Litclub.ge

შორი მოქცევა
როცა თავი გადამპარსეს
ვერაფერი ვერ იპოვნეს იმის მსგავსიც კი
რასაც ეძებდნენ.
მხოლოდ თაგვის რამდენიმე ულვაშის ღერი
ამაცალეს კეფიდან.
მაგრამ უკვე გვიან იყო: ჩემი თმები
ღვინის ბოთლის გატეხილ ყელთან ერთად
ეყარა ნაგვის ყუთში და
ხელებით სკამის ფეხებს
ვეფერებოდი.
მარტომდგომი თავის სიფრიფანა ყურის ბიბილოდან
ჩანდა ჩემი ვარდისფერი და
როგორ შლიდა ვარდისფერ ლოგინს.
ისიც ჩანდა
ათუხთუხებულ ჩაიდანში რომ სკდებოდნენ
პიტნის ყვავილები.
ტელევიზორი კი მოგვითხრობდა
წაქცეული მოხუცის გადატყავებული მუხლების
ტკივილს.
სიფრიფანა ყურის ბიბილოზე
მაქსოვდნენ ღილებს და ჩემი მზერის გაღმა გაჰქონდათ
გადაყრილი თმების კონები.

(გვიანი მთვარე ჩადიოდა ფანჯრის კუთხეში).

მარტომდგომი თავი ელოდა
შორსწასული ხელების ხაზებს -
დაბლა ხეებში იცინოდა
მაღალი კაცი.

(გვიანი მთვარე აღარ ჩანდა ფანჯრის კუთხეში).

ჩემი ვარდისფერი და
მშვიდად ისხამს ხელებით ჩაის
და უკუღმა აბრუნებს სურათს,
რომლის ფსკერზეც
შავი სილა მიცურავს ზღვისკენ.
ირიბ ნავში
მეთევზეები ფატრავენ თევზებს,
მლაშე ტალღები ღეჭავენ ნაპირს და
ანათებენ.
გაღმა დარჩა
გადაყრილი თმების კონები.