(ჩანაწერებიდან)
* * *
მალევიჩი და მთელი მისი შემოქმედების იერი მესახებოდა რომანტიკულ სამყაროდ, მისტიკითა და სავსებით განსაკუთრებული ეროტიზმით. ის ოდნავ მაგონებდა უნგრული მოდერნის ზოგ მხატვარს (თუნდაც იდიონ მარფის), მაგრამ ბევრად დახვეწილი და ნატიფი ჩანდა. მე უჩვეულო სიამოვნებას მგვრიდა ცხვირის, ტუჩებისა და თვალების დანაწევრებული, დენადი კონტურით შემოსაზღვრული ინტენსიური, არარეალური ფერებით გამოხატვის მიბაძვა.
მალევიჩის, როგორც მაშინ და მერეც მეჩვენებოდა, ოდნავ გაბრაზებული მკაცრი იერი ვარდისფერი შიშველი ქალების ფონზე, რაღაცით ჰგავდა შალვა ქიქოძეს, მაგრამ უფრო ტრანსცენდენტული იერი ჰქონდა. "მალევიჩი ღმერთია, დანარჩენები ანგელოზები" _ ჟურნალში ამოკითხული კოსტაკის ეს ფრაზა სავსებით სხვაგვარად აღვიქვი. გარდა მალევიჩის უდავო უპირატესობისა უცბად მომეჩვენა, რომ ის ანგელოზებს ხატავდა. ანგელოზები იყვნენ ის შიშველი, ვარდისფერი ქალებიც, ეს უჩვეულო ფერადებიც, რომლებიც საუცხოო პავილიონის ნაწილებს ჰგავდნენ. მერე მე ვნახე მალევიჩის შავი კვადრატიც. მისი მანიფესტებიც, მატიუშინთან ეს სავსებით საუცხოო რამ იყო, უჩვეულოდ მიმზიდველი. ის, რაც ამერიკასა და დასავლეთში ნაცნობია და თაყვანსაცემი, ხოლო ჩვენ კი არაფერი ვუწყით ამის შესახებ, არც რამე ამ უცნაური, თავისი ეგზოტიკით მიმზიდველ მხატვრობაზე.
თითქმის შემზარავი, რაღაცით ქირურგის მაგვარი იერი ჰქონდა ფილონოვის სურათს შოსტაკოვიჩის პირველ სიმფონიაზე. რამდენიმე აბსტრაქციაში მაინც საცნაური იყო კუბოფუტურისტული, რევოლუციური რუსეთის არათუ სტილი _ ყოფაც კი.
მე მუდამ მიყვარდა ანგელოზთა წარმოდგენა არათუ ნანგრევებთან, ან ღამეში, არამედ ძველ ღარიბულ, მართლაც თითქმის დანგრეულ სახლებთან, პირქუშ, შემზარავ ძველ ქარხნებთან. რაღაცგვარად "ანგელოზურ", როგორც ახლა ვხვდები, არც მთლად კეთილშობილურ იერს ატარებდნენ ამ ღარიბ სამყაროში გაბნეული, შეცდენილი თუ გაკახპებული ქალები, ძალზე იდუმალნი, დამნაშავენი და მიუწვდომელნი, როგორც ანგელოზნი; მე ვაგროვებდი, ან ვიპარავდი მათ ნივთებს, ყველა მათ კვალს. აკვიატებული ფანტაზიით ერთი ქერათმიანი ანგელოზის გრძელი წინდა წვიმიან ამინდში პატარა ძველი პიანინოს თავზე უნდა გამეკრა. მიყვარდა წვიმიან ამინდში ერთვარი სიამოვნებით სასოწარმკვეთი უარაფრობის განცდა, სადღაც შორს, ქარხნის მილებიდან ამოსული კვამლის ყურება და ფიქრი მოსალოდნელ საღამოებზე, ან თითქოს უმნიშვნელო, რაღაც მიღმეულზე მიმანიშნებელი მოულოდნელობების წარმოდგენა. არავის, არავის არ უნდა მოეცა ჩემთვის საბაბი თავისი სიბრალულისათვის. წარმოსახვაში მე მას უმალ ულამაზეს ხეიბარ ბავშვად ვაქცევდი, რომლის ყურება განუზომლად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
აქვე მახსენდება სალვადორ დალის კომბოსტოთი გატენილი მანქანა და ანდრე ბრეტონის ვარდისფერი თუ თმებიანი პისტოლეტი. მინდა ვიცნობდე კაცს, რომელიც ბუსჰალტრების კოლექციას აგროვებს, თუმცა ესეც სადღაც შემხვედრია, მგონი კნუტ ჰამსუნის ერთ რომანში მსუქანი მხატვარი აგროვებდა ასეთ კოლექციას. აი, ჰანს ბელმერის ღირსეული წინამორბედი. თუმცა აქ იმგვარი გაჭირვება მინახავს, გეორგ გროსს საერთოდ არ დასიზმრებია, ან რა არის დუაიტ ჰანზონის "უსახლკარონი" (თუ განწირულნი, თუ რაღაც ჰქვია) ოცდაათგრადუსიან ყინვაში "სუშილკის" ჭუჭყიან იატაკზე მიყრილ მძინარე ჯარისკაცებთან შედარებით და ისიც აქვე, თქვენს გვერდით? ყველაფერი იცვლება გარეგნობაშიც. საკმარისია კბილი ამოიღო, რომ შენი მოუსვენარი ენა, სექსუალურ თავისუფლებაზე, აბსურდსა და სეზანზე რომ ლაყბობდა, კიდევ ერთ ბუნებრივ საყრდენს ჰკარგავს.
