Litclub.ge

შთამომავლთა სონეტი
ვიცი, რომ დამრჩა ამაქვეყნად დღე ორიოდე,
რატომღა ვცდილობ, გავხდე სიტყვის უფრო სრულმქმნელი,
ან რატომ მინდა, გულანთებულ ლექსად ვღვიოდე
და ღმერთს რად ვვედრი, არაფერი დამრჩეს უთქმელი?

რა მაიძულებს, ხანდაზმული სიმშვიდის ნაცვლად
დაუდეგარი მღელვარებით შევხვდე ალიონს
და წუთისოფლის საკართანო ფიალის დაცლა
იქნებ როგორმე გადავდო და დავიხვალიო.

არა იმიტომ, რომ სახელი მინდა რაიმე,
არა იმიტომ, რომ ვინმესთან წავიტრაბახო,
არა იმიტომ, რომ შევჩივლო ვინმეს: "ვაი მე!"
და არც იმიტომ, რომ წიგნები ავითაბახო.

შთამომავალო, მე ხომ შენთვის ვათენ-ვაღამე,
დაგელოდები ჩემს წიგნებში, მოდი, ხმა გამე!