Litclub.ge

* * * როგორი დამაჯერებელია სიმშვიდე
როგორი დამაჯერებელია სიმშვიდე,
როცა იგი სახლის ნივთებითაა შემორაგული.
ისეთი დაბალი ოცნებები -
ტელევიზორსა და ტუმბოებს რომ ვერ გადაახტებიან.
რა ყოჩაღად შემოვიღობე
ასეთი წესიერი სიცოცხლე,
სადაც ვერავინ დაინახავს,
როგორი სილის გაწნასავით წამებია -
მარჯვენა ლოყა და მარცხენა ლოყა,
ჩქარ-ჩქარა.
ამომეყარა პირიდან და აქეთ-იქით
ბადმინტონის ვოლანებივით დაფრინავენ ბგერები,
რომლებიც დაწყდნენ და ერთმანეთს
აცდნენ...