07.06.1987. კალუგა.
* * *
მართლაც, რაოდენ ეგზისტენციალურია თანამედროვე ხელოვნება, თუკი ადამიანური ყოფის მნიშვნელობამ, ერთგვარმა სიამაყემ ვიმ ვენდერსის ახალ ფილმში ანგელოზს ადამიანად ყოფნა მოანატრა. ამგვარი მნიშვნელობის შეგრძნება, როგორც მეჩვენება, ქრისტიანულია თავისი არსით. საზოგადოდ, ეგზისტენციალიზმი ამის გამო ქრისტიანულ ხელოვნებად მეჩვენება. ესთეტიზმის განვითარება ვალტერ ბენიამინისთვის იყო პოლიტიკურის დაკნინება-დახშობა. ეს კავშირშია 70-იანი წლების დასასრულის ქართულ "ესთეტიზმთან": ფარჯიანი, ბუღაძე, ჭოღოშვილი, არბოლიშვილი და სხვები. ამის შედეგია აწინდელი ქართულ ხელოვნების პოლიტიკური დეზორიენტაცია.
24 ივლისი, 1987. კალუგა.
* * *
უორჰოლი წმინდანი იყო, რომელიც ყოველთვის თანმიმდევრულად ანტირელიგიურია. დიდი განსხვავება ბოისსა და უორჰოლს შორის შესაძლოა ის არის, რომ ერთისთვის ღმერთი ხელახლა გამოსაცხადებელია, მეორისთვის კი არა. ბოისს შეეძლო ხის ორი ნივთი, ორი ნაწილი გვერდიგვერდ დაეწყო და ეთქვა: ღმერთს ეს არ სურსო. მას ეგონა, რომ სამყაროს გაუმჯობესება შესაძლებელია და თვითონ ის შუამავლის როლის შესრულებას შეძლებდა ღმერთსა და ადამიანებს შორის. უორჰოლს არ სჯეროდა ღმერთის ხელახლა გამოცხადების. ღმერთი არ იყო მისი ინსპირატორი. ის არ ცვლიდა მის სულს. უორჰოლი ბოისზე უფრო მეტად რევოლუციური იყო, ბედავდა ღვთის გმობას. ბოისი ფიქრობდა, რომ სამყარო გადარჩება, მაშინ, როდესაც უორჰოლს ამისი არ სჯეროდა.
როცა ბოისსა და უორჰოლზე ვმსჯელობ, ეს ზუსტად დაცემაა, ორივენი წმინდანები, ანგელოზები არიან: ერთი თეთრი და მეორე შავი. მე ძალიან მაინტერესებს ყველა წმინდანი რომის იმპერიის დასასრულიდან, ეგვიპტის უდაბნოებში, აღთქმული მიწისაკენ. მე ვფიქრობ, რომ ხელოვანნი დღეს ცოტათი ასეთივენი არიან და სწორედ ამის გამო ოცდაოთხი საათი დღე-ღამეში მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ ყნოსვით, ინტუიციით გაიგნონ. ისინი თითქოს მთლიანად სახელგანთქმულნი არიან და პუბლიკაც ჰყავთ ადამიანები, რომლებიც გზას აგრძელებენ თავ-თავიანთ კოლონათა მახლობლად, წმინდანთა შორის ხედავენ ნამდვილ შეჯიბრს. ალბათ უეჭველია, ის, რაც გვჭირდება, რელიქვიებია.
