ვუძღვნი ძმის, ბერმონაზონ
ანდრიას სულს
ჩვენ მარსიანის სახელოსნოსთან ვიდექით. მაშინ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით: მე, გივი ადრეული, კანტი ბერეკაშვილი, მანანა ღურჭუმელიძე, ზურაბ დათუაშვილი, კოსმოსაც კი, და თვითონ მარსიანი. ქუჩაში ხალხი მიდი-მოდიოდა. მე ლოტის ცოლს ვიხსენებდი. "ლოტის ცოლი ერთ-ერთი პირველი ბედნიერი ქალია ამ სამყაროსი", - ვფიქრობდი მე. ვიღაცის მზერა ვიგრძენი. "მეორედ მოსვლის თემაზე ვმუშაობთ", - ვუთხარი და ახლობლებს გადავხედე. ისინი მუსაიფობდნენ. "ეგ არ მიკითხავს", - მითხრა იმან. მე მაჯაზე დავიხედე. დღეს დილით დიდხანს ვეძებე საათი, თურმე მაჯაზე მქონია. - "დრო არ მაინტერესებს", - მითხრა იმან.
- რა ნაცნობი სახე აქვს, - ვიფიქრე მე, - რა ნაცნობი.
- იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? - მკითხა მან და როცა მის უმოძრაო ბაგეებს დავაკვირდი, მაშინღა მივხვდი, რომ ჩვენი დიალოგი შინაგანი მეტყველების გზით ხდებოდა.
- არ ვიცი, - ვთქვი ფიქრის ენაზე, - ორმოცდაათი? ათი რომ აღმოჩნდეს?
ნაცნობი სახე აქვს, ვფიქრობდი მე, თუმცა პირველად ვხედავდი ამ კაცს ამ ქალაქში. როცა მის შუბლს შევხედე, ამეკვიატა ფიქრი, რომ ამ შუბლში ოდესღაც რამდენიმე ეკალი იყო ჩატეხილი.
- მხოლოდ ათი?
- არ ვიცი, იქნებ ოციც და ოცდაათიც.
- შენ მათთანა ხარ?
- "არ ვარ მათთანა", - ვიფიქრე და მერე ხმამაღლა ვუთხარი, - არ ვიცი სად ვარ, მე მგზავრი ვარ, მე მივდივარ...
- უკან არ მიიხედო - გამაფრთხილა მან და პირი იბრუნა.
- ვინ იყო? - თქვა გივი ადრეულმა - რაღაც არ დამინახავს ეგ ტიპი ამ ქალაქში.
- არ ვიცი, საათი იკითხა, - ვუთხარი მე.
- რა მონაკვეთი აიღეთ? - თქვა მარსიანმა და ჩვენ შემოგვხედა.
- ლოტის სცენა, - ვთქვი მე, - გივი ადრეული ლოტს ითამაშებს. მე ლოტის ცოლი ვარ.
გივი ადრეულმა მხრები აიჩეჩა. ის ამ საქმეს არასერიოზულად მიიჩნევდა.
"აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში. დიდია შენი წყალობა, ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო. აგერ ეს ქალაქი..." _ ვთქვი ლოტის რეპლიკა.
* * *
ტანკები გომორიდან შემოდიოდნენ. ტანკებზე შავლენტწაკრული ავტომატიანი ბიჭები ისხდნენ. - "გაიქცა თქვენი მეფე კურდღელივით!" - გვიყვიროდნენ ისინი. მერე მარცხენა ხელით მარჯვენა ხელის იდაყვს იჭერდნენ და ამ მარჯვენა ხელს იქნევდნენ. მე არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ხელის ქნევა, მაგრამ მათი სახის გამომეტყველებაზე ვხვდებოდი, რომ მუქარა იყო. ისინი გომორიდან მოდიოდნენ, ჩვენ სოდომელები ვიყავით, ჩვენ ერთი ხალხი ვიყავით. სად მოდიოდნენ?
- უნდა ავიყაროთ, - თქვა ლოტიმ, - წავალთ და ცოღარში დავსახლდებით, ცოღარი ხო ჩვენი ბონკოა. ქუჩაში ვეღარ გაივლი, ისე ყარს ეს ქალაქი. მობრუნდება ჩვენი მეფე და ასეთი სიმყრალე აღარ აუვა სოდომს, მაშინ დავბრუნდეთ.
- სოდომის მეფე რომც არ დაბრუნდეს, მარადიული სამართალი დაბრუნდება დედამიწაზე. ნუ ჩქარობ, - ვუთხარი მე, - დავრჩები, მიჭირს ამდენი აბარგება-დაბარგება. სახლი ვარ. მე ჩემი ბინადარი მყავს. ცოდვაა ჩემი ბინადარი. მეც ცოდვა ვარ.
- რა სახლი, რის კომუნალური განყოფილება. შენ ისევ მირანდულინოს1 გაჩენას აპირებ? ადგები და მოიცილებ!
- ის პატარა წურბელაა, - ვუთხარი მე, - ნუ მოვკლავთ პატარა წურბელას. ისიც გვეყოფა, ჯვარდაუწერლად რომ ვცხოვრობთ ერთად.
- აღარ გვინდა ზედმეტი მირანდულინები. მაყვალას ვამკითხვინოთ და ემმანუელი შევიძინოთ ერთი. ეგ მოიცილე.
- ნუ მოვკლავთ პატარა წურბელას, ის თეთრი შროშანი გახდება და გულებს გაგვიხალისებს მერე.
- აღარ მინდა კაბიანები, ადგები და მოიცილებ!
ამის შემდეგ ჩვენ მალე ავიყარეთ სოდომიდან და ცოღარ-ბონკოში დავსახლდით.
* * *
ლოტის კოშკი ცოღარ-ბონკოს შემაღლებულ ფერდზე იდგა. ამ სოფელში მხოლოდ ნადირეები ცხოვრობდნენ. სამგუნება-სამგუნეშური წარმომავლობის კოზოლიებად ხმობილი ეს ტომი სამი საუკუნის წინ ჩამოსახლებულიყო რაჭიდან ბონკოში. ბონკოს ერთ მხარეს სოფელი კამბეჩურე ესაზღვრებოდა, მეორე მხარეს სოფელი ბაბუეშვილები. მე არ ვიცოდი, რატომ ერქვა ამ სოფელს კამბეჩურე. კამეჩი მხოლოდ იმ კამბეჩურელს ენახა, რომელსაც დიდი ჭყონის გზაზე ემგზავრა. არც სოფელ ბაბუეშვილების ეტიმოლოგიურ კვლევას შევდგომივარ. ჩემმა მეხსიერებამ ღრმად ჩაიბეჭდა კარლო, მურმან, კოლია, რაჟდენ და ტოტოლიკო ნადირეთა სახეები. კოლექტივის ყოფილი თავმჯდომარის, რესტორან "ბონკოს" მერიქიფის, მოწინავე ბრიგადირის, სასურსათო მაღაზიის გამგე-გამყიდვლის და ცნობილი მებუხრის, რომელთა წიაღიდან იშვა ჩემი ქმარი - ახალგაზრდა დეტექტივისტი და დამკრძალავი კომისიების უცვლელი წევრი - ლოტი ნადირე. ნადირეები ელფერითაც ჰგავდნენ ერთმანეთს - ოღონდ სანამ ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ჟინჟღილივით ჰქონდათ სახეები ანთებული. მაგრამ როგორც კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაინაცვლებდნენ, რაც ძირითადად მომეტებული ღვინის სმისგან ემართებოდათ, ისინი სხვადასხვა ელფერს იძენდნენ. ნაცრისფერს, მოყვითალო-მომწვანოს, მოწითალო-მოლურჯოს და სხვა.
უძრავ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფ ნადირეებს გივი ადრეულმა საუკეთესო ლექსი მიუძღვნა. მე მიყვარდა ეს ლექსი და ხშირად მაგონდებოდა ხოლმე მისი სტრიქონები:
მზე მიდიოდა! თბებოდა
ქარებქვეშ ნათლისმცემელი.
ბონკოსთან, მუხის ნეშოზე
გორილა მოკვდა ბებერი!
არც ძმამ იტირა, არც დედამ,
არც დარჩა დამტირებელი,
ბონკოსთან, მუხის ნეშოზე
გორილა მოკვდა ბებერი.
რაც შეეხება ამ გვარისა და ამ გვართან სისხლით დაკავშირებულ ქალებს, ისინი ცნობილი იყვნენ კუდიანობით, მისნობით, ოცდათხუთმეტი-ორმოცი მოშლილი მუცელით და ღამღამობით კატებად ქცევით. თუ არ ვცდები, ზოგიერთი ცოცხითაც მოგზაურობდა მარშრუტით: ბონკო - პლანეტის შიგა კოსმოსი - გარესკნელის ბნელი - ბონკო. ცოცხებს კი მართლა სანაქებოს აკეთებდნენ ბონკოელი ქალები.
კოშკს ქვემოთ პატარა მდინარე ბონკო მიედინებოდა, რომელსაც ჩემი წიგნის "ასფალტის ყვავილების" რამდენიმე ლექსში ვიხსენიებდი.
კოშკის შენება რომ დაიწყო, სიხარულით აღარ ვიყავი, მოუთმენლად მოველოდი მის დამთავრებას. ვფიქრობდი - უკვე მქონდა სახლი.
მე და მირანდულინები გაულესავ პალატში ვცხოვრობდით. ლოტი მამის - ტოტოლიკო ნადირეს მიერ აშენებულ დიდ სახლში იძინებდა, სადაც მას ნადია ნადირე ძილის წინ ამ სოფლის ზღაპრებს უყვებოდა ხოლმე. ზოგი ზღაპარი ათასჯერ მაინც ექნებოდა მონაყოლი ნადია ნადირეს, მაგრამ ლოტი სიამოვნებით უსმენდა მშობლიურ ტყუილს. თუ ლოტი რამეს იტკიებდა, ან ლოთობის გამო ჰყავდა იგი მაყვლის ბარდებში მოკვლეული დედე2 ნადიას, მაშინ ხელფეხდაკაწრულს შეულოცავდა: "ანანია, მანანია, ხელს მოვუსობ _ წამალია, ჩემი ხელი წამალია, მორჩენია, მორჩენია, სხვაგან აღარ გაჩენია, ამ ბაღანას სატკივარი სხვაგან აღარ გაჩენია, ყორფელები მორჩენია". ამის შემდეგ თუ იგი გუნებაზეც იყო, რაც ტოტოლიკო ნადირეს წასვლის გამო იშვიათად ხდებოდა ხოლმე, იმპროვიზაციებსაც ასრულებდა ფანდურზე. მირანდულინებს განსაკუთრებით მოსწონდათ ერთი:
"ფანდურ-ფანდურ კეკეჩია,
ბებიას მსხალი ბეღელშია,
ბებია ჭამს და მე ქე მშია,
შენ დაუკარ კეკეჩია..."
მირანდულინებს ბოლო სტრიქონი კიდევ უფრო განსაკუთრებით მოსწონდათ. როცა ნადია ნადირე შესძახებდა: "შეენ დაუკარ კეკეჩია..." მირანდულინები ერთმანეთს კისკისით გადახედავდნენ, შეხტებოდნენ და პატარა ფეხებს იატაკზე დააბაკუნებდნენ.
- დე, მასწავლე რომელიმე შელოცვა - ვუთხარი ერთ დღეს ნადია ნადირეს.
- დაჟეი! - მითხრა მან. მე დავჯექი.
- კალთაში ჩეისუამ, გულზე მიიხუტებ, ბაღანა თუა, კაცი თუა კალთაში ვერ ჩეისუამ, ეგობა გათბეს და კიდო სხუაი მოგთხუოს.
- გასაგებია. კაცს არ ჩავისვამ კალთაში, - ვუთხარი მე, - მერე?
- მერე, რო ჩეისუამ ბაღანას, მკრთალად ჩამოუსობ შუბლზე ნახშირს და იტყვი: დასწერე, ღმერთო, შენი კაი პირიჯვარი, გარასახე შენი მარჯვენე მკლავი. ნახშირწასმულ ბაღანას რომ შეხედავ, ხომ გეწყინება? - ისე ეწყინება მის ავი თვალით შემხედავს.
მერე მივხვდი, შელოცვები და კუდიანობა არ იყო ჩემი საქმე.
პალატში ერთი ვიწრო საწოლი გვედგა. შიგ მე და სამი მირანდულინო ვიძინებდით. ხანდახან საღამოობით ნადია ნადირე გადმოდგებოდა ფერდზე და მოზრდილ მირანდულინებს ტოტოლიკო ნადირეს დიდ სახლში პატიჟებდა, მაგრამ მირანდულინები ბუზღუნებდნენ და ძილს აგრძელებდნენ. მათ ჩემთან ყოფნა ერჩივნათ.
ხანდახან პალატის კართან დაზვერვაზე მოდიოდნენ ერთ დროს შინაური, შავი, თეთრმუცლიანი დიდი გველები. ისინი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ჩემს საქმიანობას.
