უკვე მერამდენე წელია, ჩემს ქუჩაზე
ხმა ისმის ნაბიჯების - მტოვებენ მეგობრები.
წყვდიადში ფანჯრებს მიღმა ნელი სვლით მშორდებიან,
აჩრდილად ილანდება სარკმელში მოგონება.
დარჩათ ბევრი საქმე, ახლა მათ სახლებში
არ ისმის მუსიკის ხმა, არ ისმის სიმღერები,
მხოლოდ, ძველებურად, დეგას გოგონები
ცისფერი ბუმბულებით მორთულ ყელს იღერებენ.
რაღა გაეწყობა, ნუღარ შეგაშფოთებთ
ასე უმწეოებს შიში ღამეული.
ჩემო მეგობრებო, უფრო გებინდებათ
მზერა, ღალატით და შიშით არეული.
როგორი სასტიკი და მკაცრი ხარ, მარტოობავ!
ცივად გაილევებს ლითონის ფარგალი და
წრეს კრავ, ყველაფერი ახლა ამაოა,
შენთან მუდარა და თხოვნა არ გავიდა.
მაშ, შენს ნებიერას, შენგან მოალერსეს,
ჯილდო მარგუნე და რამით მანუგეშე!
დარდებს გავიქარვებ, მკერდს რომ მოგეყრდნობი,
მერე რა, რომ სუსხი მხვდება შენს უბეში.
ნება მომეცი, რომ უხმოდ, ფეხაკრეფით
შენს ტყეში ვიარო და ხმელი ფოთლები
ნელა მოვაგროვო, სახე ჩავმალო და
როგორც ნეტარება, შევიგრძნო ობლობა.
მიბოძე მდუმარება შენი წიგნთსაცავის,
შენი კონცერტების მკაცრი მოტივები
და მე დავივიწყებ ყველას, ვინც კი მოკვდა,
მათაც, ვინც დღემდეა მათზე მოტირლები.
შევიცნობ სიბრძნესა და სევდა-მწუხარებას,
საგნები გამანდობენ აზრებს, რაც მათშია,
ბუნება, დამეყრდნობა მხრებზე, ხელებს მომხვევს
და გამიზიარებს საკუთარ ხვაშიადს.
და მაშინ - ცრემლებიდან, წარსულის წყვდიადიდან,
რაღაც უეცარი ელდა მოვარდება.
ჩემი მეგობრების ნაკვთები მშვენიერი
ჩნდება და კვლავ ზავდება, როგორც მოლანდება.