"what a b what ab
what a beauty...
what a be be be be be"
K. Schwitters
ბევრი იმოგზაურა მეზობლის ქათამმა
და საბოლოოდ დასვა
ცელულოზის ცაზე
დიდი და ნათელი კვერცხი.
ახლა შეგიძლია იფიქრო შენც -
ბიოსფეროს ნაწილო,
იმაზე, რომ მიზეზთა გამო
ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
თუნდაც ის,
რომ ერთ მშვენიერ დღეს
მთელი გრენლანდია -
უზარმაზარ წყლის ავზად იქცეს.
მაგრამ ნურაფრის შეგეშინდება,
რადგან მოსალოდნელი კაცობრიობა
დედაკაცის ბოლოკაბის ქვეშ იმალება;
შენს წინ გაიელვებს მორიგი მორწმუნე
(ინფანტილური სასქესო ორგანოთი)
პატივი ეცი მას,
თუნდაც იმიტომ, რომ ოდესღაც
ცნობილი სილუეტოგრაფი იყო,
ან თავგამოდებული ექსტრემისტი...
ვაუ, ვაუ! - ძაღლის შეძახილზე
გაირღვა გიგანტური კვერცხი
და ყვითრით სავსე მზე გაჩნდა.