- რძის სუნზე მოდიენ დია, წყალი დოუდგი მიწაზე, დალევენ და წავლიენ თავ-თავის გზაზე, - მითხრა დედე ნადიამ, - ეგი რაა, შენ ტაბაყუროში უნდა ნახო რამხელებია, რავარც ძაღლები, ისე ყავსყენ ინაშოურში შინაურულად.
საღამოობით თავგამეტებით ვკითხულობდი ფსალმუნებს. არ ვაქრობდი შუქს, ვწვებოდი კედლის მხარეს, თუ გველი ამოჰყვებოდა კედელს, მთლად დახარჯავდა ჩემზე შხამს და აღარ დარჩებოდა მირანდულინებისთვის.
* * *
- სიდიმის მეფე დამესიზმრა, - თქვა ერთხელ ლოტიმ, - თითქოს მოკლეს და მერე მთაწმინდაზე დამარხეს. მოდი, "ჩემო კარგო ქვეყანა" ვიმღეროთ!
- მთაწმინდა რა შუაშია, ან სიდიმის მეფე საერთოდ, - ვუთხარი მე. მერე ავდექით და ვიმღერეთ "ჩემო კარგო ქვეყანა".
ცოტა ხნის შემდეგ მართლა გავიგეთ სიდიმის მეფის სიკვდილის შესახებ. შუაღამე იყო, ლოტი საიდანღაც მთვრალი დაბრუნდა. "სიდიმის მეფე მოკვდა", - თქვა მან.
- ის ზეცის კაცია, - ვუთხარი მე, - ის დაბრუნდა ზეცაში.
- დაფნის გორზე უნდა ავიდე, - თქვა ლოტიმ, - ტოტოლიკო ნადირეს რესპუბლიკის ჰიმნი უნდა ვუმღერო.
- რა დროს დაფნის გორია, რა დროს ჰიმნია, სძინავს ქვეყანას, აგერ ვიმღეროთ ჰიმნი - გადავუდექი წინ.
- აქედან ტოტოლიკო ნადირეს ვერ გავაგონებ... - და ლოტი ქანაობითYგავიდა გარეთ. მირანდულინებს საბანი ამოვუკეცე და ლოტს გორზე გავსდიე. დაფნის გორიდან ცა ახლოს იყო. ცაზე ერთით მეტი ვარსკვლავი იყო.
- აბა, გამოაცხადე, - მითხრა ლოტიმ და ტოტოლიკო ნადირეს ბიუსტის წინ დადგმულ ქვის მაგიდაზე აქანავდა: "ტექსტი და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილისა, შესრულდება ჰიმნი - "დიდება".
- ავანსცენაზე შენ დგახარ, შენ გამოაცხადე - ვუთხარი მე.
- დიიდებაა ზეცით კურთხეულს, დიიდებაა ქვეყნად სამოთხეეს, ტურფა ივერსაა, დიიდებააა ძმობას, ერთობას, დიიდებაა თავისუფლებას. დიიდებაა სამარადისო ქართველ მხნე ერსა.
- ნუ ბღავი, დაგვიჭერენ, - ვუთხარი მე.
აქ ლოტიმ რაღაც თქვა გაღიზიანებით.3
- არ გინდა, - ვუთხარი მე, - კედელზე ყურმიდებულთა კავშირიდან მოგვაკითხავენ.
ლოტი მთელი ძალით ბღაოდა. მე არ ვიცოდი, ტოტოლიკო ნადირემდე აღწევდა თუ არა ჰიმნის სიტყვები, მაგრამ ბონკოელებს კი ნამდვილად აღარ ეძინათ.
* * *
- გახსოვს, ნაძვებზე რომ ვწერდი, მაღალ ქალიშვილებზე "ნემეზიდას მობრუნებაში"?
- მახსოვს, მაგრამ ნუ გაიხსენებ... ვერც გაიხსენებ - მითხრა მფარველმა ანგელოზმა.
- გახსოვს, კალათბურთელზე რომ ვწერდი, თამაშის დროს გაოფლილ პერანგს რომ იძრობდა და ჩვენსკენ ისროდა. იმ პერანგის სუნი მიყვარდა. თამაშის დროს შარვალი ქვევით ეწეოდა და ჭიპის გასწვრივ, თეძოზე ფართო ყავისფერი ხალი უჩანდა, უნებურად თვალები მეხუჭებოდა...
- გაჩუმდი, - მითხრა მფარველმა ანგელოზმა, - ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
- არც სპარტაკია სვანაძე გავიხსენო? - ვკითხე მე - ჩემი ფოტოსურათი 3X4-ზე თავისი მხატვრობის შედევრად რომ გამოაცხადა და ხუთი ათას დოლარად შეაფასა, ირისელი სპარტაკია სვანაძე, რომეშ ჩანდრას მეგობარი.
- არ იყო ცუდი, მაგრამ ვერ გაიხსენებ...
- მარიამ მიხეილის ასული, მისი სახლის ჭერი, ახალი ნახერხის სუნი, კარალიოკის ფოთლების წითელ ხალიჩაზე სიარული?
"ნემეზიდას მობრუნება" აკაშამ ჩაძირა. შენ მას ვერასოდეს ვეღარ აღადგენ. ნუღარ იხედები უკან-უკან, ეს ყველაფერი უკვე იყო. დედა გაიხსენე და მამა ანდრია, შენი ხელახალი დაბადება გაიხსენე.
* * *
დედა შემომეგება. ძალიან გამხდარი მეჩვენა. დამინახა და ცრემლები მოადგა. პატარა ვარდისფერი ფუთა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ეტიკეტი _ მირანდულინო ნადირე, ზომა 52 სმ, წონა 2.900 და სხვა, ჩამომართვა.
- დედა, როგორ ხარ, დედა?
- კარგად ვარ, დედა.
- დედა, ხომ კარგად ხარ, დედა?
- კარგად ვარ, დედა, ნუ გეშინია!
სახლში შევედით. დედამ ვარდისფერი ფუთა გახსნა. ამ სიცხეში ფლანელებში რამ გაგახვევია ბავშვი? - გაუკვირდა მას.
- აგვისტოში დაბადებული ბავშვის ნათქვამი მახსენდება და მე მგონია ცივა.
"სახლში სიწყნარეა. დავისვენებ ცოტას, სულს მოვითქვამ ერთ-ორ დღეს", - ვფიქრობ ჩემთვის. მიყვარს აქ ყოფნა. ტახტზე ჩამოვჯექი. ეს ტახტი ადრე მეზობლის იყო, გადაგდება უნდოდათ. გადმოვიტანეთ, შემოვახიეთ ძველი და დამდნარი ქსოვილი, ახალი დაჩითული ქსოვილი გადავაკარით, დარჩა ტახტი, არც კარგი, არც ცუდი, ტახტი იყო.
- ეტყვი? - მესმის დედის დაძაბული ხმა.
- ვეტყვი! - მესმის ძმის ხმა.
- რა უნდა ნეტა? - ვფიქრობ მე.
მოდის, ტახტზე ჯდება.
- რაღაცა უნდა გითხრა, ხომ არ შეგეშინდება?
- რაა? - ვიცინი მე, ვუყურებ, ჯერ ჭაბუკია, შავგვრემანია და ლამაზი, მამა ანდრიას ჰგავს. მამა ანდრია ოცდაშვიდი წლისაა, ეს თექვსმეტის თუ იქნება.
- მამა ანდრია... - ამბობს ის.
- რაა? - ვიცინი მე, - რას ამბობ?
- მამა ანდრია აღარ გვყავს, - ამბობს ის ხმაჩამწყდარი.
- რაა? - ვიცინი მე, - რა თქვი?
ჩვენი ვენახი გამახსენდა. ვენახში დადის პატარა ბიჭი პაატა, ახურავს პატარა სვანური ქუდი, მღერის "კაცი ვარ და ქუდიი მხურავს..." - დახვრიტეს? ვინ დახვრიტა? რომელმა სამგუნეშლებმა?
- კარგი, დაწყნარდი, დედა მოდის!
- დედა!
- არ შეგეშინდეს, დედა. ის რომ გამახსენდება, მერე შენ გამახსენდები, დედა, არც შენ ხარ მზად ამ ქვეყნისთვის.
ვუყურებ დედას. გამხდარია, მარიამ მიხეილის ასულის კაბა აცვია და კიდევ უფრო გამხდარს აჩენს ის სრული კაბა ბებიასი. უნდა თავი შეიკავოს, მაგრამ ვერ ახერხებს, კანკალებს საცოდავად.
ხომ მოვდიოდი მირანდულინოს გაჩენის მერე, როცა ვიწექი მეწამულ ტბაში, ხომ მიდიოდა ჩემი სისხლი ლურჯ ყვავილებში, ხომ მივდიოდი მაქმანებით მოჩითულ ველზე, რატომ დავბრუნდი?!
* * *
გამხდარი, ბებერი იყო ძროხა. იდგა მორჩილად. დაბრმავებული ცალი თვალი დახუჭული ჰქონდა. მგონი წლების წინ მავთულზე წამოითხარა. იდგა წყნარად და მორჩილად. მე ტკიპებს ვაცილებდი, მძულდა ტკიპები, პირველად ხელს ვერ ვკიდებდი, სამურველით ვაწიწკნიდი, მერე ბევრი და ბევრი რომ შევამჩნიე, უკვე ხელით ვაცილებდი. მეხმარებოდნენ მირანდულინები, ვაწიწკნიდით და რეზინის ჩექმებით ვსრისავდით, ვაწიწკნიდით და ვსრისავდით. მეტი და მეტი ჩნდებოდა, ვაწიწკნიდით და ვაწიწკნიდით. ძროხამ შესამჩნევად მოიმატა. მერე დუსტიც ვიყიდე და ქედზე ცოტ-ცოტა მოვაყარე. ფეხებს შორის, ზემოთ, ცურთანაც შევუსვი. ძროხამ წველასაც მოუმატა. მირანდულინებს უხაროდათ, როცა ძროხას ვწველიდი. იმათ უყვარდათ, ძროხის რძე როცა იძახდა შხაპ-შხააპ, შხაპ-შხააპ და საწველ ჭურჭელში ჩადიოდა. ძროხის რძე მეც მიყვარდა.
ვიდექი და ტკიპებს ვაცილებდი. შუადღე იყო, სიცხე, ძროხა წყლის დასალევად იყო მომდგარი. ის სვამდა, მე ტკიპებს ვაცილებდი. ლოტიმ ჩამოიარა. სარები მიჰქონდა პომიდორებისთვის.
- ნუ აცილებ - მითხრა მან, - უნდა დავკლა.
- არ დაკლა - ვუთხარი მე. მოიკეთა, - წველასაც მოუმატა.
- უნდა დავკლა. გაანებე თავი, შენც აიბარგები აქედან და სოდომში დაბრუნდები შენს მირანდულიესთან ერთად.
- მერე იქ ხომ შიმშილით მოვკვდებით? - ვთქვი მე, - პატარა ბავშვით რას გავაკეთებ?
- რაც გინდა ის ქენი, არაა ჩემი საქმე.
- ხუმრობ! - ვთქვი გახევებულმა - რამ გაფიქრებინა სისხლის და ხორცის გულიდან მოწყვეტა?!
_ უნდა მოგეშალა, ხომ გითხარი, მე ემმანუელი მჭიროდა ოჯახში. არც შენი რომანი მომწონს. ბოზობის პოპულარიზაციას ეწევი. ბონკოს წმინდა ბუნების ფონს ვერ ეხამება შენი ბინძური "ნემეზიდას მობრუნება".
- მე არაფრის პოპულარიზაციას არ ვეწევი, მე ქალზე ვწერ...
- ვერ გიტან ამ წმინდა ბუნების ფონზე. თანაც უკვე აღარაფერში მჭირდები. ყაჩაღების კვალში ვარ ჩამდგარი, რომანი მაქვს დასაწერი - "ნადირი ყაჩაღის კვალდაკვალ". თუ რამე დამჭირდება, ნადია ნადირე დამეხმარება.
- მოზრდილ მირანდულინებს რა ეშველებათ მერე, - ვთქვი მე მწუხარედ, - ვინ გაურეცხავს თეთრ პერანგებს, ვინ აჭმევს თბილ საჭმელს, ვინ შეხედავს ჩემი თვალებით?!
- რათ უნდათ ნადირებს დაბანა და გარეცხვა. ჭუჭყში და ტალახში უნდა იყვნენ ნადირები, ძროხის ხორცი უნდა ძიძგნონ ნადირებმა, უდედოდ უნდა გაიზარდონ ნადირები, სინაზე აღარ ექნება მათ სულს, სული აღარ ექნებათ საერთოდ, აღარ დაწერენ ლექსებს ფრანგულ პეპლებზე და ამედეო მოდილიანზე, აღარ დაწერენ რომანებს ბოზობაზე. უდედოები რომ იქნებიან, სისხლს აღარ აპატიებენ ერთმანეთს, გაკაწრულ ფეხებს მოაჭამენ ერთმანეთს ტურებივით, უდედოები უნდა იყვნენ ჩემი შვილები, ღრენა უნდა ვასწავლო მაგათ კაი მე და გერმანული.
- ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, - ვთქვი მე, - "ჩემი შვილები, ჩემი პატარები, ჩემი პატარა ანგელოზები", - ვფიქრობდი თავზარდაცემული.
* * *
- ბოლოს და ბოლოს წახვალ თუ არა აქედან? - მკითხა ლოტიმ.
- არა! - ვუთხარი მე.
ლოტიმ ხელი მომიქნია, მე კედელს გვერდულად მივაწყდი და ჩემი პროფილი გაულესავმა ქვებმა დაიმახსოვრეს. თავი გამიბრუვდა.
- ნუ სიმულიანტობ, - მომესმა შორიდან, - შე, კახპა! წადი ამ კოშკიდან, თორემ მთელ სოფელს გავაგებინებ, რომ ბოზი ხარ, რომ ფრანგულ პროზას ემსახურები.
- არ ვარ ბოზი, - ვთქვი მე, - არ ვემსახურები ფრანგულ პროზას, არავის პროზას არ ვემსახურები. მე ქალზე ვწერდი, ქალზე ცოტაა დაწერილი, ქალზე ტყუილებია დაწერილი. მე აღარაფერს აღარ ვწერ, მე აქედან არ მივდივარ!
რაღაცამ გაიელვა და ისევ კედელს მივაწყდი. მერე რაღაც ძალამ ჩამბღუჯა და სადღაც გამათრია. მიმათრევდა წვალებით, როგორც სიზმარში, მივყავდი, მივყავდი, მიმათრევდა ბნელში. "უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე". ბრუნავდა ჩემში. მიმათრია სადღაც. თვალი გავახილე. ბონკოს გორზე ვიყავი. ამ ადგილს დაფნის გორს ეძახდნენ ბონკოელები. მარჯვნივ სასაფლაო იყო, გვერდით სტადიონი. სტადიონს ქვემოთ დაფნები. დაფნის გორზე ბონკოელები მარხავდნენ მიცვალებულებს, მერე თამაშობდნენ ფეხბურთს და ბურთს ხანდახან ახალ მიცვალებულებსაც გადააწოდებდნენ ჰაუტში. უქმე დღეებში კი ყოფილი კოლექტივის დაფნებს კრეფდნენ ინდივიდუალურად. სტადიონიდან სოდომი მოჩანდა. ღამით, ბონკოდან სოდომი ლამაზი იყო, პატარ-პატარა ციცინათელებით ანთებული. ირგვლივ ბონკოელები შეკრებილიყვნენ, ზოგიერთი ნელ-ნელა გვემატებოდა.
- ბონკოელებო, - მიმართა მათ ლოტიმ, - ნადირები ვართ ჩვენ გვარად, სამგუნეშლები ვართ სისხლით.
- მაიმუნის ჩამომავლები ხართ თქვენ, თქვე დარვინისტებო თქვენ... - ვფიქრობდი გამწარებული.
- ნადირები ვართ გვარად, იოსები ვარ მე. აბესალომი ვარ კიდე...
- ლოტი ხარ, ლოტი! - შეახსენეს აქეთ-იქიდან.
- იოსები ვარ მე და მარიამია ეს...
- მე მარიამი არ ვარ, მე უბრალო ქალი ვარ.
- მარიამია ეს. ემმანუელი უნდა გაეჩინა მაგას და მირანდულიე გააჩინა მაგან!
- რაი, მერე, შვილი შვილია! - დაუძახეს აქეთ-იქიდან. ლოტი შეცბა.
- სამგუნეშლები ვართ სისხლით, მამრი ნადირები გვჭირდება ჩვენ!..
- რაი მერე, იგეც ქე გაჩნდება! - შემოუძახეს აქეთ-იქიდან.
ლოტი არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას და ღრენით ავარდა ტოტოლიკო ნადირეს ბიუსტის წინ დადგმულ ქვის მაგიდაზე.
- ბოზია ჩემი ცოლი, ფრანგულ პროზას ემსახურება მაგი, ფრანსუაზ საგანის სტილში წერს რომანებს. მაგისი ბოზი დაქალები ფრანსუა ვიიონს უძღვნიან ლექსებს. საქართველო დაივიწყეს მაგათ. არ მინდა ბოზებთან თანამშრომლობა! ვის გინდათ ქალი, ეთერი, მე სანადიროდ მივალო.
- აჰ! - თქვეს ბონკოელმა ქალებმა და ბურდუებიდან გამომძვრალი მუდუებივით... ბოდიში, ბურდუში გამოკვეხებული ხვლიკებივით დაკუსეს თვალები.
- ჰი! - გაიხარეს ბონკოელმა ყმაწვილებმა.
- ჩამოდი მაგიდიდან. ნუ აწუხებ ბიუსტს. არ გაუხარდება. ტოტოლიკო ნადირეს ჩემი ბოზობა. ჩამოდი და საკუთარი წირვა გადავუხადოთ შუამთის ეკლესიაში. წაიწევს წინ ნათელში და ჩვენზეც გადმოვა ცოტა მადლი. თორემ გინება და ლოთობა ბუხრის შენებაზე უკეთესი იცოდა ცხონებულმა. ჭიქების და ჯამ-ჭურჭლის ლაწალუწი მთლად უკეთესი კიდე. არც ისე ბოზი ვარ, შე კაცო, ჯერჯერობით, ჩამოდი. დავბრუნდეთ შენს კოშკში და მივხედოთ ძროხას.
- გაჩუმდი, დედაკაცო, მაგ ძროხა უნდა დავკლა!
- რას ერჩი ძროხას, იყოს, იცოცხლოს, რძეს მოგვცემს და ბაღნებს დავალევინებთ. ხბო ჰყავს თოთო, ცოდვაა, იმასაც ვუწილადოთ რძე პეტერ-პეტერაოთ.
- არ უნდათ ბაღნებს ძროხის რძე, მაგ ძროხის სისხლი უნდა ვასვა მაგათ. ხბოც უნდა დავკლა, ჩაშუშულს გავაკეთებ კაის!
- სატანისტები ხართ თქვენ, - ვთქვი გამწარებით, - წარმართები ხართ კიდე, სისხლი გიყვარიათ თქვენ, ტურები ხართ სისხლზე მიცვენილი, ავსულები ხართ ტყავგადაცმული.
- წადი, შე ქვამარილის სვეტო! - კბილებშორის გამოსცრა ლოტიმ.
- ახდა ჩემი სიზმარი, - ბრუნავდა ჩემს გონებაში, გულიც მიგრძნობდა უბედურებას, შავ-მწვანე გველიც იმიტომ დამესიზმრა. ლოტის საწოლის მხარეს, კედელზე მიხოხავდა. ჭერზე შეხოხდა, მერე იქიდან, სადაც ნათურა გვეკიდა, ჩამოვარდა და ჩვენს საწოლებს შორის მძიმედ დაეჟღვერთა.
მფარველი სჭირდებოდა ლოტს. წესით, ტოტოლიკო ნადირე უნდა ყოფილიყო მისი მფარველი, მაგრამ ტოტოლიკო ნადირე ზედა სოფლის ქვემო თემიდან ღამღამობით მატყობინებდა, ტალახში ვარო. საკუთარი წირვა სჭირდებოდა სასწრაფოდ, მე კი ვერ ვშველოდი. ბონკოში იყო ეკლესია, მაგრამ იმას ფეხსალაგად ხმარობდნენ ბონკოელები დასაფლავებებისა და აღდგომის დღეებში, ხოლო სხვა დღეებში ხორციელი არავინ შედიოდა შიგ. თუმცა ამბობდნენ - გაკვეთილებიდან გაპარული ბონკოელი მოწაფეები კარტს თამაშობენ სატრაპეზოშიო.
ფიქრებიდან გამოვერკვიე. ლოტი უკვე პოლიტიკურად ათვითცნობიერებდა ბონკოელებს. თავი ავწიე თუ არა, სიძულვილით შემომხედა.
- შენი ბრალია, რომ სიდიმის მეფე დავკარგეთ, ჩვენი თავის ყუდნება დავკარგეთ, რომ ახლა მკვდარ ზღვად უნდა იქცეს სიდიმის მთელი შემოგარენი. შენ და თირინა ხარაიშვილი რომ ერთად მდგარიყავით, თათარი ვერ მოგვერეოდა ჩვენ, მაგრამ ილია ჭავჭავაძის წასაკითხად არ გეცალა. "ნემეზიდას მობრუნების" პარიზულ ასპექტებს ამუშავებდი. მიგაბრუნებ შენს პატრონთან და წერე მერე რომანები.
_ მართალია, ეგ ყველაფერი დავკარგეთ, მაგრამ ხსნის მთავარი გზა მაინც გამოჩნდა. სულიერება გადაგვარჩენს. ეს დეპრესიაც გაივლის. მკვდარი ზღვის მიდამოებიც გაცოცხლდება. ახლა ჩვენ ჩვენში გადავარჩინოთ საქართველოები, რომლის საზღვრებსაც საქართველოს ოთხივ კუთხით მოსახლე თათარიც ვერ გადმოლახავს, ჩვენ სულიერი საქართველო უნდა გადავარჩინოთ, დიდი საქართველო, ის საქართველო გაბრწყინდება.
_ ნუ ბჟუალობ, დია, რაღაცას, წამოი სახში, დია, ნუ აცინებიეფ ამ ხალხს თავს, _ მითხრა ნადია ნადირემ.
_ აღარ მიშვებს სახლში, _ ვუთხარი მე დაძმარებულმა, _ მე და თირინა ხარაიშვილს კი არა, ღვთისმშობელ დედას არ ეყო ძალა ამ ცოდვა-მადლის გაკითხვაში.
- ნუ აყობი მაგ ბუტურეს,4 დია, შენ, წამოი სახში.
- გამოგდებული ვარ უკვე, აღარ მაქვს მე სახლი დედამიწაზე... საქართველოში...
- წეეთრეს სადაც უნდა... მაგისი დედა... - მუქარით თქვა ლოტიმ.
- ა, ხო ხედავ? - მივმართე ნადია ნადირეს, - ერთადერთ, უპატიოსნეს და განუმეორებელ დედას როგორ მიგინებს. სხვა ჩემს ადგილზე ამ სიტყვებისთვის თავს შესწირავდა მაგას.
- გაჩუმდი, ბიჭო, შენ! - დაუცაცხანა ლოტს ტოტოლიკო ნადირეს ყოფილმა თანამეცხედრემ.
- თქვენს ხელში ბოზი კი არა ტანკისტი გახდება ქალი, ნუ გაქსთ ყრალი ენა. შენც უნდა დეგეჯერებია, დია, კაციზა, უნდა მეგეშალა მაი მუცელი. მაგისთვის აგიშარდა, დია, მონები ვართ ქალები კაცების... გიანგარიშებდა მაყვალეი მთვარეზე კიდო და შეგეძინებოდათ ი ოხერი იმანულე, რავარც სხვებს შეეძინათ. მარა რაი მერე, მირანდულიეც ნადირე არაა? სა მყავს გარასაგდები ბაღანე?
- მთვარეებზე ანგარიშობენ ესენი ემმანუილების გაჩენას, სატანისტები არიან ესენი, - ვფიქრობდი გამძაფრებით, - მირანდულიების მოშორება უყვართ მაგათ თავიდან, ვითომ ხრახნია, მოხსნი და გადააგდებ. მირანდულიებში ღმერთის სულია. ის ასულიერებს თონთქლო ნაწილებს პატარა დედამიწაში. ერთი მირანდულია მაგათ ადრე მომაკვლევინეს გინეკოლოგის დანით. მე მაშინ თვალები მქონდა დახუჭული. ის კი ხორცს მაფლეთდა, ალბათ დანით გლეჯდა, ფლეთდა. მესმოდა მისი უკმაყოფილო ხმა, თითქოს ლუკმა ედო პირში. "ხომ არ შეგშლია ნარკოზი?" თითქოს რაღაცას ჭამდა. ცალი ხელით, რომელზეც რეზინის ხელთათმანი ეკეთა, თონთქლო ნაწილებს მიერეკებოდა ქვევით, სადაც ალბათ გასისხლული ჯამი იდგა, მეორეთი კი ჭამდა. მე არ ვიცოდი ზუსტად რას ჭამდა. შეიძლება ვაშლს ჭამდა.
მხრებში მოხრილი სანიტარმა გამაცილა. კარებთან პავლეს ასული მიცდიდა.
- მესმოდა შენი ხმა, - მითხრა დაზაფრულმა, - მე შენ აქ მეტად აღარ წამოგყვები.
- აქ არასოდეს არ მოვალ, - ვუთხარი მე, - აქ, ამ სასაკლაოზე.
