Litclub.ge

ათას ერთი ღამის წერილებიდან
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედებათ ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე,მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს საღამოებს
და როგორც ვეება სალამური,
ოთახში აკვნესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტა ხნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ,კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.