Litclub.ge

ბაბუა
წახვედი, ბაბუ, თან საუკუნის
გაისაგზალე ვარამ-ნაღველი,
შენ ჩემი ძველი ჯიშის და მოდგმის
უღლის გამწევი იყავ ქართველი...
შენ დაგიბელავს ყანები ტორით,
დაგიჭერია თევზი ფაცერით
და, ვით დიდგულა წინაპარ ლომებს-
დაგიფრენია ტყიდან ასკერი!
მიყვარდი, ბაბუ, ჩემში სამშობლოც
და ისტორიაც იწყება შენით...
მოგიახლოვდი და დამეკარგე
როგორც მამულის მაღალი ჭერი!
მიყვარდი, ბაბუ, რომ შენი გზები
სიმწრის ცრემლებით იყო სოველი,
კერიის ცეცხლზე დამწვარი მხრებით
ლოცვა–ვედრების კარზე მდგომელი...
მიყვარდი, ბაბუ, მაგრამ რაღა ვქნა,
მოსაფერები სიკვდილში მრჩები,
მიყვარხარ, რადგან მე შენი ცეცხლის 
ალმინელებულ ღადარზე ვთბები,
რადგან ცხოვრება გვერგო სხვაგვარი
ჩვენ - ლომგულების ციდა ბადიშებს,
ჩიტის გულები დაგვაქვს კანკალით
და თქვენს ნაბუღრავ მიწას ვაბიჯებთ...
...შენ დაგიბელავს ყანები ტორით,
დაგიჭერია თევზი ფაცერით
და, ვით დიდგულა წინაპარ ლომებს-
დაგიფრენია ტყიდან ასკერი!...