ბავშვს მელნისფერმა გამაწნა სილა იჩქითად
და ავბრიალდი, ავენთე, როგორც ფიჩხიდან
ცეცხლი და მერე, სიჩუმის ხმამ დამიჩხვლიტა
სულის სინათლე, ხოლო გულს ცრემლი, ნაფოტის
დარად სცვიოდა და ჩემი ყველა ნაბოდვი
გზას მიიკვლევდა, ნაპერწკლებს ვყრიდი მიჯრით და
იდუმალების ფონისკენ მივისწრაფოდი.
ციცინათელას მივგავდი - მკერდზე მისრესილს
და ვანათებდი იმ გზაზე, სადაც მტვრის მეტი
არა იდო რა და ღვთის ხმას ახლოს ვისმენდი...
იმ გზაზე მექცა მელანი ღმერთის წილად
და დღეს ჩემს საწოლს, კარადას, ღუმელს, მაცივარს,
მელნის სუნი აქვს, ჩემს ყურსაც აპლოდისმენტი
მელინისფრად ესმის, მე, ალბათ, მელნის კაცი ვარ.