მეგონა საკანალიზაციო არხმა წაიღო, თურმე მოწამის გვირგვინი მიიღო და დიდ მზეში შევიდა. ხანდახან ღამღამობით მოდის და ჩემს ხელისგულზე თამაშობს პატარა მირანდულია, პატარა კაბით. მერე მზის სხივის საქანელაზე ჯდება და მიდის. "არ წახვიდე, _ ვეუბნები პატარაკაბიანს, _ ნუ წახვალ". _ მიდის. ამ წამებისთვის გვირგვინი მიიღო. გაიზარდა. იქ არის და აქ დამხვდება, სამსჯავროზე. იქ დახვდება მოკლული შვილი მკვლელ დედას.
ბოლო სიტყვები თურმე ხმამაღლა მითქვამს.
ყაყანა ხმები: რა სამსჯავროზე, რომელ სამსჯავროზე?
- არმაგედონზე, მკვლელების, ქურდების და ბოზების გამოსაჭენებელ ადგილზე, - ისეთი ნიშნისმოგებით ვთქვი მე, ვითომ ეს მხოლოდ მათ შეეხებოდათ.
- თავი დაანებე მაგ ზღაპრებს და დროზე აიბარგე აქედან! - მითხრა ლოტიმ.
- წავალ, - ვთქვი მე, - აღარც მე მინდა თქვენთან ყოფნა. ძროხების დაკვლა გიყვართ თქვენ. თქვენი მოამაგე, თქვენი და თქვენი შვილების გამზრდელი ძროხების. ნორჩი ხბოების დაკონსერვება გიყვართ კიდე ქილებში. არ მიყვარია თქვენი მუცლის ამოყორვის ცქერა, ნედლი ხორცის სისხლი რომ მოგდით ტუჩების კუთხეებიდან, თქვე ნადირებო, თქვენ და გაურეცხავი ქვევრის სუნი მოგდით კანის ყოველი უჯრედიდან და გაოფლილი, ამყრალებული წინდებიდანაც კი. ღმერთთან თანაზიარი მეგონეთ მე, სიტყვა გქონდათ, მეგონა... აღარ მინდა ამდენი ნადირული სიტყვის მოსმენა. დამეღალა ყური ამდენი სიბინძურით. ღმერთის სიტყვას თუ არ იტყვით, ის სიტყვები მაინც თქვით, ქალაქში და სოფელში რომ საუბრობთ, სამსახურში, ავტობუსში, წყლის წისქვილში, მწერალთა კავშირში, დასაფლავებაზე... არ მინდა ლოთობის დროს, დომინოს ჭახაჭუხისას და დასაკლავი ღორის დაკვლის წინ ნახმარი სიტყვები. აღარ მინდა ეს სიტყვები, დამღალა ამ სიტყვებმა, აღარც მე მინდა თქვენთან ყოფნა. ბოდბეში მირჩევნია წასვლა წმინდა ნინოს საფლავის სანახავად.
გია ბერაძის ხმა: ამერიკაში გავიქცეთ, ცირა, ამერიკაში...
მე ჩემთვის: რა ჭირი მინდა ამერიკაში.
გია ბერაძე: გულის ჯიბეში
შენი მისამართი მიდევს.
მოულოდნელად მავიწყდება
რომელ ქალაქში ვიმყოფები.
ეს ისეთი გრძნობაა,
დილით რომ გაგეღვიძება
და არ იცი, სად გაგეღვიძა.
მოულოდნელად მავიწყდება,
შენ რომელი ხარ,
მავიწყდება, საღამოა თუ დილა,
პიჯაკს გულის ჯიბე
თუ აქვს საერთოდ,
იქნებ შენს მისამართში დევს
თვითონ პიჯაკის მელნისფერი ნახატი,
ან სასაფლაოს ვარდებზეა გადაფენილი...
ალბათ აქ არის გადაფენილი. ვფიქრობდი და სასაფლაოსკენ ვიყურებოდი. გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა. ჩემს თავში მაღალი ძაღლები ყეფდნენ. "მგონი მეც შევექანე", _ ვფიქრობდი სევდიანად და თვალები ცრემლით მევსებოდა.
ქორო: დამალა, დამალა, დამალა, მაგან რაღაცა დამალა.
- არაფერი არ დამიმალავს, მე ყველაფერი თქვენთვის მომქონდა, "ნემეზიდას მობრუნებაც" თქვენთვის მომქონდა, "ნემეზიდას მობრუნებაში" მე სიყვარულზე ვწერდი.
ქორო: ჯადო აქვს, ჯადო დამალა...
ლოტი: რატომ დამალე, ქალო, ქარში თეთრი მანდილი?
ქორო: ლიმონკა დამალა, ლიმონკა...
- არა, ლიმონკა არ იყო, - ჯიუტად ვფიქრობდი მე.
ხმა მარჯვნიდან: მკბენარი ჰყავს ეგობა?
ხმა მარცხნიდან: უჭირდა იქნება ქალს?
ქორო: სად მოფში, დედაკაცო, დაადევი თითი!
"ვინ არის ეს ხალხი, ვინ არის ეს ხალხი, რა უნდა ამ ხალხს?!"
გავრბოდი მძიმედ, აჩქარებული, გული ყელში ამომდიოდა, ცივი ოფლი მასხამდა, გავრბოდი...
მოვდიოდი გორიდან გამშრალი და თავჩაღუნული, იშლებოდნენ ბონკოელები წყნარი პუტუნ-პუტუნით.
* * *
ბოლო ღამეს ვათევდი ბონკოში. გრილი ღამის ქარი ასკდებოდა ცელოფანგაკრულ ფანჯარას. ვიწექი მოჭრილი ჩალასავით და გაშტერებული ვუყურებდი გაულესავ ქვებს, რომლიდანაც მწვანე გველები მითვალთვალებდნენ.
"ხვალ დილით ადრე წავალ მირანდულინებთან ერთად, _ გავიფიქრე მე, _ კარგია, რომ აქ, ბონკოში, არ ვიმარხები, წამოდგომა რომ მომიწევს, ბონკოელების დანახვა არ დამრჩება სასიამოვნოდ".
კოშკს ქვემოთ, ველზე, მდინარე ბონკოსთან კოცონი გაეჩაღებინათ ბონკოელ ყმაწვილებს. ისინი სვამდნენ, უყურებდნენ ჩემს განათებულ ფანჯარას და მღეროდნენ. შუქი ჩავაქრე. მათ ჩემი ქმრის ყოველთვის შურდათ და ახლა უხაროდათ, ბოზი რომ აღმოვჩნდი.
* * *
მივდიოდი მძიმედ. ცალ ხელში ბავშვით, მეორეში ჩანთით, რომელშიც რა ჩავყარე, არ მახსოვდა. მომყვებოდნენ მირანდულინები. ეცვათ თეთრი ქურთუკები. მათ ქურთუკებს ეწერა F. Marita. რაც ნიშნავდა ფირმა "მარიტას". ასე ჩემს არარსებულ ფირმას ერქვა. ქურთუკებიც ჩემი შეკერილი იყო და მანქანითაც მე დავაქარგე ფრანგული ასოები. ამიტომ მირანდულინები მარიტუნებიც იყვნენ და კიდევ ჩიტუნები, პატარა, დაღლილი ჩიტუნები. მარიტუნების ქურთუკებს მე ყველაზე დიდი გულმოდგინებით ვრეცხავდი და ყოველთვის თვალსაჩინო ადგილას ვკიდებდი გასაშრობად.
ჩანთა მძიმე იყო და მირანდულინები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ჩემს დასახმარებლად. ჩანთის თავზე, მსოფლიო წიგნში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან ჩამოტანილი წმიდა ნინოს ლითონის ხატი იდო.
- სად მიგყავს, ქალო, ბაღნები, სად? - მოგვკიოდა ნადია ნადირე, - აგერ არის ბაბუამაგათი დამარხული, აგეერ!
- ცოტა ჩქარა! - ვთქვი ყელში სულმობჯენილმა და პატარა მირანდულინო ნადირეს მეორე მკლავი შევუნაცვლე. მივრბოდით, მივრბოდით, გავრბოდით.
- დავტოვოთ ჩანთა! - თქვეს გულამოვარდნილმა მარიტუნებმა, - და ისე გავიქცეთ, მძიმეა!
მე ჩანთას ჩავაფრინდი. "დაიმახსოვრე, - ვუთხარი გამწარებით პატარა მირანდულინო ნადირეს, რომელიც მკლავზე განაბულიყო, - მსოფლიო მიზიდულობის კანონი დედამიწის დანაშაულებრივი კანონია".
სოფლის ცენტრში შევღოღდით. "იჯარას ფართო გზა!" - გვამცნობდა გზის პირას, ხრამთან დარჭობილი ფირნიში. ფირნიშთან გამგზავრების მოსურნე კეთილი ხალხი სოფლის ავტობუსს ელოდებოდა.
ის იყო ღრმად ამოვისუნთქე, რომ ნადია ნადირე არ ჩამოქოშინდა? მოკლედ მოეჭრა გზა და ბონკოს ზედა ვიწრო შესახვევიდან საბჭოთა ყანებში მოგუგუნე კომბაინივით გამოვარდა.
- სად მიგყავს, ქალო, ბაღნები, სად? _ იკივლა მან და ჩემკენ გამოექანა.
ის იყო მირანდულინები ჩემს ზურგსუკან მივმალე, რომ ნადია ნადირეც მეძგერა უცხოური წარმოების კომბაინივით და სანამ მე და პატარა მირანდულინო ნადირე გონს მოვიდოდით, აკივლებული მოზრდილი მირანდულინები მარწუხებით გაათრია გვერდზე.
- გაგიწყდათ პუნტყალე,5 დეგერიათ ბურსალე,6 - თქვა მან. - ვიღაცა ნინუცეის საფლავზე მიყავს ბაღნები. აგერაა ბაბუამაგათი ტოტოლიკე ნადირე დამარხული და იტირონ იგი, - უთხრა გულამოვარდნილმა მის კეთილებს, -რას დევეძებ, რამდენი ნინუცეი იქნება.
- ილოცეთ მირანდულინებო! - დავუძახე მე, - დედა ღვთისმშობელი დაგვიფარავს. მაინც წაგიყვანთ ბოდბეში.
მირანდულინებს მობრუნებული ჰქონდათ თავები და ნადია ნადირე მათ კომბაინს აქეთ-იქით გამოდებული ხორბლის თაველებივით მიაქანებდა.
- არ ჭირიათ ბაღნებს ალიბულია!7 - გაღიზიანებული ხმით დამიყვირა მან.
- მიყავდა ნინუცეის საფლავზე, - მილაპარაკობდა იგი ხმამაღლა, - რამდენ ავარდნილ ქალს საცხა სამარეს გოუთხრიენ, ყველგან ჩემმა ბაღნებმა რავა უნდა აკითხონ ამბავი. აგერაა ბაბუამაგათი დამარხული დაფნის გორზე, ტოტოლიკე ნადირე და იტირონ იგი. მარა არც იმას ვატირებიეფ ბაღნებს, ძაღლი მიაკვდება ტოტოლიკეს ჩემს ამ ჯაჯახანიაში დატოვებისთვინ.
- ცოდვაა, ეშინია ბაღნებს არ მოუვიდეთ რამე, - მითხრა ცენტრში მდგარი კეთილებიდან ერთ-ერთმა.
- რა უნდა მოუვიდეთ წმინდა გზაზე? ეს სოფელი კი მარადიული სიკვდილით ემუქრება ჩემს მირანდულინებს, - ვუთხარი იმ კეთილს.
- რაი, რაიი? - თქვეს მათ.
ვიცოდი, ჩემი თვალები ამღვრეული იყო და დავხუჭე. "ნეტა არასდროს გამახელინა", - ვიფიქრე მე.
* * *
ჩემს კუბოში8 კოსმოსას ახალ წიგნს წავაწყდი. ყდაზე მარსიანის ნახატი იყო. "აიმანო, რომელი აიმანო?" გადავშალე, თავფურცლის ნაწილი ვიღაცას მოეხია. მასზე მიძღვნა იყო ალბათ, კოსმოსა ჩვენ გვიძღვნიდა _ მე და გივი ადრეულს. ლოტი მოახევდა, ვიფიქრე მე, თუთუნი გაახვია ალბათ შიგ. თუმცა ეს სქელი ქაღალდი თუთუნისთვის არ ივარგებდა.
ბოლოდან დავიწყე, ვიცინი. გიჟია კოსმოსა...
- დე, ვინაა კოსმოსა?
- კალიმო კანტელია თავად, ძველმსოფლიოელი ბრძენი. აიმანო ამანათის უფროსი შვილი, ზაიკაროს მამა, წარმოშობით სან-მუხიანელი მწერალი. ქალაქ ჩამკრიჭეს ერთ-ერთი ინსტიტუტის თანამშრომელი, გია ხოფერია.
- ჩამკრიჭე რაია, დე...
- ჩამკრიჭე სოდომია, სოდომი სოდომიცაა, კიდე ქუთაისია, სოხუმია, ცხინვალია...
- თბილისიც ხოა, დე...
- თბილისი გომორია.
- დე, შენ ხო გიყვარდა თბილისი?
