Litclub.ge

სონეტი
ფართო ქუჩებში დავივიწყეთ ნელი თამაში,
წყრომით იკივლებს ჩემს ცხელ ტანში შენი სხეული...
მაშინებს ყოფნა,ყრუ ფიქრებში გამოხვეული
და მაგონდება აბრეშუმის თეთრი გამაში.

ცრემლი იფეთქებს დაბნელებულ ყრუ ყაზარმაში,
მაღლა აიწევს ყვითელ ფრთებით ნაზი ეული,
დაბურულ ტყეში ჩუმად ივლის ლანდი გრძნეული,
შავი წირვები ატირდება წითელ ნარმაში.

ჩემი ოცნება შეირხევა,როგორც ლერწამი
და ცის კალთაში დაისვენებს სევდიან ძილით.
უცხო ღამეში სევდიანად ჩვენ თითქოს სამი

ისევ ერთმანეთს დავშორდებით წმინდა მანძილით,
როცა დადგება მოთენთილი თეთრი მაისი,
ჩვენ შეგვაერთებს ელვარებით ნაზი დაისი.