სიცივემ გაშალა მკბენარა ნაბადი,
ნაბადი მყინვარის სუსხისგან ნაშობი,
ფოთლები, ქარისგან ნარბევ და ნაფანტი,
ქუჩებში სინანულს კინძავენ ასობით.
ჩვილივით შფოთავენ შიშველი ტოტები,
და მზერას ატანენ ნაწვიმარ ღელიანს,
ღუმელის ბოლისგან დამხრჩვალი ოდები,
სევდიან აკორდებს ჩუმ ხმაზე მღერიან.
ღრუბელთა ზოზინმა მოიცვა ცის კიდე,
ნისლების ღურღული რისხვაში არია,
ზამთარი ნელ-ნელა ფეხს ისე იკიდებს,
თითქოსდა შეშლილი ფოთლების ბრალია.