(უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის)
შორეულ წარსულში, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ დადიოდნენ სკოლაში, ხშირად ქვეყნდებოდა ე.წ. შემეცნებითი ლექსები, რომლებიც უადვილებდნენ მოსწავლეებს ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის გაგებას. დღეს სამწუხაროდ ეს ჯანსაღი ტრადიცია აღარ არსებობს. მართალია, ქართველი პოეტები ისევ მრავლად წერენ ბავშვურ ლექსებს, მაგრამ _ არა საბავშვოს. წინამდებარე სასკოლო ლექსებით შევეცადე შეძლებისდაგვარად შემევსო ეს ე.წ. "ცარიელი ნიშა". ყველა ლექსს თან ახლავს თავისი შესაბამისი სასკოლო თუ არასასკოლო საგნის დასახელება.
ბულტერიერი ციცინო
(გეოგრაფია)
სულ ძაღლივით რომ მიღრენ
საყვარელო ციცინო,
არ ჯობია, ძაღლივით
კუდი გამიქიცინო?!
ჩამიგორდე ფეხებში
მხიარული ხვანტალით,
ან ჯოხს გადევნებულმა
გაადინო ზღართანი,
გაცუნცულდე ეზოში,
გაეკიდო ფისუნებს,
მოვა ხვადი ქოფაკი,
უკანალში გისუნებს,
ანდა მთაში წახვიდე,
ცხვარს დაუდგე დარაჯად,
იყეფო და იცქმუტო
როცა მგელი არა ჩანს,
ან სოფელში - აყმუვლდე
მთვარის მწარე სახმილით,
დილას იალაღისკენ
გაირეკო ნახირი,
ან შორეულ ტუნდრისკენ
გაედევნო მარხილებს,
და უსმინო, ნარ-ეკლებს
ქარი როგორ ახივლებს,
გადასერო ლანდივით
გაყინული ზეგნები,
დაებღერტო ცეცხლისპირს
მოხდილ ვალის შეგნებით,
ანდა ისევ ქალაქში
გახდე ბულტერიერი,
გაიარო გვერდულად
მომცრო ვირის იერით,
დააფეთო ქუჩაში
ვიღაც სულ სხვა ციცინო,
რომ შენს ონავრობაზე
ყველამ ბევრი ვიცინოთ.
გაბედული გოჭები
(საზოგადოებათმცოდნეობა)
დიდი მიტინგი გამართეს
დღეს რუსთაველზე გოჭებმა,
აგვისრულოსო მთავრობამ
ეს სანუკვარი ოცნება:
გვიღიაროსო პოეტი,
ღრუტუნაისძე გვარადო,
შეწყდესო მიეთ-მოეთი
მის ირგვლივ აწ და მარადო,
დაემონეთო მის ტალანტს,
ერის გენიად სცანითო,
რომელი გყავთო მისთანა
(არ ვიცი, როგორ გავრითმო),
შეგვიჯიბრეთო რუსთაველს,
სცანითო მისი მჯობობა,
ნუ გშურთო, ნუ გშურთ, შურიგე,
ნუ გჭამთო შურის ობობა,
ხოლო თუ გსურთ, რომ შევრიგდეთ,
არ გავხდეთ თქვენი მგმობელი,
მიანიჭეთო გოჭ-პოეტს
უცილობელად ნობელი!
მუტანტები
(მათემატიკა)
- თიკო, თიკო პატარა,
კარგად დაუფიქრდი,
თქვი, რამდენი იქნება
ას-ოთხმოცდა-შვიდი?
თიკომ მკვირცხლად დახედა
ხელებსა და ფეხებს:
- სულ თექვსმეტი თითი მაქვს,
თუ არ ჩავთვლით ნეკებს.
- მიათვალე ნეკებიც! -
დაუყვავა მამამ.
- რომ არა მაქვს ნეკები?
დაგავიწყდა განა?
- მაშ სხვებისაც დათვალე,
წესით უნდა გეყოს.
