რაც გაილია, რაც დაიხარჯა,
ყველაფერი რომ დაბრუნდეს უკან -
სად დაეტევა?!
სად დაეტევა ყვავილები,
მკვდრებისთვის სამარეში ჩაყოლებული,
შეყვარებულთა გაგზავნილი,
თუნდაც უპასუხოდ დარჩენილი, წერილები,
ტყვიით და მახვილით გაწვიმებული სისხლი -
სად დაეტევა,
ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდეს უკან?!
სად დაეტევა ქანცი, ცხენებს რომ გავაცალეთ,
ბღავილი, ხარებს რომ დაკვლის წინ აღმოხდათ,
ყივილი, დღეს რომ გვითენებდა,
ცილი, ალალმართლებს რომ დავსწამეთ -
სად დაეტევა,
თუ ერთ დღეს ყველა დაბრუნდა უკან?!
სად დაეტევა ჩამდგარი ქარის მოტეხილი ფრთები,
ნაგვის მანქანებს გატანებული ნაძვის ხეები,
ლოზუნგებისთვის დახარჯული ქსოვილი,
გაუქმებული კლიტეები და გასაღებები -
სად დაეტევა,
ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდეს უკან?!
სად დაეტევა ვნება, უქმად გადმოფრქვეული,
ქვით თავგაჭეჭყილი გველები,
მტრობის და ღალატის ნაყოფი,
სისხლის აღრევით ჩადენილი ცოდვანი -
სად დაეტევა,
თუ ერთ დღეს ყველა დაბრუნდა უკან?!
თუმცა რატომ "თუ"? -
ჩვენ ხომ აღვდგებით და დავბრუნდებით!
ისინიც ხომ უნდა აღდგნენ დასაბრუნებლად -
ჩვენზე ნაკლებნი რითი არიან?!
და ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდება,
აქ - სად, ან როგორ დაეტევიან,
თუ ჩვენზე შური არ იძიეს?! -
აგვაორთქლებენ, დაგვხარჯავენ, გაგვაუქმებენ...