Litclub.ge
ოცდამეერთე
ორი საუკუნის და ორი ათასწლეულის ბერიკაცო, ჩოხასავით შემოგაცვდა სხეული. დარჩი გულის ამარა და გაინაბე პულსივით, ციფრებს გაუშინაურდი - გულგრილი და გულცივი. გადაიანგარიშე და გაიხედე ცისკენა: კახური გაქვს დალეული - ოცდაერთი ცისტერნა, მელანი გაქვს დახარჯული - ოცდაერთი ბარელი, დრო მოვა და დაგითვლიან მთიელი და ბარელი, და სხვაობა ისე ფრთხილად უნდა დააბალანსო, საკუთარი კარმიდამო მაინც გააპარნასო. არ ჩამორჩე საუკუნეს - საუკუნის მეეტლე, მიითვალე ნასესხებიც ანუ ოცდამეერთე. ძმაკაცებიც მოიწვიე - ძამია და ძამიკო, ნაღდი ოცდაერთია და კარტიც ჩამოვარიგოთ. ვეღარაფერს დაგვაკლებენ სჯანი საქილიკონი და გაფრენილს დაეწევა მორბენალი სტრიქონი.