- პაპას ექვსი თითი აქვს,
ცხრა თითი აქვს ბებოს,
დედას ათი თითი აქვს
ხელებსა და ფეხზე
(ცალფეხაა დედიკო,
მიტომაც წერს ლექსებს)
ჩვენს ხეიბარ ბიძიას
აქვს ცამეტი თითი,
ლალის ოცი თითი აქვს,
გელას - ოცდაშვიდი,
უფრო მეტი ყველაზე
მალხაზსა აქვს ალბათ -
იმ დღეს დიდხანს ვუთვალე,
ბოლოს დავრჩი სახტად:
იმ ონავარს ჰქონია
სამოცდაცხრა თითი,
ორმოცი აქვს პატარა,
ოცდაცხრა კი - დიდი,
რვა თითი აქვს მამიდას,
ამდენივე - ძალოს...
დავიღალე! არ მინდა!
მეტი რაღა ვთვალო!?
- სულ რამდენი დათვალე? -
ჰკითხა მამამ თიკოს
- ალბათ ას-ოთხმოცზედაც
ექვსით მეტი იყო!
- მაშ ერთი დაგრჩენია,
მიათვალე ისიც!
- ის ერთი ხომ შენია,
მეტი არავისი!
ჩემო კარგო, ცალთითა,
ცალტვინა მამიკო!
ამდენს ხომ არ დავთვლიდი,
კარგი რომ არ ვიყო?!
- ყოჩაღ, ყოჩაღ, შვილიკო,
სიხარულო მამის,
ახლა მითხარ, რას უდრის
შვიდას-ოცდა-სამი?
მერე კი ერთ უბრალო
ამოცანას გკითხავ,
დაუკვირდი, დაფიქრდი,
რამდენია მითხარ
ხუთას-სამოცდაექვსი-
მილიონ-ას-შვიდი-
ათას-სამას-ოთხმოცდა-
თხუთმეტს პლიუს შვიდი...
ნიკოს ცხოველები
(ბიოლოგია)
ამ ჩვენს ნიკოს კარადაში
უზის პაწაწინა კრავი,
ბღავის, ძილსაც აღარ გვაცლის,
მოგვაბეზრა ყველას თავი,
უჯრაში კი ნიკოს დიდი
შხამიანი გველი უდევს,
ის საბრალო იკლაკნება,
სურს უდაბნოს დაუბრუნდეს,
ერთ კუთხეში აფთრები ჰყავს,
მეორეში - ბეჰემოთი,
მუდამ ცხოველს მოიყოლებს
ნიკო, როცა სახლში მოდის,
იმ დღეს ვნახე, მოათრევდა
ხბოსთან ერთად წითელ ძროხას,
გაიხედავ - ვეფხვს მოიყვანს,
მოიხედავ - ზებრა მოყავს,
ნეტავ ნიკოს რად დასჩემდა
ცხოველების სიყვარული,
ან რად უნდა ეს ამდენი
მხეცი სხვისგან მოპარული?
სახლში ტევა აღარ არის,
ვერ გადაჭრი ოთახს მშვიდად,
- სახლია თუ ზოოპარკი?!
იმ დღეს მამა ხელებს შლიდა,
მამიდამ თქვა, ნიკოს ჭირსო
ჩახშობილი აგრესია!
ჩახშობილი ჩვენ ვართ სწორედ,
თორემ ნიკო კარგ დღეშია!
ზოგჯერ ისე გვეჩვენება,
მთელი ჯუნგლი დაგვესია,
კიდევ კარგი, ჯერ არ გვჭამენ
და აშკარად არ გვერჩიან,
შაბათს დიდი თეთრი დათვი
მთელ დღეს კუდში დამყვებოდა,
ავდგებოდი - ადგებოდა,
დავჯდებოდი - დაჯდებოდა,
რა ვიცოდი, თუ იმ ღამეს
სიზმარშიაც ჩამყვებოდა:
დამესიზმრა, ვითომ ნიკომ
ჩუკოტკაზე გამასახლა,
იქ დათვები დამესიენ,
დამიპირეს გადასანსვლა...
გულგახეთქილს გამეღვიძა,
ღამე იყო წყნარი, ჩუმი,
მხოლოდ ჩემი ლოგინის ქვეშ
ფაჩუნობდა ოპოსუმი...
