Litclub.ge

* * * თუკი ასფალტიდან ვარდი ამოსულა
თუკი ასფალტიდან ვარდი ამოსულა,
პროცესიას გაუვლია. არ ღირს დაეჭვება.
და თუ ამ ვარდს მოწყვეტს გამვლელი ასული,
ასფალტს პოეზია დაემჩნევა.
თითქოსდა ვიღაცა, ყველაზე საჭირო,
ყველაზე ახლო და ყველაზე ძვირფასი,
საბრალო, ვით ძერის ჭანგებში ბაჭია,
უბრალო, როგორც სიჩუმის სინტაქსი,
გიკვდება, გიცქერის და ჩუმად იბარებს,
რომ იმას, რაც შორიდან უახლოესია -
სხვის ლოცვას შენთვის, ღრუბლებს და წინაპრებს, -
მეორედ მოსვლამდე ერქვას პოეზია.