Litclub.ge

* * * დაგვიანებულ კარიკატურას
დაგვიანებულ კარიკატურას,
ომნიბუსით მოარულ გულაღრძნილობას,
ადამიანთა ურთიერთგათქვეფის ლოგიკურ გარდასახვაში
უამინდობის ცისკიდეზე ზეაღმართულ შენს ეგზალტაციას
და ღამის ნათებას,
დედამიწის წელზე შემორტყმულ პროსპექტებს,
რომლებზეც ჭიანჭველებივით დავდივართ
და მოდუნებულ მზერას მიაპყრობ
დაგვიანებულ კარიკატურას შენი გათვითცნობიერებული კრიტიკით
საკუთარი თავისადმი,
როგორც ომნიბუსებში საერთო გულაღრძნილობის პიკს,
ადამიანთა ურთიერთდადაღვის ხელმისაწვდომობის გარდუვალობას
და ცად ატყორცნა გინდა
შენი სხეულის ვარსკვლავთა ურთიერთმიზიდულობასთან
საზიარებლად,
რომ გადააბიჯო საკუთარ ნერვებს,
რომლებიც დიდ პროსპექტებზე, როგორც ძაღლები,
ისე დარბიან
და მოულოდნელი დაღამებით გატანჯულები,
ელიან სულიერ სიმშვიდეს,
ურთიერთაღრევის გადამდები ვირუსისგან შელახულები
გაყმუიან, ცის კიდემდე და ელოდებიან ეგზალტაციას,
დაგვიანებულ კარიკატურას რომ გაექცნენ,
თვითგვემის.