როცა იაპონელებმა ვან გოგის ერთ სურათში შეშლილი, წარმოუდგენლად დიდი ფული გადაიხადეს, შემდეგ ვან გოგის და სხვა სურათების სრულყოფილი რეპროდუქციები გააკეთეს. მათ სურათების სილამაზე კი არ აინტერესებდათ, არამედ დასავლური კულტურის წილი თავიანთი კომპიუტერისათვის.
მართალია, ვან გოგს ასეთი საბაზრო ღირებულება აქვს, მაგრამ მასზე წინ მაინც გარი დუგლასია.
საოცრებაა, სეზანის გამოფენას ისეთი დიდი რიგები არ სდევს, როგორიც კინოსალაროებთან დგას.
* * *
რაღაც დროიდან ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული გახდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის მხატვრობა, იმჟამინდელი მატერიალიზმი და სიმბოლიზმი: კლიმტი, კლინგერი, თომა, ბიოკლინი. ამის შესახებ საუბრისას გ. ხოშტარიამ სოლიკო ვირსალაძის ნათქვამი გადმომცა: "ადრე ამგვარი მხატვრობით აღფრთოვანება ცუდ ტონად ითვლებოდა, ამჟამად კი, როცა საზოგადოდ არაფერი დარჩა მოსარიდებელი, ადამიანებსაც თავიანთი ცუდი ტონის გამჟღავნების შესაძლებლობა მიეცათო".
ჩვენ კი გვახსენდება ე. ბერნ ჯონსის სიტყვები, ერთ დროს ოსკარ უაილდთან საუბრისას ნათქვამი _ "რაც უფრო იმძლავრებს მეცნიერებაში მატერიალიზმი, მით უფრო მეტ ფრთებს დავუხატავ ჩემს ანგელოზებსო" _ ეს მართლაც უკიდურესობამდე შეშფოთებული და იმავ დროს გახელებული მხატვრის განცხადებაა, რომელიც თავის გარშემო ხედავდა რაციონალიზმის ტრიუმფალურ აღზევებას და პოზიტივისტურ პრაქტიციზმს. ამ მაგალითის მსგავსად დეკადენტურ მხატვრობაში ჩვენ ვგულისხმობთ განსაკუთრებულ ისტერიულ ძალისხმევას ხატის ემოციური ზეგავლენის შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის. სწორედ ამ ნიშნითაა საინტერესო და მიმზიდველი დეკადენტური ხელოვნება ლუკინო ვისკონტისათვის მის ბოლო ფილმებში და ტრანსავანგარდის მხატვრებისათვის (განსაკუთრებით იტალიელი ფრანჩესკო კლემენტე და ამერიკელი ჯულიან შნაბელი).
გ. გარსია მარკესმაც კი იგრძნო გასული საუკუნის განსაკუთრებულობა. მის ერთ-ერთ რომანში ბედნიერი სიყვარულის შესახებ, უზარმაზარ საჰაერო ბურთს აყოლილი, მიწიდან მოწყვეტილი კაცი გადმოსძახებს ქვემოთ დარჩენილთ "XIX საუკუნე დავიწყებას ეძლევა ყველასათვის, მაგრამ არა მხოლოდ ჩემთვისო". და ცაში იკარგება. რომანში ეს ამბავი თითქოს 1900 წელს ხდება.
ხატის დაბრუნების პირველი მცდელობა XX საუკუნის დასაწყისში სიურრეალისტებსა და მეტაფიზიკოს მხატვრებს ჰქონდათ. რენე მაგრიტი წერდა ჯორჯო დე კირიკოს შესახებ: "ის იყო პირველი ჩვენს შორის, რომელმაც იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რა უნდა დახატულიყო და არა ის - როგორ. სიურრეალისტების ნატურალიზმი ძალზე ცხადი პროტესტი იყო იმ დროს მათი გარემომცველი ფორმალიზმის წინააღმდეგ.
P. S. ძალზე სიმპტომატურია - პოზიტივიზმი,
როგორც კონცეპტუალიზმის საყრდენი - თავიდან შენება?
იანვარი. 1988 წ.