(კარლო კაჭარავას პოეზიის კონტექსტუალური შტრიხისათვის)
მიუხედავად იმისა, რომ "პერესტროიკის" პოეტიკური რადიკალიზმის პერიოდიდან უკვე ორი ათეული წელი გავიდა, საქართველოში ე. წ. ენობრივი პოეზია რამდენიმე პოეტით არის წარმოდგენილი. ესენი იგივე პოეტები არიან, რომელთაც 80-90-იანების გასაყარზე ენობრივი პოეზიის პირველი ტრადიციები განავითარეს თბილისში.
მანამდე, როგორც ხრუშჩოვის "ოტტეპელის" აპოთეოზი, საქართველოში პირველი პოეტური ლიბერალიზაცია ვერლიბრის ტრადიციების შემოტანით და მალევე გაოფიციალურებით აღინიშნებოდა. თუმცა ეს მიმდინარეობა არ ყოფილა ტრადიციულ ენობრივ თუ მხატვრულ ფორმათაგან მკვეთრი გადახვევა, განთავისუფლდა სტრიქონი, ზომა, რიტმი. არ განთავისუფლებულა სიტყვა, ერთის მხრივ, და "ფურცლის გვერდი" _ მეორეს მხრივ, ანუ 70-იან წლებში პოეტებს არ უწარმოებიათ რევოლუციური ფორმალური ძიება სემანტიკაში ან სემიოტიკაში. ძიებაში ლინგვისტურ კვლევას არ ვგულისხმობთ, რაც ხშირ შემთხვევაში არც გვხვდება პოეტების გამოცდილებაში.
დღეს ახალგაზრდა თაობა გარკვეულწილად რევიზიონისტულ ტენდენციებს ამჟღავნებს _ უბრუნდება კონვენციურ ლექსს ან ვერლიბრის დაკანონებულ ფორმებს და კლიშეებს.
მსგავსად "ცისფერყანწელთა" და მათი გარემოს მოდერნისტული პერიოდისა, სსრკ-ს დაისზეც ქართული პოეზიის ნაწილი ირჩევს არტისტულობას, დასაზღვრული ლიტერატორობის სანაცვლოდ. ესეც ერთი რევოლუციური პარალელია. ბუნებრივად ჩნდება ირონია, ცინიზმი, გათამაშება, ციტირება და თვითციტირება, კომენტირება, აბსტრაქცია, სოციალური და პოლიტიკური კომენტირება. სწორედ ამ დიფუზიური ესთეტიკური ნიშნებით ეს პერიოდი უფრო პოსტმოდერნისტულ ხედვებთან იგივდება.
ვერ ვიტყვით, რამდენად გლობალური იყო საბჭოეთის ირიბი გავლენა მსოფლიო კულტურის სოციოლოგიურ სურათზე, მაგრამ ეს ორი თანხვედრა სსრკ-ს დასაწყისში და დასასრულისას ორივე ნახევარსფეროსთვის აშკარაა. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენში გამოტოვებულად მიიჩნევა რიგი პერიოდებისა დასავლეთის ესთეტიკის ისტორიიდან.
"პერესტროიკის" პერიოდის ქართული რადიკალური პოეზია რევოლუციური იყო იმ ნიშნითაც, რომ მან პირველხარისხოვნად შემოიტანა ენობრივი პოეზიის პრეცედენტი ყოველგვარი თეორიული დისკუსიის გარეშე. შესაბამისად, ამ დროს პირველად გამოჩნდა ტექსტის გადახრა ექსპოზიციისკენ, ანდა თვითდესკრიპციისკენ. სახელები, რომლებიც მაშინ გამოჩნდა ქართული ლიტერატურის სცენაზე (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან რეპრეზენტაციები უფრო შეეხებოდა საბინაო შეკრებებს, ქუჩებს, გამოფენებს, უნივერსიტეტის აუდიტორიებსა თუ თვითგამოცემებს), სრულად წარმოაჩენენ ამ რადიკალიზმის შესაძლო სპექტრს. თუმცა, ეს ტენდენციები მათ შემოქმედებაში მხოლოდ განვითარებაში გამოჩნდა უფრო სისტემურად, ან სტილის სახით.
