Litclub.ge

რეისი
"თქვენ ხომ არასდროს გიხილავთ ლოდთა
პარალელებში მთვლემარე სიო,
თითქოს რომ ხავსის შხამით გალოთდა...
ის ჩუმია და უემოციო.

მტვრიან ქალაქთა მძაფრი ოპუსი
ასე ბრმად რომ მძაგს, ალბათ გაოცებთ.
მომეცით ხელი... ეს ავტობუსი
მე მგონი მიდის სასაფლაოზე.

ხომ არ დაგღალეთ? არ გაბეზრებთ თავს ლაპარაკით?
მწამს ამ საუბრის ხვდებით ქარაგმებს.
მკვდრების წინაშე ჩვენ გვჭირდება სულ სხვა პარიკი,
ძველი ნიღბები აქ არას გვარგებს.

აგერ კარიბჭეც... მესაფლავე მხრებში მოხრილი...
იგი მეფეა - წერაქვია იმისი კვერთხი.
გულგრილ თვალებში ჩამალულა მიზანი - თხრილი.
მსგავს ადგილებში ერიდება ხეტიალს ღმერთიც.

რატომ აღელდით? აჰა, გახსოვთ თქვენთვის ძვირფასი
დასტოვეთ სტელა ამგვარ ალაგას?
ალბათ... მე მჯერა... მაგრამ შემდეგ აქ შედგა ფარსი -
ეს ქვები ქარმა გადაალაგა.

ხოლო სულებმა ჩვეულ თარეშით
ვეღარ გააგნეს ახალ ლაბირინთს
და იმ ავზნიან, გრძნეულ ღამეში
იშვა ათასი ავი ვამპირი.

დაუგდეთ ყური - გესმით მუდარა?
რა არის ბინა კვლავ გაიმეტონ.
შეგცივდათ? აგერ შავი სუდარა,
იგი თბილია და საიმედო.

ღამე შემოდის პირქუშ ლანდებად...
კიდევ ბევრ აჩრდილს გარდავსახავდით,
მაგრამ მე უკვე მაგვიანდება,
თქვენ აქ დარჩებით?.. კარგით... ნახვამდის..."