Litclub.ge

მიწისძვრის ანატომია
მე მშურს ნივთების, მათი სიმყარის
და პეწის, მტვერზე ჩვრის გადასმით რომ იბრუნებენ,
ფორმის, რომელიც თავის სახეს არ აშტერდება,
საკუთარ საზღვრებს ყოველ დილით არ აზანზარებს,
ემორჩილება უცხო ხელებს და უცხო თვალებს,
შეკავებული ირონიით და დაყვავებით
და დღის და ღამის განათებას მშვიდად ირეკლავს
და ნებისმიერ შემთხვევაში უცოდველია. 

ნივთები არც ფასს კითხულობენ და არც იარლიყს -
საკუთარს, და არც ადრესატებს ირჩევენ თვითონ,
საპირისპიროს არ კარნახობთ მათ სიამაყე
და არ უღრენენ მფლობელების შემთხვევით თითებს,
და შეუძლიათ ჰქონდეთ სიღრმე და არ დავობდნენ -
სიღრმის შესახებ, და მიიღონ და შეინახონ
თანაბრად - ის რაც არ ობდება და რაც ობდება;
გლუვ ზედაპირზეც - ნებისმიერ ნაკაწრს ითმენენ. 

ნივთებს გაღწევა შეუძლიათ და ძილი, ძილი -
როცა ეხები, არ ეხები. არასდროს უთრთით
არც ერთი ხაზი თუ წახნაგი, და არც მანძილის
გაზომვასა და თლას ცდილობენ მახვილი კუთხით
და შეუძლიათ შეიჩვიონ ჟანგის ტუჩები
და საუკუნე კოცნონ, კოცნონ, და სიბრალული -
საკუთარ თავის - არ იცოდნენ, და გაყუჩება
შეეძლოთ - სრული, დროზე ხანგრძლივი.

მე მშურს ნივთების, და როდესაც ვცდილობ, მივბაძო,
ვგრძნობ, მიწისძვრებით დედამიწა როგორ ირყევა.