Litclub.ge

ჰორიზონტს იქით
ჰორიზონტს იქით წამო,
მარტოს გეყოფა ძილი,
შენი სინათლის გამო
არსებობს ჩემი ჩრდილი.

ჟამი ნაკვალევს კარგავს,
მოდი, არ გვინდა ჟამი,
მოდი, ვიცხოვროთ მართლა,
წამი შევცვალოთ ამით.

უსიერ ტყეში სადმე
ყური დავუგდოთ ჭოტებს,
შორი არ არის ცამდე
გავხსნით უცნაურ ნოტებს.

ჰორიზონტს იქით სერებს
უჩვენოდ ცივათ თითქოს,
ელოდებიან ფერებს,
ელოდებიან სითბოს.

ჰორიზონტს იქით ველებს
როგორ დაედოთ ჟანგი,
გავაფერადოთ მერე,
ოღონდ მითხარი: კარგი.