- მიყვარდა... "ნემეზიდას მობრუნებაში" - ასე ერქვა - "ქალაქი ირისი", ასე ვეძახდი: "ირისქალაქი", ის ნაწილი ასე იწყებოდა: "ირისქალაქი იღვიძებდა იისფერ შუქში".
- ახლა რატო აღარ წერ, დე, ასე: "ირისქალაქი იღვიძებდა იისფერ შუქში"?
- იმიტომ, რომ შუქი დაიკარგა. ადგა და ერთ დღეს დაიკარგა, ფაფუ, აღალ ალის.
- მშია! - თქვა მირანდულინო ნადირემ და აღნავლდა.
- აგერ, მამაშენის პირველი დეტექტივი - "გასროლა მთაწმინდაზე". ეს კიდე ჩემი ლექსების პირველი კრებული "ასფალტის ყვავილებია", დავჯდეთ და ფურცელ-ფურცელ მივირთვათ, - ვუთხარი მე, - თუ არ მოგწონს, გივი ადრეულის ლირიკული პოემა "ციცინათელების კარავიც" არის აქ სადღაც თაროზე, ის გადმოვიღოთ. გადაიღეთ, გადაიღეთ, მიირთვით, _ ვუთხარი მე. მირანდულინო თვალდაჭყეტილი მიყურებს.
- მშია! - თქვა მირანდულინო ნადირემ და ისევ აღნავლდა.
- რა ვქნა, რა ვქნა? - ვიფიქრე მე.
- გაყიდე რამე.
- რა გავყიდო, - ვიფიქრე და კუბო შევათვალიერე ეს ცარიელი კედლები ნამდვილი კუბო მაინც იყოს, უფრო გამოიყენებდა კაცი.
- მწვანილი იყიდე და გაყიდე, - მითხრა მირანდულინო ნადირემ, რომელშიც ნადია ნადირეს ოცდახუთი პროცენტი გენი აფათურებულიყო.
- კარგი, ვცადოთ, - ვუთხარი მე, - გავყიდი, აბა მშიერი ხომ არ მოვკვდებით, პური ხომ გვინდა?
- მე შაქარიც მინდა, - თქვა მირანდულინო ნადირემ, - შაქარწყალი უნდა დავაყენო, კუჭი მაქვს აშლილი.
- კარგი, ნუ ღნავი! - ვუთხარი მე, - რაღაცას მოვახერხებ.
* * *
უკვე რამდენიმე დღე იყო, ბაზარში ვიდექი. მომცრო ბაზარი იყო. ათიოდე თუნუქით დახურული დახლი იდგა. ეს იყო სულ. კიდეში ერთი ცარიელი მაგიდა შევარჩიე. მწვანილს ამ მაგიდაზე ვშლიდი და წყლით ვნამავდი. პირველი, რაც საკუთარ თავს შევამჩნიე, ის იყო, რომ უხერხულობის გრძნობა არ მქონდა და არც ნაცნობთა დანახვა მაკრთობდა. თუმცა ნაცნობები, რომლებიც ძალიან გამხდრები მეჩვენებოდნენ, არ მოდიოდნენ ჩემთან მწვანილის საყიდლად. მე ბევრი დრო მქონდა და შემეძლო მეცქირა მათთვის, თუ როგორ დიდხანს ფიქრობდნენ, მერე ყიდულობდნენ ერთ თავ საკვებს, ვთქვათ, ბარდას და როგორ მილასლასებდნენ შინისკენ. ჩემთან ნაცნობები არ მოდიოდნენ, სხვები მოდიოდნენ: მოხუცები, უსახლკაროები. მე "ასფალტის ყვავილებიდან" ვგლეჯდი ფურცლებს და ვუხვევდი მათ შიგ ცოცხალ ქინძს, ოხრახუშს, ნიახურს... თუმცა, ადრე არასდროს გამეგონა მწვანილის ქაღალდში გახვევა.
მალე ბაზარში ანჟელა გამოჩნდა. როგორც ჩანს, კი არ გამოჩნდა, დაბრუნდა. ანჟელასთან დილაობით ტომრებით მოჰქონდათ მწვანილი გუბელ გლეხებს. ანჟელა მწვანილს ორ-სამ მაგიდაზე შლიდა და ისე ვაჭრობდა. ხან იქით, ხან აქეთ. საღამომდე მიუხედავი მწვანილი მზის სხივებზე უჭკნებოდა. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ანჟელა იმ დამჭკნარ მწვანილსაც სწრაფად ასაღებდა.
ანჟელა ახალგაზრდა ქალი იყო. ისეთი სქელი ფეხები ჰქონდა, სპილოს დაავადება ხომ არ სჭირს-თქო, ვფიქრობდი მე, მაგრამ ანჟელას დაავადების სხვამხრივ არაფერი ეტყობოდა. გამოჩნდებოდნენ თუ არა ბაზარში კანტიკუნტი მყიდველები, ის თავის მიმკვდარებულ ოხრახუშებს შეაქებდაა? შედარება, მეტაფორა, თუგინდ ჰიპერბოლა მაშინ უნდა გენახა: "აბბა, ოხრახუშიიი, მმარიანას თმებივით გაქუჩქუჩებულიი..." მჟღერი ხმა ჰქონდა, მკვდარს მიახედებდა თავისკენ.
ანჟელას გამოჩენის შემდეგ ჩემი საქმე ცუდად წავიდა. მე არ ვიცოდი, რა პრინციპით შემედარებინა თუნდაც ფუმფულა მწვანე ქინძები მერილინ მონროს ჩალისფერი თმებისთვის, ამიტომ ვდუმდი და ცოცხალი მწვანილიც ხელუხლებლად იდო თუნუქის მაგიდაზე.
ჩემს გვერდით მაღლაკელი მოხუცი დაპარკულ ცერცვს ყიდდა. ცერცვს უხეში კანი ჰქონდა და მყიდველი მაინცდამაინც არ ეტანებოდა.
- ბაზარი ანჟელასია, - თქვა მან.
- გამყიდვლის საქმიანობა შემოქმედებითია, - ვუთხარი მე და უკვე შემთბარი წყალი მწვანილებს მოვასხურე.
- ხალისიანი განწყობილებაა საჭირო, - თქვა მან, - აბბა პარკი ცერცვიი, მაგარი ლუის ალბერტოს იმასავით... - და მოხარშული თხის თავივით ისე დაიკრიჭა, ერთი მომღერალი და კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური მოღვაწე მომაგონდა.
ჩვენს მომცრო ბაზარში დროდადრო შემოდიოდნენ მოქალაქეები, ინერტულები და უსიცოცხლოები. მე შემეძლო მყვარებოდა ისინი და კიდეც მიყვარდნენ. ისინი შემოდიოდნენ, მზედაკრულებივით დაბორიალებდნენ ჩვენს მომცრო ბაზარში, მერე მიდიოდნენ ანჟელასთან, ყიდულობდნენ სევდიან ოხრახუშს და მიაკოწიალებდნენ ხელით ჩინგაჩგუკი დიდი გველის თმასავით.
* * *
ბაზარში დიდხანს აღარ დავრჩენილვარ. ანჟელას გამოჩენა უბრალოდ მიზეზი იყო. ჩემი ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა. სოდომში ახალი საზოგადოება - "დედას უყვარია ბაღანე" შეექმნათ და ჩემი ძველი მეგობარი ზაზა გურული, რომელიც ამ საზოგადოების თავმჯდომარედ აერჩიათ, ბაღანეზე ნამეტნავად შეყვარებული დედების ულუფიდან დროდადრო მე და მირანდულინო ნადირეს საკმარისზე მეტი რაოდენობის ბურღულს, ზეთს, რძის ფხვნილს და მწვანე ბარდას გვიზიარებდა იმ ქვეყნებიდან შემოტანილს, რომლებზეც მარიამ მიხეილის ასული ჯერ კიდევ ადრიდანვე არაკად იტყოდა: დუღლარიენ, ბეჩა, და გადმოდუღლარიენო.
დროდადრო პატარ-პატარა კორესპონდენციებსაც ვამზადებდი და სოდომის მხარის გაზეთში ვბეჭდავდი. იმ ჰონორარით მე და მირანდულინო ნადირე თითო-ოროლა პურს ვყიდულობდით. მერე შტატზეც ამიყვანეს. ჩვენს გაზეთს "ლეღვის ფოთლები" არ ერქვა, "სოდომის მოამბე" ეწოდებოდა და მთელ მხარეში სოლიდურ გამოცემადაც ითვლებოდა.
ხელშეკრულებაში, რომელიც რედაქტორთან გავაფორმე, აღნიშნული იყო, რომ მოვამზადებდი რეპორტაჟებს საცხედრეებიდან, გინეკოლოგიური ბლოკებიდან, განსვენებულთა ოჯახებიდან. ინტერვიუებს ყოფილ გარდაცვლილებთან, კუბოს ხელოსნებთან, მიცვალებულთა გამპატიოსნებლებთან, აბორტმახერებთან, კუბოს მორთულობის შემოქმედებთან, მათხოვრებთან. ვამხილებდი ჯადოქრებს, ექსტრასენსებს, მკითხავებს. გონებაში შედგენილი მქონდა კითხვარი, რომლითაც მეუფე კონსტანტინესთვის უნდა მიმემართა და მის განმკურნებელ ძალაზეც დამეწერა. სალოსი ბერებიდან მამა გაბრიელს უნდა შევხვედროდი.
დიდი სიხარულით შევუდექი საქმეს. სასწრაფოდ მოვამზადე რამდენიმე მასალა და მთავარ რედაქტორს შევუტანე. რედაქტორმა მასალები გადაათვალიერა და რატომღაც სათაურები ხმამაღლა წაიკითხა: "რეპორტაჟი მორგიდან - ცოცხალი მკვდარი"; რუბრიკა "ჩვენი ყოფაცხოვრება" _ ინტერვიუ კუბოს მორთულობის შემოქმედთან; რუბრიკა - "სტატისტიკა ამხილებს" - რეპორტაჟი გინეკოლოგიური ბლოკიდან "ჩვილი მოწამეები".
- ეს გაასწორე, - თქვა რედაქტორმა და პირველ მასალას მიუბრუნდა, - სათაურში შეცდომა გაქვს - "ცოცხალმკვდარი" უნდა ეწეროს.
- სათაური სწორია, - ვუთხარი მე.
- როგორ, ექიმებმა მორგში ცოცხალი ადამიანი გადაიყვანეს?
- არა, დიაგნოზი სწორად დაუსვეს. ის მკვდარი იყო, მაგრამ გაცოცხლდა.
- მკვდარი გაცოცხლდა. გასაგებია. სად დაამთავრე შეენ?
- სოდომის უნივერსიტეტი დავამთავრე, - ვუთხარი მე, - იქ ხომ წერია...
- სოდომის უნივერსიტეტი... ასე წერა... არა, ასე წერა არ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს პროზექტურის კედლის გაზეთი ხომ არ არის, სამხარეო გაზეთია.
- ის გაცოცხლდა, - ვუთხარი მე სიხარულით, - იმან კედელი გაარღვია, ის კიბეა და კიდევ ხიდია გადასასვლელ-გადმოსასვლელი.
- რის კედელი, რა კიბე, - თქვა რედაქტორმა, - ვითომ იბნეოდა.
- კედელი ჩვენსა და იმათ შორის.
ტელეფონმა დარეკა. ტელეფონი იდო მაგიდაზე ორი თუ სამი. იქნებ მეტიც. ერთ-ერთი ხტოდა, როგორც გომბეშო.
- ენაბლუთა საზოგადოებიდან დარეკეს, - თქვა რედაქტორმა, - ენაბლუ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში პოეზიის საღამო აქვთ. ქალაქში მყოფი უცხოელი სტუმარიც მიუწვევიათ, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი რიდა ლიბრი. დაესწარი და ეს მასალა მოამზადე.
- კარგი, - ვთქვი მე, - წავალ, ენაბლუ ჩვენზე მეტ მადლშია ენაბლუობის გამო.
* * *
დილით, რედაქციისკენ მიმავალმა საყოფაცხოვრებო სახლს აჩქარებით ჩავუარე. მასალა კუბოს მორთულობის მკერავზე არ დაიბეჭდა და არ მინდოდა მკერავს დავნახვებოდი. მკერავი თავდახრილი მუშაობდა და მე არ შევუმჩნევივარ. "ნაცრისფერი რედაქტორი" - ვფიქრობდი გაღიზიანებული. ჩემი ყოფილი რედაქტორი დამიბეჭდავდა. "ასფალტის ყვავილების" ყველა ლექსი ხომ მან დამიბეჭდა. ჩვეულებრივი ბალიშპირების მკერავი რით სჯობია ამ ქალს? რა ფიგურები გამოყავს? ილუზიას ქმნიან, რომ რაც ირგვლივ არის, მხოლოდ ეს არის ყველაფერი. ამიტომ არ უნდათ ახსენონ მკვდარი, გარდაცვალება, ზემოურთა ეკლესია. მათთვის საკმარისია რამდენიმე სვეტი ერთ სათაურქვეშ: "განუსვენე სულთა თანა ღმერთო გარდაცვალებულთა..." რომელიც ასე მთავრდება: "ამა და ამ დღეს მივლიან შენი ახლობლები შენს საფლავზე ჩემო... და მიიტანებენ უჭკნობ..." თუმცა უჭკნობს რას მიიტანებენ, არ ვიცი.
