ისევ სანთლისფრად აყვავდა შინდი,
მზით დაიქარგა მინდვრების კიდე,
წუთისოფელი თავის გზით მიდის,
მე კვლავ ჩემეულ ბილიკებს მივდევ.
სხვის შესახედად ყელსაც ვიღერებ,
ვეკეკლუცები ფარფატა ნისლებს,
მაგრამ, ხომ იცი,
რასაც ვიმღერებ,
შენზე ტირილი იქნება ისევ.
ვლაღობ, -
მტერს ვაყრი თვალებში ნაცარს,
ოქროქსოვილის მოვიხდენ რიდეს,
ღამით კი თავქვეშ,
სასთუმლის ნაცვლად,
ცრემლებით სველი აბჯარი მიდევს.