I
ირჩევს ახალი ეპოქა
თავის შესაფერ სახელს.
მყრალი ზეთებით ეპოხა
მას საკუთარი სახე.
ჯავშანი აჩენს იარებს.
ცივი სილბოა კანში.
მზის ფონზე შავად ფრიალებს
ტოტს მოდებული კაშნე.
II
კორიანტელი დამდგარა
უერთფეროვნეს დღეთა.
იცის ყოველმა მათგანმა,
როგორ დამღალოს. ვხედავ,
როგორ ვექცევი ალყაში,
როგორ იქცევა არე,
როგორც ბებერი ალქაჯი,
როცა სავსეა მთვარე.
III
სიშორე უხილავია,
თორემ ახლოა სხვა მხრივ.
დღის კოლბას, ძირზე ლამიანს,
რაც ძალა შემწევს, ვამღვრევ.
ლამი - ესაა რითმები
და სიყვარულის ხმები.
დნება წუხილის თითბერი,
როცა ოქროზე ჰყვები.
IV
უსამართლობის ეგიდით
შეფასებებში იგებს
უგემოვნობა. შეხედეთ,
როგორ თარეშობს იგი,
სისულელეთა მროშავი,
სიფაქიზეთა მჩეხი,
როგორც მუზების კოშმარი,
მათი მფატრავი ჯეკი.
V
სნეული აწმყო ტრანსშია.
ითხრება თითქოს ტანში
სევდა-კაეშნით ტრანშეა.
დგას პლასტილინის დაშნით
ხელში კულტურა. გაღმიდან
ჩანს იქაური ბზინვა.
მძიმე ხვატია. გახვრიტა
სადღაც ჰაერი ბზიკმა.
VI
მიწას ცრემლები მდუღრავენ.
ჯუჯა ყელს ღადრავს ტიტანს.
ამაოების უღრანი
და გამყინავი ტყიდან
მგლების ყმუილი მოისმა.
განწყობებია ცუდი.
ო, დღეს ცრემლია დროისა
თითოეული წუთი.
2008