- მოხვედი? - მითხრა თანამშრომელმა, - დიდი ექსტრასენსი და მკურნალი თომაზო ჭანიშვილი ჩამოდის გომორიდან, რედაქტორმა დაგავალა, შეხვდე და მასალა მოამზადო.
- თომაზო ჭანიშვილი? - ვუთხარი მე, - მარტო ეგ აკლდა ჩვენს ქალაქს!
- თომაზო ჭანიშვილი ისაა, ცოლი რომ ღამღამობით ჩინეთის კედელში ეძებს? - ჰკითხა მეორე თანამშრომელმა პირველს, თუ პირველმა მეორეს.
- არა, ის დავიდ კოპერფილდია, - უთხრა მეორემ თუ პირველმა.
- ერთი "დუბ"-ში9 შევირბენ, - ვუთხარი ერთ-ერთ თანამშრომელს, თუ რედაქტორმა მიკითხოს, უთხარი, რომ სტომატოლოგთან წავედი.
* * *
სიწყნარე იყო ჩვენს ოთახში. მირანდულინომაც ისწავლა სიჩუმის ფასი. ის თავისთვის ჩუმად ფოთიალობდა, როცა ლოტიმ შემოგვიარა.
- მირანდულინო, აბა თუ იცნობ შენს შემოქმედს? _ ვკითხე მე.
- აცი, აკა ბაბა კა. - თქვა მირანდულინო ნადირემ.
- რაო? - იკითხა ლოტიმ.
- არ ვიცნობ მაგ კაცს, ვინ არისო, - ვუთარგმნე მე.
დარცხვენილმა ლოტიმ საღეჭი რეზინა გაუწოდა პატარას. მირანდულინომ გამოართვა. ლოტიმ ხელი სტაცა, ცდილობს მოეფეროს, პატარა ფეხებს აფართხალებს, მერე თავს ითავისუფლებს და სამზარეულოსკენ გარბის.
- გახსოვს, მისი მოკვლა რომ გინდოდა, ხომ გადავარჩინე?
მირანდულინო შემორბის თაგვივით, ხელში ყანწი უჭირავს. სად მიაგნო?
- აცი, აკა ბაბა კა, ალიბულია, ეუჩია აპუპუჩია ქიქიუ ქაქა ციცი ბებილუნა აიბუტუტი ჯუჯუია, - ამბობს მირანდულინო ნადირე და ყანწს გვიწვდის.
- რას ითხოვს, ასე გაუგებრად რატომ ლაპარაკობს?
- ციტატა თქვა შენი რომანიდან.
- არა, რაღაცას ითხოვს.
- ძროხის რძე დამიშაქრეთ და ყანწში ჩამისხითო. იმ ძროხის ცურიც აღარ გადარჩა? თავს მოიტყუებდა ბავშვი. თუ ისიც შეჭამეთ, თქვე ნადირებო?
წარმოვიდგინე, როგორ ძიძგნიდნენ ბონკოელი ნადირები ბებერი ძროხის დაჭმუჭვნილ ცურს, რომელშიც რძე დგებოდა ხოლმე და გული საშინლად ამერია.
* * *
- მოხვედი? - მითხრა თანამშრომელმა, - რედაქტორი გიბარებს.
- რა უნდა თუ იცი?
- ის მასალა მოიკითხა, თომაზო ჭანიშვილზე.
- იქნებ მართლა არ იცის ვინ არის ის კაცი, ავდგები და ვეტყვი, - გავიფიქრე მე.
- შემოდი, შემოდი, - მითხრა რედაქტორმა, - მაკეტში მონიშნულია, სათაურიც შევურჩიე - "არაჩვეულებრივი მკურნალი". მომეცი, გადავხედავ.
- არა, არ მომიტანია, - ვუთხარი მე, - ამ ინტერვიუს აღება არც მიფიქრია.
- რატომ? - თქვა რედაქტორმა, - რატომ?
- მეშინია სატანისტების. მაგათი ხორციელი ჭურჭელი სატანური ენერგიების უშრეტი წყაროა. უფალთან ამაღლების სიხარულს დამიკარგავს.
- შენ გინდა თქვა, რომ მასში სატანაა ჩასახლებული?
- არა, - ვუთხარი მე, - კონტრაქტი აქვს გაფორმებული სატანასთან და ის უარყოფითი ენერგიით მუხტავს. რადიაციის მიმღები და გამტარი ჭურჭელია თომაზო ჭანიშვილი.
- იქნებ ჩვენც ვღებულობთ მაგნაირ რადიაციას? - იკითხა შეფიქრიანებულმა რედაქტორმა.
- კი, ჩვენც წარმატებით გვემსახურებიან, - ვუთხარი მე, - მათი სახელი ხომ ლეგიონია.
- რას ჭამენ, რას სვამენ? - ამყვა რედაქტორი.
- არაფერს არ ჭამენ, ისინი ჩვენი დაცემული ბუნებით იკვებებიან და არსებობას იხანგრძლივებენ.
- ამ ცარიელ სვეტს რა ვუყოთ? - თქვა რედაქტორმა და მაკეტს დახედა.
- სათაური უმნიშვნელოდ შევასწოროთ და ნახევარ საათში საჭირო ტექსტს მოგაწოდებთ, - შევთავაზე მე.
- აბა, მიკარნახე! - თქვა რედაქტორმა.
- "არაჩვეულებრივი ცრუმკურნალი", -ვუთხარი მე.
რედაქტორი ჩაფიქრდა.
- არა, არ გვინდა, ჩემი უნივერსიტეტელი ამხანაგია, - თქვა მან და დაუმატა, -იქნებ არც იცის, სატანასთან თუ აქვს კონტრაქტი დადებული?
- არ ვიცი, გაუცნობიერებლადაც თუ ხდება ასეთი რამე, - ვუთხარი მე, - ამ კაცს ძალიან დიდი ძალა აქვს, შეუძლებელია, ვერ გრძნობდეს, საიდან ღებულობს ამ ძალას.
- იქნებ სატანური კი არა, ღვთაებრივი ენერგია აქვს, - თქვა რედაქტორმა, - არ ემეტებოდა უნივერსიტეტელი ამხანაგი.
- არ ვიცი. ისე, არ გამიგონია, პარტიულ აქტივსაც თუ აჯილდოებს სულიწმიდა ამ დიდი ენერგიით. მე მეგონა მხოლოდ ქრისტეს დიდ მუშაკებს შეეძლოთ ავადმყოფთა ორმაგი განკურნება და მიცვალებულთა დაბრუნება.
- კარგი, თავისუფალი ხარ, - თქვა რედაქტორმა.
* * *
მომზადებული მასალების დაუბეჭდაობამ მნიშვნელოვნად გამიტეხა გული. ამას დაერთო ისიც, რომ გინეკოლოგიურ ბლოკზე მომზადებული მასალის "ჩვილი მოწამეების" გამო, ლამის მთელი გინეკოლოგიური სამსახური რედაქციაში შემოლაგდა. მასალა ზოგადი ხასიათის იყო. სახელდობრ არავის ეხებოდა, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემი ინტერვიუერები რედაქტორის კაბინეტში დამხვდნენ.
სანიტარი: "ვმარხავდით, ბატონო. ეს ქალი ხელს გვიშლიდა, ბატონო, ნაგავს არ გვამარხვინებდა, ბატონო, ნაგავში რატომ მარხავთო. აბა, ნაგავი სად წაგვეღო, ბატონო?
უფროსი ექთანი: მისაღებში ქალებისთვის უთქვამს, ნუ მოკლავთ ბავშვებსო. რა ბავშვები, ბატონო, სამ თვეს ზევით ხელს არ ვკიდებთ ქალებს.
მეან-გინეკოლოგი: ვიღაც ქალის უხამსი ლექსიდან ციტატებს გვიკითხავდა: "აქ რომ სისხლი დაიღვარა, წალეკავდა მარაბდასო" - შეიძლება ნორმალურმა ჟურნალისტმა ასე მიმართოს ექიმს, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის საქმეს ემსახურება?
რედაქტორი: რა შენი საქმე იყო დამლაგებლისთვის ნაგვის დამარხვის აკრძალვა?
მე: ის ნაგავი არ იყო, ისინი პოტენციური ბავშვები იყვნენ, იმათ არ აცალეს...
რედაქტორი: რა არ აცალეს?
მე: არ დააცალეს პირველ სამოსელში, პატარა დედამიწაში...
სანიტარი: ბატონო, სწორედ მასე გვეუბნებოდა, ბატონო, რატომ არ გააჩერეთ პატარა დედამიწაშიო, ბატონო.
რედაქტორი გაღიზიანებული ხმით: რომელ სამოსელში, რა დედამიწაში?!
- თავს იშტერებს, - ვიფიქრე მე და მივახალე: დედის საშოში.
- რა იცი შენ, რა ჰქონდა სანიტარს იმ ვედროში?!
- ვიცი, - ვუთხარი მე, - მინუს ორი-სამი თვის ბავშვები ჰყავდა მასში ჩალაგებული.
- ემბრიონი... - დაიწყო მეან-გინეკოლოგმა.
- ემბრიონი შენ ხარ, - ვუთხარი უხეშად, - შენ ხარ ემბრიონი!
- ყველა ხომ არ გაჩნდება, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით აბორტი აკრძალული არ არის, - თქვა რედაქტორმა.
- აკრძალულია, - ვუთხარი მე, - უფლის დიდი კანონმდებლობა გვიკრძალავს.
ამის შემდეგ რედაქტორი საუბრობდა. ის პატივსაცემი და კულტურული კაცი იყო და კულტურულადაც საუბრობდა, მაგრამ ვიცოდი, გულში მაინც ასე ფიქრობდა ჩემზე: რას გადავეყარე ამას...
- მოწამეები ხომ იცით? - ვკითხე მე.
- როგორ არა, დავითი და კონსტანტინე, სხვებიც ბევრი...
- ჰოდა, ისინიც მოწამეები არიან, მოწამის გვირგვინს იღებენ უფლისგან და მარადიულ სიცოცხლეს აგრძელებენ.
სანიტარი: ბატონო, ნაგავს არ გვამარხვინებდა, ბატონო.
რედაქტორს სჯეროდა და არც სჯეროდა.
ამ შემთხვევის შემდეგ სამსახურში რამდენიმე დღე აღარ მივსულვარ. ამ და სხვა არასაპატიო გაცდენების საბაბით რედაქტორს ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაეწერა. თუმცა მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ვიცოდი, ჩემი მომზადებული მასალებიანად ყელში ამოუვედი. მაგრამ ასეთი გაჭირვების დროს ადამიანის ქუჩაში გაგდება...
"სოდომის მოამბის" ახალი ნომერი ავიღე. თვალში მომხვდა მსხვილი შრიფტით აწყობილი სათაური: "გამოაშკარავებულია დიდი მაფია", რაც ხმამაღლა წავიკითხე და კარებში რედაქტორიც გამოჩნდა. - "ვის რად უნდა ეს ლეღვის ფოთლები? - ვუთხარი ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ამის გაგონებაზე თავი სასწრაფოდ მიაბრუნა გვერდზე. რედაქტორს სახეზე სიწითლე მოეძალა. - გითხრა ჩემი ოცნება? - ვკითხე მე. შემეძლო ასეც მეთქვა: "იცით, რაზე ვოცნებობდი?" მაგრამ მე ყოველთვის მძულდა გაპრანჭული ლაპარაკი. რედაქტორმა მხრები აიჩეჩა. ვერ გაიგო, რას ვეკითხებოდი.
- მე მინდოდა აქ აღებული ფულით ფქვილი და კარტოფილი მეყიდა, ზეთიანი ღვეზელები გამომეცხო და დიდ კალათაში...
- რა დიდ კალათაში... - თქვა ჩუმად საგონებელში ჩავარდნილმა რედაქტორმა.
სული მოვითქვი: დიდ კალათაში უნდა ჩამეწყო და მათთვის უნდა ჩამომერიგებინა, ქალაქში რომ სხედან მტვერში.
"ეს არ უნდა მეთქვა, არ უნდა მეთქვა, რა საჭირო იყო, რატომ ვთქვი", - ვიფიქრე მე.
- არ უნდა მეთქვა, იქნებ რომც ამეღო, გავვარდნილიყავი და ერთი უბრალო ფეხსაცმელი მეყიდა. ეს ფეხსაცმელი შემომაცვდა, ასეთ ფეხსაცმელს უწინ სანაძლეოზეც არ ჩავიცმევდი.
- დაბრუნდი, - თქვა რედაქტორმა, - გავაუქმებ იმ ბრძანებას.