რატომ ენობრივი პოეზია? მისი განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანი ისევ კარგად ნაცნობი სახელოვნებო საკრალიზაციაა. პოეტიკა, არა როგორც გრძნობების გადმოცემის საშუალება, არამედ როგორც ხედვის ინსტრუმენტი, სადღაც უკვე არსებული პოეტიკის, უკვე არსებული ისტორიის აღწერა. ენობრივი პოეზიის პირველ მახასიათებლად უნდა დასახელდეს სწორედ ასეთი ფორსირებული მოთხოვნილება ნაკლებ სუბიექტურობაზე. და პოეზიის მთელი ისტორიაც ხომ სწორედ სუბიექტურობის უწყვეტ შემცირებაზე მოგვითხრობს. როგორც პარადოქსი, ასე ხორციელდება ხელოვანის ნება, მაგრამ ასეთი სახელოვნებო იმპერსონალური ინდივიდუალიზმი არც სუბიექტივიზმის გამართლებაა და არც მისი სტიმულატორი.
საწყისი სქემისთვის, სემიოტიკური ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ყველაზე რადიკალურად კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება უნდა დასახელდეს, როდესაც იგი არც უწოდებდა საკუთარ მოღვაწეობას პოეზიას. მისთვის, ცხადია, უცხოც იქნებოდა ლირიკულ-რომანტიკული სუბიექტივიზმებისგან აუცილებელი საპროგრამო განთავისუფლება, რაც, ჩვეულებრივ, პოეტის სტილისტური დადგინების აუცილებელი ატრიბუტია. მისი ტექსტები გაფანტული იყო მისსავე ფაბულარულ ნახატებში, კრიტიკულ რემარკებში და ესსეებში, საგამოფენო პავილიონებში, გამოუქვეყნებელ ლექსებში და დღიურებში. თუმცა მოსკოვის კონცეპტუალიზმის ტრადიცია, ჯერ კიდევ "პერესტროიკამდე" არსებული, იწვევს გარკვეულ პარალელს, მაინც ვერ ვიტყვით, რომ კარლო კაჭარავა კონცეპტუალისტი იყო. ამის დადასტურებაა ისიც, რომ დღეს მისი პოეზიის რეპრეზენტირება ისევ ტრადიციულ სალიტერატურო ფორმებში ჩანს ბუნებრივი: აუცილებელი დეტური ლიტერატურაში რეალური ადგილის მოსაძებნად.
კარლო კაჭარავას ლექსები მისი ფაბულარული სურათების მოკლე შინაარსს ჰგავს, ან კინოსურათების სინოპსისს. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ეს ლექსები ვერლიბრს მიეკუთვნება, ან ლექსებს პროზაში, მაქს ჟაკობის ტიპის. აქ უფრო დიდი წილია მოთხრობისეული სიუჟეტისა, არაკანონიკური ჰაიკუს ფორმით გადმოცემული. სრულიად არაპოეტური თხრობა, სადაც მეტაფორაც და ენაც მოთხრობის სტანდარტებისგან შედგება, გარდა რიტმისა (ისევე, როგორც ერნესტ ჰემინგუეის ჰქონდა ჟურნალისტური ფრაზის ლაკონურობა, მაგრამ არა რიტმი), რაც გადამწყვეტი დეტალია მისი ტექსტების პოეზიად მოაზრებისთვის. მაქს ჟაკობის და, შესაბამისად, მოდერნიზმის უნებლიე ასოციაცია მხოლოდ ადასტურებს, რომ კარლო კაჭარავა პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის თანმიმდევრული და სტილზე მომუშავე პოეტია, და არა სალონური მოდერნიზმის, რაც ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ქართული ვერლიბრის წიაღში.
პოსტმოდერნიზმი იყო ის ნიშანი, რის საფუძველზეც მოხდა ქართული "პერესტროიკის" პოეზიის იდენტიფიცირება დასავლეთის პროცესებთან, ისე, რომ, მოსკოვისგან განსხვავებით, ჩვენთვის უცხო და გამოტოვებული აღმოჩნდა მთელი რიგი პერიოდები, კონცეპტუალიზმის და სტრუქტურალიზმის ჩათვლით.
საინტერესოა, რომ მიუხედავად ამ ვაკუუმისა (რომლის შიგნითაც, უნდა საბოლოოდ ვაღიაროთ, შეიქმნა უნიკალური ტრადიცია ქართული საბჭოთა პოეზიის, რომელიც ლირიკის მაღალ ნიმუშებს მოიცავს და არა ვითომდა პარტიულ კონიუნქტურას), თბილისში დათო ბარბაქაძე წლების განმავლობაში იკვლევს საკუთარ სტილს ტიპიური დეკონსტრუქტივისტული მეთოდებით. თუ კარლო კაჭარავას არასოდეს განუცხადებია ხმამაღლა საკუთარი პოეტობის შესახებ და, როგორც ვთქვით, შესაძლოა ეს თვითონაც არ სცოდნოდა, დათო ბარბაქაძე სრული საპროგრამო მოტივირებით იწყებს და განაგრძობს საკუთარი პოეზიის სემიოტიკურ კვლევას, ლირიკის და ლოგიკის, რომანტიციზმის და ალგორითმის ურთიერთგადაკვეთის შინაარსების და ფორმების მოძიებით. მისი ლირიკულობა გრამატიკის წიაღიდან მოდის, გენერირებადია, ისევე როგორც მისი რამდენიმე ასეთივე ფორმალური ექსპერიმენტი კომბინატორიკასა და გენერატიულობას შორის.
