იოგაში ვხედავთ. ყველაფერ ამასთან ერთად, თეოსოფიზმი და ოკულტიზმი არასულიერებისმიერია, ისინი არიან სულისმიერნი, ასტრალურნი, მაგიურნი, თუმცა ადამიანის სულიერ ძიებათა სიმპტომებსაც წარმოადგენენ. თეოსოფიზმი ყველა თავისი შეფერილობით ძირითადად თეოსოფურად მიამიტია და საკუთარ თავს ფილოსოფიის ჩამორჩენილ ფორმებს უკავშირებს. აქედან გამომდინარეობს უკვე სულის ნატურალიზაცია, სულიერი ცხოვრების მაგიური გაგება. მაგრამ უფრო ნატიფი და ღრმა ფილოსოფია გვასწავლის, რომ სული სუბიექტში იხსნება, ადამიანის არსებობაში. სული შეუძლებელია შეყვანილ იქნეს კოსმოსის ობიექტივიზირებულ იერარქიულ სისტემაში. იძულებითი მხოლოდ გარდასახვის შესახებ სწავლების მტკიცებაა. სწავლება გარდასახვის შესახებ, რა თქმა უნდა, დიდ და გადაუწყვეტ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მაგრამ იგი არ არის ექსისტენციალური და ამიტომაც არ ხსნის ადამიანის ბედის პრობლემას, რომელიც ეკუთვნის ექსისტენციალურ და არა ობიექტივირებულ-ბუნებრივ მხარეს. სწავლება გარდასახვის შესახებ რთული სწავლებაა თავისი სისტემის მიხედვით. მასში არსებობს რომელიღაც ჭეშმარიტების ცალკეული ელემენტი, მაგრამ დამახინჯებული და დეფორმირებული ცრუ სულით. ეს დამახინჯება დაკავშირებულია თეოსოფიზმისა და ოკულტიზმის იმ კოსმიურ პოლიდემონიზმში დაბრუნებასთან, რომლისგანაც ქრისტიანობამ ადამიანი იხსნა.