ერთხელ ნიკომ მოიყვანა
უცნაური სულიერი -
დიდი ცხენის ტანი ჰქონდა,
კაცის სახე და იერი,
- ეს რაღაა? - შეეკითხა
ნიკოს დედა ცოცხით ხელში,
- კენტავრია! - უთხრა ნიკომ -
აგერ ვნახე, ვერის ხევში,
მეორე დღეს მოგვირეკა
სატირების მთელი ჯოგი,
დარბის დედა მათ კვალდაკვალ
და იატაკს ხეხავს ჯოხით,
გასულ შაბათს დაგვახვედრა
რაღაც დიდი, საშინელი,
არჩილს ბოროტად უღრენდა,
არ შეუშვა სახლში ნელი,
ასი დიდი თვალი ჰქონდა,
მოელვარე ორი ეშვი,
ნიკოს დიდხანს ვემუდარეთ
ღამე სახლში რომ შევეშვით..
- რა მხეცია? - ჰკითხა მამამ
შეძლებისდაგვარად წყნარად.
- არგუსია! - უთხრა ნიკომ
და თან გადაიხარხარა.
მერე ჰიდრა მოგვიყვანა
უზარმაზარ საცეცებით,
შიშით სხვენზე ავიხვეწეთ,
ბნელში ხელებს ვაცეცებდით,
აქ კენტავრი, იქ ცერბერი,
აქ აქლემი, იქ მამონტი,
სფინქსი, დომბა, დინოზავრი...
ყველას ერთად ვერც ჩამოთვლი,
დავიღალეთ, აღარ გვინდა
ამ ჩვენ ნიკოს ონავრობა,
მუდამ შიშით ვუთვალთვალებთ,
კიდევ რამე ხომ არ მოყავს,
ძმები, დები, მამიდები,
მეზობლებიც ირგვლივ ყველა
ალბათ მალე გავგიჟდებით
თუ რაღაცა არ გვეშველა,
გუშინ ერთხმად დავიფიცეთ:
თუ მოიყვანს ცხოველს სახლში,
თვითონ ნიკო მოვათავსოთ
ზოოპარკის გალიაში.
ღორმუცელა ლალი
(უნარ-ჩვევები)
ლალი, მითხარ გეთაყვა,
რად ვერ ძღები ჭამით?
ყველაფერი შეჭამე,
არ დატოვე სკამიც,
როიალის ფეხები
დატეხე და დახარ,
რად ვერ ძღები, გეთაყვა,
თქვი, თუ ჩემი და ხარ.
გუშინ ბებოს სათვალე
გამოხიწნე წმინდად,
მერე ჩაახრამუნე
პაპას ძველი წინდა,
დღეს შეგნიშნე, მოგქონდა
გამოხრული ხელი -
ვისი იყო, არ ვიცი,
არჩილის თუ ნელის,
იმ დილასაც შემთხვევით
შეგასწარი თვალი
პაპას ლავიწს რომ ღრღნიდი!
არ გრცხვენია, ლალი?!
პაპა ხომ გადასანსლე,
აღარც ბებო დაგრჩა,
მერე მამა შეჭამე,
ქვაბში სულ არ ჩარჩა,
დედა, ძია, მამიდა,
მეზობლებიც ყველა
სულ დაღმურძლე, შეთქვლიფე,
ღორო, ღორმუცელა!
ბოლოს მეც მომიცოცდი,
მაკვნიტავდი ფეხებს,
ძლივს გაგასწრე სახლიდან,
დავიმალე ხეზე,
ახლაც ამ ხეზე ვზივარ,
შენ კი ქვემოთ ყმუი...
ლალი, გაგებუტები,
თუ არ იქენ ჭკუით!
საზიზღარი სეფედავლე
(ისტორია)
საზიზღარო სეფედავლე,
დედა რატომ გააჯავრე,
რძე რომ მოგცა, არ დალიე,
ჭიჭყინებდი: რძეს არ დავლევ!
