Litclub.ge

“სიკვდილმა ჩამაიარა”... “ტირილის ხე”
შენ რომ შავ მათრახს დაიქნევ,
ყველას თავს დაახრევინებ,
ძველს გადაუგდებ კალაპოტს,
სულ ახლებს გაათხრევინებ.
უცებ მოაცლი მოუცლელს,
ამინდს არ აარჩევინებ,
დაძრავ მთელ სანათესაოს,
ყვავილებს დააჭერინებ.
დამდურებულებს დაატკბობ, -
ნეკზე ნეკს დაახვევინებ.
ძუნწებსაც მუჭებს დაუხსნი, -
ჯიბეზე გააკვრევინებ.
ბრიყვს გააფილოსოფოსებ,
ფიქრს ფიქრში ჩააწებინებ.
ყველაზე უჟმურ ოჯახსაც
კარს ფართოდ გაახსნევინებ,
მიუსევ ჭორის გველგესლას,
ენაზე დაახვევინებ,
რას ამბობს ჭირისუფალი, -
სულ წვრილად გაარჩევინებ,
ააწონინებ ცრემლებსაც,
გულდაგულ დაათვლევინებ.
შენ რომ შავ მათრახს დაიქნევ,
ყველას თავს დაახრევინებ;
უცებ აავსებ უქონელს,
ხორაგსაც დააყრევინებ,
გაადიდკაცებ ერთი დღით, -
წესს კი არ აარევინებ.
მთელ სამეზობლოს დაახვევ,
სულ ცეცხლებს გააყრევინებ,
უცებ - დასხამ და ატირებ,
უცებ - ბრინჯს დაარჩევინებ.
ქალებს ჭრელ კაბებს დაუჭკნობ, -
დახდი და დააკეცინებ,
უცებ გაუჩენ საკერავს, -
შავ ჩითებს დაახევინებ.
ხეს შეიგულებ ხელდახელ, -
კენწეროს დაარხევინებ,
უცებ - დასცემ და გაწალდავ,
უცებვე დაახერხინებ.
უცებ გაგზავნი კაცებსაც, -
მიწას პირს გაახსნევინებ.-
ბოლოს, დაგვსხამ და დაგვცინებ, -
უარს არ გაგვაბედინებ:
ბოღმისგან შეკრულ კრიჭაში
ლუკმასაც ჩაგვაცდენინებ,
ხელს - სიმწრით დაკრულს კუბოზე,
ღვინისკენ წაგვაღებინებ.