Litclub.ge

* * * ბანალური იყო ცხოვრება
ბანალური იყო ცხოვრება,
კაცები სვამდნენ,
ქალები ხელს უშლიდნენ,
თუ თვითონაც აჰყვებოდნენ
და ვერცხლი გაუკრთებოდათ ყელში,
დღიური ლაპარაკის ნორმას
გამოკლებული გრამები
სიმღერას ემატებოდა,
მიწას მაინც ვერ სცილდებოდნენ,
კაცები კი, სიგარეტის კვამლით
შესქელებულ ჰაერზე ისხდნენ...
რამდენჯერ გადაუღვრიათ ღვინო
აივნიდან, რომ ქმრებს
ჭერი არ გაეხვრიტათ
და, სულაც, ღრუბლებზე
არ ასულიყვნენ...
სახლის წინ, მაშინვე
ხე ამოდიოდა, წითელი ან ყვითელი,
(ღვინის ფერის მიხედვით)
პირდაპირ, შემოდგომისთვის
გამზადებული, რომელსაც
ვერავინ ვერ ხედავდა,
სევდას კი გრძნობდნენ,
რატომ, ამ მხიარულ სუფრაზე,
ასეთი ბანალური ბედნიერების დროს?
ჯერ სად იყო გულის ანთება,
ან ტვინის შეშუპება,
არც თავის მოკვლას ფიქრობდა ვინმე,
არც ვერცხლის ამოღებას
სიმღერიდან და ჟანგიანი ყელით
ცხოვრების გაგრძელებას,
მხოლოდ ხეებმა იცოდნენ
ყველაფერი, იქნებ, თავისი
უცნაური წარმომავლობის გამო?
შეზარხოშებული დადიოდნენ
ერთი ადგილიდან მეორეზე,
უშეცდომოდ პოულობდნენ
საჭირო საფლავს...