დენის მავთულივით
ჰაერში რომ ხარ
გამოკიდებული,
ვერც კი ამჩნევ, შენს ოთახში
გაკრულ,
ძველისძველ შპალიერზე
დახატული პატარა
ქოხები რომ
ნელ-ნელა წაიშალა და
მხოლოდ ჭები დარჩა
დაჟანგული ჯაჭვებით.
არც ის დაგინახავს -
პურის ყანაში მოფუსფუსე
თეთრ ფლამინგოებს
როგორ შემოატყდათ
ვარდისფერი ფეხები,
წვრილი კისრებიც დაუგრძელდათ
მზის ყურებაში.
აღარ აქცევდი ყურადღებას
კომშის ხისაგან
გამოთლილ სკამზე ჩამოყუნცულ
პატარა ბავშვებს,
ფეხის თითებით რომ ხატავდნენ
მტვრიან მიწაზე
უფრთო ჩიტებს და
მოჭუტულ თვალებზე იფარებდნენ
ჭუჭყიან ხელებს.
იყავი ჩუმად -
აღარ აკრავდი ცხენის ნალებს
შენს საყვარელ კიბის
საფეხურებს,
სახლის კუთხიდან მდინარემდე
რომ ჩადიოდა.
მიმოიხედე,
უკვე გავიდა ოცი წელი,
ლამაზი თვალი მოაშორე
წვიმის ფოთლებს და
ჩემთან წამოდი -
ხელს დაგიქნევ
ვითომ ხუმრობით.
კარგად უსმინე,
როგორ წივიან
დენის მავთულები სუფთა
ამინდში,
როგორ შემოაცვდა
შენს ოთახში გაკრულ
შპალიერს
თხელი ბოლოები,
პატარა ქოხებსაც ჩამოენგრათ
ბუხრის მილები.