სწორედ ამ ნიშნებით დათო ბარბაქაძის პოეზიის სამყარო მთლიანად ენობრივია, თვით ყველაზე ლირიკული მიძღვნები. ასეთი მიძღვნების დროს ხედვა იმდენადვე უჩვეულოდ ინტრავერტულია, რამდენადაც ბუნებრივადაა გარეთ მიმართული, ადრესატისაკენ მიმართული. შეიძლება ზოგჯერ ინტრავერტულობის წილი მნიშვნელოვნადაც იზრდება და შებრუნდება არა დანახულისკენ, არამედ დამნახველისკენ, თვითონ ხედვისკენ, მისი გამომხატავი ენისკენ, დროის პლასტებისკენ და ამ ყველაფრის ენაში არსებობის ადგილის ძიებისაკენ _ ისე, რომ ადრესატი და მისდამი გაგზავნილი ლირიკული ტექსტი არ იკარგება, შეიძლება უფრო ძლიერდება კიდეც. ბარბაქაძის რომანტიციზმი საკუთარ თავში პარადოქსულად აერთიანებს ლირიკულ ხასიათს, გრამატიკულ დეკონსტრუქტივიზმს და ენობრივ აბსტრაქციას.
ბოლო ექსპერიმენტებში დათო ბარბაქაძემ სცადა პოლიტიკური და ფილოსოფიური მეტყველების მთლიანი ჩანაცვლება პოეზიის ადგილზე, ისევე როგორც სინტაქსის კომბინატორიკის ექსპერიმენტები ჰქონდა ადრე, როდესაც ფრაზის ვერსიები მთლიანად იკავებდა ვერსიფიკაციის და ლექსის სხეულს.
ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაში ასევე მაღალია აბსტრაქცია. როგორც ეს ადრე აღგვინიშნავს, ბუნტის მითოლოგია, იგივე ამბოხების ეს აბსტრაქცია რთველიაშვილის პოეზიის ღერძია. ეს პოეტიკა მთლიანად აჯანყების არისტოკრატიულობაზე მიგვანიშნებს. ყველა ასეთი ექსპერიმენტი შეიძლება სოციალურ და პოლიტიკურ კრიტიკად განვიხილოთ, და არა პირად ან სუბიექტივისტურ საჩივრად. თუმცა საჩივარი საკუთარ ორიგინალურ სემანტიკასაც იბრუნებს ხოლმე. მისი საჩივარი ხშირად აგრესიული და აუცილებლად აბსტრაქციის და დაურწმუნებლობის კონტექსტშია მოცემული. ამ მხრივ, ზურაბ რთველიაშვილი ერთადერთი პოეტია ხსენებულ ჯგუფში, ვინც ენობრივ პოეტად რჩება მაშინაც კი, როდესაც პოეზიისთვის არაკუთვნილ სივრცეს იკვლევს: შანტაჟის და პოლიტიკის. მით უმეტეს, მეტად რთულია, თავისებურად ორმაგ ამოცანას ჰგავს, როდესაც ენობრივი პოეზია ერთდროულად ახერხებს თავისთავში ამყოფოს ლირიკაც და რადიკალური კრიტიკაც.
ლექსში შინაარსობრივი ვექტორი სხვადასხვა მხარეს მიემართება, მოულოდნელად წყდება, მთავრდება გაურკვევლობით ან გაურკვეველი ტრანსკრიპციით, ძახილის ნიშნით. სხვა დამახასიათებელი პოსტმოდერნისტული ნიშნები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აქაც საერთოა (თუნდაც რად ღირს, რომ ამ ყველაფრის ფონზე მისი ლექსები უმეტესად გარითმულია და კონვენციური ზომის). შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ რთველიაშვილის პოეტიკა დიდი ქართველი და რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის ტრადიციის, მისი სამოქალაქო და ფუტურისტული ლირიკის პოსტმოდერნისტული გაგრძელებაა, რისი ანალოგიაც ადვილი მოსაძებნი არ არის დღევანდელ გარემოში _ სწორედ ისევ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი დეცენტრალიზებული ლიბერალიზმითა და ტოლერანტობით გამოწვეული მორიდებულობის გამო. ასეთი რადიკალური კრიტიკა მოდერნიზმის შესანიშნავ კვალს ატარებს.
