Litclub.ge

სონეტი კოშკზე
შენთვის ვაშენე ბროლის კოშკი მიუვალ მთებში:
იქ ჰაერია იშვიათი, წმინდა და ცივი,
ჟამიდან ჟამზე მოფრინდება დიდ სიჩუმეში
გალაქტიკიდან მოგზავნილი საღვთო არწივი.

აქ დაბინადრდი! უკვდავება მოგეფერება,
ცით ნათესავი გესტუმრება მფრინავი თეფშით,
გალაქტიკების იდუმალი, ყრუ დაჟღერება
ელექტრონებად განიბნევა შენს ლამაზ თმებში.

მხოლოდ შენ გიძღვენ ბროლის კოშკი მტერშეუვალი:
მოხვალ? სარკმელი აყვავდება შენი ვუალით;
ანგელოზთ ქორო უგალობებს ქმნილებას მედეგს,

ავსულთაც ბრძანონ მარად მისი სადიდებელი,
ათასი წლები ვერ დასცემენ მის ნატიფ კედლებს,
მხოლოდ შენ ძალგიძს დაანგრიო სულის შებერვით