Litclub.ge

ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანს
დენში შეერთებული
მაგნოლიის ყვავილი.
მოთაფლისსანთლისფრო ფურცლების ჯამი -
გულამოვსებული დიდთავა, ყვითელი მტვრიანებით...
მელანქოლიისა და საიქიოს სურნელი...
მწვანე და მკვრივი ფოთლების მიუხედავად.

წყალზე მიცურავს.
წყალქვეშ გაუშლია ფესვების ბადე - თმასავით.
ბადეში თევზი წევს - დიდი თვალებით
აჰყურებს ყვავილის მიმცურავ ჩრდილს,
ყვავილი კი - მიმავალ ღრუბლებს,
რომელთა ჩრდილებიც წყალს მაშინ აჩნდება,
როდესაც მზეა...

დაბადების დღე - 29 თებერვალი.
ოთხ წელიწადში სამჯერ ქრება:
ამ დროს თევზები
ადრე გადადიან მარტის წყლებში.

ხელების ნელი მოძრაობანი.
დუმილი სიტყვებს შორის.
განაბული მუდამ შინაგანად.
მიყურადებული.
და მწვანე თვალები
ბოდიშს უხდიან ცხოვრებას,
რომ ძალიან ხშირად გარბიან მისგან
იქ, სადაც ეს ცხოვრება არ არის.

კახეთის პატარა, გარიყული სოფლის სასაფლაო.
ჰაეროვანი ვაშლის ხეები.
რომელთა წვრილწითელ ნაყოფსაც არავინ იგემებს -
პატარა ედემს ჰგავს - შუაში წერწეტა ძველი საყდარი.
აქ მამა მარხია.

სოფელ დიღმის ძველი და მჭიდრო სასაფლაო.
აქ ქმარი მარხია - მხატვარი ირაკლი ფარჯიანი.

მისი ნახატებით პირთამდე სავსე პატარა ბინა -
ქალაქს თავზე რომ გადმოჰყურებს.
სურათები კედლებზე.
სურათები პირით კედლებისკენ, ძირს დაწყობილი.
არ არის ადგილი ირაკლი ფარჯიანის ნახატებისთვის.
და მონარინჯისფრო, მორძისფრო ბავშვებივით მარიამები,
ყვავილს იღებენ შეუვალი ანგელოზისგან -
პატარა, არნახულ ყვავილს
და ჯვარცმულის ეთერული სხეული
ფარავს მიუვალ ზეცას...
და ფერდებდაბერილი, აღუნული ნავები ნაპირთან -
დაბრუნებულნი თუ გასამგზავრებლად გამზადებულნი,
და არაამქვეყნიური, შემაშფოთებელი თაიგულები
და პატარაოწინარიანი პატარა ჭები,
ბავშვის სათამაშოს რომ ჰგვანან და მუდამ შორიდან მოსჩანან -
სავსენი მიწისქვეშა, ცივი, შორი წყლით...
წყლით, რომელსაც ვერ მოიშინაურებ...

ათი წელი ერთად: მიწაზე.
ცოლის ხელები: ამზადებენ საკვებს და წამლებს,
წამლებს, წამლებს, წამლებს,
ვედრების თანხლებით ღმერთის, ბალახებისა და ექიმებისადმი...

გულის წვრთნა:
"აიტანე შიში და დამალე შიში".
სიყვარულის ციხე-სიმაგრე.
სიკვდილი კართან ება: დარაჯობდა,
რომ ძალიან ბევრი ცხოვრება არ შეჭრილიყო შიგნით,
რადგან მხატვარს სწყუროდა ბევრი ცხოვრება,
ხატვას კი - მთელი მხატვარი.
ცოლის მწვანე თვალები სიკვდილს დარაჯობდნენ.
ათი წელი აბამდნენ: კართან.
ვიდრე თვითონ ქვეყანა არ დაიმსხვრა და მასთან ერთად კარიც
და მომაკვდავი მხატვარი ფანჯრიდან გაჰყურებდა
ბოლსა და ცეცხლს
და იცოდა: იწვოდა "მხატვრის სახლი" ქალაქის გულში
1991 წლის შობას
და ტორტმანებდა ჯვარცმულის სხეული კედელზე და
ქალაქის თავზე...
ბრიალებდნენ შემაშინებელი თაიგულები კედლებზე ცეცხლებივით...
და ფერდებდაბერილი ნავი ნაპირს მოსცილდა...

გულის დრო რა დროა?
სივრცე უფროა.
და ერთადაა იქ ყველაფერი:
პირველი შემოხედვა, ბოლო შემოხედვა,
ნათქვამი სიტყვები, ართქმული სიტყვები,
ყოფნა და არყოფნა...

და ათზე მეტი წელიწადი
წვრთნა გულისა:
„აღსდექი მკვდრეთით
ყოველ დილით,
გადაიფერთხე ნაცარი
და სთქვი:
მზად ვარ, დღეო,
ულმობელო,
შენს მისაღებად".

შვილი გაიზარდა...
შვილიშვილი იზრდება...
სიყვარული მატულობს...
შიში მოშინაურდა...
ძალა მიდის და მოდის...

არაფერი არ ითარგმნება.
გული არ ითარგმნება,
დრო არ ითარგმნება,
ყველაზე უთარგმნელი კი - საუბრებია
მკვდარ ქმართან:
სიზმრით დაბურული და ელვისებრ ცხადი,
ენით აღუწერლად ნაზი და შეუვალი:
„იყავი უჩემოდ. უჩემოდ არა ხარ.
იყავი შენ თვითონ"...

და ითარგმნება სტრიქონები გერმანულიდან,
სტრიქონები - გაბმული ნერვები
მიწიდან _ ცამდე,
და თარგმანი გამოსცემს
სმენადქცეულის ფაქიზ ქცევას
სიტყვების სახლში.
„იყავი უჩემოდ. უჩემოდ არა ხარ.
იყავი შენ თვითონ".

დენში შეერთებული
ყვავილი იმ ბაღის,
ცისა და მიწის საზღვარზე რომ ყვავის.
ყოველღამ უცხო წყალს სვამს
პატარა ჭიდან,
მუდამ შორს რომ მოჩანს მკვდარი ქმრის ნახატებზე.
ვარსკვლავი ცახცახებს ჭაში...