Litclub.ge

დღეები რომლებიც იყვნენ და გაქრნენ
სად წავიდნენ ის დღეები, რომლებიც იყვნენ?
სად დაიკარგნენ ასე უკვალოდ?
თითქოს იმ დღეებმა კარები გამოიხურეს
და თან წაიღეს უამრავი სახელი, ლანდი;
იქნებ გამჭვირვალე, დღისფერმა ბადემ
მომტაცა ისინი _
ხოლო ჩემში კი დატოვა შავი ლაქები,
რომელთა ფონზეც უსახო სილუეტები ირხევიან;
ანდა იქნებ ყოველდღიურის მღვრიე მორევმა
შთანთქა ისინი,
თქვენი და ჩემი სულის ბნელ უფსკრულში გადაისროლა.
ო, დღეებო, ჩემს არსებობას
მე თქვენში ვტოვებ
და ვნამცეცდები მეც თქვენსავით
წუთით, წამებით;
როგორც თქვენ ქრებით უნიადაგოდ,
იმის იმედით თითქოს წაგიღეთ,
მეც თავი უნდა მოვიტყუო,
თითქოს სხვები წაიღებენ
ჩემი სულის ცქრიალა წვეთებს.