Litclub.ge

გიჟები და მთვარეულები
შუაღამე
საყოველთაო მოსვენების ჟამი არ არის,
შუაღამე
შეპყრობილთა ბორგვის ჟამია.
როცა ერთ პირს მდინარეებიც ჩაიძინებენ,
ფოთლებს ნიავი დაეხსნება,
პოეტს - წვალება,
მკვლელს - მსხვერპლის ლანდი,
შეყვარებულს - სატრფოს ბაგეზე ართმეული ბადაგის გემო,
როცა ლეთა წალეკავს მიწას,
ძილგადაფენილ ქვეყნიერებას ჯანსაღ წიაღზე
მოცახცახე, დაფეთებული საცეცები ამოეზრდება -
გიჟები და მთვარეულები გამოდიან უკაცრიელ დედამიწაზე
და უდრტვინველად,
მარადიული სიცოცხლის უღელს
უმწეო მხრებს შეაშველებენ.
როცა ერთ წუთს მდინარეებიც გაშეშდებიან,
როცა ლეთა წალეკავს მიწას,
მძინარ სხეულში ზარი ჩამოჰკრავს,
ზნემოვლილი ქვეშაგებიდან
მთვარეულის თბილი ფეხები ჩამოიღვრება
და სიფრთხილეასხმული ტანი
უჩინარ მეგზურს აედევნება...
შუაღამე მოსვენების ჟამი არ არის,
შუაღამე შეპყრობილთა ბორგვის ჟამია.
როცა ერთ წუთს მდინარეებიც გაშეშდებიან,
როცა ლეთა წალეკავს მიწას,
ცხაურებით აჭედილ ღამე ვინმე შეშლილი მიაწყდება,
ცას მიაბჯენს საყვედურით გაკაწრულ თვალებს,
დაიჩივლებს, გულს ამოისკვნის,
მაგრამ არ ცნობს ვოლიერში დამწყვდეულ სევდას
მძინარეთა უცოდველობა
და უცრემლო ქვითინის ექო კვლავ უნუგეშოდ ჩაიფერფლება...
შუაღამე შეპყრობილთა ბორგვის ჟამია,
შუაღამე
საყოველთაო მოსვენების ჟამი არ არის.
ვიღაცა მუდამ უნდა ფხიზლობდეს,
მძინართ სჭირდებათ მონაცვლე და მიმტევებელი.
და როცა ერთ წუთს მდინარეებიც გაშეშდებიან,
როცა ლეთა წალეკავს მიწას,
მოჩვენებებით დანაღმულ გზებზე გამოდიან გიჟები და მთვარეულები,
დგებიან ვრცელი ღამის წინაშე,მარადიული ყოფნის უღელში
და არაფრისკენ გაწვდილ ხელებს
ვარსკვლავებში აფათურებენ.