Litclub.ge

ისევ “სამება”
გადაფასდა სახლები, შეიცვალა ბალანსი,
მაკლერები გაებნენ ათას ხათაბალაში.
ზედა - ქვედა სართულებს ალმაცერად დაჰყურებს:
მეცამეტე ტრაბახობს, მეთექვსმეტე ახურებს.
უცებ გადანაწილდა თითქოს უფლის უფლება:
გათამამდნენ, წამოჰყვეს თავი გარეუბნებმა.
გაჯიუტდა მაზანდა, ვეღარც შეევაჭრები,
აღმოსავლეთისაკენ შემობრუნდნენ ფანჯრები
და დაჭყიტეს თვალები: იისფერი ნისლიდან
ჩუმად ამოოქროვდა, ჩუმად ამოიზიდა, -
და ნუ მეპატიჟები: მოსვლა დამეზარება,
შენი აივნებიდან თუ არ მოჩანს "სამება".