Litclub.ge

* * * სულს სტკივა
სულს სტკივა, როგორც ტკიოდა უწინ
შენი თვალების ცისფერ ტკივილით,
კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი,
ქარი თვლის ფოთლებს წივილ-კივილით,
მოაფრიალებს დაცვენილ ფოთლებს
თუ შემოდგომის ყვითელ მანტიას,
შევყურებ, როგორც გამოცლილ ბოთლებს,
სამოსგაძარცულ ჩემს სიმპათიას.
ჩამოეფარა უფერო ფარდა
ფოთლების დამჭკნარ დეკორაციას.
ცრემლი სდის დარდად, დაწყევლილ დარდად
ჩემს სახელზე რგულ ხმელ აკაციას.
ნოემბრის ნისლში დაუდგამთ სეფა,
იხდიან ქელეხს, აჟღერენ ზარებს,
მოჩვენებათა სამყაროს მეფე
დედიშობილად ამოდის მთვარე.
და მის სარკეში ირწევა ქარი
და იორთქლება სარკმელის მინა,
კარს სილუეტი აეკრა ქალის
და ქარმა ჩემში დაიდო ბინა.
მოლოდინის დღეს მოეღო ბოლო
და ეხლა ქარი ვნებაში წივის,
ილუზიების მსხვრევაა მხოლოდ
ეს სინამდვილე ტკბილი და ცივი.
სულს სტკივა, როგორც ტკიოდა უწინ
განუკურნებელ ცისფერ ტკივილით,
კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი,
კენტი და... შედგა ქარი კივილით.