- არა, - ვუთხარი მე, - აღარ ღირს, გადავიფიქრე. თან კალათაც არ მაქვს დიდი...
არ იყო ცუდი კაცი, ოღონდ ცოტა ფანტაზიის უნარი აკლდა. "არ ხარ, დედა, შენ მზად ამ ქვეყნისთვის". მეუბნებოდა შინისკენ მიმავალს პავლეს ასულის ხმა. "როცა მეორედ მოვალ, უფრო მომზადებული მოვალ. ეს ყველაფერი ისედაც თამაშია", - ვფიქრობდი და მივდიოდი.
* * *
- გაიხსენე! - მითხრა მფარველმა ანგელოზმა.
- "ნემეზიდას მობრუნებიდან"? - ვკითხე გახარებულმა.
- არა, გია ბერაძე გაიხსენე, ის მგზავრია, მგზავრები გაიხსენე!
ჩვენ ტანკებიანი ქალაქი გამოვიარეთ. თოვდა, მწერალთა კავშირის შენობიდან მოვდიოდით.
გია ბერაძე: "მითხარით, ქალბატონო, მე ნახევრადბრმას დაბადებიდან, ეს შამპანურის ბოთლი გახსნეს თუ ვარდის შამპუნის ჭურჭელია და იმისი სუნი, იქნებ კეგლის სამიზნეა, ან შუქურა წყნარი ოკეანის რომელიღაც ყურეში. იქნებ ოლიმპიადის ცეცხლია, ან ფსევდო-ქალღმერთ ნიკეს თავი, ან თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკიდან, იქნებ რევოლვერია განიარაღებულზე დამიზნებული, იქნებ დედის ძუძუზე აგლეჯილი ჩვილის ტირილია, ან ძმრის სურნელია, ტილო რომ გაჟღინთეს და სიცხიან ბავშვს დაადეს შუბლზე... მითხარით, ზღვის ღელვის ხმა არის, თუ შამპანურის ქაფია. ჩუმად _ გორაკზე მდგარი ეკლესიიდან გალობა ისმის".10
- არ გრცხვენია, წითლებთან რჩები? - მკითხა მან. თავის სადარბაზოსთან იდგა. ჩვენ ტანკებიანი ქალაქი გამოვიარეთ.
- აბა, სად წავიდე?
- ამერიკაში გავიქცეთ, ადრეულიც წამოვა, ნიჭიერი პოეტია, მანსარდზე ვიცხოვრებთ, ლექსებს დავწერთ ამერიკაზე.
- ვერ ვიცხოვრებ ამერიკაში, არ შემიძლია ამერიკაში... - ვუთხარი მე.
- აბა, წითლებთან რჩები? - მკითხა ისევ. მე მხრები ავიჩეჩე.
- მე მარტო წავალ ამერიკაში! - თქვა გია ბერაძემ და თავისი სადარბაზოს კიბეს აუყვა.
მე გზა გავაგრძელე. თოვდა, მომდევნო ზამთარსაც თოვდა, თითქმის ყოველ ზამთარს თოვდა და მე სათვალავი მერეოდა. ხანდახან ვჩერდებოდი და სახლებს ვაკვირდებოდი, რომლებიც მაღალ საფლავებს ჰგავდნენ.
გივი ადრეული შემხვდა.
- რას ეძებ, - მკითხა მან, - სახლში არ მოდიხარ?
- სწორედ სახლს ვეძებ, - ვუთხარი მე.
- მგონი, ვიღაც მოგყვებოდა.
- გია ბერაძე იყო, ამერიკაში გვეპატიჟებოდა.
ბინდდებოდა. ჩვენ მგზავრები ვიყავით.
გივი ადრეული: "გზებზეა ბინდი. გზებზე დაღამდა, მთვარიდან გნახე, შენ ხარ მაღალი, შენ ხარ მაღალი ბალახი მინდვრის და შიშის გზებით ცადმომავალი მშიერი მიწა".
- "შემოდექ, სულო, ლოცვასა თანა, ეს მგზავრობაა და გზებზე ბინდი, სამოთხის ხმებით სამოთხის ჩიტი შესძლებს ამ ძვლების ცაში ატანას", - მეც გამახსენდა მისი ერთ-ერთი ლექსიდან.
- ლოტი როგორ არის? - მოულოდნელად მკითხა ადრეულმა.
- დეტექტიური რომანისტი გახდა, - ვუთხარი უხალისოდ, - გაზაფხულობით ბარავს, ზაფხულობით თოხნის. თან დეტექტივებს წერს, ხანდახან მიცვალებულთა დამკრძალავ კომისიებშიც იწვევენ.
ადრეული მიხვდა, რომ ლოტზე ლაპარაკი არ მსიამოვნებდა და გაჩუმდა. შეიძლება გაგებულიც ჰქონდა, რომ ლოტიმ გამომაგდო.
- მახსოვს, რაღაცას წერდი...
- "ნემეზიდას მობრუნება" ერქვა, - ვუთხარი მე, - რომანი იყოო? მიმიქარავს ფრანსუაზ საგანი.
ადრეულს გაეცინა. - სად წაიღე მერე?
- გომორიდან რომ ტანკები შემოვიდნენ... არა, რომ დავამთავრე სამგუნეშლები შემოიჭრნენ, ყველაფერი გადაბუგეს და ის რომანიც მაშინ ვიზარალე, _ ვუთხარი სიცილით.
- რომელი სამგუნეშლები? - გაკვირვებით თქვა მან, - რა გაცინებს მერე?
- ჩემმა რომანმა მარადიულ მეხსიერებაში გადაინაცვლა, - ვუთხარი მე.
მივდიოდით დიდხანს. ზევიდან თეთრი ვარდები ცვიოდა, შეიძლება ვარდები არ იყო, თეთრი ზამბახები იყო. იქნებ ზამბახებიც არ ერქვა, უბრალოდ ბათუმის ყვავილები იყო, დიდები და თეთრები, ან იქნებ როგორც მირანდულინო ნადირე იტყოდა, დიდი, თეთრი კოღოები იყო... ნაცრისფერ კორპუსებს მივუახლოვდით.
- წამო, გავთბეთ, - მითხრა ადრეულმა, - წამო.
- საქმეზე მივდივარ, - ვუთხარი მე, - თუ გინდა, შენც წამოდი.
- სად მიდიხარ? - დაეჭვებით მკითხა მან.
- ბოდბეში მივდივარ წმინდა ნინოს საფლავზე.
- საად? - თქვა მან, - წამოდი, წამო, გავთბეთ და ცათამბჯენიდან გადმოვხტეთ, - მითხრა და ხელი მომკიდა.
მე მიყვარდა მისი ხელი. ამ ხელით იგი ხანდახან თავის ცხვირსახოცს გამომიწვდიდა, როცა რომელიმე წვეულებაზე ზედმეტი სიცილისგან ცრემლები გადმომცვივდებოდა ხოლმე. მიყვარდა მისი ხელი და როცა პირქვეჩამხობილს ეძინა, მისი მძიმე მკლავი გულზე ლოდივით მაწვა და სუნთქვას მიშლიდა.
- წამო, მთვარიდან უნდა გნახო...
მე: ცოდვის სათავე, დაეცა ევა
და ჩემი მტერიც ძველისძველია,
ნაღვარევ ველზე დაცემით შევალ
და დამიმკვიდრებს მის წიაღში გველი ბელლიარ.
- ეგ რა არის, ახალია რამე? - თქვა ადრეულმა.
- ხო, პოემას ვწერ "ევადან ლოტის ცოლამდე", - ნახევრადსერიოზულად ვუთხარი მე.
დაცემა. თითქოს ცათამბჯენიდან ვვარდებოდი, ვვარდებოდი და ჰორიზონტიდან წითელი მხეცის ორი ანთებული დიდი თვალი მითვალთვალებდა. იმ წითელ მხეცზე მე "ნემეზიდას მობრუნებაში" ვწერდი და კიდევ ერთ ლექსში - ლედი ბნედისს რომ ეძღვნებოდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. იატაკზე რაღაცის მძიმედ დაცემის ხმამ გამომაღვიძა. დაფეთებულმა გავახილე თვალი.
ვიღაც იდგა შავებში. იქნებ დედა ქრისტინე, ანდა დედა თეოდორა, სახე არ დამინახავს.
- შენი ლამპარი ბნელდება, შვილო, ნაკურთხი ზეთი მოგიტანე წმიდა ნინოს საფლავიდან, შენ ხომ ბოდბეში მიდიოდი, _ მითხრა მან.
- რა ბოდბე? - ვიფიქრე მე, თან თვალები მეხუჭებოდა, - რა ბოდბე? - მაინც ავდექი, ავბორიალდი, მოვძებნე კაბა და სხვა საჭირო ჩასაცმელები, რომლებიც აქეთ-იქით იყო მიფანტულ-მოფანტული. მაგიდაზე მართლა იდგა პატარა, ყვითლად შეფერილი შუშა. ადრეული არ ჩანდა. "სად ვარ?" - ვიფიქრე ნაღვლიანად და ოთახის კედლები შევათვალიერე. ისევ სხვაგან ვიყავი, ისევ სხვის სახლში, სხვის ჭერქვეშ. ეს ის არ იყო. ის სულ სხვა იყო, ის აქ არ იყო. ის სახლი მენატრებოდა. სახლი უნდა გავიხსენო "ნემეზიდას მობრუნებიდან". დანარჩენს აკაშა შეინახავს, აკაშა მარადიული მეხსიერებაა, - ვთქვი მე.
სახლი
მიყვარს ის სახლი. იმ სახლს ვხედავ ყოველთვის ძილში, როდესაც ჩემი სახლი მესიზმრება, მე ვცხოვრობ ძილში და იმ სახლში, მაღალ და ფართო ხის სახლში. გადის დრო და ჟამი და საუკუნეები, სანამ მე მძინავს, ან დავდივარ განუწყვეტლივ მის ოთახებში, სადაც არ დგას რამე ავეჯი, თვალს ვავლებ მის კედლებს, რომლიდანაც... რომლიდანაც... (რომლიდანაც რა? - ვფიქრობ გამალებით და მახსენდება) რომლიდანაც მოდის ვარდისფერი კევის სუნი და მის ჭერს, რომელზეც არის აბლაბუდები და როცა მხურვალე ქარი დაბერავს, მე ვისუნთქავ მაღალი და ფართო ხის სახლის თავანის მტვრის სუნს და მიპყრობს ტკბილი და გარკვეული გრძნობა, რომ საკუთარი სახლის ჭერქვეშ ვარ და ეს-ეს არის, რაღაც უნდა გამახსენდეს... ამ დროს თვალს ვახელ სხვების სახლში და უცხო ჭერქვეშ და მიმძაფრდება უსახლკარობის შეგრძნება, მე გამოვდივარ ქუჩაში და მომეტებულად უცხო უბნებში მე ვეძებ იმ სახლს... როდის ვცხოვრობდი, ნეტა, იმ სახლში? თოვს, ადრეული მხვდება, მე მზერას ვარიდებ.
- რას ეძებ, რას, წადი სახლში, - გაღიზიანებული ხმით ამბობს ის.
* * *
ჩვენ მარსიანის სახელოსნოში ვისხედით. ყველა იქ მყოფს ერთი სიყვარული გვაერთიანებდა, ეს მაიას სიყვარული იყო. მე მაია ჩიქოვანზე, ამაყ ქალზე ლექსი მქონდა. კანტი ბერეკაშვილს პოემა და მოთხრობა მაია ქურსბედიანზე, მარსიანს ლექსები, მოთხრობა თუ დაუწერელი რომანი და გრაფიკული ნამუშევარი - დიდი მაია. კოსმოსას რომანის სამი თავი, ზურიკოს ისტორიული გამოკვლევა, მანანას და გივი ადრეულს ლექსების ციკლი.
მაია ხან ქალი იყო, ხან მიწა, ხან ქალაქი, ხან პლანეტა, ხან გაზეთი... მაია ილუზია იყო.
მაია რა შუაშია, შენ სოდომში ხარ ახლა და ბოდბეში მიდიხარ, - მითხრა მფარველმა ანგელოზმა.
- აიაა, მაიაა, კაი გოგო და კაიაა, - ისმოდა მეზობელი სახელოსნოდან.
- ო, მე მაგათი სხდომის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია... - თქვა კანტი ბერეკაშვილმა.
ვერ მივხვდი, რატომ დაიბოღმა, ხომ შეიძლებოდა სხვასაც ჰყვარებოდა მაია, ხომ შეიძლებოდა სხვასაც ჩაეთვალა თავი იმ ორმოცდაათ, ოცდაათ თუ ათ კაცში.
- რაოო? - თქვა მანანამ, - რას მღერის?
- კაი გოგო და კაიაო, - გავუმეორე სასიმღერო ტექსტი.
- "ო, ეს ქალაქი მიჩვილებს გრძნობებს, მე ვისაც თვითონ ფრანსუაც კი არ მიგლოვია", - თქვა მანანამ, რომელიც მოდერნიზებულ ფრანსუაზად ითვლებოდა ერთხანს.
