Litclub.ge

იდილია
ცას შერევია უცნაურად ფერი აქატის,
დუმან წყაროში ვარსკვლავების ანარეკლები
და მთვარის შუქზე
გამჭვირვალე ფრთების ფარფატით,
თრთიან კოცონთან
უდღეური ღამის პეპლები.
სიგრილეს თითქოს ისრუტავენ
ცეცხლის ალები,
ასავსავებენ სიბნელეში მხურვალე ენებს,
იქვე, წყაროსთან,
აწკარუნდნენ ქვებზე ნალები,
ეტყობა, თივა დაუყარეს
მგზავრებმა ცხენებს.
ცეცხლთან გაფენილ ნაბადის ქვეშ
ძილი ჩათბება,
ტკბილი ზმანება მკლავებს ჩაგხვევს
სიზმრის ჩეროდან,
კოცონი ღამეს დანებდება,
ცეცხლი ჩაქრება...
სამაგიეროდ, მზე ამოვა
მთის კენწეროდან.