Litclub.ge

მეფე აღმაშენებელი
თვალად მზე და ხელად მწიფე,
კაცად კაცი, ჟამად ჟამი,
ჭრილობებზე მზის შუქს იფენს,
ჩქარობს გაფრენილი წამი,
მერმე ძმა-ძმობისას იტყვის,
უფალს შეჰღაღადებს _ ამინ!
იმის სიხარულის ნათელს
დასდევს ვერაგობა შხამის.
მაინც ვერსად წაბორძიკდეს,
ვერსად დაეწიოს მშვილდი,
ვინც, რომ იმის ზრახვებს მიხვდეს,
ზეცა გაეხსნება შვიდი,
თავზე დაადგება მცველად
მთავარანგელოსი მშვიდი;
მეფე მეფედ წოდებული,
ყმა-ყმად, ანდა მზე-მსახურად,
თავზე ალ-ცეცხლ-მოდებული
ღმერთს და მამულს ემსახურა,
ცას გაუღო გულის კარი,
მიწას მისცა მხვნელ-მთესველი,
დიდგორს დაადევნა ჯარი,
თვალიც სინანულით სველი
ცად აღაპყრო, და მეუფემ
უწყალობა მტერზე ძლევა,
კაცად კაცმა, მეფედ მეფემ
მიწად მიწა დაატყვევა,
მერმე საგალობელ-ცრემლით
ცოდვის ბინდი გააძევა...
.............................................
მართალი ხარ! შენს სამართალს
კვლავ სიმართლედ აქცევ შენვე;
ისევ ქართულ დღეებს მართავ,
ზეცა რეკს და ზღვანი ღელვენ,
დროშა აღმიმართე ხანძთას
და ცხენ-რაშიც გამიგელვე.