- ლოტის მოასმენინა ახლა შენთვის, - გავივლე გუნებაში.
მაია ხან კვდებოდა და ჩვენ ვაცოცხლებდით, ხან ცოცხალი იყო და ვკლავდით, ისე, რომ მოსაკლავად არ გვემეტებოდა.
ამ განსჯაში "იმ ღამით მოკლეს მაიადან" კანტი ბერეკაშვილის სპორცმენმა11 შემოაღო კარები.
- რაა ეს უთავბოლობა, ვინ შემოდის ამ მოთხრობაში და ვინ გადის, ვერ გაიგებს მკითხველი, - თქვა მფარველმა ანგელოზმა.
- მხოლოდ ლოტის ცოლი შემოდის და გადის, - ვთქვი მე, - ძალიან ამპარტავნულად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა, ასეა.
- სპორცმენი ვარ მე! - გვითხრა კანტი ბერეკაშვილის გმირმა.
- ყველას ვერევი ამ ქალაქში მუშტით, დანით და სასროლით. თუ ვინმე გაწუხებთ, მითხარით და მაკრატლით გამოვჭრი ყელს.
- მაკრატელი, - ვთქვი მე, - არაჰიგიენურია, არაეთიკურია, არაპრაქტიკულია... ბოდიში... მინდოდა მეთქვა, რომ არადანიშნულებისამებრ იყენებდა ისეთ ძვირფას ხელსაწყოს, როგორიც მაკრატელია, მაგრამ სიტყვა ვერ მოვძებნე.
- რა უჭირს, მიყვარს სპორტის ეს სახეობა, კარგია, რომელიმე მსხვერპლის ყურს რომ შევეთამაშები ხოლმე.
- აბა, კაი სპორცმენი ხარ? - ჰკითხა ზურიკომ.
- კაი! - დაუდასტურა იმან.
- ყველაზე დიდი სპორტი საკუთარი თავის ჯობნებაა, - ვუთხარი მე და ჩემი მამა ანდრია დავინახე, ლანდად ჩამიარა გვერდზე. - შენ ორას მეტანიას გააკეთებ ყოველდღე სიკვდილამდე? შენ დავითის ფსალმუნების ოცივე კანონს, თითო თავს სახარებიდან, წმინდანთა დაუჯდომლებს წაიკითხავ ყოველდღე სიკვდილამდე? ყველა მარხვაში დაამშევ კუჭს და ზეციურ პურსა და წყალზე გადაატარებ? შენ შენს და სხვის სამყოფ ლობიოს და სიმინდს მოიწევ და მოწეულ სარჩოს დააყრი თავზე ნიორის ლებნებს, რომ არ გაფუჭდეს? შენ არ გაიცინებ სიკვდილამდე? შენ დაგხვრიტავენ აფხაზები ოცდაშვიდი წლისას იოანე ოქროპირის საძვალესთან, შენ იქნები ლამაზი მიცვალებული, შენ დაგიტირებენ სამგუნეშლები და სიკვდილის შემდეგ სამი დღე შენი სხეულიდან იდინებს სისხლი? არ გაამხილო შენი სპორტსმენობა, - ვუთხარი მე.
კანტი ბერეკაშვილის გმირი შებრუნდა.
- ვინ განმაშორა მე ქრისტეს სიყვარულს? - თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ.
* * *
- შენ ხომ ვირთხა მოკალი? - მითხრა მფარველმა ანგელოზმა, - ეს არ გამოგრჩეს, ხომ არ შეგშინებია?
- არ შემშინებია, - ვუთხარი მე, - მძულს ვირთხა. პლასტმასის ტოლჩით მოვკალი აბაზანაში ჩავარდნილი, ჩემს ცარიელ სახლს უნდოდა დაპატრონებოდა გააფთრებული სახე მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედე. მაგრამ ვაითუ წავიდეს და შვიდი მოიყვანოს თავის ნაცვლად, ვაითუ შვიდი მოიყვანოს?
- მაგრად დადექი, უკან არ მიიხედო, - მითხრა მფარველმა ანგელოზმა, - შენს უკან მაიაა, მაია მაცდური ილუზიაა.
მოულოდნელად კისრის მალებზე რაღაც გახრჭიალდა მძიმედ. რომელს უნებს... აღიღოს... შემომიდგეს...
- მაგარი ხარ ვირთხის კვლაში, - ახითხითდა ჩემში რაღაც, ვიცნობდი ამ ხმას, ჩემი პერსონალური ავსული იყო, - განვედ სატანა! - რისხვით ვუთხარი მე. ხითხითი შეწყდა. - მამა, - ვთქვი მე, - მამა...
მზე გვანდე. არა, ჯერ მზე გაგვანდე... და შარავანდი, მერე მზე გვანდე და დაგვითმე მზე და უცაბედად ლეღვის ფოთლებზე თბილი ჩრდილები დასხდნენ მიწურთან. მამა, მას შემდეგ ველი თმებზე იმ თბილ ხელისგულს, მამა, ჩემს თმებზე მზე მიიწურა. როგორ დაგკარგეთ. სამაგიეროდ, თორმეტი ღრმული ვნახეთ შენს ხატზე, ჩვენს ხატში კი ასთოთხმეტი ნივთიერება და დაგვავიწყდა სიტყვა "ჩვენთანა". მზეში ყვაოდა ეკლის ყვავილი და მე მიყვარდა ეკლის ყვავილი, ეკლის ყვავილის სახლში შეტანა. გადაგვავიწყდა არტახები, შენს ჟღალ წვერებზე იცინოდნენ მშენებლები და შენობები, თურმე ვიჯექით იმ ბუდეებში როგორც ბარტყები, ვიჯექით, როგორც შენი ობლები. ჩვენ აგვეხილა თვალი ქვა-ღორღში და ნანგრევებში ჩამოდგა კიდეც რუხი ბურანი, რომ ვარსკვლავების ღრმა თვალებში ამოგვეკითხა კაცთაკვლები და მიწისძურანი. მამა, გვაკმარე ეს ჯოჯოხეთი, ისედაც მიდის ქარავანი ბნელი ქვესკნელის, ჩვენ გადაგვცილდა შარავანდი, ჩვენ ვართ წაშლილი, ჩვენ ვართ წაშლილი ფრესკები... მამა!
* * *
კარების ჯახუნის ხმა გაისმა.
ლოტი შემოვიდა ფერდაკარგული.
- ნემეზიდა ბრუნდება, - თქვა მან. გაოცება ჰქონდა და შიში.
- რა ნემეზიდა, - ვუთხარი გულგრილად, - რას ამბობ? ის კომეტა აღარ მობრუნდება. მან მარადიულ მეხსიერებაში გაიქნია თავისი კუდი.
- ბრუნდება, - თქვა მან.
- ის ელვაა, - ვუთხარი მე, - აღმოსავლიდან დასავალამდის რომ კრთება.
- ნემეზიდა ბრუნდება, - თქვა ლოტიმ, - გავიქცეთ.
- არა, უფალი მოდის, - ვუთხარი მე და სიხარულისგან კანკალი ამიტყდა, - მარადიული სიყვარული მოდის - მე არსად არ მივდივარ.
- გავიქცეთ, - თქვა ლოტიმ.
- მარადიული სამართალი მოდის, შენ ხომ გინდოდა? - ვუთხარი და მღელვარებისგან კბილების რაკარუკიც ამიტყდა.
- მარადიული სასჯელი მოდის... წამოდი, ანგელოზები გვიცდიან.
- ჩვენთან ანგელოზს რა უნდა, ავი სული იქნება, - ვუთხარი მე.
- წამო, - თქვა ლოტიმ და ოთახიდან გამათრია.
* * *
უკან არ მიიხედოთ - გაგვაფრთხილეს ანგელოზებმა, როცა სოდომიდან გამოგვიყვანეს. ლოტი ფეხაჩქარებით მიდიოდა, მირანდულინებიც მისდევდნენ ნუკრებივით. მე ფეხს ვითრევდი. დამენანა ჩემი მრუში ქალაქის დატოვება, რომლის სანაგვეებს, როგორც ეკლესიებს, მე ლექსებს ვუძღვნიდი. ღამის წყვდიადში ციმციმებდნენ მისი ბინძური ფეხსალაგები, სადაც დღის საათებში საქმიანად შერბი-გამორბოდნენ დიზინტერიითა და ბღერით აღსავსე სოდომელები. მიყვარდა ჩემი მრუში ქალაქის ქალწული უბე, სადაც მას ვირუსული სურდოების კატალოგები ჰქონდა ჩალაგებული და ჩვენთვის კეთილად ირჯებოდა ქალაქის ქარი.
ჩვენ სოდომელები გვერქვა. ჩვენ ჩვენებურად გვიყვარდა ერთმანეთი და შეხვედრისას სიყვარულით ვარიდებდით ერთმანეთს თვალებს.
სოდომში ხომ მარსიანის სახელოსნო იდგა, სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით: გივი ადრეული, კანტი ბერეკაშვილი, კოსმოსა, ზურიკო და მანანა, თვითონ მარსიანი და მე. ჩვენ იქ მეორედ მოსვლის თემაზე ვმუშაობდით, კედლებიდან მარსიანის აპოკალიპსური მხეცები გვითვალთვალებდნენ.
სახელოსნოს გვერდით, პატარა ბაღში დროდადრო ერთი მწერალიც იჯდა, რომელიც მე მიყვარდა და რომლის წიგნებში თეთრ ყვავილებს ვინახავდი.
უკან რჩებოდა ქალაქის კარიბჭე, რომელშიც შემოდიოდა ოკრიბელი დოჩანოლოგი თამაზ ლომთაძე და გადიოდა სოდომის მხარის ¹1 ჟურნალისტი ზაირა სვანი.
- მხოლოდ ერთხელ მივიხედავ, - ვიფიქრე მე.
- ნუ მიიხედავ! - გამაფრთხილა საკუთარმა ანგელოზმაც.
- მხოლოდ ერთხელ მივიხედავ! - შევეხვეწე მე. თავი მივაბრუნე და ვეცადე რამე გამერჩია, მაგრამ იქ, საითაც სოდომი მეგულებოდა, მხოლოდ წითელი წყვდიადი ჩანდა.
- უკან მიიხედა... - შეშფოთებით თქვა ანგელოზმა. ლოტის არაფერი გაუგია. ის გაჩქარებით მიჰყვებოდა ბილიკს მთებისკენ. თვითგადარჩენის ინსტინქტი აიძულებდა უკან არ მოეხედა. არავის უყურებდა, ლამის გარბოდა. მე გამახსენდა: ველის ყვავილები მოჰქონდა მას ჩემთვის დამალულად, პიჯაკის უბით. პატარები, პატარა ღეროებით, ლამის გვირგვინთან მიწყვეტილები, ამოჰქონდა პიჯაკის უბის ჯიბიდან, მოჰქონდა ჩემთვის დამალულად ცისფრები და ყვითლები და ამ დროს არავინ იცოდა, თუ მე ყვავილებს მიძღვნიდა ვინმე. მიდიოდა ლოტი, მართალი კაცი, რომელსაც უყვარდა ქალაქის კარიბჭესთან ჯდომა, მიდიოდა ჩემს მირანდულინებთან ერთად, რომლებიც პატარ-პატარა ანგელოზებივით მიფრიალებდნენ. რაღაცა მძიმედ ჩამაწყდა მკერდში.
ფეხებიდან დაიწყო სიცივე. ისინი ყინულის თეთრ სვეტებად მექცნენ. სიცივე ზევით, ზევით მოიწევდა. სითბო მტოვებდა და მეც სითბოსთან ერთად ვტოვებდი ჩემს მეორე პერანგს, მეორე სამოსელს და საპყრობილეს, რომელსაც ცისფერშერეული მარმარილოსფერი ედებოდა.
ქვემოდან ნაღვლიანი ხმები მესმოდა: საბრალო ლოტის ცოლი...
მე ჩემს მარადიულ სახლში ვბრუნდებოდი.
1993 XI-XII
1994 I-II
1. მირანდულინო - საკუთარი პატარა გოგონა.
2. დედე - ბონკოურ დიალექტზე დედა.
3. ფეხები არ მომჭამონ ძირშიო.
4. ბუტურე - ფუტურისტი - ტერმინი ნადია ნადირეს ლექსიკონიდან.
5. პუნტყალე - ბუმბული, ბურტყლი. ამ წყევლას ნადია ნადირე წარმატებით იყენებდა წვრილფეხა, მსხვილფეხა და ხშირად ორფეხა არსებების მიმართაც.
6. ბურსალე - ფრინველთა დაავადება, შესაძლებელია ჭირი.
7. ალიბულია - ალილუიას დამახინჯებული ფორმა.
8. კუბო - ერთოთახიანი ბინა სოდომში.
9. "დუბ" - საზოგადოება "დედას უყვარია ბაღანე".
10. გია ბერაძის ლექსი - ბრმის მედიუმის მონოლოგი.
11. სპორცმენი - სპორტსმენი.