მამას რატომ არ უჯერებ,
ტოლებს რატომ ექიშპები,
კეთილ მოძღვარს თავს აბეზრებ
უადგილო შეკითხვებით,
გარე-გარე დაყიალობ,
დიდ-პატარას ეურჩები,
ბაღში ატმებს ტოტებს ამტვრევ,
სულ დასერე ალუჩები,
იმ დღეს მნათეს ჩაძინებულს
წვერზე ცეცხლი წაუკიდე,
მერე მსახურს მიეპარე,
შეჭამადში ჩაუწიტე,
მერე, მამამ რომ დაგტუქსა,
ცხენს მოახტი, გააჭენე,
ლეკვებივით დაბობღავთო -
დაგვცინოდი დანარჩენებს,
ცოტა რომ წამოიზარდე,
შეგებუმბლა ღინღლით სახე,
ირგვლივ გლეხებს დაერიე,
სამ-ოთხს ცოლი გაუბახე,
მერე ომში წაგიყვანეს,
დაგვიბრუნდი ჭრილობებით,
წყევლა-კრულვით აგვიკელი,
დაივიწყე ზრდილობები,
მერე მამამ ივაგლახა,
გაგაგზავნა მეფის კარზე,
გადიდკაცდი, გაზვიადდი,
დაგვთარსე და დაითარსე,
ვეზირს ქალი რომ წაგვარე,
ეგ ჯერ კიდევ არაფერი,
ქვრივ-ოხრების ძარცვა იწყე,
გახდი ნაღდი მაროდერი,
ბავშვებს იჭერ, მონად ყიდი,
ოსმალეთში განამწესებ,
გაიძახი: ხომ ვარ დიდი
ქსნის ციხისთავ მამამზეზე,
ვამეხს კოშკი დაუნგრიე,
დასცინოდი მერე მწარედ,
თუკი ვინმე ქალი ჰყავდა,
სულ უკლებლივ ჩაიბარე,
გაიძახი, მაიტანსო
წყალს ყოველთვის ჩემი კოკა,
მამა დილეგს დაამწყვდიე,
ღვიძლი ძმები ხანჯლით მოკალ,
დიდვაზირი ხომ მოწამლე,
სპასალარსაც გაჰკარ კბილი,
მერე ისლამი იწამე,
დახვალ პლანით დაბოლილი,
მეფის მოკვლა ორჯერ სცადე,
მაგრამ საქმე ჩაგივარდა,
როქის ჯარი წაგასია,
დაგეწია ტაშისკართან,
შაჰის ხათრით შეგირიგდა,
დაგსვა კარის მდივანბეგად,
მეფე როგორ მოიშორო
დღე და ღამე იმას გეგმავ,
ზოგჯერ ტაძარშიაც დახვალ,
ფარისევლობ, მალავ ჩალმას,
ნეტა ღმერთთან ვით აპირებ
შავი სულის გადამალვას,
შენ შავი ხარ, შენ ქურდი ხარ,
მინისტრი და ყურუმსაღი,
პარლამენტში ყელყელაობ,
წვეთი სისხლი არ გაქვს საღი,
გიყვარს ყავა, ფუფუნება,
თრიაქი და კარგი ფართი,
სულ ფართიზე ფართიფურთობ,
ცის და ქვეყნის არ გაქვს დარდი,
ირანს ფიცავ, ქართლს კი უტევ,
სამეფო ტახტს ავ თვალს ავლებ,
ბუტე-ბუტე, გაგებუტე,
საზიზღარო სეფედავლე!
ეკლესიური მანონი
(რელიგია და კულტურა)
დაიზუთხა მანონიმ
დიდი სჯულისკანონი
და სამოძღვრო სწავლანი
სამგზის სანეტარონი,
აღარ წყალობს იმ დღიდან
მეზობლებს და მეგობრებს,
ხილაბანდის ქვეშიდან
უმზერს, როგორც მეკობრე,
გადაირქვა მანონი,
პარასკევა დაირქვა,
იცის, ცაში რა თქვეს და
ჯოჯოხეთშიც რა ითქვა,
ყველგან ეძებს მიმალულ
ერეტიკოს-მწვალებლებს,
ძია რეზის წიგნების
წერას აღარ ანებებს,
ერთ დღეს გამოიჭირა
ძია გუჯა, მხატვარი,
რწმენის ლახვრით წასხიპა
ფრთები ნამკათათვარი,
სხვა დღეს სუპერმარკეტში
ანტიქრისტეს წაასწრო,
ისე დაუტატანა,
საწყალმა ძლივს გაასწრო,
მეორჯერ ქუჩაში
შეხვდა თვითონ სატანა!
