Litclub.ge

ჩემს ლირიკულ გმირს
ჩემზე ათასჯერ ბედნიერი ხარ,
რადგან შენს მონად და მორჩილად გადამაქციე,
შენს სურვილებს ინსტინქტურად ვანხორციელებ.
შენ მიითვისე ჩემი სული, ჩემი სხეულიც
და მთლიანად გსურს ჩამაყენო შენს სამსახურში.
ჩემს წილ ტანჯვას და ვაებას შენ მიითვისებ,
შემდეგ ამით თავს მოიწონებ ხალხის წინაშე.
რატომ არ მაქვს ის სიცბიერე,
შენ რომ გაცოცხლებს სამარადისოდ.
ყველაფერი კარგი, ცუდიც, რაც მჭირდებოდა, მიისაკუთრე
და დამტოვე ცხოვრებაში
ნერვებისა და სისხლის ამარა.
შენ ხომ ჩემი თავიც წამართვი
და თავი მოგაქვს იმით, რაც შენი არ ყოფილა, ვიტყვი, არასდროს.
შენ რომ არა,
ხომ შევძლებდი ცხოვრებაშიც
ისეთი ლაღი, ნათელი ვყოფილიყავი,
შენ რომ იქნები ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ჰო, შენ მართმევ იმ ილუზიებს, მე რომ მჭირდება, აქ, ცხოვრებაში!
შენ მართმევ იმ ნამდვილ განცდებს და აღმაფრენას,
ასე რომ ვეძებ, აქ, სიცოცხლეში.
მიგაქვს ჩემგან ჩემი წილი ბედნიერება,
რათა ამით ჩემს შემდეგაც გაიხანგრძლივო შენ არსებობა.
აქ ავტომატად გადამაქციე და ჩამჩიჩინებ:
გაუძელი,
თავს ნუ მოიკლავ,
ტკივილების სიღრმე იგრძენი,
მარტოობას გაუგეო ნამდვილი გემო,
უნუგეშობა ნუ შეგაკრთობს, იცოცხლეო ჩემი იმედით,
წარმატებას მოგიტანო, ასე მპირდები,
ათასჯერ მეტად თუ იწამებო, ვიდრე ცხოვრების ადამიანი -
რას არ მპირდები, რანაირად არა ცდილობ ჩემს გაცურებას
და აღწევ კიდეც შენსას იმითაც,
რომ ცხოვრების დამიკარგე საჭირო ალღო.
სიცოცხლეშივე უნდა გავერკვეთ,
რაა შენი და რაა ჩემი,
მაგრამ შენ მუდამ დამხარხარებ და მომიწოდებ უანგარობას,
მე კი ვკივი გამწარებული:
არაფერში არ მჭირდება ეგ შენი ლუპა, ტელესკოპი,
რათა ნათლად დავინახო ცხოვრების სახე
და ამით წარვდგე სასახელოდ მომავლის თვალწინ.
შენ ხომ იმასაც ჩამჩიჩინებ,
რომ რასაც შენ ითხოვ,
სწორედ იმასვე ითხოვს ცხოვრება -
მაგრამ მაინც მიპასუხე:
ღირხარ კი იმად,
შენთვის დავთმო ილუზიები,
ღირხარ კი ჩემს ხორცად და სისხლად?!