ცხოვრება მშვენიერია. გამეღვიძა შვიდის წუთებზე
და გავანათე ნაძვისხე, კარგია
მისი ფერადი ნათურების ციმციმი. ცხოვრება
მშვენიერია. ბავშვებს ძინავთ. დიდებსაც. თოვლი,
ამ სეზონზე, როგორც მახსოვს, პირველი, მოდის.
მოდის თოვლი და თენდება. ოცდათოთხმეტი -
ვამბობ ჯერ გულში და არ მომწონს. ოცდათოთხმეტი -
ვიმეორებ ხმამაღლა და ისევ არ მომწონს.
რაღაც არ მომწონს მე ამ რიცხვში, მე დღეს სწორედ ამდენის
გავხდი. მინიმუმ საათნახევარი
ჩემს ხელშია, შემიძლია ვიჯდე და ვწერო.
არ შემიძლია. გარეთ ძაღლი ისე აყეფდა,
ვიფიქრე, ბევრი ქონდა საყეფი,
მაგრამ მალევე მიჩუმდა. ცხოვრება
მშვენიერია. სწრაფად თენდება
და წინასწარ მეზარება ეს კონკრეტული
დღე. ცხოვრება მშვენიერია. მე ცხოვრება
არ მეზარება. მეზარება
მხოლოდ ეს დღე,
ეს თოვლჭყაპში სიარული,
მოლოცვები, არმოლოცვები, უთვალავჯერ სათქმელი მადლონ
და საამსაქმოდ შესაფერი მიმიკები. სწრაფად თენდება
და დღის შუქზე აღარ არის ისეთი კარგი
ჩვენი ნაძვისხის ნათურების ციმციმი. ცხოვრება
მშვენიერია. ჩემი გოგონა მირბის ფანჯარასთან
და ძახილით „თოვლი, თოვლი" აყრუებს მთელ სახლს,
ჩემი ბიჭი კი პატარაა, არაფერი ჯერ არ ესმის, მაგრამ მასაც უხარია
და ხტუნავს საწოლზე. მე შემეძლო მევარაუდა
დღის ასეთი დასაწყისი,
რადგან ავდექი შვიდის წუთებზე
და პირველმა გავიხედე ფანჯრიდან. შვილო,
ეს არ არის კარგი თოვლი -
ერთ საათში ჩამუქდება, ატალახდება,
ისეთივე უღიმღამოა, როგორც რიცხვი ოცდათოთხმეტი,
როგორც ნაძვისხის ნათურები დღის სინათლეზე,
როგორც მამაშენი საწერ მაგიდასთან.
მაგრამ ეს სიტყვები, ჩემო შვილო, ცუდი სიტყვებია,
ხოლო თოვლი, ეს თოვლი, კარგია.
და მამაშენიც, სხვათაშორის! ვიდრე იგი სახლიდან გავა,
ვიდრე თეთრ გზას მანქანები ააჭყაპებენ,
ერთხელ უთხარი, ჩასჩურჩულე - „ოცდათოთხმეტი",
ისე კი არა, სიხარულით, როგორც დიდხანს გაიძახდი „თოვლი-თოვლიო"
და ძმას, თუმცა არაფერი არ ესმოდა, მაინც უხაროდა,
არა, უბრალოდ ჩასჩურჩულე - „ოცდათოთხმეტი"
და მამაშენი გალამაზდება,
და მსუბუქად გატოპავს თოვლჭყაპს,
მიიღეებს მოლოცვებს, მოიხდის მადლობებს
და ერთხანს იქნებ არც გაახსენდეს,
როგორ გართულდა ცხოვრება,
როგორ გამარტივდნენ ოცნებები. ცხოვრება
მშვენიერია.