ყველაზე ლიტერატურული და, შესაბამისად, ნაკლებად მოსახელთებელი ამ ენობრივ ჯგუფში შოთა იათაშვილია. დაუკვირვებელი მკითხველისთვის კავშირი ნათელი არ არის. იმავე კატეგორიაში შეიძლება მოთავსდნენ ბადრი გუგუშვილი, ელა გოჩიაშვილი და ნინო დარბაისელი. ცხადია, ეს პოეტები შესანიშნავი ვერლიბრისტები არიან, მათი სტილი, მათი არსებობის წესი საკმარისზე მეტად ლიტერატურულია. და სწორედ ეს საკმარისზე მეტი ლიტერატურულობაა, რაც მათ შემოქმედებას ენობრივი პოეზიის სტანდარტისაკენ გადახრის.
ეს "ლიტერატურულობა" არ არის წმინდა და მარტივი, როგორც ეს ერთი, ორი ან მეტი შეხედვიდან ჩანს. იმიტომაც არის მათი ნამდვილი ესთეტიკური კრედოს მოხელთება ძნელი, რომ აქ თვითონ ლიტერატურულობაა, ვერლიბრის ვერსიფიკაციაა მათი პოსტმოდერნისტული აპელირების თემა. ყველაზე ძლიერად შ. იათაშვილთან და ნ. დარბაისელთან არის გამჟღავნებული სიმულაკრის (და არა მხოლოდ სიმულაციის) თეორია, საპირისპიროდ ბარბაქაძის ინდექსების შემცვლელი პოეტიკისა ლიტერატურასა და სხვა ჰუმანიტარულ დარგებს შორის.
ეს მომენტი ყველა რადიკალურად ნ. დარბაისელის ცნობილ თვითკომენტირებულ ლექსში ან მის სხვა სტრუქტურალისტური მეთოდებით შედგენილ პოეტიკებში გამომჟღავნდა.
ბადრი გუგუშვილი და ელა გოჩიაშვილი მაინც უფრო მეტად ტრადიციის მხარეს დარჩნენ, მათთან "სამშობლო" ხშირად მართლაც საზოგადოდ მიღებულ სემანტიკას ემთხვევა. ბადრი გუგუშვილს, ისევე როგორც დალილა ბედიანიძეს, ჰქონდა ძლიერი იმპულსი პუბლიციზმის ტოტალური შემოტანისა ლექსის, პოემის სხეულში. ელა გოჩიაშვილი ძალზე საინტერესო ლირიკოსია საკუთარი ორიგინალური იმაჟინისტური სახეობრიობით, კლასიცისტური რევერანსით, ნატიფი იდეალიზმით. მისი ენობრიობა ოდესღაც არსებული რუსული ტრადიციის შესანიშნავი პასტიშია.
გიორგი ბუნდოვანის სახელი ამ ჯგუფის უძველესი შემადგენელი ნაწილია. მართალია, მისი ლექსები ნაკლებ კავშირს ამჟღავნებს მისსავე ადრეულ პოეტიკასთან, რომელიც ასევე შესანიშნავი პასტიში იყო ბოდლერის, საშინელებათა დეკადანსის, პათეტიკური სუბიექტივისტური ნეგაციის, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი ლექსები მონოტონურობასთან და მხტვრული აქსესუარების თითქოს გაუბრალოებასთან ერთად უჩვეულო პოეტიკურ პროგრესირებაზე მიუთითებენ, რისი გამოკვლევაც ჩვენი დღევანდელი სტატიის სტანდარტული კვლევის საგნებს სცდება. აქ არის პოეტური სათქმელის სოციალურ სათქმელთან გაიგივებაზე მეტყველება, ნარცისიზმის ტრაგიკულობით აღბეჭდილი ელეგიურობა, დაუსაბუთებელი პრიმიტივიზმი, ქუჩის, სტატისტიკისა და საგაზეთო მეტყველების არევა, სადაც ეს ყველაფერი შესანიშნავი არტისტული ტრანსფორმაციაა მისთვის საყვარელი ედგარ ალან პოსეული პირქუში ტრადიციის.
ამ მცირე წერილით შევეცადეთ დაგვეხატა მოკლე სამუშაო სურათი ერთი ახალი ლიტერატურული ტრადიციისა, რაც დროთა განმავლობაში მეტი კვლევითი და შემოქმედებითი ინსპირაციის საფუძველი გახდება. უბრალოდ, ლიტერატურის ისტორია მას საკუთარ ერთ-ერთ აუცილებელ იარაღადაც აღმოაჩენს.