თქვენ გგონიათ, შეშინდა!? -
მასაც დაუტატანა,
სჯულის აბჯარასხმული
იცავს რწმენის საუფლოს,
ზოგჯერ, მარტო რომ არის,
ვიღაცასთან საუბრობს,
ანგელოზს თუ ხედავსო,
თქვა ბიძია თორნიკემ,
ან თუ ეპაექრება
არიოზს და ორიგენს,
დადის წარბებშეკრული,
კრიალოსანს ატარებს,
ჯოჯოხეთის გეენით
გვემუქრება პატარებს,
ამას რომ იქმს, ცხადია,
სურს ჩვენივე ცხონება,
რომ არ ვიქცეთ ნორჩები
მასონების მონებად,
აგვიკრძალა ზღაპრები -
გრიმები და ეზოპე,
დაამყარა ტერორი
ჩვენს პატარა ეზოზე,
ერთ დღეს წინ შემეფეთა,
სწრაფად ჯვარი დამსახა,
- იყავიო მორჩილი!
წყრომით თავზე დამძახა,
- ხომ იციო სად წავლენ
უნათლავი ჩვილები?
ჯოჯოხეთში წავლენო,
გეტყვი გამოცდილებით!
წარწყმდებაო ის ყველაც,
ვინც მსხვერპლია აბორტის,
დასტანჯავსო უფალი
ბავშვს, ცოდვებით დაბორკილს!
ხომ ხარ მონათლულიო?!
ხომ ჩაკალი გულიო?!
ხომ გძულს და გეზიზღება
მასონობა კრულიო?!...
იმავ ღამეს მესიზმრა
საკვირველი სიზმარი,
ვნახე ბაღი ედემის,
სანახავი მზისდარი,
მე და ჩემი დაიკო
ვითომც ახლოს მივედით,
შევყურებდით ედემ-ბაღს
რიდითა და იმედით,
ვითომც ჩვენს წინ გაიხსნა
სანეტარო კარები,
გვიხარია, თან ვფიქრობთ:
შევალთ, შევიპარებით,
სიცოცხლის ხეს ვიხილავთ
ჩაგრული პატარები,
გულმოწყალე მაცხოვრის
კალთას შევეფარებით...
მაგრამ უფლის მაგივრად
გადაგვიდგა მანონი,
ხელშემართულს ეჭირა
სულ სხვა სჯულისკანონი,
- სად მიეტენტრებითო!
დაგვიყვირა მრისხანედ,
არ იცითო, ხეები
იქ რა ნაყოფს ისხამენ?!
სული გძლევთო, იგემებთ,
დაგღუპავთო ხილია!
განვედითო, ეს მტილი
თქვენთვის დაკეტილია!
თქვენისთანა ურჩები
ჯოჯოხეთის კერძია,
ვნებებს რომ არ უფრთხიან,
ცოდვებს რომ არ ებრძვიან!
მძიმე, მძიმე ჭრიალით
მოგვიხურა კარები,
თან გადაიხარხარა
კუშტი ახარხარებით.
წამოვედით ქარში და
ყიამეთში, ყინვაში,
თვალწინ გვეღობებოდა
რაღაც მრუმე მირაჟი...
გამეღვიძა რეტდასხმულს,
ჭირის ოფლში ვცურავდი,
დღესაც არ მავიწყდება
ის საზარი სურათი,
ჩემს დაიკოს მას მერე
არ ვენდობი სრულიად -
იქნებ მწვალებელია?!
იქნებ ავი სულია?!
ჩვენი ეზოს ბალღები
ძველებურად ბალღობენ,
ხმაურობენ, ცელქობენ,
იცინიან, ლაღობენ,
დათო ბურთს დააგორებს,
გივი კრიჭავს გაზონებს,
ოთარიკო ზურიკოს
თავის ბუცებს აზომებს,
კოხტა გოგო თებრონე
წითელ კაბას მაწონებს,
მე კი მათში, ო, მათში
ვხედავ მხოლოდ მასონებს!
სიხალისე გამშორდა,
სიხარული გამშორდა,
თითქოს მთელი ქვეყანა
დამყაყდა და აშმორდა,
ყველას გემუდარებით
ვისაც შეგრჩათ კაცობა,
ყველას, ვისაც არა გსურთ
ჩემი სისხლის გაშრობა,
მას ვთხოვ, ვისაც იტყვიან
ქალწულისგან ნაშობად:
მოგვაშორეთ მანონი!
დაგვიბრუნეთ ბავშვობა!