(რატი კიკაჩეიშვილს)
ამბობდი: "ძმაო, აჯობებს ასე,
არ შეგვეშინდეს დიდი ცვლილების",
მზემ გადაადნო ჩრდილები გზაზე,
რომ დაიბადონ ისევ ჩრდილები.
ამბობდი: "ძმაო, შორია გზამდე,
უნაპირობას ვუჩივით დღესაც..."
მაგრამ რაღაცის ხომ უნდა გვწამდეს,
როდესაც ასე ახლოა ზეცა!
შენ ჩემგან შორს ხარ და უფრო ახლოს
და უფრო ახლოს არ ჩანს არავინ,
გზააცდენილი მგზავრების სახლიც
არ ჩანს და სახლში დამრჩა კარავი.
დამეძინება ოდესმე ალბათ,
დამეძინება როცა იქნება,
ვერ მოიყვანა სიზმარი დაღლამ,
ვერც მოსაწყენმა ძველმა წიგნებმა.
გითხარი: "ბევრჯერ მინდოდა წასვლა..."
ნაფეხურები თოვლივით დნება,
ნაფეხურების არა ღირს გასვრა,
არა ღირს ვნებად, არც მოგონებად.
მერე მოვიდა სიზმარი თეთრი,
და ყველა ფერმა თავი დახარა,
და ჩემს სიზმარში იყავი ღმერთი,
მე კიდევ ერთი მთვრალი მასხარა.