Litclub.ge

საწყალი ზოია (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
1.
მოდის ზოია, ლამაზი, ჭკვიანი. ყარსაღის ქურქში, თივთიკის თავშლით.
დიდხანს-დიდხანს იღებავდა ტუჩებს, იხატავდა თვალებს.
ზოია, შეხე - მოდიან-მოდიან კაცები, კისრებს იღრეცენ, ხელით აჩვენებენ შენსკენ.
შენ კი წერილებს წერ. სვერდლოვსკი. ბარნაული.
გახსოვს, მეც მიგზავნიდი მოკითხვებს, თმის ღერს ურთავდი თან.
შენი თმა მთელს ქვეყანაში გაიფანტა.
მეუბნებოდი: "შობის ანგელოზი ბუკს სცემს მუდამ.
ეს მე დამღუპავს, გამტეხს, აღმგვის.
ხედავ, სად ვინახავ ბელას პატარა თვითმფრინავს.
ჩემს მხურვალე ხელებში იკლაკნება და ხროტინებს.
დემონები მოდიან, დაძრწიან, თვალში თვალს მიყრიან.
მეწერავე-მეწერავე წყალქვეშ.
აფსუს, რომ ვერ მოგითხრობ, როგორ შედის წყალი ჩემს ფილტვებში."
საწყალი ზოია ციდა კუბოში წევს ღამით. ზოია აცმაცუნებს ტუჩებს, უბედური ზოია თრთის.
ზოია-ზოია, შენი ჯერიც მოვა, უსმინე საკუთარ გულს, ზოია. გული შენი არ მოგატყუებს.

2.
სამარცხვინოა-სამარცხვინო არაფერი არ შეგეძლოს, არც გინდოდეს ისწავლო.
თითქოსდა დიდი ხარ უკვე, ასეთი ჭკვიანი.
საწყალო, შენ ზოია-ზოია შეიყვარე, უბედური დედოფალი, მკვდარი დედოფალი.
გახსოვს, ის ლაპარაკობდა, ეწეოდა, იტყუებოდა:
"მიმიღეთ თქვენთან, მიმიღეთ.
ნახეთ, წაიკითხეთ, - მეფის ქალიშვილი ვარ.
შემიძლია მეფურად ფიქრი, მეფურად ლაპარაკი. და
ამ იერსახეში, და ამ ალიაქოთში,
უსირცხვილო გულისწასვლაში, ღრუბელში, სატუსაღოში და
ცენტრისცენტრში პატარა ქვეყნის, რომელიც სულაც არაა ქვეყანა, არამედ ისე -
მთვარის ნაგლეჯი, არავითარი სიდიდის ნატეხი,
სადაც თითოეულ კრატერში კოსმოსური ჭუჭყია, მე ვიცვლები, ვქრები და ვკვამლდები."
შენ ახლა თავად გახდები მკვდარი.
ციდა კუბოში ცივა, ციდა კუბოში მე არ ვიქნები.

3.
ო, მტაცებელო, ო, ღმერთქალო, შენი ურიკა აგორე, ზიდე, ქაჩე.
გახსოვს ზოია? იყო ზოია, მოკვდა ზოია.
საღამოთი იცინოდა, ეწეოდა, ცრუობდა, სიგარეტს სრესდა, ყვებოდა,
რამდენი წერილი დაწერა, კიდევ რამდენის დაწერას აპირებს.
შემდეგ ჩაწვა ლოგინში. და ასევე დარჩა.
ის ხომ მეც მიგზავნიდა გრძელ წერილებს, შიგ თმის ღერებს, ხელის ტრაფარეტებს,
რაღაც სასაცილო ნახატებს, აპლიკაციებს დებდა.
რომ შესძლებოდა, კლდეზე აცოცდებოდა, ქვების სროლას დაიწყებდა,
აფრინდებოდა, ცაში ილივლივებდა, დაგაზავდა, იკარუსს და დედალუსს გაასწრებდა,
პარაფინის ძრავაგადამწვარი პატარა თვითმფრინავივით დადნებოდა.
იძინე, დამხრჩვალო-დატყვევებულო ზოია. ძილში კაია. ის შენთვის შესანიშნავი ანტიისტერიკაა.
როგორც რუსულ ანდაზაშია - არ გჭირდება არც მამაკაცები, არც ცხელი საფენები.
ცხოვრებამ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გიძღვნა და წავიდა,
თანაც ისე, რომ იატაკის გამომშრალი ფიცრები არ გაუჭრაჭუნებია.
იცი, ზოია ჩიტად იქცა, სურნელებად, მიხაკ-დარიჩინად და
თუმც ბეჯითი მოწაფე იყო,
თოჯინის ციდა გვამად, პლასტმასის ციდა კუბოდ გარდაიქმნა.