აქ ყველაფერი პირიქით ხდება:
პენელოპე ბრუნდება სახლში,
საკუთარ ნაქსოვს მოსდევს
მდედრი ობობასავით,
თავის მუცლიდან გამომავალ გზებს
ქსელ-ქსელ ხლართავს
და წინ მოიწევს,
ერთადერთი ოდისევსისკენ,
რომელიც უკვე
ამდენი ხანი
ზღვაში გასულა
და თავისი ამბავი აქვს
გამოჩარხული...
ხოლო ის - ქალი -
აქტიური პენელოპეა,
ქსოვს და ნაქსოვში გვირისტდება
ობობასავით,
ნახელავი კი, რომლისთვისაც
ცისფერს იყენებს,
ზღვის წყალივით ეფინება
მთელ დედამიწას,
ტალღებივით ექოჩრება მოლოდინები.
თუმცა:
რატომ "ვით"? -
ეს ნაქსოვი
ნამდვილი ზღვაა,
რომელსაც ეულ პენელოპეს
ცრემლი ამლაშებს...
იტირებს...
მოქსოვს...
ზღვის ბოლოს კი
ოდისევსია.
მივა და
ფერხთით
ქსოვით დაღლილ
მუცელს ჩაუშლის;
ეტყვის:
ნაქსოვს გამოვყევი,
მის მთავარ ნაყშად
შენ ჩაგაქსოვე.
და რაკი მე
აქტიური პენელოპე ვარ,
თვითონ მოვედი...
ეს ქსელია ჩვენი
შვილები...