Litclub.ge

* * * სამოთხის ლამაზმანებო, უადამებო დამებო
სამოთხის ლამაზმანებო, უადამებო დამებო,
თქვენ გამახსენეთ ედემის დედიშობილა სამეფო.
ცას ევასავით შესცინით, მზეს ეუბნებით: ჩადიო!
ლამის საჩემო სამზეო ღამის ჩარჩოში ჩატიოთ.
ლოველასებმა გაკურთხეს: ღმერთმა დაგწეროთ ჯვარიო!
როგორმე უნდა მოვქრთამო მეც თქვენი იმპრესარიო.
თქვენი ფერი და ფერვალი საზღვრებსაც აღარ განარჩევს:
მინიმალური სამოსიც ეზედმეტება დანარჩენს:
რაღა დარჩა და თითქმის და ცოტაც და რაღა აკლია:
არც ურეკია საჭირო, არც გაგრა, არც ანაკლია,
არც პოდიუმი: გეწვევით და აღარც მოგეხათრებით,
მოწყალე მენატურენო, სად დაგეკარგათ მხატვრები?!
ყოველდღე თქვენი ზეიმი და თქვენი ბენეფისია,
მაგრამ, სამოთხის ჩიტებო, ვინაა თქვენი "ბიძია"!!!