Litclub.ge

* * * ფანჯარასთან ამიშენეს კოკროჭინა ეკლესია
ფანჯარასთან ამიშენეს კოკროჭინა ეკლესია,
ჩემი ალავერდია და გრემია და ნეკრესია.
რეკავს! - მაგის მოლოდინმა ადრე გამაჭაღარავა,
"ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე" და მე მარტო აღარა ვარ.
დარდიანს რომ დამინახავს, შემარცხვენს და შემომიტევს,
თავის ფეხით მეახლა და "ლამის სახლში შემოვიდეს".
ვენაცვალე მაგის ზარებს! - ცოდვილებს და საცოდავებს -
ანახევრებს და ნახევრის ნახევარსაც აცოტავებს.
რეკავს! - ექო მიბრუნდება მოდარაჯე გალავანთა,
რეკავს! რეკავს! მაინც მესმის, სახლში ვარ თუ არა ვარ და
როცა ნაუ-ნაუ-ნაუ მოაქვს სიჩუმეში ნიავს,
სახლში მარტო დარჩენისა უკვე აღარ მეშინია!